MIT-ის პროფესორის ბრეტ მაკგუაირის კვლევამ კოსმოსში აქამდე უცნობი მოლეკულა გამოავლინა. კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

ზაქარი თ.პ. ფრიდმა, მაკგუაირის ჯგუფის კურსდამთავრებულმა და პუბლიკაციის მთავარმა ავტორმა, იმუშავა მონაცემებზე, რომელიც მთელი მსოფლიოს ლაბორატორიებიდან შეგროვდა.

"ჩვენი ჯგუფი ცდილობს გაიგოს რა მოლეკულებია კოსმოსის იმ რეგიონებში, სადაც ვარსკვლავები და ახალი სისტემები ყალიბდება. ეს საშუალებას გვაძლევს გავარკვიოთ, თუ როგორ ვითარდება ქიმია ვარსკვლავებისა და პლანეტების ფორმირების პროცესთან ერთად. ჩვენ ამას ვაკეთებთ მოლეკულების ბრუნვის სპექტრის, სინათლის უნიკალური ნიმუშების შესწავლით. სწორედ ამით ვპოულობთ ახალ მოლეკულებს კოსმოსში", — თქვა ფრიდმა.

მოლეკულების ძიება კოსმოსში

მაკგუაირის ჯგუფი ახალი მოლეკულების აღმოსაჩენად მანქანურ სწავლებას იყენებს. სწორედ ერთ-ერთმა ასეთმა მოდელმა აღმოაჩინა მოლეკულა 2-methoxyethanol.

"კოსმოსში მრავალი "methoxy" მოლეკულაა, როგორიცაა დიმეთილის ეთერი, მეთოქსიმეთანოლი და მეთილის ფორმატი, მაგრამ 2-მეთოქსიეთანოლი ყველაზე დიდი და რთული მოლეკულაა, რაც კი ოდესმე შეგვინიშნავს", — ამბობს ფრიდი.

ამ მოლეკულის რადიოტელესკოპებით აღმოჩენისთვის ჯგუფს ჯერ მისი ბრუნვის სპექტრის გაზომვა და ანალიზი სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ კვლევაში ბევრი ჯგუფი იღებდა მონაწილეობას. დაკვირვებები ორ ცალკეულ ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონზე ხდებოდა, ესენია NGC 6334I და IRAS 16293-2422B.

"საბოლოოდ, NGC 6334I-დან მოლეკულა 2-methoxyethanol დავაფიქსირეთ. ამან მოგვცა საშუალება გამოგვეყვანა მოლეკულის ფიზიკური პარამეტრები, როგორიცაა მისი სიმრავლე და აგზნების ტემპერატურა", — თქვა ფრიდმა.

მნიშვნელობა

მსგავსი მოლეკულური აღმოჩენები მკვლევრებს ვარსკვლავების ფორმირებაზე ბევრს ეუბნება. 2-methoxyethanol, რომელიც 13 ატომს შეიცავს, ვარსკვლავთშორისი სტანდარტებისთვის საკმაოდ დიდია. 2021 წლის მონაცემებით, მზის სისტემის გარეთ 13 ატომზე მეტის მქონე მოლეკულების მხოლოდ ექვსი სახეობა აღმოაჩინეს. მათი უმეტესობის აღმოჩენა სწორედ მაკგუაირის ჯგუფის მიერ მოხდა და ყველა მათგანი რგოლოვანი სტრუქტურის სახით არსებობს.

"ასეთი მოლეკულების უწყვეტი დაკვირვება საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ ჩვენი ცოდნა იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურად შეიძლება წარმოიქმნას დიდი მოლეკულები და რომელი კონკრეტული რეაქციების შედეგად ჩნდება ისინი. ამასთან, რადგან ახალი მოლეკულა მხოლოდ NGC 6334I ვარსკვლავთგროვაში აღმოვაჩინეთ, (და არა IRAS 16293-2422B-ში), ეს საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიგოთ ასეთი მოლეკულების როლი და განსხვავებები, რასაც ეს უკანასკნელი გვაძლევს", — აღნიშნულია კვლევაში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.