სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Queer.ge-ზე. On.ge მასალას ავრცელებს პარტნიორობის ფარგლებში.

ბავშვობა — ჩაგვრა ოჯახსა და სკოლაში

თბილისში დავიბადე. ბავშვობიდანვე ვგრძნობდი, რომ სხვა ჩემი თანატოლი ბიჭებისგან გამორჩეული ვიყავი, რადგან უფრო მგრძნობიარე, ემოციური და თბილი ვიყავი, ვიდრე სხვა ბიჭები. ჩემი ეს განსხვავებულობა გარშემომყოფთათვის ადვილად შესამჩნევი იყო, რადგან ვცხოვრობდი ისეთ ნაცრისფერ საზოგადოებაში, სადაც ყველა ერთმანეთის მსგავსი იყო და ასეთ სოციუმში მასისგან განსხვავებული ადამიანის გამოჩენა საკმაოდ შესამჩნევი იყო. ჩემს ამ განსხვავებულობას კონსერვატორული საზოგადოება დადებითად არ იღებდა.

ბავშვობიდანვე ძალადობის მსხვერპლი ვიყავი ოჯახის წევრების, ნათესავების, თანატოლი ბავშვების, თანასკოლელებისა და მასწავლებლების მხრიდან. ყველა, ვისთანაც შეხება მქონდა, მეუბნებოდა, რომ ჩემი ქცევები მასკულინური არ იყო და მომიწოდებდნენ, შევცვლილიყავი. თუმცა, ჩემში იმდენად დიდი დოზით ცხოვრობდა გოგო, რომ ძალდატანების მიუხედავად, ვერასდროს ვმალავდი იდენტობას. ამის გამო ბევრი ტკივილის გადატანა მომიწია.

ოჯახის წევრებთან 16 წლამდე ვიცხოვრე. ამ ცხოვრებიდან არც ერთი ბედნიერი წუთი არ მახსოვს. მათგან მხოლოდ ნეგატივი, ტკივილი, დამცირება, დაუფასებლობა, მიუღებლობა და ვერ გაგება მახსენდება.

მშობლები ბავშვობიდან მეუბნებოდნენ, რომ ან უნდა შევცვლილიყავი, ან სახლიდან ქუჩაში გამაგდებდნენ, რადგან მე მათთვის სამარცხვინო შვილი ვიყავი. ჩემს უმცროს დასაც სირცხვილის განცდა ჰქონდა ჩემ გამო. ერთ სკოლაში ვსწავლობდით და ჩემი განსხვავებული ქცევებისა და მანერების გამო თანასკოლელები არა მხოლოდ მე, არამედ მასაც დასცინოდნენ. ეუბნებოდნენ, რომ მისი ძმა ქალაჩუნა იყო. ჩემი პატარა დაიკო ამას ძალიან განიცდიდა, დათრგუნული და შერცხვენილი იყო. მშობლებმა მითხრეს, რომ მე ჩემი ფემინური საქციელით არა მხოლოდ ჩემს, არამედ ჩემი დის მომავალსაც ვანადგურებდი, რადგან ისეთ საზოგადოებაში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობდით, ეს სტიგმა არა მხოლოდ ჩემზე, არამედ ოჯახის წევრებზეც ვრცელდებოდა.

ნათესავები ფიქრობდნენ, რომ უბრალოდ ავად ვიყავი და მკურნალობა მჭირდებოდა. ამიტომ ჩემს მშობლებს მოუწოდებდნენ, ექიმთან მივეყვანე და ჩემთვის სექსოლოგიური მკურნალობა ჩაეტარებინათ, რათა შევცვლილიყავი.

ოჯახის წევრებთან 16 წლამდე ვიცხოვრე. ამ ცხოვრებიდან არც ერთი ბედნიერი წუთი არ მახსოვს. მათგან მხოლოდ ნეგატივი, ტკივილი, დამცირება, დაუფასებლობა, მიუღებლობა და ვერ გაგება მახსენდება.

