5 ივლისს, მაშინ როცა ადამიანები საკუთარი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად რუსთაველის გამზირზე უნდა გამოსულიყვნენ, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ტერიტორია დაიკავეს და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ხელისუფლებამ აგრესიითა და ძალადობით განწყობილებს ასპარეზი სრულად დაუთმო, საპოლიციო ძალები საკმარისად არ გამოიყვანა და მთელი დღის მანძილზე უყურებდა, როგორ ესხმოდნენ თავს ჟურნალისტებს, ოპერატორებს, არბევდნენ აქტივისტების ოფისებს, სცემდნენ ყველას და აზიანებდნენ ყველაფერს.

პირისპირ აღმოვჩნდით ფაქტთან, რომ საქმიანობის მაიდენტიფიცირებადი ნიშანი, რომელიც აქამდე "გვიცავდა", 5 ივლისს ყველაზე საფრთხისშემცველ ატრიბუტად იქცა — ჟურნალისტებს გვცემდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ჟურნალისტები ვართ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 ივლისს მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის, ზოგს ოპერაცია ჩაუტარდა, ნაწილმა ტვინის შერყევა მიიღო, დანარჩენს კი სხეულზე უამრავი დაჟეჟილობა აქვს.

On.ge ძალადობრივ კონტრაქციაზე დაზარალებულ ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ფოტორეპორტიორებს დაუკავშირდა, რომლებიც იხსენებენ, როგორ იძალადეს მათზე და როგორ არ დაიცვა სახელმწიფომ ფიზიკური საფრთხისგან.

ილია თვალიაშვილი — საზოგადოებრივი მაუწყებელი

"თავიდან საერთოდ არ იყვნენ აგრესიულები, პირიქით, მედიასთან ურთიერთობაში შემოდიოდნენ ჩვეულებრივად. შემდეგ მოხდა ის, რომ ერთ-ერთი სასულიერო პირი ჩავწერეთ, რომელმაც, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ჟურნალისტები გააკრიტიკა მაქსიმალურად, შეურაცხყოფაც მოგვაყენა, თქვენ არარაობები ხართ, საქართველოზე გული არ შეგტკივათ, პატრიოტები არ ხართო და ა.შ.

ილია თვალიაშვილი

შემდეგ, გამოაცხადეს, პარლამენტის წინ უნდა ავშალოთ კარვებიო. გადავინაცვლეთ იქით, გადავიღეთ ყველაფერი და დავინახე, რომ ჩოჩქოლი ატყდა. კუნძულივით იყო შუა გზაზე გაკეთებული, ავედი და დავინახე, რომ ჩემს კოლეგებს არბევდნენ, ცემდნენ. მათკენ გავიქეცი, კამერა მაქსიმალურად მქონდა მაღლა აწეული, ლაივში მიდიოდა სიგნალი. გავრბოდი და ერთ-ერთი ჩემი კოლეგა გამოვარიდე. ამის შემდეგ გადმოვიდნენ ჩემზეც. სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ როგორც ყველა მოიქცეოდა, მეც ისე მოვიქეცი — ვალდებულებები გაგვაჩნია, რომ რაღაცები ავიტანოთ, თუმცა უკვე გაუსაძლისი იყო. როგორც მეგობრები მეუბნებიან, შენც უყვიროდი და ეჩხუბებოდიო. შემდეგ მახსოვს, რომ ძირს დავვარდი და რამდენჯერმე თავში ჩამარტყეს ფეხი, გავითიშე. გავიღვიძე საპატრულო პოლიციის მანქანაში და გადამიყვანეს შემდეგ საავადმყოფოში. სამსახურიდან ყველა მირეკავდა, სად ვიყავი.

არ მგონია, რომ კონკრეტულად ვინმე ადგა და თვალებში ხსნარი შემასხა. აქციაზე დარბევა რომ მოხდა, იქ საკმაოდ დიდი ანტისანიტარია იყო, მოძრაობდნენ, ალბათ, ფეხსაცმელებზე რაღაც გარკვეული რაოდენობის ეს ქიმიური ხსნარი იყო და სახეში რომ ჩამარტყეს რამდენიმეჯერ, ვფიქრობ, ამან გამოიწვია ეს ქიმიური დამწვრობა თვალებზე. მსუბუქი ტვინის შერყევა მაქვს და საკმაოდ ძლიერი თავის ტკივილები. გამაყუჩებლებს მიკეთებენ. სამი ოპერატორი ვართ აქ".

