საქართველოში წითელ ნუსხაში შეტანილი ჯიქის სახეობის წარმომადგენელი დააფიქსირეს, რაც ბოლო 20 წელიწადში მესამე ასეთი შემთხვევაა. ამის შესახებ ინფორმაცია ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.

ჯიქი, იგივე ლეოპარდი, ქვემო ქართლში მდებარე ალგეთის ეროვნულ პარკში დამონტაჟებულმა ფოტოხაფანგებმა გადაიღო, როცა ის კეთილშობილი ირმების საშენი მეურნეობის ღობის გარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. აღსანიშნავია, რომ იგი საკმაოდ ფრთხილი ცხოველია, ამიტომ ობიექტივში ძალიან იშვიათად ხვდება.

ესაა Panthera pardus-ის სახეობა, რომელიც საქართველოში შუა საუკუნეებში ფართოდ იყო გავრცელებული, მაგრამ მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან გაქრა. ამის მიზეზი ბრაკონიერობა, ანუ უკანონო ნადირობაა, რასაც პოპულაციის დიდი ნაწილი ემსხვერპლა.

ჯიქი, სახელად "არენი"

ფოტო: ველური ბუნების ეროვნული სააგენტო

ფოტო: ველური ბუნების ეროვნული სააგენტო

ფოტო: ველური ბუნების ეროვნული სააგენტო

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოში მომუშავე ვაჟა ყოჩიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დაფიქსირებულ ამ ინდივიდს, სავარაუდოდ, "არენი" ჰქვია და ის მამრია. მას სპეციალისტები 2019 წლიდან აკვირდებიან, რამაც მის მიერ გავლილი გზის აღდგენა გახადა შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით ვიცით, რა ტერიტორიებზე მოძრაობდა ის სხვადასხვა პერიოდში.

ვაჟა ყოჩიაშვილის ინფორმაციით, არენი პირველად სომხეთში, 2019 წლის თებერვლის თვეში, შენიშნეს. არფას დაცული ლანდშაფტის რეინჯერებმა იგი სოფელ არენის მიმდებარედ დააფიქსირეს და სწორედ ამ ადგილის მიხედვით შეურჩიეს სახელი. იქ იგი დიდი ხნის განმავლობაში ბინადრობდა, რისი მიზეზიც ისაა, რომ იმ წლის შემოდგომაზე მას წინა მარცხენა კიდური დაუზიანდა.

2022 წლამდე არენი სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ადგილობრივი WWF-ის განცხადებით, ის იქ წარმატებით ნადირობდა, რასაც ფოტოხაფანგების მიერ გადაღებული კადრებიც ადასტურებს.

ამის შემდეგ არენი გარკვეული პერიოდით გაუჩინარდა. მოგვიანებით, 2024 წლის ბოლოს, ის არფას დაცული ლანდშაფტიდან დაახლოებით 150 კილომეტრის მოშორებით არსებულ თავუშის პროვინციაში, იჯევანის ტერიტორიაზე, გამოჩნდა. მისი ბოლო კვალი იქ 2025 წლის იანვარში აღმოაჩინეს, ანუ ჯიქი ამ მიდამოში მიმდინარე წლის ზამთარშიც ბინადრობდა.

ვარაუდობენ, რომ 2025 წლის გაზაფხულიდან მან საქართველოს მიმართულებით დაიწყო მოძრაობა და ალგეთის ეროვნულ პარკში მოხვდა.

არენის მიერ გავლილი გზა.

ფოტო: ვაჟა ყოჩიაშვილი

"სავარაუდოდ, ეს უნიკალური ცხოველი თრიალეთის ქედზე კარგა ხანია, იმყოფება. ჯიქი ისეთი ფრთხილია, რომ ადამიანს გაურბის და არ ენახვება. ჩვენ მიერ ირმის საშენისთვის აშენებული 4-კილომეტრიანი ღობის გასწვრივ განთავსებული ათეულობით ფოტოხაფანგიდან ორმა მისი დაფიქსირება შეძლო. ჯიქი ღობის გასწვრივ მოძრაობდა. ჩვენი საშენი ისეა მოწყობილი, რომ მტაცებელმა შიგნით ვერ შეაღწია;

საშენი მეურნეობა 72 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული, სრულად შემოღობილია და აღჭურვილია 40 ფოტოხაფანგითა და 30 ვიდეოკამერით. ირმები დაცულები არიან. საშენის გარეთ, დაცულ ტერიტორიაზე, ბევრია ჯიქის ბუნებრივი საკვები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობასა და მათი ფუნქციონირების აუცილებლობაზე", — ამბობს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსი, რევაზ ბეჟაშვილი.

სომხეთსა და საქართველოში დაფიქსირებულ კადრებში ჯიქს ერთნაირი ლაქები აქვს.

ფოტო: WWF/ვაჟა ყოჩიაშვილი

ზედა ფოტოზე ჩანს, რომ საქართველოში დაფიქსირებულ ჯიქს კუდთან ახლოს სწორედ ისეთი ლაქები აქვს, როგორიც სომხეთში გადაღებულ ცხოველს. აქედან ასკვნიან, რომ, შესაძლოა, ეს ერთი და იგივე ინდივიდი იყოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ ველური ბუნების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია. სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი მეტრეველის ხელმძღვანელობით მონიტორინგის ჯგუფმა ტყეში ჯიქის კვალი შეისწავლა. ნაკვალევზე დაკვირვებებმა კი ცხადყო, რომ იგი გადაადგილებისას სამ კიდურს იყენებს, რადგან მიწაზე წინა მარცხენა თათის ანაბეჭდები არ შეინიშნება.

"ამ ეტაპზე მონიტორინგის ჯგუფი ეგზემპლარის წარმომავლობის დადგენაზე მუშაობს. არის ვარაუდი, რომ ის, შესაძლოა, კავშირში იყოს სომხეთში ერთი წლის წინ დაფიქსირებულ სამფეხა ლეოპარდთან, რომლის ტრავმასთან დაკავშირებითაც ორი ვარაუდი არსებობს: ბრაკონიერების ხაფანგი ან ფეხოსნის ნაღმი, რაც, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათი შემთხვევა იყო ყარაბაღის კონფლიქტის დროს", — ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.

რა ვიცით ჯიქებზე

ჯიქი კატისებრთა ოჯახის ძუძუმწოვარია, რომელიც ძირითადად მაღალმთიან ტყის მასივებში ბინადრობს და ბუნებრივ გარემოში 10-12 წელი ცოცხლობს. ის ჩლიქოსნებით, მღრღნელებითა და ფრინველებით იკვებება.

მამრი ჯიქები მდედრებზე დიდები არიან. ამ ცხოველის სხეულის სიგრძე დაახლოებით 160 სანტიმეტრამდე აღწევს, მასა კი — 75 კილოგრამამდე. მათი ჰაბიტატი მიწების საძოვრებად ან სამეურნეოდ გამოყენების გამო შეიზღუდა, რამაც პოპულაციების შემცირებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

ბუნებაში მათ კონკურენციას სხვადასხვა მტაცებელი უწევს, როგორიც მგელი, დათვი და ფოცხვერია. ლეოპარდებს დიდი ზიანი მიადგა ადამიანის მიერ მათზე აქტიური ნადირობის შედეგადაც, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში. ამ ყველაფრის გამო ის საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დაცულ ცხოველად 1965 წელს გამოცხადდა. ეს სახეობა წითელ ნუსხაშია შეტანილი, ამიტომ მასზე ნადირობა იკრძალება.

"ჯიქი საკმაოდ ფრთხილი, პრაქტიკულად ღამის ცხოველია. ის ადამიანს ერიდება, მაგრამ უნიკალური მტაცებელია. ის ფაქტი, რომ 2019-ში ტერფდაკარგული ხვადი მაინც ცოცხლობს, ნადირობს, თავს იკვებავს და ასეულობით კილომეტრზე გადაადგილდება, ხაზს უსვამს მის უნიკალურობას. სამწუხაროდ, მისი ბუნებრივი საკვები ჯერ კიდევ ცოტაა ჩვენში. ნახეთ, როგორ უცბად მიაგნო ირმებს, რომლებიც 70 წელია, აღარ ყოფილა ალგეთში?!", — ამბობს რევაზ ბეჟაშვილი.

