დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ, აღმოსავლეთ აფრიკაში მცხოვრებმა პრეისტორიულმა ადამიანებმა (ჰომო საპიენსის გაჩენამდე) არსებული ვითარების შეცვლა დაიწყეს. მათ მტაცებლებისგან არა მხოლოდ თავდაცვა ისწავლეს, არამედ მათი ნადავლის მიტაცებასაც მიჰყვეს ხელი. ამით უძველესი ადამიანი ნელ-ნელა კვებითი ჯაჭვის სათავეში მოექცა.

როგორც წესი, ეს ნახტომი ადამიანის უძველეს სახეობას — ჰომო ჰაბილისს მიეწერება. მეორე მხრივ, ახალი კვლევის თანახმად, ეს გადაშენებული სახეობა სინამდვილეში თავად იყო ლეოპარდების მსხვერპლი — შესაბამისად, უფრო ხშირად მსხვერპლი იყო, ვიდრე მტაცებელი.

ანთროპოლოგებს ჰომო ჰაბილისი ადამიანის სახეობების პერთ-ერთ პირველ წარმომადგენლად მიაჩნიათ. მიიჩნევა, რომ სწორედ მან შექმნა უძველესი ქვის იარაღები — ე.წ. ოლდოვანის კომპლექტი, რომელიც ტანზანიის ოლდუვაის ხეობაშია აღმოჩენილი. ამავე რეგიონში მკვლევრებმა იპოვეს მტკიცებულება იმისა, რომ პრეისტორიული ჰომინინები დიდი მტაცებლების მიერ მონადირებული ცხოველების ხორცს ამუშავებდნენ.

ეს მიგვანიშნებს, რომ ჰომო ჰაბილისმა დიდი მტაცებლებისგან თავის დაცვისა და მათი მოტყუების უნარები შეიძინა. შედარებისთვის, უფრო ადრეული ჰომინინები, მაგალითად ავსტრალოპითეკი, თავადვე ხდებოდა ლეოპარდების, ლომებისა და სხვა დიდი მტაცებლების მსხვერპლი.

ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად, მკვლევრებმა ხელახლა გააანალიზეს ოლდუვაის ხეობაში აღმოჩენილი ორი ჰომო ჰაბილისის ნაშთი — მათ შორის 1.85 მილიონი წლის ნიმუში, რომელიც განსაზღვრავს სახეობის მორფოლოგიას. ორივე ნაშთს ცხოველების ნაკბენების კვალი ატყვია. აქამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ნაკბენები იმის ნიშანი იყო, თითქოს ჰიენები უკვე მკვდარ ჰომო ჰაბილისის ნეშტებს ჭამდნენ — და არა ის, რომ ცოცხალ ჰომო ჰაბილისებს ესხმოდნენ თავს და კლავდნენ.

და, აი, ახლა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, კვლევის ავტორებმა დაადგინეს (90%-ის ალბათობით), რომ ნაკბენები ლეოპარდებს ეკუთვნით.

ფოტო: Vegara-Riquelme et al.

მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ამ სახეობას საშუალო ზომის მტაცებლისგან თავის დაცვა არ შეეძლო. მათი თქმით, ეს მიანიშნებს, რომ ჰომო ჰაბილისს უფრო ხშირად ჰქონდა მსხვერპლის როლი, ვიდრე მტაცებლის.

"დიდი ხნის განმავლობაში, ჰომო ჰაბილისს როგორც კვებითი ჯაჭვის სათავეში მყოფ სახეობას, ისე წარმოვაჩენდით. მიგვაჩნდა, რომ ის მტაცებლებს ნადავლს ართმევდა. მეორე მხრივ, ბოლო კვლევის თანახმად, ჰომო ჰაბილისებსაც ისე ჭამდნენ ლეოპარდები, როგორც ავსტრალოპითეკებს", — ამბობს კვლევის ავტორი, არტურ მანუელ-როდრიგო.

მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ პირველი ჰომინინი, რომელმაც დიდ მტაცებლებს "თავისი ადგილი მიუჩინა" ჰომო ერექტუსი იყო.

კვლევა ჟურნალ New York Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.