დიუნი — ფილმი, რომლის გადაღებაც შეუძლებელი ეგონათ
გაფრთხილება მათთვის, ვინც სპოილერებს უფრთხის: ქვემოთ მოცემული ტექსტი შესაძლოა შეიცავდეს სიუჟეტურ დეტალებს ან/და გარკვეულ ფრაგმენტებს ფილმიდან.
ის, რაც ვერ მოახერხა ბევრმა, შესაშური წარმატებით გამოუვიდა დენი ვილნევს: პანდემიის მიუხედავად, უამრავმა მაყურებელმა მოინდომა და კიდევ ბევრი აპირებს, რომ კინოთეატრში ნახოს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოლოდინების მქონე ეკრანიზაცია — დიუნი. მართალია, ამას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ეს ფილმი დიდი ბიუჯეტითა თუ ვარსკვლავებით დახუნძლული სამსახიობო შემადგენლობით თვალშისაცემი ჰოლივუდური ბლოკბასტერია და მისი დიდ ეკრანზე ნახვის უპირატესობებზე ლოგიკური წინასწარგანწყობა არსებობს, თუმცა იგივე ნაკლებად გამოუვიდა, მაგალითად, ბევრისთვის გაცილებით უფრო ცნობილ და საყვარელ რეჟისორ კრისტოფერ ნოლანს ფილმით Tenet (ტენეტი).
შესაძლოა, ამერიკული ბაზრისთვის მსგავსი შემთხვევები პანდემიის პირობებშიც კი დიდად გასაკვირი არ არის, მაგრამ ქართული აუდიტორია ასე ხშირად არ დადის ხოლმე კინოთეატრში, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ერთი წელი კინოჩვენებები გაუქმებული იყო. თვეების განმავლობაში სახლში ჩაკეტვისა და იზოლაციის გამო ჩემ გარშემო ბევრი იმასაც აღნიშნავდა, რომ მთლიანად სერიალებზე გადაერთნენ და კინო ლამის სულ გადაავიწყდათ. თუ მაინც დააპირებს ვინმე სერიალების უთვალავ სეზონსა და ეპიზოდს შორის ფილმის ჩართვას, ისიც ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ადგილობრივ მაყურებელთა დიდი ნაწილი ამჯობინებს, სახლში სხვადასხვა მეკობრული გზით უფასოდ უყუროს სასურველ ფილმს. ამ პირობებში დიუნმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ როგორი მაგიურია კინოთეატრში ფილმის ნახვა, სეანსიდან გამოსულებს კი პირად საუბრებსა და სოციალურ ქსელებში განხილვებისკენ და შთაბეჭდილებების გაცვლისკენ გვიბიძგა.
ცხადია, ის, რომ მაყურებელს პირბადითა და თითო ადგილის გამოტოვებით დარბაზში ჯდომის მიუხედავად, კინოთეატრში წასვლის სურვილი მაინც რომ გაუჩნდა, კარგი მარკეტინგული გათვლების, დენი ვილნევის რეპუტაციისა და ფრენკ ჰერბერტის კულტად ქცეული რომანის დამსახურებაა, თუმცა უკვე დიდ ეკრანზე ნანახი შედეგი მთლიანად რეჟისორისა და მთელი შემოქმედებითი გუნდის საოცარი შრომის ნაყოფია. მე კი თამამად ვიტყვი, რომ მათ ერთად შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებას. თან დიუნის ეკრანიზაცია აქამდე აუღებელ ციხესიმაგრედ ითვლებოდა: 1984 წელს დევიდ ლინჩმა გადაიღო იმავე ფაბულით ფილმი, რომელმაც არა მხოლოდ მაყურებლებისგან თუ კრიტიკოსებისგან დაიმსახურა გულსაკლავი შეფასებები, არამედ თავად რეჟისორსაც კი აღარ უნდა თავისი ამ ნამუშევრის გახსენება.