ილიამ საავადმყოფო 7 ივლისს დატოვა.

ვახო ქარელი — ფორმულა

"ამ აქციას სხვებისგან განასხავებდა ის, რომ პოლიცია ძალიან მცირე რაოდენობით იყო მობილიზებული. ფაქტობრივად, არ იყო პოლიცია პერიმეტრზე, რაც ძალიან გამიკვირდა, რადგან მსგავსი ტიპის აქციებზე, სადაც ბევრი ხალხია, სადაც შეიძლება მოსალოდნელი იყოს დაპირისპირება, პოლიციის რაოდენობაც დიდია. აქ არ იყო საკმარისად მობილიზებული. შეიძლებოდა, ისე გაგევლო დიდი მანძილი პარლამენტის პერიმეტრზე და გადაადგილებულიყავი, რომ არ შეგხვედროდა არცერთი სამართალდამცავი. პოლიცია ძირითადად იმით იყო დაკავებული, რომ მანქანებში მოძალადეების ნაცვლად, სვამდა ჟურნალისტებს და გაჰყავდა.

მე რასაც შევესწარი, ორი თუ სამი ადამიანი მისდევდა ოპერატორს, 20-25 პოლიციელი იყო იმ მონაკვეთზე, ბევრი იყო საკმაოდ იმ აქციისთვის და განა ის ადამიანი დააკავეს?! ანუ იმ სამ ადამიანს ხომ მოერეოდნენ ფიზიკურად? ოპერატორები გაიყვანეს და ჩასვეს მანქანაში. პოლიცია ერთადერთ ფუნქციას ასრულებდა — არიდებდა უკვე ნაცემ ჟურნალისტებს, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნაცემები და მიბეგვილები იყვნენ. მანამდე, ფაქტობრივად, არ ერთვებოდა არაფერში, არავის არ ეხმარებოდა.

ვახო ქარელი

სურათის ზუსტად აღდგენას ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ. დეტალები არ მახსოვს. მიღებული დაზიანებიდან გამომდინარე, ექიმები მეუბნებიან, რომ სავარაუდოდ დროებითი ამნეზია მაქვს. უშუალოდ ძალადობის დეტალები არ მახსოვს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ძირს დავვარდი და მხვდებოდა წიხლები, ვიღაცისგან მუშტიც მომხვდა. იყო რამდენიმე პოლიციელი, მაგრამ გამიჭირდება გითხრათ, რომ იმუშავეს, არ მახსოვს დეტალურად, როგორ და რა მოხდა. მახსოვს, რაღაც მომენტში ცდილობდნენ დაცვას. როცა ავდექი, პოლიციელი იჯდა ჩემ წინ. არ ვიცი, რას აკეთებდა. ფაქტია, ბრძანება არ იყო იმის, რომ ემოქმედათ. შეიძლება, იქ ინდივიდუალურად გრძნობდნენ იმას, რომ მოქალაქეები უნდა დაეცვათ და თავიანთი ინდივიდუალური პასუხისმგებლობით აკეთებდნენ ამას, ვინც აკეთებდა.

დაზიანებები მაქვს, ძირითადად, თავის არეში, ასევე, მსუბუქი დაზიანებები სხეულზე. ამ ეტაპზე, პრობლემურია ის, რომ ტვინის შერყევა მაქვს.

