2022 წელი 22 რიცხვით
2022 წლის მთავარი მოვლენა მთელი მსოფლიოსთვის რუსეთის უკრაინაში შეჭრა გახდა, რომელმაც ყველა სხვა პოლიტიკური, ეკონომიკური, სპორტული თუ სამეცნიერო მიღწევა გადაფარა. რუსული ინტერვენციის გარდა პლანეტა წარმატებულ ბირთვული სინთეზის, კატარში ჩატარებული მუნდიალის, მომატებული ინფლაციისა და ფაქტობრივად, პანდემიის დასრულების მომსწრეც გახდა. საქართველოს კი მომძლავრებულ რუსულ პროპაგანდასთან, რუსი მიგრანტების ნაკადთან და ორნიშნა ინფლაციასთან მოუწია გამკლავება.
ჩვენ უკვე გიამბეთ 2022-ის მთავარ მოვლენებზე 22 კადრით და 10 ამბით. ამ სტატიაში კი 22 მთავარ ციფრს, რიცხვს ან მაჩვენებელს გაგახსენებთ, რომელმაც ეს წელი დაგვამახსოვრა.
1. 24.02.2022 — რუსეთის შეჭრა უკრაინაში
4-დან 20 თებერვლამდე, პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშები იმართებოდა. მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის მმართველმა, სი ძინ პინმა რუს კოლეგას უკრაინაში შეჭრის ოლიმპიადის დასრულებამდე გადადება მოსთხოვა, რათა მსოფლიო ყურადღების ცენტრში პეკინი დარჩენილიყო. ის ფაქტი, რომ პუტინმა უკრაინის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებლობა 21 თებერვალს აღიარა, ამ ინფორმაციის სანდოობის ალბათობას ზრდის.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი სამი მხრიდან ალყაში მოქცეულ უკრაინაში შეიჭრა. ომის ანუ პუტინისეულად "სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცხადებიდან 20 წუთში, დილის 06:00 საათიდან უკრაინულ ქალაქებზე სარაკეტო და საავიაციო იერიშები დაიწყო.
2. 100 000 კმ2 — ოკუპირებული ტერიტორიები
როგორც რუსეთში, ასევე, დასავლეთში ფიქრობდნენ, რომ ომი მალევე მოსკოვის გამარჯვებით დასრულდებოდა. ზელენსკის ევაკუაციასა და პოლიტიკურ თავშესაფარს სთავაზობდნენ. რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა.
მართალია, რამდენიმე დღეში რუსეთმა უკრაინის 100 000 კმ2-ზე მეტი ტერიტორია აიღო, მაგრამ უკრაინამ არ დათმო კიევი. რუსეთმა ვერც ხარკივის აღება შეძლო და მარიუპოლშიც გაუჭირდა.
რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ, უკრაინულმა ძალებმა ბუჩა, ირპენი და ჩრდილოეთ უკრაინის სხვა ტერიტორიები დაიბრუნეს, მაშინ რუსეთმა ეს მიწები იმიტომ დატოვა, რომ კიევის აღება ვერ შეძლო. მათგან განსხვავებით ხარკივის ოლქის უდიდესი ნაწილი სექტემბერში ბრძოლით იქნა დაბრუნებული. ასევე, ლიმანი და ხერსონი ალყაში მოქცევის შიშის გამო ოკუპანტებმა თავად დატოვეს. საერთო ჯამში, წარმატებული კონტრშეტევის შედეგად 10 თვეში უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიების ნახევარზე მეტი დაიბრუნა.
3) 100 000-ზე მეტი მოკლული ოკუპანტი
კრემლმა ვერც მოპარული ტერიტორიები შეინარჩუნა და დამატებით, დიდი დანაკარგიც განიცადა — უკრაინის გენერალური შტრაბის მონაცემებით, მოკლულია 100 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი. ეს ერთადერთი ოფიციალური რიცხვია, რადგან რუსეთი დანაკარგებს მალავს. ამის შესახებ ბოლოს პუტინმა 21 სექტემბერს მობილიზების დაწყების გამოცხადებისას ისაუბრა და 5 937 დაასახელა, რაც იმ დროისთვისაც კი ცალსახად შემცირებული მონაცემია.
