საინტერესოა, რომ თანამედროვე ადამიანებს გამორჩეულად პატარა და სწორი სახეები აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ მონათესავე სახეობების შემთხვევაში ასე არ იყო. მაგალითად, ნეანდერტალელებს ჩვენგან განსხვავებით ძლიერი სახე და დიდი ცხვირი ჰქონდათ. ამის მიზეზის გამოკვლევას პალეოანთროპოლოგები თავს არიდებდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა პასუხი იპოვეს.

საქმე იმაშია, რომ დღეს ადამიანის სხეული და შესაბამისად სახეც ადრეულ მოზარდობამდე იზრდება, როცა ნეანდერტალელებში ეს პროცესი ზრდასრულობაშიც მიმდინარეობდა.

"ეს ორი ადამიანი სახის ძვლების განვითარების სხვადასხვა გზას მიყვებოდა", — აღნიშნავს ალექსანდრა შუ, ევოლუციური ანთროპოლოგიის პოსტდოქტორანტი გერმანიიდან, Live Science-თან საუბრისას.

შუმ და მისმა კოლეგებმა ჰომო საპიენსის, ნეანდერტალელისა და შიმპანზის 174 თავის ქალა შეისწავლეს და მათი სახის შუა არე გამოიკვლიეს. ისინი მოიცავდა როგორც მოზარდების, ასევე ზრდასრულების ნიმუშებს. მკვლევრებმა ონტოგენეზის შესწავლის შედეგად დაინახეს, როგორ იზრდებოდა და ვითარდებოდა სახის ძვლები.

მეცნიერებმა თავის ქალების დეტალურად შესასწავლად ორი ტექნიკა გამოიყენეს. თავდაპირველად, მათ ვირტუალური 3D მოდელები შექმნეს, ზედა ყბის ძვალზე კი 200 სანიშნებელი წერილი დაიტანეს. ამის შემდეგ მიკროსკოპული ანალიზი ჩაატარეს, რათა ძვლის ფორმირების პროცესს დაჰკვირვებოდნენ.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ნეანდერტალელებში ძვლის ფორმირება დაბადებიდანვე აქტიურად მიმდინარეობდა, ამიტომ მათი სახეები უფრო დიდი და გამოკვეთილი იყო", — განაცხადა შუმ — "თანამედროვე ადამიანებში კი ძვლის რეზორბციის დონე უფრო მაღალია".

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ შიმპანზეებსა და ნეანდერტალელებს უფრო დიდი, სწრაფად მზარდი სახის ძვლები ჰქონდათ. თანამედროვე ადამიანების პატარა სახეები კი ძვლის ზრდის ზრდასრულობამდე შეწყვეტის გამოა. მეცნიერებმა ნეანდერტალელების დიდ სახეებსა და ცხვირებს მრავალი ახსნა გამოუნახეს. მათ შორის, ცივ კლიმატთან ადაპტაცია, მაღალი ენერგიის მოთხოვნილება, მყარი საკვების ღეჭვა და მათი კბილების იარაღებად გამოყენება. რაც შეეხება ახლანდელი ადამიანების პატარა სახეებს, ამის მიზეზად საკვების მომზადების გამოგონება და ტვინის ზომის ზრდა სახელდება.

პალეოანთროპოლოგიაში განსაკუთრებით რთული საკითხია, ადამიანებში ასეთი პატარა სახეები რატომ განვითარდა.

"ჩვენი კვლევა იმას ეხება, ეს ყველაფერი როგორ მოხდა", — თქვა შუმ — "რისი გაგებაც მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია შემდეგი პროცესების შესასწავლად".

კვლევა ცოტა ხნის წინ გამოცემაში Journal of Human Evolution გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.