ჰარი ჰუდინისა და ართურ კონან დოილის შუღლი ფოტოებზე სულების აღბეჭდვის გარშემო
1923 და 1924 წლებში ართურ კონან დოილმა და ჰარი ჰუდინიმ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმოგზაურეს. ისინი ხშირად ერთსა და იმავე ქალაქში რამდენიმე დღის სხვაობით მართავდნენ წარმოდგენებს. თუმცა არცერთი მათგანი არ სთავაზობდა ხალხს იმას, რითიც ყველაზე მეტად იყვნენ სახელგანთქმულნი. მწერლის მიზანს არ წარმოადგენდა შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლების მოყოლა და არც ილუზიონისტი ასრულებდა თავის ყველაზე გაბედულ ფოკუსებს. მიუხედავად ამისა, მაყურებლები მაინც დიდი ინტერესით უსმენდნენ მათ ლექციებს; ლექციებს, რომლებიც მიცვალებულებთან ურთიერთობას შეეხებოდა.
სპირიტუალიზმის სახელით ცნობილი რელიგიური მოძრაობა 1840-იან წლებში ნიუ-იორკში დაიწყო. ის ეფუძნებოდა რწმენას, რომ ცოცხლებს მკვდრებთან დაკავშირება შეეძლოთ. მიმდინარეობა ათწლეულების განმავლობაში იკრებდა პოპულარობას. 1920-იანი წლების შეერთებულ შტატებში, სადაც ამერიკელები ჯერ კიდევ გლოვობდნენ 1918 წლის პანდემიისა და დიდი ომის პერიოდში დაღუპულ 800 ათასამდე ადამიანს, სპირიტუალიზმს მილიონობით მიმდევარი გამოუჩნდა. დოილსა და ჰუდინის ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ სპირიტუალიზმსა და მის ისეთ თანმხლებ ფენომენებზე, როგორებიცაა მედიუმები, სეანსები, სულების სურათებზე ასახვა და სხვა გაუგებარი, მისტიკური მოვლენები.
ექიმი და მეცნიერი დოილი, რომლის მიერ შექმნილი ცნობილი გამომძიებელი რაციონალური აზროვნების სიმბოლო გახდა, გულმხურვალე მორწმუნე იყო. "მედიცინით და მეცნიერებით დოილის დაინტერესებამ განაპირობა მისი სპირიტუალიზმით გატაცება", — გვიყვება ერიკ კოლირი, ოსტინში, ტეხასის უნივერსიტეტში არსებული ჰარი რანსომის ცენტრის კურატორი (ამ ცენტრში ინახება დოილის ნაშრომები და აქვეა განთავსებულია ჰუდინის ნაწერების კოლექციაც), — "მას გულწრფელად სჯეროდა ენერგიებისა და ბუნების იმ ასპექტების არსებობის, რომლებიც ჩვენთვის ჯერ კიდევ გაუგებარია. და, რა თქმა უნდა, მეცნიერებაც სწორედ ესაა, არა?"
ჰარი ჰუდინი კი, რომელიც ილუზიებისა და თვალის ახვევის დიდოსტატი გახლდათ და რომლის "თავის დაღწევის" ფოკუსები თითქოს ბუნების კანონებს ეწინააღმდეგებოდა, სპირიტუალიზმს სკეპტიკურად უყურებდა. "ის სპირიტუალიზმის სამხილებლად 30-წლიან ჯვაროსნულ ლაშქრობაში ჩაერთო", — მოგვითხრობს ამანდა ზიმერმანი, ბიბლიოთეკარი კონგრესის ბიბლიოთეკაში, სადაც ჰუდინის წიგნების დიდი კოლექცია ინახება, — "ჰუდინის აზრით, ილუზიონისტის პასუხისმგებლობა იყო, საზოგადოებისთვის ნათლად აეხსნა, რომ ფოკუსები არ იყო ჯადოქრობა. ეს ყველაფერი თვალის მოტყუება გახლდათ. სწორედ, ეს იყო თავის დაღწევის ტრიუკების არსი. ამას წარმოადგენდა ილუზია".