გარდა ამისა, კრემლმა უკვე დაკარგა 3 017 ტანკი, 6 037 საბრძოლო მანქანა, 1 999 საარტილერიო სისტემა, 267 ვერტმფრენი და 16 გემი.
პლატფორმა Oryx მხოლოდ იმ დანაკარგების სტატისტიკას ასახავს, რომელიც ფოტო და ვიდეო მტკიცებულებით დასტურდება. რუსეთის სამხედრო დანაკარგები ასეთი დათვლითაც ძალიან ბევრია და 28 დეკემბერის მდგომარეობით, მოიცავს როგორც მინიმუმ 1 584 ტანკს, 138 თვითმფრინავსა და შვეულმფრენს.
საკუთარი დანაკარგების შესახებ ყოველდღიურ რეჟიმში ღიად არც უკრაინა საუბრობს. მსხვერპლის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველმა პოდოლიაკმა ბოლოს 2 დეკემბერს განაცხადა და გარდაცვალების 13 000-მდე შემთხვევა დაადასტურა. 24 თებერვლიდან 28 დეკემბრის ჩათვლით ომს 36 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
4) 6 800-ზე მეტი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე
თითქმის ყველა გათავისუფლებულ ქალაქში, განსაკუთრებით კი ბუჩასა და ირპენში ომის დანაშაულები გამოვლინდა. აღმოჩნდა, რომ ოკუპირებულ დასახლებებში უაიარაღო სამოქალაქო პირებს, მათ შორის ბავშვებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და კლავდნენ. რუსეთმა ბრალდებები ტრადიციულ სტილში უარყო და უკრაინა სპეტაკლის დადგმაში დაადანაშაულა, სატელიტურმა ფოტოებმა საპირისპირო დაამტკიცა.
კიდევ უფრო მძიმე სურათს მარიუპოლში ელიან, რომელიც დღემდე ოკუპირებულად რჩება. პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე ათასი საფლავის აღმოჩენის შესახებ, მაგრამ მსხვერპლის რაოდენობის ზუსტად დადგენა ჯერ შეუძლებელია.
ამ ეტაპზე მხოლოდ გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის მონაცემები არსებობს, რომლის თანახმადაც, მოკლულია 6 884 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 429 ბავშვი. დაჭრილია 10 769 ადამიანი.
5) 7 863 339 ლტოლვილი უკრაინიდან
20 დეკემბრის მონაცემებით, უკრაინიდან ევროპაში თითქმის 8 მილიონი ლტოლვილი გავიდა. მათ შორის, ყველაზე მეტი, თითქმის სამი მილიონი — რუსეთში, მილიონნახევარი კი პოლონეთში დაფიქსირდა.
უკრაინულმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია საოკუპაციო ძალების მიერ მოქალაქეების გატაცებასა და რუსეთის ტერიტორიაზე უკანონო გადაყვანის შესახებ.
6) $60 — რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი
2008 და 2014 წლისგან განსხვავებით, წელს რუსეთის წინააღმდეგ სიმბოლურის ნაცვლად ქმედითი სანქციები ამოქმედდა:
- რუსული ბანკები საერთაშორისო გადარიცხვების სისტემა SWIFT-დან გათიშეს;
- რუსეთში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთების ექსპორტი აიკრძალა;
- გაუქმდა ჩრდილოეთ ნაკადი 2 (ეს ომამდე, 22 თებერვალს, სეპარატისტული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლბის აღიარების პასუხად);
- გაიყინა რუსული აქტივები;
- Apple-მა, Macdonalds-მა და სხვა ტრანსნაციონალური კომპანიების უმეტესობამ რუსეთი დატოვა.
- რუსულ სამგზავრო თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტეს;
- რუსული სპორტული გუნდები საკლუბო და სანაკრებო ტურნირებიდან მოკვეთეს.
გარდა ამისა, რუსეთის მუქარების მიუხედავად, ნავთობზე ზედა ზღვარი დაწესდა — ბარელზე $60.
2022 წელს ყველაფერი გაძვირდა, განსაკუთრებით ენერგომატარებლები. მარტში ბარელი ნავთობის ფასმა, 2008 წლის შემდეგ პირველად, $130-ს გადააჭარბა. გაიზარდა გაზის ფასიც.
