"საკანი 38 ანუ პატარა რუსთაველი
მოდი ცოტა ხნით შეგაჭყიტებთ აბა ჩემს საკანში, მერე თვალები დახუჭეთ და თავადვე წარმოიდგინეთ როგორია. მე "პატარა რუსთაველი" დავარქვი აქაურობას.
შესვლისთანავე კარების თავზე დაინახავთ მზიას ფოტოს მისივე ლეგენდარული სიტყვებით "იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის". ტელევიზორის მაღლა თეთრი მაისურით და წითელი კალმებით გაკეთებული საქართველოს დროშაა ჩამოკიდებული. მაგიდის წინ კედელზეც გვაქვს ჩვენი დროშა, ევროკავშირის დროშის გვერდით. მათ შორის, მერაბ კოსტავას ორი ფოტოა გაკრული მისივე ფრაზებით: "თუ ოდესმე რამეს ვუხსნივართ, ისევ სიყვარულის ძალას და მომავალშიც იგი იქნება ჩვენი სიმაგრე" და "ნუ გადააყოლებთ ვიწრო პარტიულ,ჯგუფურ ინტერესებს საქართველოს. ყველა ქართველისთვის უნდა არსებობდეს ერთი პარტია —საქართველო!". იქვე გადაჭედილი რუსთაველის და ასი ათასი კაცით სავსე სანაპიროს ოთხი ფოტოა. ქვემოთ ანწუხელიძის სურათია, რომელსაც თავზე "ანწუხელიძე უკვდავია" აწერია. მის ზემოთ ზვიად გამსახურდიაა წარწერით: "დინების მიმართულებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან", ზედ დაკრულია "რევოლუციის" და "თავისუფლების" სტიკერი. კედლის თავზე თაბახია გაკრული,რომელსაც დიდი ასოებით აწერია თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ფოტოებს შორის შავი ფანქრით კარგად დასანახად, სხვადასხვა წარწერაა გაკეთებული, მათ შორის: "მონობას არასოდეს ერქმევა მშვიდობა"; "ოლე ოლა"; "რევოლუცია"; "ძირს რუსეთის დამპალი იმპერია"; "ქართველი რუსთან ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს". "ოლე ოლას" თავზე თეთრნიღბიანი ფოტოა ფილმიდან "V for Vendetta" რევოლუციაზე ფრაზით. კედლის კიდეზე სალოცავი კუთხე და ხატებია.
კარადის ერთ მხარეს აკაკის ლექსია "დამეხსენი ჩრდილოელო" და კიდევ მერაბის ფოტოა სიტყვებით "ჩვენ გავიმარჯვებთ! მართალია ეს ნაბიჯი არის საფრთხით აღსავსე, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ!" კარადის კარებს ზემოთ "ცეცხლი ოლიგარქიას" აწერია ფანქრით, ქვემოთ "ოლე ოლა" და შუაში "აჯანყდი რუსულ რეჟიმზე"-ს სტიკერი აკრავს. ეს კარი შუაზეა ოღონდ შელეწილი კალაძის ტიტუშკები როცა ქალებს ურტყამდნენ იმის მერე.
საკნის მარცხენა ნაწილში სარეცხი გვაქვს ხოლმე გაფენილი და იქ არაფერი გავაკარით,სამაგიეროდ კარადა აქაც დავტვირთეთ. გვერდითა ფიცარზე თემურ ელიავას "კოლხის ლექსია", კარებზე რაფიელ ერისთავის "სამშობლო ხევსურისა" და იქვე სტიკერი, "შედი ისტორიაში და არა საკრებულოში."
გადავინაცვლოთ ჩემს საწოლზე (რანაირად ჟღერს) თავიან კედელზე რეალ მადრიდის ლოგოიანი დიდი ფოტოა, იმის მაღლა "revolution is the only solution" წარწერიანი სურათი. გვერდით კედელზე ფაქტობრივად ადგილიც აღარაა. იწყება გალაქტიონის, ლუკა დონჩიჩის და ტირიონის (სასამართლოდან) ფოტოები, გრძელდება დავით აღმაშენებლის წარწერით "და ადგა დავით, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვან-შა და შაჰან-შა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა და ბრძანა მეფემან, ჩახერგეთ გზები უკან დასახევი! და იყო ბრძოლა, იყო დიდგორი-ძლევაი საკვირველი." მის ქვეშ ილია ჭავჭავაძეს ვხედავთ მისივე სიტყვებით "სიტყვა "რევოლუციამ" არ შეგაშინოს ძვირფასო მკითხველო! რევოლუცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობა მოაქვს ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, აირ-დაირიოს და დაიწმინდება ხოლმე. ესეა ყველაფერი ამ ქვეყანაზედ". ილიას დაბლა ლადო ასათიანის ლექსიდან ამონარიდი "რა ქართველო და რა ჭაბუკი, თუ მამულს თავი არ ანაცვალე". შემდეგი რიგი იწყება თომას ჯეფერსონით — "როცა უსამართლობა ხდება კანონი, დაუმორჩილებლობა ხდება მოვალეობა". მის ქვემოთ ამბროსი ხელაია მისი სასამართლოდან ციტატით: "სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული სამშობლოს, გვამი კი თქვენთვის დამითმია". ეს რიგი ილია ჭავჭავაძით მთავრდება "მგზავრის წერილებიდან ფრაზით — "მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ჩემო თერგო ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მომცემი". ბოლო მწკრივში ორი დიდი ფოტოა: ოთარ ჭილაძის სიტყვებით: "მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია" და ვაჟა-ფშაველა წარწერით "გული ვერ მოკლა მტრის ხელმა, გული გულადვე რჩებოდა" თეთრ ჭერზეც გვაქვს საქართველოს დროშები წითლად დახატული და ჰიმნიცაა გაკრული სადღაც კუთხეში.
მოკლედ ესაა ჩვენი პატარა რუსთაველი,დანარჩენი თავად წარმოიდგინეთ.
დიდება საქართველოს."
კომენტარები