რატომ თქვა ირანმა სანქციების შემსუბუქებაზე უარი — გახდება თუ არა ქვეყანა ბირთვული კლუბის მეათე წევრი?
ირანი ერთ-ერთია იმ სახელმწიფოთაგან, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ნეიტრალიტეტის ნიღბის ქვეშ რუსეთის გვერდით დადგა. სანქციების შემსუბუქების შანსზე უარმა, მოსკოვსა და თეირანს შორის ფარულ ბირთვულ გარიგებაზე ეჭვი გააჩინა.
ავტორიტარულ ირანში ძირითად საკითხებს ირანის უზენაესი ლიდერი და მისი მიმდევრები წყვეტენ. ისლამის უარყოფა სიკვდილით ისჯება, ქალებს ჩადრის ტარებას ავალდებულებენ, "არასწორად ტარებისთვის" კი სასიკვდილოდ სცემენ, ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი კრიმინალიზებულია, პროტესტს საპოლიციო ძალები ახშობენ... მსგავსი და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა აზიის სხვა ქვეყნებშიცაა, მაგალითად მონარქიული წყობის საუდის არაბეთში ქალებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 2011 წელს, მართვის მოწმობის აღების უფლება კი 2018 წელს მიიღეს, მაგრამ საუდის არაბეთისგან განსხვავებით ირანი ბირთვულ იარაღზე მუშაობს, ისრაელს სრული განადგურებით ემუქრება და მოკავშირედ რუსეთი ჰყავს.
ირანის შემთხვევაში სხვა პრობლემაც არსებობს. დასავლეთი და უპირველესად აშშ მას დაკარგულად მიიჩნევს, რადგან ერთ დროს მოკავშირე სეკულარულმა სახელმწიფომ, ძალიან მოკლე დროში მტრულ ბანაკში გადაინაცვლა. ვაშინგტონში ვერ ივიწყებენ იმ ფაქტს, რომ ფუნდამენტალისტებს საელჩოს თანამშრომლები 444 დღე ტყვეობაში ჰყავდათ.
ირანის ეკონომიკური პრობლემები
სამოქალაქო უფლებების დარღვევის გარდა, ირანი თავს ვერც ეკონომიკური წინსვლით მოიწონებს. წიაღისეულით უმდიდრეს ქვეყანაში, ვენესუელას მსგავსად, მაღალი ინფლაცია და სიღარიბე ჩვეულებრივი მოვლენებია.
ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ირანში მუდმივ, 2015 წელს არსებულ ფასებზე გადაანგარიშებით, რევოლუციამდე $6 100-ს შეადგენდა, 2019 წელს კი — $5 300-ს (ასეთი დაანგარიშების დროს ინფლაციის ეფექტის კორექტირება ხდება, თუ დროის მონაკვეთში ნომინალური შემოსავალი 10-ჯერ გაიზარდა, ხოლო ფასები 5-ჯერ, რეალური შემოსავლები 2-ჯერ ინება გაზრდილი).
იმავე პერიოდში ანალოგიური მონაცემი მსოფლიოსთვის $5 800-დან $11 000-მდე გაიზარდა. თუ 1978 წელს ირანის ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის 0,93%-ს შეადგენდა, 2019 წელს 0,33%-მდე შემცირდა. ერაყთან ომმა 1980-1988 წლებში და საერთაშორისო მკაცრმა სანქციებმა ქვეყანა გააღარიბა.
ბოლო 42 წელიწადში ერთნიშნა ინფლაცია მხოლოდ 4-ჯერ დაფიქსირდა:
- 2018 წელს სამომხმარებლო ფასები 18%-ით;
- 2019 წელს 40%-ით;
- 2020 წელს კი დამატებით 31%-ით გაიზარდა.
წლიდან წლამდე ვალუტის კურსიც სწრაფი ტემპით უფასურდება:
- 2002 წელს 1 აშშ დოლარის შესაძენად 1 700 ირანული რიალი იყო საჭირო;
- 2012 წელს — 12 300 რიალი;
- 2022 წელს კი 42 000 რიალი.
ეს ოფიციალური კურსია და შავ ბაზარზე არსებულ ფასს მინიმუმ 5-ჯერ ჩამორჩება.
ბირთვული შეთანხმება
2015 წელს ირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე წევრთან — აშშ, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი — ბირთვულ შეთანხმებას მიაღწია, რომელსაც ხელს მეშვიდე სახელმწიფო გერმანიაც აწერდა. ირანს სანქციები შეუმსუბუქდა, შედეგად 2016 წელს 8,8%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია, რაც 1991 წლის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
ბირთვულ შეთანხმებას ტრამპი ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე აკრიტიკებდა. 2018 წელს შეერთებულმა შტატებმა შეთანხმება ცალმხრივად დატოვა. ირანის ეკონომიკა ისევ მინუსში გავიდა. ტრამპს ორი გარემოება აეჭვებდა:
- რაში სჭირდებოდა ირანს პროცენტულად იმაზე მეტად გამდიდრებული ურანი, რაც ელექტროსადგურისთვის საკმარისი იყო;
- და საერთოდ რაში სჭირდებოდა ატომური ელექტროსადგური, როდესაც გაზზე მომუშავე თბოსადგურებით იმავე ოდენობის ენერგიის მიღება გაცილებით იაფად შეიძლებოდა.