7) 506 — ირანის რეჟიმის მსხვერპლები
ირანი მსოფლიო ყურადღების ცენტრში წელს ორი მიზეზის გამო მოექცა. ქვეყანა იმ გამონაკლისთა შორის აღმოჩნდა, რომელმაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის იარაღით მომარაგება დაიწყო, თანაც მაშინ როცა სანქციების შემსუბუქების შანსი გაუჩნდა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ თეირანი მოსკოვს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გაურიგდა. დეკემბერში ასევე გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთი ირანს ავიაგამანადგურებელ SU-35-ებს მიაწვდის.
მეორედ კი მაშინ, როდესაც ე.წ. მორალის პოლიციამ, 22 წლის ქალი მაჰსა ამინი "ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო" სასიკვდილოდ სცემა. ხელისუფლებამ საპროტესტო გამოსვლები სისხლში ჩაახშო, რასაც ასობით ადამიანის მკვლელობა, დაპატიმრება და გაუჩინარება მოჰყვა. დაკავებულთა ნაწილი უკვე დასაჯეს სიკვდილით, ბევრ მათგანს სასიკვდილო განაჩენი ან ხანგრძლივი ვადით საპატიმროში ყოფნა ემუქრება. ბოლო მონაცემებით, ირანში 506 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.
8) 300 — ყაზახეთში დაღუპულთა რიცხვი
იანვარში ყაზახეთში თხევადი გაზის გაძვირების გამო გამოსვლები შეტაკებებში გადაიზარდა, რასაც სახელმწიფომ უხეში ძალა დაუპირისპირა. იმის მიუხედავად, რომ გადაწყვეტილება გაუქმდა დაპირისპირება გაგრძელდა.
პრეზიდენტმა ტოყაევმა დახმარებისთვის კუხოს მიმართა. შეტაკებებს 300-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თითქოს არსაიდან გაჩენილ კონფლიქტს კონკრეტული შედეგები მოჰყვა — ექსპრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის გავლენები შემცირდა, დედაქალაქ ნურსულთანს ძველი სახელი ასტანა დაუბრუნდა. არსებობს ვარაუდი, რომ მართული არეულობის მიზანი, შესაძლოა, სწორედ ეს იყო.
9) 13 სექტემბერი — შეტაკებები სომხეთ-აზერბაჯანს შორის
2022 წელს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლები იყო, ამჯერად ყარაბაღისგან მოშორებით. აზერბაიჯანმა სომხეთის სიღრმეში რამდენიმე კილომეტრით წაიწია. სრულმასშტაბიანი ომი თავიდან იქნა აცილებული, მაგრამ რუსეთი სომხეთს არც ახლა დახმარებია. სამშვიდობო შეთანხმებამ ისევ არ იმუშავა.
სასაზღვრო დავის გამო სროლები იყო შუა აზიაშიც. ერთმანეთს კოლექტიური უსაფრთხოების ორი წევრი სახელმწიფო ტაჯიკეთი და ყირგიზეთი დაუპირისპირდა.
10) 1,54 ტრილიონი გრივნა — უკრაინის ეკოლოგიური ზარალი
რუსული არმიის შეიარაღებულმა აგრესიამ კოლოსალური ზიანი მიაყენა უკრაინის ბუნებრივ გარემოს. სახელმწიფო ეკონომიკური ინსპექციის ექსპერტების შეფასებით, საერთო რაოდენობა 1,54 ტრილიონ გრივნაზე მეტია.
უკრაინის სახელმწიფო გარემოსდაცვითი ინსპექციის პრესსამსახურის განცხადებით, ყველაზე დიდი ზიანი მიადგა ატმოსფერულ ჰაერს, მიწისა და წყლის რესურსებს, ასევე ტყეებს. უკრაინის სახელმწიფო გარემოსდაცვითი ინსპექციის ტერიტორიული და რეგიონთაშორისი ორგანოები აგრძელებენ ბუნების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების აღრიცხვას.
11) 2 აგვისტო — ნენსი პელოსის ისტორიული ვიზიტი ტაივანში
თუ აგვისტოში ჩინეთი ვა-ბანკზე წასვლას გაბედავდა, მაშინ არათუ სომხეთ-აზერბაიჯანის, რუსეთ-უკრაინის ომიც კი გადაიფარებოდა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი 2 აგვისტოს ტაივანს ეწვია, რამაც პეკინის უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია. იყო მუქარები პელოსის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, რაც, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფუძველი გამხდარიყო. თუმცა ვიზიტმა მშვიდობიანად ჩაიარა.
