ირაკლი შუბითიძე თიბისის სტრატეგიული ფინანსებისა და ბიზნეს ანალიზის მიმართულების უფროსია. მისი გზა ფლაერების დარიგებიდან, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროგრამამდე, შთამაგონებელია და ნათლად აჩვენებს, რომ როცა გჯერა, შეუძლებელიც შესაძლებელია.

ირაკლის სამუშაო პროცესი ძალიან კომპლექსურია: ის ხელმძღვანელობს თიბისი ჯგუფის სტრატეგიის შემუშავების პროცესს, ფინანსურ გეგმად გადათარგმნასა და ყოველდღიურ ოპერაციებში განხორციელებას. და, რაც მთავარია, ის სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებს ერთი მიზნის გარშემო აერთიანებს.

ირაკლი უფრო ვრცლად მოგვიყვება, თუ რა არის მთავარი გამოწვევები მისთვის, როგორ უმკლავდება მათ და რას იხსენებს გავლილი გზიდან ყველაზე ემოციურად.

როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა და როგორ მიხვედით სტრატეგიულ ფინანსებამდე?

ჩემი პროფესიული ზრდა სტუდენტობიდან დაიწყო. უნივერსიტეტში სწავლის დროს, ვმუშაობდი ერთ-ერთი ბანკის ისნის ფილიალში, ექსპერტის სტაჟიორად. ჩემი ძირითადი საქმიანობა იყო დოკუმენტების ასლების გადაღება. მალე უფრო მნიშვნელოვანი საქმე ჩამბარდა — ფლაერების დარიგება. შემდეგ, თიბისიში გავაგზავნე რეზიუმე და ამიყვანეს. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი, მერე ნელ-ნელა მივედი სტრატეგიული ფინანსების მიმართულებამდე. ეს პერიოდი შესაძლებლობაც იყო, იმ პროფესიულ სამყაროში შემებიჯებინა, სადაც ყოველი პატარა ნაბიჯი ახალი და დიდი გამოცდილების წინაპირობაა.

რა იყო მთავარი მოტივაცია The Program for Leadership Development-ზე ჩასაბარებლად?

ჩემი მთავარი მიზანი იყო, საუკეთესო ლიდერი გავმხდარიყავი. სწორედ ამიტომ ავირჩიე ჰარვარდის პროგრამა — ლიდერული უნარების განვითარებისთვის. მინდოდა მსოფლიოში ცნობილი ლექტორებისგან მიმეღო ცოდნა, ჰარვარდში კი თავმოყრილია საუკეთესო პროფესორების გუნდი. მინდა აღვნიშნო, რომ მყავდა არაჩვეულებრივი ჯგუფელები. 93 ქვეყნის სხვადასხვა კულტურისა და პროფესიის საოცრად საინტერესო ადამიანები, მათგან ბევრი რამ ვისწავლე. და ბოლოს, ძალიან მომწონს ჰარვარდის სწავლების მეთოდები, რომლებიც დაფუძნებულია კომპანიების რეალურ ქეისებზე. იქ არ გასწავლიან უბრალოდ თეორიებს, გიზიარებენ პრაქტიკულ მაგალითებს. ყოველდღე შეგიძლია იყო კომპანიის დირექტორის როლში და მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, რაც ძალიან საინტერესო და შთამაგონებელია.

აპლიკაციის შევსება არ არის რთული პროცესი, მნიშვნელოვანია ნარატივი და მისი აწყობა, ანუ, საკუთარი ისტორიის სწორად მოყოლა, შენი გზის ჩვენება. იქ მთავარი კითხვა არის არა ის, რისი მიღება გინდა, არამედ, რა წვლილის შეტანას აპირებ შენ, აქ განათლების მიღების შემდეგ. ეს არის აპლიკაციის შევსებისას ძირითადი გამოწვევა.

ჰარვარდში სწავლის პერიოდში რომელი გამოცდილება აღმოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის?

ამერიკაში ყველაზე დიდ საცალო სავაჭრო ქსელს Best Buy ჰქვია. ჩვენ უნდა განგვეხილა ეს ქეისი. მთელი ლექციის განმავლობაში ვარჩევდით მას.

ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჩვენი ლექტორი სწორედ ამ კომპანიის CEO იყო, რომელმაც ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწევინა გუნდს. ძალიან სასიამოვნო განცდა იყო, რომ ასეთი დონის ლიდერი გვიზიარებდა თავის პირად გამოცდილებას და მის გადაწყვეტილებებს ჩვენ ვაფასებდით.

ჰარვარდისთვის პრიორიტეტულია ადამიანებში პოტენციალის დანახვა და მათ ლიდერებად ჩამოყალიბებაზე ზრუნვა. თითოეულ სტუდენტს, ჰყავს პირადი მენტორი. ყველაზე მეტად სწორედ ეს მიდგომები დამამახსოვრდა.

იქ ქეისებით სწავლების გარდა აქვთ დამატებითი, საინტერესო მეთოდი. სტუდენტები ცხოვრობენ ერთ შენობაში და 8 ადამიანისგან იქმნება ჯგუფი, რომელსაც learning ჯგუფს უწოდებენ.

