ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიზე ითხოვს სააკაშვილთან შეხვედრას. როგორც ის ამბობს, დღევანდელი კონსილიუმი სააკაშვილის გარეშე ჩატარდა და ბოლოს გუშინ ნახა.

"ვითხოვ, მოვითხოვ, ვთხოვ, არ ვიცი რა სიტყვები კიდე გამოვიყენო, ვნახო პრეზიდენტ სააკაშვილი, რაც შეიძლება ძალიან სწრაფად. ძალიან ვღელავ მისი მდგომარეობის შესახებ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გუშინ და დღეს, მისის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე, ამიტომ ჩემი მხრიდან მისი ნახვა აუცილებელია დღეს ჩემს მიერ, ასევე ჩემი კოლეგების მიერ", — განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

სანამ მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხეში გადაიყვანდნენ, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ ანალიზებზე დაყრდნობით კონსილიუმი ექსპრეზიდენტის მაღალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე შეთანხმდა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა — მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხიდან აფრენილი ვერტმფრენი გლდანის ციხის თავზე გამოჩნდა. მანამდე უფლებადამცველებმა, ოჯახის წევრებმა და ომბუდსმენმა არ იცოდნენ, სად იყო სააკაშვილი. ვარაუდობდნენ, რომ მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ.

მოგვიანებით, როცა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, გლდანის ციხეში სააკაშვილის სანახავად მივიდა, განაცხადა, რომ ის რუსთავის ციხიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს და ციხეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს პალატაში ესმის სხვა პატიმრების გინებისა და მუქარის ხმა. ადვოკატებმა ეს ფსიქოლოგიურ ზეწოლად და წამებასთან გათანაბრებულ ქმედებად შეაფასეს.

იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული. მისივე მტკიცებით, სააკაშვილმა ციხეში შეყვანისას თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

სააკაშვილის ციხეში შეყვანის შემდეგ ადგილზე სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს. გარდა ამისა, ციხეში მიიტანეს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი უწყება ამტკიცებდა, რომ ციხის კლინიკა საჭირო ტექნიკით აღჭურვილია.

ამავე თემაზე: