შარშან ადამიანს ღორის ღვიძლი გადაუნერგეს — როგორ ჩატარდა უპრეცედენტო ოპერაცია
ახლახან კვლევა გამოქვეყნდა, რომელშიც ექიმები ისტორიაში პირველ ასეთ ოპერაციას აღწერენ.

ფოტო: eGenesis
შარშან, ისტორიაში პირველად, ღორის ღვიძლი ადამიანს გადაუნერგეს. ორგანო გენეტიკურად მოდიფიცირებულ ცხოველს ეკუთვნოდა. მიმღების სხეულს დაკვირვების პერიოდში ღვიძლი არ უკუუგდია.
ადამიანი, რომელმაც ორგანო მიიღო, ტვინით მკვდრად იყო გამოცხადებული. მისმა ოჯახის წევრებმა ექსპერიმენტის შეწყვეტა გადანერგვიდან 10 დღეში მოითხოვეს. ამ დროის განმავლობაში ღვიძლი წარმატებით ართმევდა თავს საბაზისო მეტაბოლურ ფუნქციებს.
ჩატარებული ოპერაციიდან თითქმის ერთი წლის თავზე კვლევა გამოქვეყნდა, რომელშიც მეცნიერები თავიანთი შრომის დეტალებს აღწერენ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ღორის ღვიძლის ადამიანისთვის გადანერგვაზე რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში წაიკითხავთ.
ნაშრომი გამოცემა Nature-ში გამოქვეყნდა.
რა არის ქსენოტრანსპლანტაცია და რატომაა მნიშვნელოვანი
ღვიძლის მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებისთვის ზოგჯერ ერთადერთი გამოსავალი გადანერგვაღა რჩება, თუმცა ორგანოს დონორის მოძიება არც ისე მარტივია.
აქედან გამოსავალი შეიძლება ქსენოტრანსპლანტაცია იყოს — ორგანოს გადანერგვა ერთი სახეობიდან მეორისთვის. ადამიანების შემთხვევაში ეს ცხოველისგან ორგანოს ამოღებასა და ადამიანისთვის გადანერგვას გულისხმობს იმ დრომდე, სანამ შესაფერისი ადამიანი დონორი არ გამოჩნდება. ქსენოტრანსპლანტაციის დროს ცხოველს გენეტიკურად ცვლიან, რათა მისი ორგანო ჩვენი სახეობისთვის მეტად თავსებადი გახდეს.
კლინიკური ცდების შედეგები ამ ეტაპზე დამაიმედებელია. 2023 წელს მოდიფიცირებული ღორის ღვიძლი გარედან სამი დღით მიამაგრეს სხეულს, რომელიც ტვინით მკვდარ ადამიანს ეკუთვნოდა. გარდა ამისა, მოდიფიცირებული ღორის თირკმელებზე არაერთი სხვა ექსპერიმენტი ჩატარდა, რომელთა ფარგლებშიც გადანერგილი ორგანო ნორმალურად ფუნქციონირებდა ტვინით მკვდარ პაციენტებში.
ასევე იხილეთ: ისტორიაში პირველად, ღორის თირკმელი ცოცხალ პაციენტს გადაუნერგეს
ღვიძლი თირკმელებზე კომპლექსურად მუშაობს, ამიტომ მისი გადანერგვა შედარებით რთული პერსპექტივაა. ზოგიერთ მეცნიერს ეს შესაძლებელი არც კი წარმოედგინა. ღორის ღვიძლის მიერ წარმოქმნილი ცხიმები, ცილები და გლუკოზა ადამიანებში ძლიერ იმუნურ რეაქციას იწვევს, მისი დათრგუნვა კი საკმაოდ რთულია.