12) სი ძინპინის მე-3 ვადა
მსოფლიოს ყურადღება ჩინეთში სექტემბერშიც იყო მიმართული. მაო-ძედუნის შემდეგ სი ძინპინი პირველი მესამე ვადით არჩეული ლიდერი გახდა (ხელმძღვანელს ჩინეთში პოლიტბიურო 5 წლის ვადით ირჩევს).
რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე მიიჩნეოდა, რომ სამხედრო სიძლიერით ჩინეთი მესამე ადგილს იკავებდა. ბირთვული არსენალის გათვალისწინებით, (რუსეთს 6 500 ქობინი გააჩნია) სტატუს-კვოს შეცვლა ერთ ან ორ წელიწადში მოსალოდნელი არ არის, მაგრამ მხოლოდ კონვენციური იარაღის გათვალისწინებით, ის შეიძლება მეორე ძალად შეფასდეს.
13) $229-მილიარდიანი მუნდიალი კატარში
FIFA-ს მიერ 2010 წელს მიღებული გადაწყვეტილებით 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში კატარში გაიმართა. ქვეყანაში, რომლის ფართობიც საქართველოსთან შედარებით 6-ჯერ პატარაა და 0 საფეხბურთო ტრადიცია გააჩნია. დიდ კორუფციულ გარიგებაზე უკვე წლებია ლაპარაკობენ.
ჩემპიონატის ორგანიზება ასტრონომიული თანხა — $229 მლრდ დაჯდა. ეს უფრო მეტია, ვიდრე წინა 21 მუნდიალის ხარჯი ერთად. აშენდა ულტრათანამედროვე სტადიონები, ფეშენებელური სასტუმროები, საგანგებოდ ამ ჩემპიონატისთვის დედაქალაქ დოჰაში გაიყვანეს მეტროც.
სახვადასხვა მონაცემით, მშენებლობებს 6500-მდე მუშა ემსხვერპლა. უშუალოდ ხარაჩოდან ჩამოვარდნის შემთხვევები მცირე იყო, დაღუპულთა უდიდესმა ნაწილმა 50 გრადუსიან სიცხეში 10-12-საათიან სამუშაოს ვერ გაუძლო. სწორედ სიცხის გამო თამაშები ზაფხულის ნაცვლად ნოემბერ-დეკემბერში გაიმართა.
20-წლიანი პაუზის შემდეგ თასი სამხრეთ ამერიკაში დაბრუნდა. 1978 და 1986 წლების შემდეგ პირველად არგენტინამ დაძაბულ ბრძოლაში პენალტების სერიაში მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი დაამარცხა.
14) პლანეტის მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა
მიჩნეულია, რომ ახალი წელთაღრიცხვის დაწყებამდე პლანეტის მოსახლეობა 200 მილიონს შეადგენდა, 1650 წლისთვის — დაახლოებით 500 მილიონს, მილიარდიან ზღვარს კი 1804 წელს მიაღწია.
- 1930 წელს — 2 მილიარდს;
- 1960 წელს — 3 მილიარდს;
- 1974 წელს — 4 მილიარდს;
- 1987 წელს — 5 მილიარდს;
- 1998 წელს — 6 მილიარდს;
- 2010 წელს — 7 მილიარდს;
- 2022 წელს კი — 8 მილიარდს.
სულ 14-ა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთა მოსახლეობაც 100 მილიონს აღემატება, მალე მათ რიცხვს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ვიეტნამი მიემატება. ასევე, ორ ან სამ წელიწადში მოსალოდნელია, რომ ინდოეთი ჩინეთს გაასწრებს.
15) 16 ნოემბერი — ARTEMIS 1-ის მისია მთვარეზე დასაბრუნებლად
2022 წელს უქმად არც მეცნიერებისთვის ჩაუვლია.16 ნოემბერს, უამინდობის გამო რამდენჯერმე გადადების შემდეგ, მთვარის მიმართულებით არტემისის უეკიპაჟო მისია გაეშურა.
2024 წელს მისია პილოტირებული იქნება, APPOLO 8-ის მსგავსად ხომალდი მთვარეს შემოუვლის და მასზე არ დაჯდება. 2025 წელს კი, 53 წლიანი პაუზის შემდეგ, ადამიანი დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე კიდევ ერთხელ დადგამს ფეხს. შემდგომი გაჩერება მარსი იქნება.
