გარღვევა მედიცინაში — მკვლევრებმა ახალი კლასის ანტიბიოტიკები აღმოაჩინეს

ფოტო: McMaster University
ბოლოს ახალი კლასის ანტიბიოტიკები ბაზარზე დაახლოებით 30 წლის წინ გამოჩნდა. და, აი, ახლა შეიძლება ეს ყველაფერი შეიცვალოს — მაკმასტერის უნივერსიტეტის მკვლევართა აღმოჩენის წყალობით.
გერი რაიტის ხელმძღვანელობით, მკვლევრებმა ახალი მოლეკულა (ლარიოციდინი) წარმოადგინეს. კვლევის შედეგები ჟურნალ Nature-ში 26 მარტს გამოქვეყნდა.
ანტიბიოტიკების სრულიად ახალი კლასის აღმოჩენა ახალი ანტიმიკრობული მედიკამენტების კრიტიკულ მოთხოვნილებას პასუხობს. ჩვენ ვიცით, რომ ბაქტერიები და სხვა მიკროორგანიზმები არსებული წამლების წინააღმდეგ მუდმივად ახალ შესაძლებლობებს "ეძებენ". ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ამ ფენომენს ანტიმიკრობულ რეზისტენტობას (AMR) უწოდებენ და ეს არის მედიცინისთვის ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა.
"ძველი წამლები სულ უფრო და უფრო ნაკლებად ეფექტურია, რადგან ბაქტერიები რეზისტენტულები ხდებიან მათ მიმართ. ყოველწლიურად დაახლოებით 4.5 მილიონი ადამიანი იღუპება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების გამო და ეს სტატისტიკა სულ უფრო უარესდება", — განმარტავს რაიტი, მაკმასტერის ბიოქიმიისა და ბიოსამედიცინო მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორი.
რაიტმა და მისმა გუნდმა დაადგინეს, რომ ახალი მოლეკულა ბაქტერიებს თავს სხვა ანტიბიოტიკებისგან განსხვავებული გზით ესხმის. ლარიოციდინი პირდაპირ უერთდება ბაქტერიის ცილის სინთეზის მექანიზმს სრულიად ახალი გზით, რაც აფერხებს მის ზრდასა და გადარჩენის უნარს.
"ეს არის ახალი მოლეკულა მოქმედების ახალი მეთოდით. ეს მედიცინაში დიდ გარღვევას მოახდენს", — ამბობს რაიტი.
ლარიოციდინს წარმოქმნის ბაქტერიის ტიპი, სახელად Paenibacillus, რომელიც მკვლევრებმა აიღეს ჰამილტონის ეზოდან შეგროვებული ნიადაგის ნიმუშიდან.
მკვლევრებმა ნიადაგის ბაქტერიებს ლაბორატორიაში გაზრდის საშუალება მისცეს და ეს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა. კვლევის ფარგლებში, ერთ-ერთმა ბაქტერიამ ახალი ნივთიერების წარმოება დაიწყო, რომელიც მწვავედ რეაგირებდა სხვა ბაქტერიებზე, მათ შორის ანტიბიოტიკებზე რეზისტენტული ბაქტერიების მიმართაც.
"როდესაც ჩვენ გავარკვიეთ, როგორ კლავს ახალი მოლეკულა სხვა ბაქტერიებს, ეს იყო ბედნიერების მომენტი", — ამბობს მანოჯ ჯანგრა, პოსტდოქტორანტი რაიტის ლაბორატორიაში.
რაც ასევე მნიშვნელვანია, ის არ არის ტოქსიკური ადამიანის უჯრედებისთვის და კარგად მოქმედებს ინფექციების წინააღმდეგ.
მკვლევრები ახლა იმაზე ფიქრობენ, თუ როდის შეძლებენ ახალი მოლეკულისგან ეფექტიანი მედიკამენტების დამზადებას.
"აღმოჩენა განსაცვიფრებელი იყო, მაგრამ ახლა იწყება ნამდვილი მძიმე სამუშაო. ჩვენ ახლა ვიწყებთ ამ მოლეკულის კომპლექსურ შესწავლას", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები