ნამახვანჰესის ინვესტორმა, ენკამ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და მიზეზად კონტრაქტის პირობების დარღვევა დაასახელა. შედეგად, თურქული კომპანია ნამახვანჰესს აღარ ააშენებს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ პროექტის ჩაშლა, სულ მცირე, 800 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის დანაკარგს გულისხმობს. გარდა ამისა, ექსპერტების შეფასებით, თუ კომპანიასა და მთავრობას შორის საარბიტრაჟო დავა დაიწყება, ქვეყანას ასეულობით მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი რამდენიმე თვის განმავლობაში უწყვეტად აპროტესტებდა. თავდაპირელად აქციები რიონის ხეობაში იმართებოდა, შემდეგ კი თბილისშიც. საბოლოოდ, მხარეებს შორის მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი ჩაერთო, თუმცა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა მედიაციის პროცესი დატოვეს.

მას შემდეგ, რაც ენკამ ოფიციალურად თქვა, რომ ჰესს აღარ ააშენებს, სპეციალისტები ელექტროენერგიის მოსალოდნელ დეფიციტზე ალაპარაკდნენ. ჩვენ მოგიყვებით, რა მოცულობის ელექტროენერგიას მოვიხმართ, ვისგან ვყიდულობთ და რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების გაზრდა.

რა მოცულობის ელექტროენერგიას მოვიხმართ

ელექტროენერგიის მოხმარება პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან. როდესაც ეკონომიკა ვითარდება, ელექტროენერგიის მოხმარებაც იზრდება და პირიქით.

ბოლო წლების განმავლობაში, პანდემიამდე, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. პანდემიურ 2020 წელს კი წლიურად 4,8%-ით, ანუ 617 მილიონი კილოვატ საათით შემცირდა.

2021 წლის პირველ 8 თვეში საქართველოს მოსახლეობამ და ბიზნესმა 9 მილიარდი კილოვატ საათის ელექტროენერგია მოიხმარა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემთან შედარებით 12,1%-ით (973 მილიონი კილოვატ საათით) არის გაზრდილი. გადააჭარბებს თუ არა 2021 წელს ელექტროენერგიის მოხმარება პანდემიამდელ მაჩვენებელს, ეს წლის ბოლოს გახდება ცნობილი.

ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში 2017-2021 წლებში

წყარო: ესკო

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში საქართველოში მოხმარებული 9 მლრდ კილოვატ საათი ელექტროენერგიიდან 1,95 მლრდ კილოვატ საათი ოკუპირებულ აფხაზეთზე მოდის. შეთანხმების მიხედვით, ოკუპირებული რეგიონი ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს უსასყიდლოდ უნდა იღებდეს, თუმცა ეს შეთანხმება უკვე წლებია აღარ სრულდება. კრიპტოვალუტის უკონტროლო მაინინგის ფონზე აფხაზეთში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია, რის გამოც ოკუპირებული რეგიონი ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიიდან გაცილებით მეტს იღებს, ვიდრე 40%-ია.

აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო წლებში ამგვარია:

  • 2017 წელი — 2 მლრდ კილოვატ საათი;
  • 2018 წელი — 1,92 მლრდ კილოვატ საათი;
  • 2019 წელი — 2,06 მლრდ კილოვატ საათი;
  • 2020 წელი — 2,55 მლრდ კილოვატ საათი.

იმპორტი

იმპორტის მოცულობის ცვლილება, როგორც წესი, ადგილობრივ მოთხოვნაზეა დამოკიდებული. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 1,72 მილიარდი კვტსთ-ის ელექტროენერგია ვიყიდეთ, რაც ქვეყანას 37,1 მილიონი დოლარი დაუჯდა. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის რვა თვის იმპორტმა უკვე გადააჭარბა გასული წელს ნაყიდი ელექტროენერგიის მოცულობას.

ბოლო წლების განმავლობაში იმპორტის მოცულობა ყოველწლიურად იზრდებოდა. 2020 წელი აქაც გამონაკლისია, რადგან პანდემიის პერიოდში უცხოეთიდან შეძენილი ელექტროენერგიის მოცულობა შემცირდა.

ელექტროენერგიის იმპორტი 2017-2021 წლებში

წყარო: ესკო

რაც შეეხება იმპორტის ღირებულებას, საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს ელექტროენერგიის იმპორტისთვის 66,7 მლნ დოლარი, 2018 წელს — 75,8 მილიონი, 2019 წელს — 78,3 მილიონი, 2020 წელს 64,5 მილიონი დოლარი გადავიხადეთ.

ელექტროენერგიის იმპორტიორებს შორის მეზობელი ქვეყნები არიან. წელს ელექტროენერგია აზერბაიჯანისგან, რუსეთისგან და თურქეთისგან ვიყიდეთ. ამასთან, წელს ელექტროენერგიის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია.

მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში იმპორტიორი ქვეყნების მიხედვით მონაცემები ასე გადანაწილდა:

  1. რუსეთი — 1,05 მლრდ კილოვატ საათი;
  2. აზერბაიჯანი — 505,4 მლნ კილოვატ საათი;
  3. თურქეთი — 161,3 მლნ კილოვატ საათი.

აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო წლების განმვალობაში რუსეთის წილი ელექტროენერგიის იმპორტში მზარდია. 2017 წელს რუსეთზე იმპორტის 26,4% მოიდიოდა, 2018 წელს ეს მონაცემი 12%-მდე შემცირდა, თუმცა ამის შემდეგ მუდმივად იზრდება და 2019 წლისთვის 30,6%-ს, 2020 წლისთვის 33,3%-ს, ხოლო 2021 წლის პირველი რვა თვის მდგომარეობით 61,2%-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ წელს რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილი, 923,7 მილიონი კილოვატ საათი აფხაზეთისკენ მიემართა. ეს აუცილებლობა ენგურჰესის რამდენიმე თვის განმავლობაში სარეაბილიტაციოდ გაჩერების გამო დადგა.

ექსპორტი

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან უცხოეთში 377 მილიონი კვტსთ-ის ელექტროენერგია გავიდა, საიდანაც ქვეყანამ 17,5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

ბოლო წლების განმავლობაში უცხოეთში სულ უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას ვყიდდით, თუმცა წელს ექსპორტის ზრდა შეინიშნება. გასულ წელთან შედარებით ექსპორტმა თურქეთისა და სომხეთისგან გაზრდილი მოთხოვნის ხარჯზე მოიმატა.

ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა 2017-2021 წლებში

წყარო: ესკო

რაც შეეხება ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებს, 2017 წელს ელექტროენერგიის უცხოეთში გაყიდვის სანაცვლოდ 22,1 მილიონი დოლარის, 2018 წელს — 19,9 მილიონის, 2019 წელს — 7,8 მილიონის, ხოლო 2020 წელს — 5,8 მილიონი დოლარის შემოსავალი მივიღეთ.

მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი ამ ქვეყნებში განხორციელდა:

  1. თურქეთი — 220,5 მლნ კილოვატ საათი;
  2. სომხეთი — 131,9 მლნ კილოვატ საათი;
  3. აზერბაიჯანი — 24,6 მლნ კილოვატ საათი.

გარდა ექსპორტისა, საქართველოს ელექტროენერგიის გამტარის ფუნქციაც აქვს. წელს ტრანზიტის მიზნით საქართველოდან უცხოეთში 295,9 მლნ კილოვატ საათის ელექტროენერგია გავიდა:

  1. აზერბაიჯანიდან თურქეთში — 163,6 მლნ კილოვატ საათი;
  2. რუსეთიდან თურქეთში — 71,4 მლნ კილოვატ საათი;
  3. რუსეთიდან სომხეთში — 60,9 მლნ კილოვატ საათი.

შეჯამება

ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნისთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების ზრდამ უნდა შეასრულოს. თუ ქვეყანა ელექტროენერგიაზე მუდმივად მზარდ მოთხოვნას ვერ უპასუხებს, ეს ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

ის, რომ ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოება ყოველწლიურად მზარდ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, იმპორტის მონაცემების ზრდითაც დასტურდება. ამასთან, იმპორტიორ ქვეყნებს შორის იზრდება რუსეთის წილიც, რაც დამატებით საფრთხეებს შეიცავს — გარდა 2008 წლის ომისა, რუსეთთან 2006 წლის სავაჭრო ემბარგოს გამოცდილებაც გვაკავშირებს.

გარდა ჰესების მშენებლობისა, მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის წარმოების ალტერნატიული გზების განხილვაც. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა უკვე შესაძლებელია. ამ სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ მზის რესურსის გამოყენებით კონკრეტული ინდივიდებისა და სახელმწიფოების ენერგოდამოუკიდებლობაც კი მიიღწევა. უნდა ითქვას, რომ საქართველოში მზის ელექტროსადგურების საშუალებით ელექტროენერგიის გამომუშავება განვითარების ადრეულ ეტაპზეა.

და მაინც, რა უარყოფითი შედეგები შესაძლოა მოიტანოს ნამახვანჰესის პროექტის ჩაშლამ, ამას დრო გვაჩვენებს. თუ ჰესის ინვესტორი კომპანია დაამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ შეძლო მათთან დადებული კონტრაქტის პირობების შესრულება, ეს საინვესტიციო გარემოს როგორც ენერგეტიკაში, ასევე ზოგადად, სხვა სექტორებშიც მნიშვნელოვნად დააზიანებს.