"დიუნი საერთოდ არ მაინტერესებს, რადგან ამ ფილმმა ძალიან დამამწუხრა. ეს იყო მარცხი და ფილმის ისეთი ვერსიის გამოშვებაც კი ვერ მოვახერხე, როგორიც თავად მინდოდა. ეს უკვე მრავალჯერ მითქვამს. ეს არ იყო ფილმი, რომლის შექმნაც მინდოდა. მისი გარკვეული მონაკვეთები მომწონს, მაგრამ მთლიანობაში ჩემთვის ერთი დიდი კრახი იყო", — ასე უპასუხა 2020 წელს ლინჩმა ჟურნალისტის კითხვას, დენი ვილნევის ახალი ეკრანიზაციით ხომ არ იყო დაინტერესებული.
ლინჩამდე გაცილებით ადრე, 1970-იანებში ჯერ ალეხანდრო ხოდოროვსკის უნდოდა 14-საათიანი ფილმის გადაღება სალვადორ დალისა და მიკ ჯაგერის მონაწილეობით, თუმცა ამ ამბიციური სურვილისთვის ხორცის შესხმა ვერ მოახერხა. 2020 წელს ხოდოროვსკიმაც ისაუბრა დიუნის ეკრანიზაციის სირთულეზე:
"როცა დევიდ ლინჩმა გადაიღო ფილმი, გაცოფებული ვიყავი, რადგან ეს ჩემი ოცნება იყო. პარიზში რომ გაიმართა ჩვენება, ჩემმა შვილმა მითხრა, ეს უნდა ნახოო. მეტისმეტად გაბრაზებული ვიყავი, რომ ეს გამეკეთებინა, მაგრამ ბოლოს მაინც ვნახე და გამიხარდა კიდეც, რადგან საშინელი ფილმი იყო. გავაცნობიერე, რომ დიუნის გადაღება არავის შეუძლია. ის ლეგენდაა".
დიდი ალბათობით, ხსენებული რეჟისორებიდან არცერთი ნახავს დენი ვილნევის ვერსიას და რომც ნახონ, შემოქმედებითი ხედვის რადიკალურ განსხვავებულობასთან ერთად სიამაყე არ მისცემს მათ უფლებას, რომ ეს ფილმი მოიწონონ. ამის მიუხედავად, დენი ვილნევს ნამდვილად არ მოუწევს, რომ ამ ფილმის გადაღება ინანოს ან ისევ განუხორციელებელ ოცნებად ჩათვალოს. ამას კი, პირველ რიგში, თვითონ ამ ნაწარმოებისა და ფრენკ ჰერბერტის მიერ შექმნილი სამყაროს უზომო პატივისცემითა და მოწიწებით მიაღწია: მის ნამუშევარს ეტყობა, როგორ ძალიან უყვარს ეს რომანი, რამდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ამ წიგნმა და როგორი სიზუსტით უნდოდა მისი ეკრანზე გაცოცხლება. ამას მოწმობს თუნდაც ის, რომ ფილმის შექმნის პროცესში ვილნევმა ჩართო ფრენკ ჰერბერტის შვილი, ბრაიან ჰერბერტი, რომელიც რეჟისორის ხედვას იზიარებდა კიდეც:
"ძალიან სასიამოვნო იყო დენისთან თანამშრომლობა, რადგან მას დიუნის ზუსტი ეკრანიზაციის შექმნა სურდა. მას უნდოდა, რომ ფილმში ფრენკ ჰერბერტის წარმოსახვიდან არ გადაეხვია", — აღნიშნა ბრაიან ჰერბერტმა, რომელიც მამამისის შემოქმედებითი მემკვიდრეცაა: მან გააგრძელა დიუნის წიგნების სერიის სხვა ნაწილების წერა.
დენი ვილნევმა ჯერ კიდევ 2016 წელს თქვა, რომ დიუნის გადაღება მისი "დიდი ხნის ოცნებაა", თუმცა ამას იქამდე ვერ ბედავდა, სანამ ისეთ ფილმებზე არ იმუშავა, როგორებიც Arrival და Blade Runner 2049-ია. ვილნევის შემოქმედებიდან ბევრისთვის ეს საყვარელი ფილმები გენერალური რეპეტიცია იყო — სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში შესაძლებლობების მოსინჯვის შემდეგ ჩათვალა, რომ მზად იყო, ქვიშის მატლზე ამხედრებულიყო და ერთგული მაყურებლისთვის წინამძღოლობა გაეწია პლანეტა არაკისზე მოგზაურობისას.
ზოგადად ლიტერატურის მკითხველი პრეტენზიული მაყურებელია, როცა საქმე მხატვრული ნაწარმოების ეკრანიზაციაზე მიდგება. მეც იმათ შორის ვარ, ვინც იშვიათად დარჩენილა კმაყოფილი წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმების ხილვისას: ძალიან რთულია, რეჟისორმა კინოენით განგაცდევინოს ის ყველაფერი, რასაც მწერალი სიტყვების ოსტატობით ახერხებს. კიდევ უფრო რთულდება სიტუაცია, როცა საქმე დიუნის მსგავს საკულტო ნაწარმოებს ეხება: ჯერ ერთი, ბევრს წაუკითხავს ის და კარგად მოეხსენება, რასთან აქვს საქმე, ამასთანავე კი ზოგადად ჟანრული ლიტერატურის მოყვარული ხალხი განსაკუთრებით უმადურია ხოლმე — "ტოლკინმა ამა და ამ წიგნის ამა და ამ გვერდზე ზუსტად აღწერა ამ ხის ფოთლის მოხაზულობა და როგორ გაბედეს იმ კადრში ამის შეცვლა?!" დარწმუნებული ვარ, ერთადერთი არ ვარ, ვისაც მსგავსი საყვედურებისთვის მოუკრავს ყური. აი, დენი ვილნევის ფილმი კი, პირველ რიგში, ალბათ, სწორედ ფრენკ ჰერბერტის შემოქმედების თაყვანისმცემლებმა უნდა დააფასონ: რეჟისორი თითქმის ოდნავადაც არ აცდენილა მწერლის კოსმოსურ მარშრუტს, რომელიც პლანეტებს შორის გახლართული ინტრიგების ქსელში გვახვევს.
ამის გამო მათ, ვისაც წიგნი წაუკითხავს, ფილმის ნახვის შემდეგ, ალბათ, ხელახლა გადაკითხვა მოუნდება, სხვებს კი, ვისაც აქამდე შეხება არ ჰქონია ამ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც უზარმაზარ რომანთან, დაუვიწყარ ლიტერატურულ თავგადასავალში თავით გადაშვება აღარ შეაშინებს. დენი ვილნევი კი მხოლოდ ამის გამოც იმსახურებს დაფასებას, რომ სულ უფრო მეტ და ახალ მკითხველს გააცნობს სამეცნიერო ფანტასტიკის ამ წმინდა წიგნს.
ფილმის ნახვამდე ყველაზე მეტად სამსახიობო შემადგენლობა მაეჭვებდა: ცალ-ცალკე ხავიერ ბარდემიც მიყვარს, ზენდეიაც და ოსკარ აიზეკიც, მაგრამ ამდენი კაშკაშა ვარსკვლავის ერთად თავმოყრა ხშირად სხვა ბევრი უფერული დეტალის მიჩქმალვის მცდელობაა ხოლმე. თუმცა ამ მხრივაც სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი: ტიმოთი შალამეც კი, რომლის დიდი გულშემატკივარი სულაც არ ვარ, მშვენიერი პროტაგონისტი გამოდგა. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ისურვეს, რომ პოლ ატრეიდასი ფიზიკურად უფრო "მხნე და ბრგე" ყოფილიყო, მაგრამ, მათ ვურჩევდი, სავარჯიშო დარბაზიდან ჩართული დაკუნთული კაცების ინსტაგრამზე დასპონსორებული ვიდეოები ცოტა ხნით დაივიწყონ და გაიხსენონ, რომ ტიმოთი შალამეს პერსონაჟი მხოლოდ 15 წლისაა. ხოლო თუ მისი ფერმკრთალი კანი არ ჯდება მასკულინობის თქვენეულ წარმოდგენაში, აცადეთ, ბატონო, ცხელ პლანეტაზე ჩავიდა და მზესაც დაენახება მალე.
მთავარი მოვლენა მაინც რებეკა ფერგიუსონი აღმოჩნდა: ლედი ჯესიკას როლი მან იდეალურად მოირგო და შეძლო, თანაბარი ზომიერებით გამოეხატა როგორც მზრუნველი დედის, ისე პოლიტიკურ ინტრიგების დაფაზე დახვეწილად მოთამაშის ემოციები. ბენე გესერიტები ზოგადად ამ სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟები არიან და ფერგიუსონმა იდეალურად მოახერხა, კამერის წინ ზუსტად გამოეხატა თავისი გმირის ძლევამოსილება და მისტიკურობა.
ფილმში პერსონაჟების ბუნების გაშლა და სათანადოდ ჩვენება განსაკუთრებით რთული იქნებოდა, რადგან წიგნში ავტორი ამას ძირითადად შინაგანი მონოლოგების საშუალებით ახერხებს. დენი ვილნევს ამ ხერხისთვის არ მიუმართავს და არც მაინც და მაინც დიალოგებით გავუნებივრებივართ, სანაცვლოდ კი თხრობის პროცესში ისეთი სახასიათო დეტალები ჩართო, როგორიც ჟესტებით კომუნიკაციაა.
ცხადია, ფილმი სრულყოფილი არ არის და სუსტი წერტილების საპოვნელად ვიღაცებს განსაკუთრებული ძალისხმევა, ალბათ, არც დასჭირდებათ, თუმცა პირადად მე, როგორც წესი, წინასწარ სრულყოფილების პოვნის მოლოდინი არც მაქვს: თუ მას მოულოდნელად გადავაწყდები, გამიხარდება, თუ არადა, პირველ რიგში, იმას ვაფასებ, რისი მიღწევაც შემოქმედმა შეძლო. თუ, რა თქმა უნდა, ამ მიღწევებს ხარვეზები მთლიანად არ ჩრდილავს.
დენი ვილნევის დიუნზე კი უმნიშვნელოდ ცოტა აუგის თქმა შემიძლია. ამას ცხადყოფს ისიც, რომ მუსიკაზე უნდა დავიჩივლო, არადა ეს კომპონენტი ძალიან იშვიათად მახსენდება ფილმის შეფასებისას და თუ მაინც აღვნიშნავ ხოლმე, ისიც გამორჩეულად კარგ კონტექსტში. დიუნის მუსიკაზე თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა კომპოზიტორმა ჰანს ციმერმა იმუშავა, თანაც ამ პასუხისმგებლობას მეტისმეტი გულმოდგინებით მოეკიდა: როგორც თავად ამბობს, ფრენკ ჰერბერტის რომანი პირველად 18 წლის ასაკში წაიკითხა და უზომოდ შეუყვარდა, ამიტომ დიუნის ეკრანიზაციაზე მუშაობა მისთვისაც ოცნების ახდენა იყო. ამის გამო ის არ ენდო მხოლოდ თავის იმ დაგროვილი ცოდნას და პროფესიულ ალღოს, რომელიც წარსული გამოცდილებიდან დარჩა: აიუტას შტატის უდაბნოში ერთი კვირა გაატარა, რათა ქარის და ქვიშის ხმები მოესმინა და ისე შეექმნა არაკისის გარემოსთვის შესაფერისი მუსიკა. უნდა ითქვას, რომ ამან შთამბეჭდავ შედეგამდეც მიიყვანა, თუმცა მთელი ფილმის განმავლობაში მისი ნამუშევარი იმდენად დიდი დოზითაა ჩართული, ხანდახან სიჩუმე გენატრება. მომენტებში მეტისმეტად ხმამაღალიც კია, რაც, არ ვიცი, შეიძლება ქართული კინოთეატრების პრობლემაა, თავს ვერ დავდებ. არადა ჰანს ციმერს სურდა, მუსიკის მეშვეობით პერსონაჟების შინაგანი ხმა გაგვეგო, რაც შესანიშნავი განზრახვაა იმის ფონზე, რომ ფილმში დიალოგების ნაკლებობაა, თუმცა, სამწუხაროდ, ამ მონდომებამ კი არ დააბალანსა ეს დეტალები, არამედ გადაამლაშა.