დიმიტრი ყირიმლიშვილი — იმედი

"10 საათამდე ვწერდით რესპონდენტებს და ვასრულებდით სამსახურებრივ მოვალეობას. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ გადავედით, რაც გამოაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა, რომ უნდა წასულიყვნენ, კარვები აეღოთ და "გაეწმინდათ უწმინდურებისგან", ეს იყო მათი მოწოდება. გადავიღეთ კარვების დემონტაჟი. დაახლოებით 15-20 წუთში კარვები ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გაყარეს და როცა იქ მივედით, დაიწყო ანგარიშსწორება, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

ერთადერთი, რაც დავინახე ბოლოს, იყო, რომ ჩემს ოპერატორს დროშის ტარი გადაარტყეს სახეზე, თავზე გადაამტვრიეს, პირდაპირი მნიშვნელობით. მე გავიწიე იმ პიროვნებისკენ, ვინც ჩაარტყა დროშა, რომ ან გამეშველებინა, ან რამე მომეხერხებინა. დავიბენი, ვერ მივხდი საერთოდ, რატომ გვცემდნენ, ისიც არ ვიცოდი, რომ სხვა ჟურნალისტებსაც სცემეს მანამდე და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ დროს უკან, მარცხენა მხრიდან ჩამარტყა ვიღაცამ რაღაც, არ ვიცი, რა იყო. მერე ხელით შემეხნენ, ფიზიკურად გაგვისწორდნენ ორივეს იქ, ადგილზე, ქაშუეთის მიმდებარედ. სახეში ჩამარტყეს 2-3-ჯერ, მერე ფეხი ჩამარტყეს. ჩემს ოპერატორს დროშით სცემეს და ხელითაც, რა თქმა უნდა. მერე გამოვიქეცით, სხვა გზა აღარ იყო დარჩენილი, აზრი არ ჰქონდა გარჩევას, არც პასუხის მოთხოვნას. პოლიციელებიც არ იყვნენ ისეთი, რომ ან გაეშველებინათ, ან შეეკავებინათ, სულ ორი ეკიპაჟი იყო, მე მგონი.

მერე დავრეკეთ სასწრაფოში და სანამ ჩვენამდე მოვიდა, სხვა ნაცემი ჯგუფი დახვდა და იმათ მიეშველა. პირდაპირ გვითხრეს, არც დაგვიმალეს, რომ თქვენამდე სანამ მოვედით, სხვა ნაცემი ჯგუფები დაგვხვდა და იმათ მივეხმარეთ, ფიზიკურად ვერ მოვდივართო. შემდეგ ჩვენი მძღოლი მოვიდა, გადმოგვიყვანა ტელევიზიაში, აქედან დავრეკეთ სადაზღვეოში და ღუდუშაურის კლინიკაში გადაგვიყვანეს გამოკვლევებზე. დიაგნოზი არის თავის ქალის დაზიანება, ტრავმები და დამატებით მე მაქვს გულმკერდის არეში დაჟეჟილობები და მიმდებარე ტრავმები".

ალექსანდრე ლაშქარავა — TV პირველი

"უბრალოდ კიბეზე შეგვეფეთნენ, ჟურნალისტზე გაიწიეს ჯერ და შემდეგ ჩამქოლეს. არ ვიცი, 50 კაცი მირტყამდა, მთელი კიბის საფეხური, ზედა ნაწილი, ქვედა ნაწილი. რაღაც ნაწილი ავიდა ზევით, დავიწყე გაყოლა. რამდენიმე სართულზე იყვნენ ესენი, რამდენიმე სართულმა მცემა. ჩამაგდეს, ქვევით გადამაგდეს და ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს, არ ვიცი, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უნდოდათ მედია გამოეყვანათ მწყობრიდან.

როცა მე მცემდნენ, ჩემი ჟურნალისტი კედელზე ააყუდეს. მერე შეამჩნია, რომ ჩალურჯებები ჰქონდა. ტელეფონები წაართვეს, დალეწეს. დაუნახეს თუ არა ტელეფონი, ეგრევე დაუმტვრიეს.

ალექსანდრე ლაშქარავა

ალექსანდრე ლაშქარავა

ერთი პოლიციელი იყო საწყლად, არ ვიცი, ერთი რატომ იყო, ქვევით ბევრი იყო. პოლიცია იყო თვითონ დასახმარებელი, პოლიციის ფუნქცია ვერ გავიგეთ. ადამიანები უმისამართოდ ამოდიოდნენ და ვისაც ფერადი ტანსაცმელი ეცვა, ვინც იმათ ნორმებში არ ჯდებოდა, ყველას სცემდნენ.