ამ ორი ადამიანის 21-ე საუკუნისეული რეპუტაციები სრულ შეუსაბამობაშია სპირიტუალიზმის გარშემო მათ პოზიციებთან. ამასთან, მიუხედავად მათი მწვავე საჯარო უთანხმოებისა, დოილი და ჰუდინი მეგობრები იყვნენ. ეს ნათლად ჩანს არქივებში შემონახულ მასალაში, რომელშიც საპირისპირო პოზიციების ნაკლოვანებების საჩვენებლად ერთმანეთისთვის გაგზავნილი გულთბილი წერილები, სტატიები და წიგნები შედის. თუმცა, ეს ტექსეტბი მათ მოსაზრებებს შორის არსებული სხვაობის სიღრმესაც უსვამს ხაზს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მათ მიერ შეგროვებულ სულების ფოტოების კოლექციებში.
ორივე მათგანს უამრავი ისეთი სურათი ჰქონდა მოძიებული, რომლებიც ადამიანის თვალისთვის უხილავ სულებს ასახავდა. მოჩვენებების ფიგურები — ხანდახან სრულად დაბურული, სხვა შემთხვევებში კი ოჯახის წევრად ან ისტორიულ ფიგურად შეცნობადი — ჩნდებოდნენ სხვა მხრივ არაფრით გამორჩეული პორტრეტების ფონზე ან სრულად ფარავდნენ სურათებს ისე, თითქოს ცოცხალთა სამყაროს განადგურება სურთო. 1920-იან წლებში — იმისდა მიხედვით, დოილს უჭერდით მხარს თუ ჰუდინის — ეს იყო ან სულების სამყაროს უტყუარი ვიზუალური მტკიცებულება, ან დასტური იმისა, რომ ჭკვიანური ფოტოგრაფიული ხრიკების საშუალებით ადვილად მიმნდობი ადამიანებისგან ფულადი სარგებლის მიღება ერთობ მარტივი გახლდათ (გამოსახულებების საიდუმლოება დღეისთვის უკვე გამომჟღავნებულია. მათი უმეტესობა, უბრალოდ, ორმაგ ექსპოზიციას წარმოადგენდა).
კონგრესის ბიბლიოთეკაში დაცული სულების სურათების ჰუდინის კოლექციაში ერთ მოულოდნელ ფოტოსაც გადააწყდებით, რომელზეც ილუზიონისტის გვერდით აბრაამ ლინკოლნი ზის. "თავის დაღწევის" დიდოსტატი ყოფილ პრეზიდენტს წიგნისკენ მიუთითებს და ორივე მათგანი თითქოს ღრმად არის ჩაფლული დიალოგში. ჰუდინი პატივს სცემდა ლინკოლნს და ადვილი დასაჯერებელია, რომ მათ ბევრი სალაპარაკო ექნებოდათ — რომ არა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი ჰუდინის დაბადებამდე თითქმის ათი წლით ადრე გამოასალმეს სიცოცხლეს.
ჰუდინიმ ეს სურათი დაახლოებით 1925 წელს შექმნა იმის დასამტკიცებლად, რომ სულების ფოტოგრაფია თაღლითობა იყო. "ამ სურათს მართლაც უცნაური ისტორია აქვს", — იხსენებს ზიმერმანი. იმ დროს მედიუმები ხშირად დებდნენ თავს, რომ გარდაცვლილ ცნობილ ადამიანებს ხედავდნენ. მათი ფავორიტი მოჩვენება კი ლინკოლნის იყო, რომლის ცოლი, მერი ტოდი თეთრ სახლში მასპინძლობდა სეანსებს. "ამ ფაქტმა მართლაც განარისხა ჰუდინი", რომელიც პატივს სცემდა ლინკოლნს და, ამასთანავე, მის შვილს პირადადაც იცნობდა. "რათა დარწმუნებულიყო, რომ თაღლითები ვერ შეძლებდნენ რობერტ ტოდის მოტყუებას, [ჰუდინიმ] ორმაგი ექსპოზიციის ტექნიკით შექმნა თავისი და ლინკოლნის საუბრის ამსახველი სურათი. შემდეგ კი მან ეს ფოტო ორმაგი ექსპოზიციის პროცესის დეტალურ მეცნიერულ ახსნასთან ერთად გაუგზავნა რობერტ ტოდ ლინკოლნს. ამ გზით ვეღარავინ შეძლებდა მის მოტყუებას მოკლულ მამასთან ამგვარი კავშირის დამყარების შეთავაზებით".