ქამინგაუთი

საკუთარი იდენტობა ბავშვობიდანვე გააზრებული მქონდა. ვიცოდი, რომ არსებობდნენ ბიჭები, რომლებსაც ბიჭები მოსწონდათ, მაგრამ საკუთარ თავს ასეთ ადამიანად არ მივიჩნევდი. მე მინდოდა, რომ გოგო ვყოფილიყავი. ჩემს ქვეცნობიერში მუდამ ცხოვრობდა ლამაზი, პატარა, ოქროსფერთმიანი, ლურჯთვალება გოგო, რომელიც მუდამ მკარნახობდა, როგორ უნდა მემოქმედა, მუდამ მიბიძგებდა, მას დავმსგავსებოდი, არამხოლოდ გარეგნულად, არამედ — შინაგანადაც, რადგან ის შინაგანადაც იდეალური იყო, უმანკო, კეთილი, ნაზი და სათუთი. ამაზე ბავშვობაში ვერავის ვეუბნებოდი. არ შემეძლო ვინმესთვის გამემხილა, რომ ჩემს შიგნით სხვა ადამიანი იზრდებოდა, რადგან ამის შესახებ მაშინ არავის არაფერი სმენოდა. არც მე ვიცოდი რა იყო "ტრანსგენდერი" და არც არავინ ჩემ გარშემო. ამიტომ ამას ჩემში ვინახავდი. ჩემს შიგნით შევიქმენი სხვა, გამოგონილი სამყარო და იმ სამყაროში ვცხოვრობდი, როგორც გოგო.

მოვუწოდებ ყველა ქვიარს, არ გაექცნენ საკუთარ იდენტობას, რადგან მხოლოდ საკუთარი რეალური თავის შეყვარებით იპოვიან გზას ბედნიერებისკენ.

ჩემი განსხვავებულობა ყველასთვის იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ვერბალურად ქამინგაუთის გაკეთების საჭიროება არ ყოფილა. უშუალოდ ოჯახის წევრებთან ამ თემაზე საუბარი მაშინ დავიწყე, როცა მათ გაიგეს, რომ კაცი შემიყვარდა. ეს 16 წლის ასაკში მოხდა. პირველად შევხვდი ისეთ ადამიანს, რომელმაც ჩემში შეიყვარა ის გოგო, რომელსაც ჩემ გარშემო ვერავინ ხედავდა. მაბედნიერებდა ის ფაქტი, რომ სამყაროში ერთადერთი ადამიანი მაინც ვიპოვე, რომელსაც ვუყვარდი ისეთი, როგორიც რეალურად ვიყავი. მასთან ფარული შეხვედრები მქონდა, მაგრამ ვიღაცებმა დაგვინახეს ერთად და ჩემს ოჯახს უთხრეს. იძულებული გავხდი, მშობლებისთვის მეთქვა, რომ კაცი მიყვარდა.

ჩემს ცხოვრებას რომ ვიხსენებ ტრანზიციამდე, ვხვდები, რომ უბედური ადამიანი ვიყავი. სარკეში ჩახედვა არ მინდოდა, რადგან ვერ ვცნობდი იმ გამოსახულებას, რომელიც ანარეკლიდან მიყურებდა. ვერ ვახერხებდი გულწრფელად შემყვარებოდა სხვა ადამიანი. მგონია, რომ მაშინ გულწრფელად არავის სიყვარული არ შემეძლო, მათ შორის, არც ოჯახის, რადგან საკუთარი თავი მძულდა. მას შემდეგ, რაც ჩემი თავი აღმოვაჩინე და შევქმენი ის პიროვნება, რომელიც ჩემთვის ორგანული იყო, დავინახე, რომ თურმე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ისეთიც შეიძლება შევუყვარდე, როგორიც მე მიყვარს საკუთარი თავი. ამიტომ მოვუწოდებ ყველა ქვიარს, არ გაექცნენ საკუთარ იდენტობას, რადგან მხოლოდ საკუთარი რეალური თავის შეყვარებით იპოვიან გზას ბედნიერებისკენ.

ოჯახი — ერთი შვილის განკვეთა, მეორეზე ზრუნვის სახელით

ქამინგაუთის გაკეთებით მშობლებისგან უფრო დიდი აგრესია მივიღე, ვიდრე ნათესავებისგან. ეს გახდა მიზეზი, რის გამოც 16 წლის ასაკში მშობლებმა უარი თქვეს ჩემზე და იძულებული გავხდი სახლიდან წამოვსულიყავი. მითხრეს, რომ მათ გვერდით ვეღარ ვიცხოვრებდი, რადგან მათთვის სამარცხვინო ადამიანი ვიყავი და იძულებულები იყვნენ, მეორე შვილის ინტერესებიც დაეცვათ. არ უნდოდათ, რომ მის მომავალს ჩრდილი მისდგომოდა.

გარკვეულწილად, მეც ვგრძნობდი თავს დამნაშავედ ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, რადგან ტრანსგენდერი შვილის გამო, ცხადია, ისინიც განიცდიდნენ ბულინგს საზოგადოებისგან. ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემი პატარა დაიკოს ტკივილი, რომელსაც ჩემი რცხვენოდა. მახსოვს, როდესაც 18 წლის ასაკში პირველად ტელევიზიით გამოვჩნდი და ფართო აუდიტორიის წინაშე საკუთარ იდენტობაზე ვისაუბრე, როგორც ქალმა, ამან მასზე ძალიან იმოქმედა. სკოლაში წასვლისაც არ უნდოდა, რადგან მისი კლასელები და მასწავლებლები მიცნობდნენ.