უნდა ვთქვა ისიც, რომ არ ვარ 3D ფილმების მოყვარული, რადგან სათვალეები გამოსახულებას აბნელებს, მაშინ ხომ მით უმეტეს, თუ ფილმში ისედაც ჩაბნელებული კადრებია. რომ შემეძლოს, დიდ ეკრანზე ყოველთვის 2D ფორმატით ვნახავდი ფილმებს (კიდევ უფრო კარგად გამიგებენ ისინი, ვინც მხედველობის სათვალეს ატარებენ), მათ შორის დიუნსაც, რომელსაც სულ არ სჭირდება დამატებითი სათამაშოები, რომ მისი მშვენიერებით დატკბე.
რასაც ასევე ხშირად აღნიშნავენ, ერთი ის არის, რომ ფილმს თითქოს ფინალი არ ჰქონდა, და მეორეც, იმ ფილოსოფიურ, სოციალურ, პოლიტიკურ თუ რელიგიურ შრეებამდე სიღრმისეულად არ ჩავსულვართ, რომლებსაც რეალურად ფრენკ ჰერბერტის სამყარო მოიცავს თავის თავში. ამას ნაწილობრივ მეც ვიზიარებ, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს: დიუნის, როგორც წიგნის, მოცულობა 787 გვერდია (ქართული თარგმანი) და შეუძლებელია, მისი თუნდაც სამსაათიან ფილმში სრულყოფილად ჩატევა, რადგან მასში მოთხრობილი ამბები ძალიან კომპლექსური და წვრილმან დეტალებამდე გასათვალისწინებელია. სანამ მე მივიდოდი ამ დასკვნამდე, ცხადია, იქამდე ეს ნაფიქრი ჰქონდა დენი ვილნევს, ამიტომ მსგავსი რამ არც კი უცდია: უკვე არაერთხელ განაცხადა საჯაროდ, რომ ამ პროექტის განხორციელება მარტო იმ პირობით აიღო საკუთარ თავზე, თუ ორ ფილმად გადაღების უფლებას მისცემდნენ. "ეს არ არის დიუნი 1 და დიუნი 2. ეს იქნება დიუნი: ნაწილი პირველი და დიუნი: ნაწილი მეორე", — თქვა რეჟისორმა.
ვისაც დიუნი წაუკითხავს, ზუსტად იცის, რამდენად მასშტაბური სამყაროა მასში აღწერილი და ფილმის ამ პირველ ნაწილში ვილნევმა სწორედ ეს უცხო გარემო გაგვაცნო, თავისი უსაზღვრო ფანტაზიით დეტალურად წარმოგვადგენინა ჩვენგან ათასობით წლით დაშორებული ცხოვრების მდინარება. ეს არის თავდავიწყების, აღმოჩენების ფილმი, რომელშიც ამოვარდნილ ქვიშის ქარიშხალს უნდა მიენდო, უშიშრად დაჰყვე და ბოლოს თავადაც იქცევი მის ნაწილად.
შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ ეს არის ფილმის ერთი ნახევარი, ერთგვარი შესავალი. როცა მეორე ნაწილის ნახვაც შეგვეძლება, მაშინ უნდა შევაფასოთ დიუნის ეს ახალი ეკრანიზაცია, რადგან მხოლოდ ერთად აღებული ორივე ფილმი მოგვცემს ერთიან სურათს. ვისაც წიგნი ჯერ არ წაუკითხავს, ვეტყვი, რომ ამ მხრივ წინ ნამდვილად მოულოდნელი სიურპრიზები და კიდევ უფრო დაუვიწყარი სანახაობა გველოდება.
ერთადერთი, რასაც ვისურვებდი, ისაა, რომ მეორე ნაწილიც უკვე გადაეღოთ და მალევე, მომავალ წელს უკვე გვეხილა ფრემენების გვერდით მებრძოლი პოლ ატრეიდასი დიდ ეკრანზე, მაგრამ ისიც საქმეა, რომ უკვე დააანონსეს გაგრძელება და ოღონდაც ახალი პანდემია ნუ დაიწყება და ეს თარიღიც ნუ გადაიწევს უფრო შორს, მოვითმენ 2023 წლამდე.
იქამდე კი კინოში მეორედაც წავალ, ამ დიდებული თავგადასავლის მონაწილე კიდევ ერთხელ რომ გავხდე.
კომენტარები