ახლა მე მეძახიან ამოცნობაზე მოდიო, მაგრამ ორი დღე კიდევ აქ უნდა ვიყო, ვერ გავდივარ და იდენტიფიცირება წარმოუდგენელია მოვახდინო, იმიტომ, რომ 50-60 ადამიანი იყო. პოლიციელები იყვნენ იქ, თვითონ შეუძლიათ, თვითონ იციან.

სახის ძვლის მოტეხილობა მაქვს თვალის გარშემო, ტვინის შერყევა, დაჟეჟილობები, ოპერაცია გამიკეთდა ერთი, ახლა ვიმყოფები დაკვირვების ქვეშ".

11 ივლისს ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

რატი წვერავა — ფორმულა

"მთელი დღის განმავლობაში ვმუშაობდი პარლამენტის წინ. ჩვენი ჯგუფების ნაწილი იყო პრაიდის ოფისთან, ზოგი სხვაგან. დავინახე მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი და მინდოდა კითხვის დასმა, მოსწონდა თუ არა ის ყველაფერი, რაც ვნახეთ. მაგალითად, ჟურნალისტებზე ძალადობა, ოფისების დარბევა. ბარიკადს შიგნით ვიყავი და როგორც კი დამინახეს, მაშინვე აგრესია გამოხატეს ჩემ მიმართ, მათ შორის, ყველაზე დიდი აგრესიით გამოირჩეოდა ალტ-ინფოს თანამშრომელი, ზურა მახარაძე, რომელმაც მითითებები გასცა, ეს ადამიანი გაათრიეთ აქედანო. ამ ყველაფერს უყურებდა მეუფე იოანე გამრეკელი, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია. ამის კადრებიც არსებობს, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიყავით. მას რეაქცია არ ჰქონია და დაახლოებით ამ დროს, რამდენიმე ადამიანმა ამწია და გადამწია ბარიკადს იქით.

მივხვდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა მათთან კონტაქტს და ვიფიქრე, გავერიდები ამ სიტუაციას-მეთქი, მაგრამ დამაგდებინეს მიკროფონი, დავკარგე პირადი ნივთები. აღებას ვაპირებდი, როცა პირველად ვიგრძენი დარტყმა თავში. ამას მოჰყვა მეორე, მესამე, მეოთხე... ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ფიზიკურად მისწორდებოდა, ყველა მირტყამდა. ამის შემდეგ ვიფიქრე, რომ უნდა გავქცეულიყავი. ოპერატორი საერთოდ დავკარგე, არ ვიცოდი, სად იყო. ამ დროს ვიღაცამ პერანგი შემომახია. იქვე სასულიერო პირი იდგა, რომელმაც დამინახა და ეტყობა, გადაწყვიტა, ცემა არ ეყოფოდაო და ცხელი ყავა გადამასხა სხეულზე. აფექტში ვიყავი, იმდენი ადამიანი მირტყამდა. ვიცოდი, რომ უნდა გავქცეულიყავი. ზოგი დამეწია, აგრესიულად მისწორდებოდა ყველა ერთდროულად. როცა უკვე ქაშუეთისკენ ჩავედი, დაბლა დავინახე პირველი პოლიციელი. ანუ მანამდე ერთი პოლიციელიც არ ყოფილა, რომელიც დამიცავდა. იმას ვთხოვე დახმარება, მაგრამ როცა 60 ადამიანი გისწორდება ფიზიკურად, ბუნებრივია, რთულია გაუმკლავდე ერთი სამართალდამცველი".

რატი წვერავა

ფოტო: IPN

უკვე თაბუკაშვილის ქუჩაზე დავინახე საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ვიფიქრე, რომ იქ უნდა მივსულიყავი, როგორმე უნდა მომეხერხებინა. ანუ დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში მუდმივად გრძელდებოდა ფიზიკურად ძალადობა. ფოტო გავრცელდა, ერთი სასულიერო პირი რომ არის ჩემ გვერით. სიმართლე გითხრათ, ისეთ მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, ზუსტად არ მახოვს, რას აკეთებდა. მაგრამ მასთან ერთად სხვა სასულიერო პირებიც იყვნენ, რომლებიც ფიზიკურად მისწორდებოდნენ. მახსოვს, როგორ დამარტყა ჯვარი მამაომ თავზე, ქაშუეთის გზაზე. რაც კი ხელში მოხვდებოდათ, ბლაგვი საგანი, ქვები, ხე, მუშტები, წიხლები, ყველაფერს მირტყამდნენ.

ძირითადად დაზიანებები მაქვს თავის არეში, ასევე, სხეულის სხვადასხვა მიდამოში. თავდაპირველად მეგონა, რომ ტვინის შერყევა მქონდა, მაგრამ გადავურჩი, მხოლოდ დაჟეჟილობები მაქვს და 2-დღიანი წოლითი რეჟიმი გამომიწერეს".

დეა მამისეიშვილი — მთავარი არხი

"სამჯერ იყო ჩემზე თავდასხმა, ჩემს ოპერატორზეც.

ჯერ მივედით სირცხვილიას ოფისში, რომ პრაიდის ორგანიზატორები ჩაგვეწერა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც იქ იყვნენ და უცებ ატყდა ყვირილი, რომ პარლამენტთან რაღაც ხდებოდა და უნდა დაეცვათ. ბუნებრივია, მე და ჩემი ოპერატორი ჩავყევით მათ, რომ გაგვერკვია.

რუსთაველზე უკვე დაგვხვდა დარბეული კარვები, განადგურებული იყო ყველაფერი. დავდექით პირდაპირ ჩართვაზე, დავიწყეთ მოყოლა. შედარებით შემაღლებული ადგილია, იქ ვიდექით, სადაც თავიდან რამდენიმე კაცი ამოვიდა. ისინი ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, შემდგომ, იძულებით ჩამოგვაგდეს. რადგან იყო ფიზიკური ანგარიშსწორების ძალიან დიდი საფრთხე, მოძრაობაში მიწევდა ჩართვა, რომ ნელ-ნელა გავრიდებოდი. არცერთი პოლიციელი არ იყო, საერთოდ არსად პარლამენტის წინ პოლიციელი არ იყო.

დეა მამისეიშვილი

ამ მსვლელობის დროს მივუახლოვდი გზის სავალ ნაწილს, სადაც სხვა რადიკალი კაცები დამხვდნენ. მათ გააგრძელეს სიტყვიერად ჩვენი შეურაცხყოფა, უკვე გამოიწიეს ჩემი ოპერატორისკენ, სახეში ურტყამდნენ ბოთლებს, მუშტებს, დროშის ტარიც ჩაარტყეს. პარალელურ რეჟიმში, როცა ვცდილობდი, დათუნა გადამერჩინა და გამომეგლიჯა ამ ბრბოსგან, მე მომვარდა, დაახლოებით, სამი კაცი. ჯერ მაისურზე მომქაჩეს, დახიეს, შემდეგ დაიწყეს გინება და მუცელში ჩამარტყეს წიხლი. მიყურებდნენ ცინიკური სახეებით, იღიმოდნენ — მათ ძალიან მოსწონდათ ის, რაც ხდებოდა პარლამენტთან, როგორც გვისწორდებოდნენ ჟურნალისტებს. ერთ-ერთი მომიახლოვდა, წინა ხაზზე ვინც იდგნენ, რადიკალები, ისინი გასწია და სახეში შემაფურთხა.

შემდეგ უკვე გამოჩნდნენ პოლიციელები. პირდაპირ ეთერში ვამბობდი, რომ თუ ამას უყურებს ახლა შსს-ს ხელმძღვანელობა და ძალოვანი უწყება, მოიყვანეთ პოლიციელები აქამდე-მეთქი. მოვიდა გოგა მემანიშვილი, მას მოჰყვა, დაახლოებით, 10 პატრულ-ინსპექტორი, რაც იყო ძალიან ცოტა, იმიტომ, რომ ასობით ადამიანი იყო გარშემო, გვირტყამდნენ. ჩემს ოპერატორს მაშინ დაარტყეს დროშის ტარი თავში, როცა პოლიციელები მოვიდნენ. პოლიცია ცდილობდა, რომ გამოვეყვანეთ, უბრალოდ 10 სამართალდამცველი ამას დაზიანების გარეშე, ისე, რომ ჩვენც არაფერი დაგვმართნოდა, ბუნებრივია, ვერ შეძლებდა.