16) 5 დეკემბერი — პირველი წარმატებული ბირთვული სინთეზი
15 დეკემბერს შეერთებულ შტატებში ბირთვული სინთეზის შედეგად იმაზე მეტი ენერგია მიიღეს, ვიდრე სინთეზისთვის დახარჯეს. ექსპერიმენტის შედეგები ფართო საზოგადოებას 13 დეკემბერს გააცნეს. ტექნოლოგია რაღაც ფორმით ჰგავს ჩვეულებრივ ბირთვულ სადგურს, თუმცა ორი მნიშვნელოვანია განსხვავებაა.
- მიღებული ენერგიის მოცულობა გაცილებით მეტია;
- უსაფრთხოა, არ წარმოშობს ბირთვულ ნარჩენებს და შეცდომის ან დივერსიის შედეგად ჩერნობილი ვერ განმეორდება.
ლაბორატორიაში წარმოებულ სინთეზს "ხელოვნურ მზესაც" უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიაზე მუშაობა ათწლეულების წინ დაიწყო, მის კომერციალიზაციამდე კიდევ ათწლეულებია საჭირო.
17) 500 მილიარდზე მეტის ზიანი
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი კვირის შემდეგ, ქვეყანამ დაკარგა მშპ-ს ნახევარი, საწარმოების დაახლოებით ნახევარმა მუშაობა შეწყვიტა. ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ზარალმა უკვე შეადგინა მინიმუმ 500 მილიარდი დოლარი და ეს თანხა ჯერ არ არის საბოლოო.
Forbes-თან ცენტრალური ეკონომიკური კომისიის უფროსმა ეკონომისტმა განაცხადა, რომ დეკემბრის დასაწყისისთვის, პირდაპირი ზარალი შეფასებულია $135,7 მილიარდად, ხოლო ირიბი ზარალი — $165,5 მილიარდად და ეს მინიმალური შეფასებებია.
Statista-ს სექტემბრის მონაცემებით, საცხოვრებელი კომპლექსებისთვის მიყენებული ზიანი 50 მილიარდი დოლარია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე კი 35,3 მილიარდი.
18) ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ორნიშნა ინფლაცია
საქართველოში მეორე წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა, რასაც მთავრობა თითქმის ყოველ დღე გვახსენებს. იმავე პერიოდში — 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის ოქტომბრამდე, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 532 ათასიდან 656 ათასამდე გაიზარდა. პარადოქსი ძირითადად ორნიშნა ინფლაციით აიხსნება.
მთავრობასა და ეროვნულ ბანკში იმედოვნებდნენ, რომ 2022 წელს ინფლაციის ტემპი შემცირდებოდა, მაგრამ ომმა ყველაფერი შეცვალა. ნავთობზე ფასების ზრდამ ტრანსპორტირების ხარჯიც გაზარდა. იმის გათვალისწინებით, რომ თვეების განმავლობაში უკრაინა ხორბლის ექსპორტს ვერ ახერხებდა და არსებობდა რუსული ხორბლის ემბარგოს რისკი, თავად ხორბალიც მნიშვნელოვნად გაძვირდა. ორნიშნა ინფლაცია მთელი 11 თვის განმავლობაში შენარჩუნდა. ნოემბერში სამომხმარებლო ფასები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,4%-ით გაიზარდა, ბოლო 12 თვის საშუალო განაკვეთმა კი 12,2% შეადგინა.
ინფლაციის მოსათოკად ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. ისედაც მაღალი 10,5%-იანი რეფინანსირების განაკვეთი 11%-მდე გაზარდა და სამომხმარებლო სესხების ხანგრძლივობა 4-დან 3 წლამდე შეამცირა.
19) რუსეთიდან ფულადი გზავნილების 372%-იანი ზრდა
ფულად გზავნილებს დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკაში ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. მისი მოცულობა, თუ ცალკეულ ჩავარდნებს არ ჩავთვლით, წლიდან წლამდე იზრდებოდა, იცვლებოდა სტრუქტურაც. თუ 2013 წელს რუსეთის წილი გზავნილებში 54%-ს შეადგენდა, 2021 წელს 18%-მდე იყო შემცირებული. კლების ტენდენცია იანვარ-თებერვალშიც გაგრძელდა, მაგრამ მარტში ვარდნა შეჩერდა, აპრილიდან კი წარმოუდგენელი სისწრაფით დაიწყო ზრდა. ამას დროში რუსებისთვის დაწესებული სანქციები და ქვეყნიდან ხალხის მასობრივი გადინება დაემთხვა.
