გამოკითხვით დადგინდა, რომ ChatGPT-ს ყველაზე აქტიური მომხმარებლები, რომლებიც ჩატბოტთან ინტერაქციაში ყველაზე დიდ დროს ატარებენ, მასზე დამოკიდებულნი ხდებიან.

ChatGPT კომპანია OpenAI-ს მიერ შექმნილი ჩატბოტია, რომელსაც მსოფლიოში ასეულობით მილიონი ადამიანი იყენებს. მას ცხოვრების უამრავ ასპექტში ეყრდნობიან: ზოგი საკუთარ პირად ცხოვრებაზე ესაუბრება, ზოგიც დავალებების შესრულებაში დახმარებას სთხოვს ან ფაქტობრივ შეკითხვებს უსვამს — დაახლოებით ისე, როგორც მეგობრებს ან სხვა ახლობლებს ესაუბრებიან ხოლმე.

OpenAI-მ და MIT Media Lab-მა გადაწყვიტეს, ჩატბოტთან ადამიანების შეჩვევის საკითხი ერთობლივად შეესწავლათ. მათ გამოკითხვა ჩაატარეს და შენიშნეს, რომ ჩატბოტით მოსარგებლეთა მცირე ნაწილს შედარებით "პრობლემური გამოყენება" ახასიათებდა. ეს ნაშრომში განმარტებულია, როგორც: "ადიქციის ინდიკატორები... მათ შორის ბოტით ძლიერი გატაცება, თავის დანებებასთან დაკავშირებული უსიამოვნო სიმპტომები, კონტროლის დაკარგვა და განწყობის ცვლილება".

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ChatGPT-ს ათასობით მომხმარებელი გამოჰკითხეს. გამოიკვლიეს როგორც ჩატბოტისადმი მათი განწყობა, ასევე ისიც, თუ რა ტიპის "ემოციურ მანიშნებლებს" იყენებდნენ მასთან კომუნიკაციისას. მეცნიერები ამაში გულისხმობენ "ინტერაქციათა იმ ასპექტებს, რომლებიც ემპათიაზე, კეთილგანწყობასა და მხარდაჭერაზე მიუთითებს".

ChatGPT-სთან ინტერაქციისას გამოკითხულთა უმრავლესობა ემოციურ კავშირს არ ამყარებდა. მეორე მხრივ, ისინი, ვინც ჩატბოტს შედარებით ხანგრძლივად იყენებდნენ, მას ნელ-ნელა უკვე თავიანთ "მეგობრად" თვლიდნენ. გამოკითხვის ის მონაწილეები, რომლებიც ChatGPT-ს ყველაზე მეტხანს ესაუბრებოდნენ, უფრო მარტოსულები იყვნენ და მეტად ისტრესებოდნენ, როცა მოდელის ქცევა ოდნავ იცვლებოდა.

კვლევის მიხედვით, როგორც ჩანს, ადამიანები AI ჩატბოტებზე მაშინ უფრო ხდებიან დამოკიდებული, როცა პირად ცხოვრებაში რაღაც აკლიათ. სხვა სიტყვებით, ხელოვნურ ინტელექტთან ყველაზე ღრმა პარასოციალური ურთიერთობა ყველაზე მოწყვლად ადამიანებს უვითარდებათ. თავისთავად, ამის შედეგების წინასწარ განსაზღვრა არც ისე მარტივია.

ცნობისთვის: პარასოციალურია ურთიერთობა, რომელსაც ვინმესთან (ცნობილ ადამიანთან, პერსონაჟთან ან თუნდაც ჩატბოტთან) რეალური ინტერაქციის გარეშე ვაყალიბებთ.

კვლევაში მოულოდნელი განსხვავებები გამოიკვეთა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყენებდნენ ჩატბოტს.

მაგალითად, ChatGPT-ს ტექსტზე მომუშავე ვერსიასთან საუბრისას ადამიანები უფრო მეტად მიმართავდნენ ემოციურ მეტყველებას, ვიდრე — ხმაზე მომუშავე რეჟიმთან (Advanced Voice Mode). ნაშრომის მიხედვით, "ხმის რეჟიმები ხანმოკლე გამოყენებისას მეტ კეთილდღეობას უკავშირდებოდა".

ის ადამიანები, რომლებიც ChatGPT-ს პირადული მიზნებისთვის იყენებდნენ (მაგალითად, ემოციებს ან მოგონებებს უზიარებდნენ), ჩატბოტზე ნაკლებად იყვნენ ემოციურად დამოკიდებულნი, ვიდრე ისინი, ვინც მას "არაპირადული" მიზნებისთვის იყენებდნენ (რაიმე საკითხზე მსჯელობისთვის ან რჩევის თხოვნისთვის).

კვლევის მთავარი მიგნება ისაა, რომ ჩატბოტის ხანგრძლივი გამოყენება ამასთან დაკავშირებულ პრობლემურ ქცევას ამძაფრებს. როგორც ჩანს, რაც მეტხანს ვიყენებთ ChatGPT-ს, მით უფრო იზრდება რისკი, რომ მასზე ემოციურად დამოკიდებული გავხდებით — განურჩევლად იმისა, ტექსტურ ვერსიას ვესაუბრებით თუ ხმოვანს; პირად თემებს განვიხილავთ თუ სამუშაოსთან დაკავშირებულ იდეებს.

გამოკითხვის შესახებ უფრო ვრცლად OpenAI-სა და MIT Media Lab-ის ერთობლივ ბლოგში გაეცნობით.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.