ყველაზე მეტად ის ადამიანური ურთიერთობები მენატრება, რომლებიც მეტ-ნაკლებად მაინც მქონდა საქართველოში. ტრანსფობიურად განწყობილი საზოგადოების მიუხედავად, მუდამ ვპოულობდი ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ვუყვარდი ისეთი, როგორიც ვარ.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ინტეგრაციას მეტ-ნაკლებად მაინც ვახერხებდი და არასდროს ვუშინდებოდი დღისით ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენას, ასევე, ხშირად ვსარგებლობდი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ჩემს ქვეყანაში განვითარების გზა ვერ ვიპოვე. იყო ტრანსგენდერი საქართველოში ავტომატურად ნიშნავს, რომ განათლების მიღების, კარიერის შექმნისა და რაც მთავარია, საზოგადოებაში ინტეგრაციის გზა მოჭრილი გქონდეს. მართალია, უგულებელვყოფდი ადამიანების ნეგატიურ დამოკიდებულებას ჩემდამი, მაგრამ საბოლოოდ ქვეყანა მაინც დავტოვე, რადგან სურვილი მქონდა, რომ რაღაც უფრო მეტისთვის მიმეღწია, ვიდრე კომერციული სექს-სამუშაო იყო. არსებობის მიზნით, მანამდე აქტიურად ვიყავი ჩაბმული ამ საქმიანობაში, რამაც ფიზიკური და მორალური ზიანი ბევრჯერ მომაყენა.

ემიგრაცია და ცხოვრება ბელგიაში

ემიგრანტობა მარტივი არ არის, რადგან ისეთი ადამიანების გარემოცვაში ხარ, რომლებსაც საერთოდ არ იცნობ და არ გიცნობენ. ასეთ დროს ადამიანის გულში დიდი წყვდიადი ისადგურებს, რადგან ცხოვრობ ისეთ საზოგადოებაში, რომელიც არ გდევნის, მაგრამ, ამავდროულად, მათთვის შენ არაფერს ნიშნავ და არც შენთვისაა ეს საზოგადოება მნიშვნელოვანი. არავინ გიყვარს და არავის უყვარხარ, უბრალოდ საქმიანი ურთიერთობები გაქვთ ერთმანეთთან და ხშირად ისე გესაუბრებიან, რომ არც კი გიყურებენ, რადგან მათთვის უინტერესო ხარ.

საბედნიეროდ, გამიჩნდა იმის პერსპექტივა, რომ ევროპაში განათლებაზე და კარიერის აწყობაზე მეზრუნა. ახლა სწორედ ამ ეტაპს გავდივარ, მაგრამ გულის სიღრმეში განვიცდი იმას, რომ თუკი რამე წარმატებას მივაღწევ, ეს არ იქნება ჩემი ხალხისთვის მიღწეული წარმატება. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, უცხო საზოგადოებისთვის ვაკეთებ, რომლის მიმართაც ემოციურ დონეზე არაფერს ვგრძნობ და ისინიც არაფერს გრძნობენ ჩემ მიმართ.

ემიგრაციაში მეგობრების შეძენა რთულია, რადგან ევროპელები იმდენად ორიენტირებულნი არიან საქმიან ურთიერთობებზე, რომ ადამიანური ურთიერთობები და გრძნობები უკანა პლანზე აქვთ გადაწეული. შესაბამისად, საქართველოდან ყველაზე მეტად სწორედ ის ადამიანური ურთიერთობები მენატრება, რომლებიც მეტ-ნაკლებად მაინც მქონდა ჩემს სამშობლოში. ტრანსფობიურად განწყობილი საზოგადოების მიუხედავად, მუდამ ვპოულობდი ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ვუყვარდი ისეთი, როგორიც ვარ.

ევროპაში 5-წლიანმა ცხოვრებამ, პირველ რიგში, ის შეცვალა, რომ თავი ჩვეულებრივ ადამიანად ვიგრძენი, რომელიც სხვებისგან არაფრით განსხვავდება და გამოირჩევა. საქართველოში ამას ვერ ვგრძნობდი. საქართველოში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მოვწონდი. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც არ მოვწონდი, მაგრამ ყველასთვის მაინც არაჩვეულებრივ ადამიანად მივიჩნეოდი, რომელს მიმართაც განსაკუთრებული ყურადღება და დამოკიდებულება იყო.