რა გააკეთეს მეცნიერებმა — კვლევის დეტალები
ოპერაცია ჩინეთის მეოთხე სამხედრო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა. ქაი-შან თაომ და მისმა კოლეგებმა ღვიძლი ტვინით მკვდარ ადამიანს გადაუნერგეს. ცოცხალ ადამიანებზე მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება არაეთიკურია, რადგან პროცედურა სახიფათოა და რისკები საფუძვლიანად ჯერ არ არის შეფასებული.
მეცნიერებმა ღორის ღვიძლში 6 გენეტიკური ცვლილება შეიტანეს. თითოეული მათგანი მიმღებში იმუნური რეაქციის მინიმუმამდე დაყვანას ემსახურებოდა. მათ კონკრეტული გენები ამოიღეს, რომლებიც ზემწვავე უკუგდებას განაპირობებს, და ადამიანის გენები ჩასვეს, რათა ორგანო მეტად თავსებადი გაეხადათ.
ოპერაციის დროს პაციენტის ღვიძლი ღორის ორგანოთი მთლიანად არ ჩაუნაცვლებიათ — ამ უკანასკნელმა დამხმარე ტრანსპლანტატის როლი შეასრულა. უფრო ზუსტად, ადამიანის ღვიძლს ხელი არ ახლეს, ღორისა კი მუცლის ღრუში სხვა ადგილას მოათავსეს, სისხლძარღვებს მიუერთეს და მისი დაკვირვება დაიწყეს.
კვლევა მეცნიერებმა ოპერაციის ჩატარებიდან 10 დღის შემდეგ შეწყვიტეს პაციენტის ოჯახის თხოვნით, თუმცა ღვიძლი მთელი ამ დროის განმავლობაში ნორმალურად ფუნქციონირებდა.
ადამიანის იმუნურმა სისტემამ ღორის ორგანო არ უკუაგდო, რადგან მკვლევრებმა იმუნოდეპრესანტები გამოიყენეს. ამ პრეპარატებმა T- და B-უჯრედების აქტივობა შეამცირა. პარალელურად გადანერგილ ორგანოში სისხლის მიმოქცევა წარმატებით შეინარჩუნეს, ღვიძლმა კი ნაღველიც წარმოქმნა და ღორის ალბუმინიც, ანუ ბუნებრივი ფუნქციები შეასრულა.
რა შეზღუდვები აქვს კვლევას
გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს საკუთარი ღვიძლიც ფუნქციური ჰქონდა. შესაბამისად, რთული სათქმელია, რამდენად საკმარისი იქნებოდა ღორის ორგანო ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტისთვის. მეცნიერები ამას სამომავლოდ გამოიკვლევენ.
ნაშრომი აჩვენებს, რომ გენეტიკური მოდიფიკაციების საშუალებით ქსენოტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული პრობლემების შესაძლებელი შესაძლებელია. ამ შემთხვევაში ესენია ორგანოს ზემწვავე უკუგდება და თრომბოციტების შემცირება. ეს გვაფიქრებინებს, რომ მეთოდის შესწავლა და მისით ექსპერიმენტირება პერსპექტიულია.
ყველაფრის მიუხედავად, საკვლევი ჯერაც ბევრია. მკვლევრებმა მხოლოდ ნაღვლისა და ალბუმინის წარმოქმნა შეაფასეს, რაც ღვიძლის ფუნქციონირების ყველაზე მარტივი ინდიკატორებია. გარდა ამისა, კვლევაში მხოლოდ ერთი ადამიანი მონაწილეობდა, ამიტომ შედეგების განზოგადება მიზანშეწონილი არაა — ვერ ვიტყვით, რომ ექსპერიმენტი სხვა ადამიანებზეც იმავენაირად ჩაივლის, მით უმეტეს ცოცხლებზე.
თუკი მეთოდმა სამომავლოდ ცოცხალ ადამიანებშიც გაამართლა, ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებს დამატებითი დრო მიეცემათ, რათა ადამიან დონორს დაუცადონ. ეს არაერთი სიცოცხლის გადარჩენაში დაგვეხმარება.
კომენტარები