5 ათასწლეულის წინ ბრინჯაოს ხანის შუამდინარეთში რთული კონსტრუქციის ქვის სამარხები ააშენეს. იქ მეცნიერებმა მსხვერპლად შეწირული მოზარდების ჩონჩხებსა და სხვადასხვა არტეფაქტს მიაკვლიეს.

ჯერჯერობით უცნობია, რას ემსახურებოდა ეს რიტუალი. ამის მიუხედავად, ნაშთების მიხედვით ფიქრობენ, რომ მსხვერპლებს, შესაძლოა, ასაკისა და სქესის მიხედვით არჩევდნენ.

"ფაქტი, რომ მათი უმეტესობა მოზარდია, გასაოცარია. ეს ცხადყოფს, რამდენად მცირე ყურადღება აქვს დათმობილი ისტორიკოსებისა და მეცნიერების მხრიდან მოზარდობას, როგორც ადამიანის სიცოცხლის ციკლის მნიშვნელოვან ეტაპს", — აცხადებს დევიდ ვენგროუ.

შესაძლოა, ახალმა მიგნებამ იმის შესახებაც მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ იყო ეს საზოგადოება მოწყობილი. აქამდე ის იერარქიულ საზოგადოებად მიიჩნეოდა, რომელსაც ერთი მმართველი ჰყავდა. ბოლო აღმოჩენა მიანიშნებს, რომ მათში ეგალიტარული, ანუ თანასწორობაზე დაფუძნებული, პრინციპი უნდა ყოფილიყო დამკვიდრებული.

ჩონჩხები Başur Höyük-ად წოდებულ არეალშია მიკვლეული, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარეობს. ის ერთ დროს ძველი შუამდინარეთის ნაწილი იყო და ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3 100-2 800 წლით თარიღდება. ერთი დეკადის წინ იქ არქეოლოგებმა ქვის რამდენიმე სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც სპილენძის არტეფაქტებს, ტექსტილებსა და მძივის მარცვლებს უხვად მიაგნეს.

სამარხებში აღმოჩენილი მძივის მარცვლები.

ფოტო: Cambridge Archaeological Journal

წინა კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 12 წლის ასაკის 2 მოზარდის ჩონჩხი აღმოაჩინეს, მახლობლად კი დამატებით 8 ადამიანის ნაშთები იპოვეს. მათი მდგომარეობა ძალადობრივ სიკვდილზე მიანიშნებდა. აქედან დაასკვნეს, რომ დაკრძალვის რიტუალი მიუთითებს ადრეული წყობის დასაწყისზე, სადაც "წარჩინებულთა" და შედარებით დაბალი ფენის მსხვერპლად შეწირულები გვხვდება.

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სხვა 9 ჩონჩხის დნმ შეისწავლეს და უფრო სიღრმისეული ანალიზი შემოგვთავაზეს. მათ ყურადღება მოზარდობის იდეაზე, როგორც ამ საზოგადოების აღქმით ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე, გაამახვილეს.

ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს არ ენათესავებოდნენ და მათი უმეტესობა მდედრობითი სქესის იყო. ეს ნიშნავს, რომ მსხვერპლად შეწირული მოზარდები ბიოლოგიურად განსხვავებული ჯგუფებიდან შეკრიბეს ან ისინი რიტუალში მოხალისეობრივად ჩაერთნენ.

ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ბრინჯაოს ხანის შუამდინარული საზოგადოება მმართველ-დაქვემდებარებულის სისტემას არ იზიარებდა, არამედ უფრო მოქნილი იყო. სავარაუდოა, რომ იქ იერარქიული და ეგალიტარული წყობები მონაცვლეობდა ხოლმე. ამ უკანასკნელში ძალაუფლება არა მემკვიდრეობითი, არამედ მოპოვებითია. შესაძლოა, ამ ხალხში მოხუცებს სიბრძნისა და გამოცდილების გამო აფასებდნენ, ახალგაზრდებს კი — ნადირობის უნარებით.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Cambridge Archaeological Journal გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.