გვქონდა ასეთი პრაქტიკა: კვირაში ერთხელ ვიკრიბებოდით learning ჯგუფში და ერთმანეთს ვუზიარებდით უკუკავშირს პიროვნულ განვითარებაზე. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი ხედვა, იმაზე თუ რამდენად საჭიროა სხვისი, თუნდაც კრიტიკული აზრების მოსმენა, მათი მიღება თავმდაბლურად და როგორი ღირებულია გუნდური მუშაობის ცოდნა.

ჩვენ 8 ადამიანი ერთი წლის განმავლობაში, ერთი ღირებულების გარშემო ვიყავით გაერთიანებული, ერთად ვიღებდით გადაწყვეტილებებს. ხანდახან კომპრომისიც კი საჭირო იყო ერთ აზრამდე მისასვლელად. მე იქ გავიაზრე, რომ საუკეთესო გუნდის გარეშე ვერაფერს მიაღწევ და მთავარი ღირებულება სწორედ გუნდურობაა.

როგორ შეცვალა ჰარვარდმა თქვენი მიდგომა ლიდერობასა და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან?

უამრავ ცვლილებაზე შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ მთავარი, რაც ვისწავლე ლიდერობის კუთხით არის ის, რომ მე თვითონ უნდა ვიყო უკეთესი და გავზარდო სხვა ლიდერები. ჩემი გუნდის წევრებს ვასწავლო, როგორ უნდა იყვნენ საუკეთესოები და მივცე საშუალება, გამოავლინონ საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტი, გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობებო სრულად.

ეს ჩემი აზრით, ლიდერის მთავარი ფუნქციაა, რაც ძალიან კარგად გავიაზრე ჰარვარდში. და დღეს, როდესაც ვიღებ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, სწორედ იმ კონტექსტს ვითვალისწინებ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის ზრდა-განვითარებაა.

რომელ პროექტებს გამოარჩევდით, როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვანს თქვენი კარიერისთვის თიბისიში?

ჩემი ყველაზე მთავარი პროექტი ჩემი გუნდის შექმნაა. 5 წლის წინ მყავდა 3 ადამიანისგან შემდგარი გუნდი, დღეს კი 6 განყოფილება მექვემდებარება, თითოეულს ჰყავს საკუთარი მენეჯერი. ამ ადამიანებს გააზრებული აქვთ სრული პასუხისმგებლობა, ზრუნავენ საკუთარ გუნდებზე, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს. ჩემთვის ყველაზე საამაყო პროექტი ეს არის.

მოტივაციას თვითრეფლექსიისა და გრძელვადიანი მიზნების საშუალებით ვინარჩუნებ. ხშირად ვაანალიზებ საკუთარ ნაბიჯებს და ვზრუნავ მენტალურ ჯანმრთელობაზე, რაც ხელს მიწყობს მოტივაციის შენარჩუნებაში. არასდროს მავიწყდება, რატომ დავიწყე კონკრეტული საქმე და რა მიზანს ემსახურება ეს.

ყოფილა თუ არა მომენტი, როცა შეუძლებლად აღქმული რამ შეძელით და დაამტკიცეთ, რომ შესაძლებელია?

დიახ, მახსენდება ერთი პროექტი, კონფიდენციალურობის გამო ვერ დავასახელებ, მაგრამ ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვნი იყო. ყველა მეუბნებოდა, რომ ამ პროექტის გაკეთებას 6 თვე სჭირდებოდა და ამდენი დრო არ იყო. გადაწყვიტეს, უარი ეთქვათ მასზე. მე ვამტკიცებდი, რომ ორ თვეში გავაკეთებდი და მართლაც გავაკეთე. ამ გამოცდილებამ დამანახა, რომ როცა გჯერა შენი თავის და შენი გუნდის, შეუძლებელიც შესაძლებელია.

რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც ჰარვარდის პროგრამაზე ჩაბარებას, ან ფინანსურ სფეროში განვითარებას გეგმავს?

ვისაც ამ სფეროში განვითარება უნდა, ვურჩევდი, რომ აკადემიურ ცოდნასთან ერთად, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რადგან ძალიან კარგია წიგნებიდან ამოკითხული მასალა, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანია რეალურ ცხოვრებაში მიღებული გამოცდილება.

ყველა სფეროში მუშაობას გამბედაობა სჭირდება, არ უნდა შეუშინდე თამამი ნაბიჯების გადადგმას და გადაწყვეტილებების უხეშად მიღებას, როცა საკუთარი თავისა და მიზნების გჯერა, რადგან ეს წარმატების წინაპირობაა.

ვინც დაიწყებს სწავლას ჩემ მიერ გავლილ პროგრამაზე, ვურჩევდი, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ ჰარვარდის სტუდენტებთან ერთად, რადგან ეს არის უნიკალური შანსი ყოველდღე რაღაც ახალი ისწავლო, მართლა საოცარი ადამიანებისგან. ამდენ უნიკალურ პიროვნებას სხვაგან ერთად ვერ შეხვდებიან, შესაბამისად, მათგან მიიღებენ გამორჩეულ გამოცდილებას.

ირაკლი შუბითიძის გზა ნათლად აჩვენებს, რომ წარმატება არის დაუღალავი შრომა, საკუთარი თავისა და გუნდის რწმენა. მისი ამბავი ნამდვილი მაგალითია იმისა, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია, გჯეროდეს.