ირმის ნახტომის ცენტრში არსებული ზემასიური შავი ხვრელის ირგვლივ "კოსმოსური ტორნადოები" სპირალურად ბრუნავს. ეს მოვლენა ტელესკოპმა უპრეცედენტოდ დეტალურად დააფიქსირა.

ამისთვის ასტრონომებმა 66 რადიოტელესკოპისგან შემდგარი ინტერფერომეტრი ALMA გამოიყენეს, რომელიც ჩილეში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მბრუნავი სტრუქტურები აქამდეც იყო დაფიქსირებული, ახალი დაკვირვებების შედეგად მიღებული გამოსახულება 100-ჯერ უფრო მკაფიოა.

თავდაპირველად მკვლევრები ALMA-ს გამოყენებით ცენტრალურ მოლეკულურ ზონას (CMZ) დააკვირდნენ, რომელიც ჩვენი გალაქტიკის შუაგულში არსებულ ზემასიურ შავ ხვრელს აკრავს გარს. ეს ზონა მტვრითა და აირითაა სავსე. მეცნიერებს სურდათ გაეგოთ, თუ რა მექანიზმები იწვევდა ამ ღრუბლების ასეთ აქტიურ ბრუნვას.

მათ ALMA კონკრეტული მოლეკულური ნაერთების კვალის საპოვნელად გამოიყენეს. ერთ-ერთი მათგანი სილიციუმის მონოქსიდია, რომელიც მორევში შოკურ ტალღებს განსაკუთრებით ეფექტიანად ავლენს. ამან გუნდს საშუალება მისცა, კოსმოსური მტვრის ქარიშხლის შესახებ აქამდე უხილავი დეტალები აღმოეჩინა. მათ შორის — გრძელი, წვრილი ფილამენტების (უზარმაზარი ძაფისებური სტრუქტურა) შესახებ.

"ისინი ჩვენთვის ცნობილი ყველა სხვა ობიექტისგან განსხვავდება. მას გარშემო არსებული სტრუქტურების საწინააღმდეგო მიმართულებით სწრაფი მოძრაობა ახასიათებს", — აღნიშნავს ერთ-ერთი მკვლევარი.

MeerKAT-ის ტელესკოპის მიერ გადაღებული ირმის ნახტომის ცენტრალური რეგიონის რადიო რუკა. წითელი კვადრატები აღნიშნავს ALMA ტელესკოპის მიერ დაკვირვებულ აქამდე უცნობ ფილამენტურ სტრუქტურებს.

ფოტო: Yang et al., 2025, CC BY 4.0

მეცნიერები ამ ფილამენტებს კოსმოსურ ტორნადოებს უწოდებენ. ეს სტრუქტურები აირის ძალიან ენერგიული ნაკადებია. ისინი მალე ქრება და ნივთიერებებს გარემოში ეფექტიანად ანაწილებს. გუნდის დაკვირვებების მიხედვით, სილიციუმის ოქსიდის შთანთქმის გარდა ეს მორევი, შესაძლოა, რთული ორგანული მოლეკულების დისპერსიასაც ახდენდეს — მაგალითად, მეთანოლის, მეთილციანიდისა და ციანოაცეტილენის.

ALMA-ს მაღალი კუთხური გარჩევადობა და მგრძნობელობა მკვლევრებს ფილამენტებთან დაკავშირებული ემისიების აღმოჩენაში ძალიან დაეხმარა, ასევე, იმის დადასტურებაში, რომ ამ სტრუქტურებს მტვრის ემისიებთან კავშირი არ აქვს.

კვლევა გამოცემაში Astronomy and Astrophysics გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.