სანამ მზის ამოსვლას ვხედავ, ვხვდები, რომ ყოველი მომდევნო დღე ახალი შანსის მომცემი შეიძლება აღმოჩნდეს და ეს უნდა გამოვიყენო ბედნიერების მოსაპოვებლად.

იყო ქვიარი ბელგიაში ნიშნავს, რომ იყო საშუალო სტატისტიკური მოქალაქე, არაფრით გამორჩეული სხვებისგან. ეს დამოკიდებულება მე, როგორც ადამიანს მიქმნის დაცულობის შეგრძნებას — აქ არ მაქვს იმის განცდა, რომ ვინმე შეიძლება თავს დამესხას ჩემი განსხვავებულობის გამო, რადგან ამ საზოგადოებისთვის მე განსხვავებული ადამიანი არ ვარ.

აქტიურად ვადევნებ თვალს ციფრული მედიის მეშვეობით საქართველოში არსებულ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ვითარებას და სამწუხაროდ, ვფიქრობ რომ ამ 5 წლის მანძილზე, რაც მე საქართველო დავტოვე, ამ კუთხით დიდწილად არაფერი გაუმჯობესებულა. ამას ყველაზე მეტად ცხადყოფს 5 ივლისის მოვლენები. შესაბამისად, საკუთარ სამშობლოში დაბრუნების ძალიან მეშინია, რადგან ვიცი, რომ იმავე სირთულეების წინაშე აღმოვჩნდები, რომლებიც 5 წლის წინ მქონდა — არ მექნება არანაირი სხვა შემოსავლის წყარო სექს-სამუშაოს გარდა, არ მექნება განათლება და დასაქმების პერსპექტივა, გამიჭირდება საცხოვრებლად ბინის დაქირავება და რაც მთავარია, ქუჩაში გასვლისას ძალადობრივი აგრესიის შიში მექნება.

სამომავლო გეგმები

მაძლიერებს იმედი და მომავლის რწმენა, რომ აუცილებლად ვიპოვი საკუთარ წილ ბედნიერებას. სამწუხაროდ, ცხოვრებაში იმედგაცრუებები ხშირია. როცა რაღაცის შექმნისთვის იბრძვი და იმედი გიცრუვდება, ნეგატიური განწყობა გეუფლება. ეს მეც გამომიცდია, მაგრამ სანამ მზის ამოსვლას ვხედავ, ვხვდები, რომ ყოველი მომდევნო დღე ახალი შანსის მომცემი შეიძლება აღმოჩნდეს და ეს უნდა გამოვიყენო ბედნიერების მოსაპოვებლად.

მეშინია იმის პროგნოზირება, თუ ვინ და სად ვიქნები უახლოესი 10 წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიზანდასახული ადამიანი ვარ და ვცდილობ, ცხოვრების თითოეული ეტაპი წინასწარ დავგეგმო, ხშირად მაინც ხდება ის, რასაც ვერ წარმოვიდგენდი. მაგალითად, 5 და 10 წლის წინ ვერ ვიფიქრებდი იმაზე, რომ დღეს ევროპის ერთ-ერთ განვითარებულ ქვეყანაში ვიცხოვრებდი სულ სხვა ადამიანების გარემოცვაში და იმ ადამიანებს დავტოვებდი, რომელთა გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა.

ბევრ რამეზე ვოცნებობ. მინდა, ჩემი ადამიანი ვიპოვო, რომელიც არასდროს მაგრძნობინებს თავს მარტოსულად. ასევე, ვოცნებობ, ამ სამყაროში საკუთარი კვალი დავტოვო. არ მინდა, ჩემი ცხოვრება უშინაარსოდ წარიმართოს. მინდა შევქმნა ისეთი ღირებული რამ, რაც უკვდავად დატოვებს ჩემს პერსონას საზოგადოებაში. ეს ძალიან ამბიციური განაცხადია, მაგრამ მე ამის სურვილი მაქვს და ვეცდები, შესაბამისი ნაბიჯები გადავდგა.

ყველა ქვიარ ადამიანს, ვინ თვითგამორკვევის პროცესს ახლა გადის, ვურჩევდი, არ შეეშინდეთ იდენტობის, მასობრივი აგრესიის შიშით არ თქვან უარი საკუთარ თავზე. თუ საკუთარ თავს მიიღებენ და შეიყვარებენ, შეუყვარდებათ სხვა ადამიანებიც და აუცილებლად იპოვიან ისეთებსაც, ვისაც ისინი ეყვარება.