Panthera pardus-ის გავრცელების არეალი.

ფოტო: Wikimedia Commons

iNaturalist-ის მონაცემებით, ჯიქი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გვხვდებოდა, მათ შორის კავკასიონის ქედის ტყეებში, ბორჯომის ხეობაში, ქართლ-იმერეთისა და გურია-აჭარაში. გვიან პერიოდში მისი ჰაბიტატი შემცირდა და ძირითადად აფხაზეთს, ლაგოდეხსა და ცენტრალურ კავკასიონს მოიცავდა.

იმავე პლატფორმაზე ვკითხულობთ, რომ ჯიქი ქვემო ქართლის სოფელ განთიადსა და ზედაზნის მთის მიმდებარედ 1950 და 1954 წლებში მოკლეს. ასევე, 1948-55 წლებში ამ ცხოველის კვალი ლაგოდეხის ნაკრძალის სუბალპურ და ალპურ ზონებში დადებულ თოვლზე ფიქსირდებოდა. 1970 წელს ის მთათუშეთში შენიშნეს, 1977 წელს სპეროზის მთაზე, 1978 წელს კი — სოფელ მათურასთან.

რაც შეეხება მიმდინარე საუკუნეს, ცნობილია, რომ 2003 წელს ვაშლოვანის ეროვნულ პარკში წინააზიური ჯიქი დააფიქსირეს (Panthera Pardus tulliana). ის ლეოპარდის ქვესახეობაა და ასევე წითელ ნუსხაშია შეტანილი. შემდეგ ჯიქი 2019 წელს სოფელ წორბისთან შენიშნეს და ივარაუდეს, რომ ის "იალბუზის" სახელით ცნობილი მამრი ინდივიდი იყო — ჩრდილოეთ ოსეთში მანამდე გაშვებული ორი ლეოპარდიდან ერთ-ერთი. ბოლო შემთხვევა 2020 წელს მოხდა, იმავე სოფლის მახლობლად.

საქართველოს დაცული ტერიტორიები და ბიომრავალფეროვნება

ალგეთის ეროვნული პარკი.

ფოტო: nationalparks.ge

სპეციალისტები ამბობენ, რომ დაცული ტერიტორიები ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანესია. ასეთ არეალებში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები ბრაკონიერებისგან დაცულები არიან და სასოფლო-სამეურნეო მიზეზებით ჰაბიტატსაც არ კარგავენ.

ზოოლოგ ზურაბ გურიელიძის თქმით, ბოლო მოვლენამ საქართველო ევრაზიის ბიომრავალფეროვნების მხრივ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი გახადა.

"საქართველოს დაცული ტერიტორიების შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენი ეროვნული ბუნებრივი მემკვიდრეობის — უნიკალური და იშვიათი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების — დაცვა და შენარჩუნებაა", — წერია ველური ბუნების სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, ჩვენს ქვეყანაში 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორიაა, მათი ფართობი კი საერთო ჯამში 929 996 ჰექტარს შეადგენს. ასევე, იგეგმება 4 ახალი დაცული ტერიტორიის დამატება სამეგრელოში, სვანეთში, კახეთსა და გურიაში, ხოლო რაჭაში უკვე არსებული ტერიტორია გაფართოვდება.

"ეს მაგალითი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დაცული ტერიტორიებისა და, ზოგადად, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საკითხში ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რადგან ცხოველები სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობენ. ალგეთის ეროვნულ პარკს ნამდვილად შეუძლია იამაყოს თავისი ახალი ბინადრით", — ამბობს ვაჟა ყოჩიაშვილი.

მისი თქმით, საქართველოში ჯიქის გამოჩენის ფაქტი იმედს გვაძლევს, რომ მისი პოპულაცია ჩვენს ქვეყანაში ისევ აქტიურად დამკვიდრდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.