როგორ მოქმედებს ტკბილი სასმელები ჩვენს ჯანმრთელობაზე — სიმსივნის რისკი

ფოტო: Live Science
ახალი კვლევის თანახმად, შაქრის შემცველი სასმელები ხელს მხოლოდ კბილის გაფუჭებას კი არ უწყობს, არამედ შესაძლოა, პირის ღრუში სიმსივნის რისკიც გაზარდოს. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჯანდაცვის მონაცემთა ბაზაში შესული 162 602 ქალის ჩანაწერი შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ 30 წლის განმავლობაში მათგან 124 ქალს პირის ღრუს სიმსივნე განუვითარდა.
კვლევის შედეგების მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად იღებდნენ ტკბილ სასმელს, სიმსივნის განვითარების 4.87-ჯერ მაღალი რისკი ჰქონდათ იმათზე, ვინც სასმელს თვეში ერთხელ იღებდა. გარდა ამისა, მათ შემთხვევაში, ვინც დამატებით თამბაქოსა და ალკოჰოლსაც მოიხმარდა, რისკი 5.46-ჯერ მაღალი იყო.
"პირის ღრუს სიმსივნის შემთხვევების რაოდენობა არამწეველებსა და ახალგაზრდებში იმატებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ტრადიციული რისკ-ფაქტორები არ აქვთ", — წერენ მკვლევრები თავიანთ გამოქვეყნებულ ნაშრომში — "ამ კვლევამ აჩვენა, რომ შაქრის მაღალი დონის შემცველი სასმელების მიღება პირის ღრუს სიმსივნის რისკს ქალებში მნიშვნელოვნად ზრდის. საინტერესოა, რომ მათ ამ დაავადების მაღალი საფრთხის გამომწვევი მიზეზი არ უნდა ჰქონოდათ, რადგან არც ეწეოდნენ და არც ალკოჰოლს იღებდნენ".
როგორც წესი, პირის ღრუს სიმსივნე დაკავშირებული ისეთ რისკ-ფაქტორებთანაა, როგორიცაა მოწევა ან თამბაქოს ღეჭვა, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება და ადამიანის პაპილომა ვირუსი. შემაშფოთებელი ისაა, რომ დაავადების შემთხვევების რაოდენობა ამ რისკ-ფაქტორების გარეშე იზრდება. ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი დიდი ალბათობით ის მავნე საკვებია, რომელსაც ბევრი ჩვენგანი რეგულარულად მოიხმარს. ამან შესაძლოა, სხეულის იმუნური სისტემიდან სამუდამო ანთებითი რეაქციები გამოიწვიოს.
"დასავლური კვების წესი ცხიმითა და შაქრითაა გაჯერებული, რაც საჭმლის მომნელებელ სისტემას საფრთხეს უქმნის", — წერენ მკვლევრები — "ვფიქრობთ, რომ საკვები, რომელიც შაქარს შეიცავს, შესაძლოა, ქრონიკული ანთების განვითარებას ხელს უწყობდეს. ეს, თავის მხრივ, პირის ღრუს სიმსივნეს განაპირობებს".
აქ გარკვეული შეზღუდვებიც არსებობს — კვლევა მხოლოდ ქალების მონაცემებს შეეხო და სიმსივნის შედარებით მცირე რაოდენობის შემთხვევას მოიცავს. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ამ პოტენციური კავშირის შესახებ მეტი მონაცემი შეგროვდება და შეფასდება.
ეს კვლევა კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ არა მხოლოდ ის უნდა ვაკონტროლოთ, რას ვჭამთ, არამედ ისიც, რას ვსვამთ. ტკბილ სასმელებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები ახალი არ არის, მაგრამ თანდათან ვრწმუნდებით, რამდენად მავნე შეიძლება ისინი იყოს.
"კვლევის მეთოდოლოგია და ხარისხი ძალიან კარგია, რადგან მონაცემები დეტალურად შეისწავლეს", — ამბობს ეპიდემიოლოგი რაულ ზამორა როსი კატალონიის ონკოლოგიის ინსტიტუტიდან, რომელიც კვლევაში არ მონაწილეობდა. "მეტი კვლევაა საჭირო, რათა დადასტურდეს ეს კავშირი. ასევე უნდა შეფასდეს, ხელოვნური დამატკბობლებიც ასეთივე მავნეა თუ არა. მათ ბევრი ადამიანი შაქრის ჯანსაღ ალტერნატივად მიიჩნევს", — განაცხადა რაულ ზამორა როსმა.
კვლევა გამოცემაში JAMA Otolaryngology – Head & Neck Surgery გამოქვეყნდა.
კომენტარები