2020 წლის იანვარში ბაღდადის აეროპორტში გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობას თეირანმა ერაყში ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიშით უპასუხა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა მომხდარ ამბებს ტრაგედიის გარეშე არ ჩაუვლია, შესაძლო თავდასხმის მოლოდინში 8 იანვარს სამხედროებმა შეცდომით უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ბორტზე მყოფი ყველა — 176-ვე ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაღუპულთაგან 82 თავად ირანის, 63 კანადის, 11 უკრაინის (მათ შორის ეკიპაჟის 9 წევრი), მოქალაქე იყო.
შესაძლებლობებზე უარის თქმა
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ირანისთვის შესაძლებლობის მორიგი ფანჯარა გაიხსნა. დასავლეთი ირანულ ნავთობზე ემბარგოს მოხსნით თავადვე დაინტერესდა. 13 მარტს, მაშინ როცა ბარელი ნავთობის ფასი 2008 წლის შემდეგ პირველად $130-ს აღწევდა, ირანიდან ერაყში, ქალაქ ერბილში აშშ-ის საკონსულოს მიმართულებით 12 რაკეტა გაუშვეს. თავდასხმამ ამჯერადაც უმსხვერპლოდ ჩაიარა. მომხდარმა რუსეთ-უკრაინის ომი მცირე ხნითაც ვერ გადაფარა.
სექტემბრიდან ირანი ირიბიდან პირდაპირ დახმარებაზე გადავიდა და რუსეთს ასობით კამიკაძე დრონი მიაწოდა, თუმცა ამას დღემდე უარყოფს. უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა დრონების დაახლოებით 80%-ის განადგურებას ახერხებს, მაგრამ რაც მიზანს ხვდება დიდ დაზიანებას იწვევს. ფრონტზე არ გამოჩენილა, თუმცა გავრცელდა ხმები, ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების შესაძლო მიწოდებაზეც. ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
რას უნდა ეიძულებინა ირანი მსგავსი ნაბიჯების გადაედგა? — ამერიკის სიძულვილი გასაგებია, მაგრამ პროამერიკულად ქცევას არავინ ითხოვდა.
ზეწოლა რუსეთისგან? — რუსეთს ნამდვილად არ აქვს ის პერიოდი ირანს რომ დაემუქროს.
ინვესტიციები და ფულადი დახმარება? — რუსეთს ახლა არც ამის შესაძლებლობა გააჩნია.
რჩება ერთადერთი ვარაუდი — სამხედრო დახმარება, მათ შორის ბირთვული იარაღის წარმოებაზე საჭირო ინფორმაციის მიწოდება. მართალია, რუსეთი უკრაინასთან ომში მარცხდება, მაგრამ მისი სტრატეგიული შეიარაღება, ბირთვული არსენალი და საკონტინენტთაშორისო რაკეტები ანგარიშგასაწევი ძალაა.
ირანის ბირთვული პერსპექტივები
2022 წლის მდგომარეობით ბირთვულ კლუბში სულ 9 სახელმწიფოა გაწევრიანებული, მათ შორის აშშ 1945 წლიდან, რუსეთი (სსრკ-ს მემკვიდრე) 1949 წლიდან, ბრიტანეთი 1952 წლიდან, საფრანგეთი 1960 წლიდან, ჩინეთი 1964 წლიდან, ინდოეთი 1974 წლიდან, პაკისტანი 1998 წლიდან, ჩრდილო კორეა 1998 წლიდან, ისრაელი 1970-იანი წლებიდან (ზუსტი თარიღი უცნობია). შეუერთდება თუ არა მათ რიგებს ირანი და რა საფრთხის შემცველი იქნება ეს მსოფლიოსთვის? ეს კითხვა უფრო და უფრო აქტუალური ხდება.
2000-იან წლებში განიხილებოდა შესაძლებლობა, რომ ერაყის შემდეგ შეერთებულ შტატებს ირანისთვის დაერტყა. დღეს ამის ალბათობა უკიდურესად დაბალია. 2003 წლის ერაყისგან განსხვავებით დღევანდელი ირანი გაცილებით უფრო ძლიერია და კონვენციურ ომში მისი დამარცხება ურთულესი ამოცანა იქნება. ეს ნაბიჯი პოლიტიკურადაც ძალიან წამგებიანი იქნება.
რა მოხდება თუ ირანი ბირთვულ კლუბს შეუერთდა? ატომური ბომბი აქამდე, 73 წლის განმავლობაში ისეთ აგრესიულ ქვეყანასაც კი, როგორიც რუსეთია არ გამოუყენებია. ის არც დესპოტურ ჩრდილოეთ კორეას უსვრია და არც ისლამურ პაკისტანს, სადაც შარიათის კანონები ირანულზე მკაცრია. განადგურების შიშმა და არა გაერომ ან რომელიმე კონვენციამ კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომისგან იხსნა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. სწორედ ამის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანმა ბირთვული იარაღის შექმნის შემთხვევაშიც კი სურვილის მიუხედავად ისრაელის განადგურება გადაწყვიტოს, მაგრამ მისი პოლიტიკური წონა, ამბიციები და რეგიონული მოთამაშის როლი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც არსებულ პოლიტიკურ ბალანსს დაარღვევს.
კომენტარები