რუსეთიდან 11 თვეში ფულადი გზავნილების მოცულობა 371%-ით $372 მილიონიდან $1,751 მილიარდამდე გაიზარდა. უშუალოდ ნოემბერში კი ზრდის ტემპმა 819%-ს მიაღწია. ასეთი ზრდა რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორთა ზრდის კვალდაკვალ უძრავი ქონების მნიშვნელოვანი გაძვირების ერთ-ერთი წინაპირობა გახდა.
20) 23,8% — რუსი ვიზიტორების წილის ზრდა
2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს 4,2 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის 58%-ს შეადგენს. მაგრამ თუ რუსი ვიზიტორების წილი 2019 წელს 19,6%-ს შეადგენდა, 2022 წელს 23,8%-მდე გაიზარდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა 27 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ შემომსვლელთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა.
არაერთი მოწოდებისა თუ პეტიციის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეებზე სავიზო რეჟიმი არ ამოქმედებულა. იყო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე ხელი უნდა მოეწერათ დოკუმენტისთვის, რომლითაც ფორმალურად მაინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდნენ, მაგრამ ვერც მისი გატანა მოხერხდა.
21) 32,2% — სავაჭრო ბრუნვის ზრდა
11 თვეში საგარეო ვაჭრობის ბრუნვა მკვეთრად 32,2%-ით $17 მილიარდამდე გაიზარდა. ექსპორტმა პირველად $5 მილიარდს გადააჭარბა, იმპორტი კი $12 მილიარდს მიუახლოვდა. ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა სპილენძის მადნებისა და მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ზრდამ განაპირობა. საქართველოში წარმოებული პროდუქტებიდან კი ყველაზე მეტად აზოტოვანი სასუქებისა და ელექტროენერგიის ექსპორტი გაიზარდა.
რაც შეეხება იმპორტს, მსუბუქი ავტომობილები და სპილენძის მადნები აქაც პირველ სამეულშია. ხოლო იმ პროდუქტებიდან რაც რეექსპორტზე არ გასულა, ყველაზე დიდი თითქმის $500-მილიონიანი ზრდა ნავთობპროდუქტების მიმართულებით დაფიქსირდა. ძირითადად ნავთობზე ფასების მატების გამო 73%-ით, 1 608 მილიარდამდე გაიზარდა რუსეთიდან იმპორტი.
22) 702 — უკრაინაში განადგურებული ენერგოობიექტები
რუსეთი მიზანმიმართულად ბომბავს უკრაინის კრიტიკულ ენერგოინფრასტრუქტურას და ცდილობს ცივი ზამთრის პირობებში ქვეყანა ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვოს და ასე შეამციროს წინააღმდეგობა.
შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში 702 კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა: საუბარია გაზსადენებზე, ელექტროქვესადგურებზე, ხიდებზე და სხვა.
ქართული ოცნება ხშირად უსვამს ხაზს, რა გააკეთა უკრაინისთვის, არ ერიდება და შენობებისა დროშის ფერებში განათებასა და რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციების ხელმოწერაზეც საუბრობს. განსაკუთრებით ხშირად იმეორებენ, რომ უკრაინაში მარტში 1 მილიონი ლარის ჰუმანიტარული დახმარება, ხოლო დეკემბერში 1,5 მილიონი ლარის ღირებულების 25 გენერატორი გაიგზავნა. შეგახსენებთ, რომ გენერატორების გაგზავნას წინ თავის არიდების მცდელობა და მოსახლეობის კრიტიკა ახლდა.
ამის ფონზე საქართველოში გაიმართა არაერთი მოხალისეობრივი აქცია, მოქალაქეებმა შეაგროვეს ასეულობით ათასი ლარი, შეიძინეს ტანსაცმელი, მედიკამენტები, გენერატორები და სხვა საჭირო რესურსებით მოამარაგეს მეგობარი ქვეყანა.
კომენტარები