ადვილი გასაგებია სულების ფოტოების მიმზიდველობა — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასზე შენი საყვარელი ადამიანია ასახული. სპირიტუალიზმი ნუგეშის მიღების ერთგვარი საშუალება გახდა. "ხალხმა ამ გზით სიმშვიდე მოიპოვა", — აღნიშნავს კოლირი.
ამით შეიძლება აიხსნას ართურ კონან დოილის უცნაური სურათი ჰარი რანსომის ცენტრის კოლექციიდან. მწერლის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, 1931 წელს სპირიტული ფოტოგრაფიის პიონერმა, უილიამ ჰოუპმა დოილი თავისი საავტორო თეთრი ულვაშებით სურათზე ცოლთან, ჯინთან და შვილთან ერთად ასახა. ჯინი თავს მედიუმად თვლიდა და ერთხელ ისიც კი გამოაცხადა, რომ ჰუდინის გარდაცვლილ დედასთან დაამყარა კავშირი. მისთვის ეს სურათი იმის დასტური იყო, რომ ქმარმა სასუფეველში ადგილი დაიმკვიდრა.
"დღემდე არსებობს მოსაზრება, რომ ფოტოგრაფია რეალობას ზუსტად ასახავს. ეს სრულად ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომ ფოტოგრაფი კამერას კონკრეტულ ადგილას ათავსებს და ზოგჯერ თავადვე არჩევს ობიექტივის წინ მდგომი ადამიანების პოზებს — რომ არაფერი ვთქვათ ფოტოსესიის შემდგომ მონტაჟსა და მანიპულაციებზე", — მოგვითხრობს კოლირი, — "მაშინ ეს მთლიანი კონცეფცია სიახლე იყო. რატომაც არ შეიძლებოდა, რომ ფოტოგრაფიის გზით ის ენერგიები გვეხილა, რომლებიც შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავი იყო? გაიხსნეთ რენტგენის აპარატი, რომელიც ასევე ახალ აღმოჩენას წარმოადგენდა. მან შესაძლებელი გახადა ადამიანის ძვლების დანახვა სხეულის გაკვეთის გარეშე. ჰოდა, რატომაც არ უნდა გვერწმუნა სულების ფოტოების?"
ჰუდინი და დოილი ორივენი დაუღალავად შრომობდნენ საკუთარი პოზიციის სისწორეში სხვების დასარწმუნებლად და სიკვდილამდე თავიანთი რწმენის ერთგულები დარჩნენ. მათი კონკურენტული სალექციო ტურები ხელს უწყობდა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას სულის ფოტოგრაფიისა და ზოგადად სპირიტუალიზმის შესახებ. ჰუდინის სკეპტიციზმი უფრო დამაჯერებელი იყო. ის მეტად არტისტული გახლდათ. "ის ნამდვილი შოუმენი იყო", — გვიყვება ზიმერმანი. ჰუდინი 1926 წლის ჰელოუინის ღამეს გარდაიცვალა. თუმცა, ამის შემდეგაც დოილი განაგრძობდა თავის მეგობარზე წერას და ამტკიცებდა, რომ ჰუდინის უდიდესი ხრიკები სულების სამყაროს გამოვლინება იყო.
"ბოლო სიტყვა დოილს დარჩა", – იცინის კოლირი.
კომენტარები