როდესაც გამოვყავდით გოგა მემანიშვილს, უკნიდან ვგრძნობდი წიხლებს და ისევ ბოთლებს გვიშენდნენ. შემდეგ ჩაგვსვეს პატრულის მანქანაში, მოშორებით წამოგვიყვანეს. მანქანაში ჩაჯდომისას დავინახე, რომ ჩემი ერთი ოპერატორი შეითრია ბრბომ და პატრულს მოვთხოვე, გაეჩერებინა მანქანა. დაახლოებით ფილარმონიასთან ვიყავით და უკან დავბრუნდი. როდესაც ყველა შევიკრიბეთ და გავარკვიეთ, რომ მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ ვიყავით, სამართალდამცველებთან მივედით.

პირველი საათი იყო, როცა სამართალდამცველებიდან დაახლოებით 50 მეტრის დისტანციაზე, კლასიკურ გიმნაზიასთან ვიდექით. ამ ტერიტორიაზე ძალიან ცოტა ადამიანი იყო. ჩვენ გვქონდა გადაწყვეტილება, რომ ჰომოფობები არ გაშუქდებოდა, მათი განცხადებები არ მოხვდებოდა ეთერში. შესაბამისად, მე ყოველთვის ვცდილობდი, მქონოდა დისტანცია, რომ არაფერი ეთქვათ და ვერ ესარგებლათ ჩვენი ეთერით. ამის მიუხედავად, როცა დამინახეს სკოლასთან, მოვიდნენ. ჯერ ქალები იყვნენ, გვაგინებდნენ, გვწყევლიდნენ და მათ, როგორც ჩანს უსმენდნენ კაცები, რომლებიც გარშემო შეგროვდნენ.

ერთ-ერთს უნდოდა მიკროფონის წართმევა, ხელით იწევდა. მე და ჩემი ოპერატორი ვცდილობდით, გამოვსულიყავით როგორღაც იქიდან, რადგან პატრული ვერ მოვიდა ჩვენამდე. სადღაც გზად შეგვხდნენ სამართალდამცველები და ამ დროს, ჩემს ოპერატორს ისევ ურტყამდნენ გამეტებით, სახეში, თავში, ყველგან. მე უკნიდან როდესაც მეწეოდნენ, მაშინ მხვდებოდა პერიოდულად ხელები და ფეხები, იმიტომ რომ უკვე პოლიციელს გამოვყავდი და რომ დაინახა ჩვენმა მეორე გადამღებმა ჯგუფმა, რაც ხდებოდა, მათაც დაიწყეს გადაღება. ეს რომ დაინახეს რადიკალებმა, ჩემს მეორე ოპერატორს, ლევან კალანდიასაც დაუპირისპირდნენ და ორივე ოპერატორი, ფაქტობრივად ისე დაშავდა, რომ დათუნა ახალაძემ, საერთოდ დატოვა გადაღება, ლევან კალანდია ერთი საათის განმავლობაში ვერ მუშაობდა. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ორი მიკროფონი წაგვართვეს, ძალის გამოყენებით. სად წაიღეს, არ ვიცით. დაგვილეწეს ორი კამერა.

ბოლო ინციდენტი იყო უკვე სამ საათზე. ალბათ, გახსოვთ, გოგონა მოპედით. უბრალოდ მოდიოდა, ორჯერ ჩაარტყეს თავში ხელი, მხოლოდ იმის გამო, რომ ტატუ ჰქონდა და მხოლოდ იმის გამო, რომ მოკლე შარვალი ეცვა. ჩვენ ამ ყველაფერს ვიღებდით და პირდაპირ ეთერში ვაშუქებდით. ამჯერად უკვე ვაჟიკო ჩხაიძე იყო ჩემი ოპერატორი და როცა გოგოს დაუწყეს ფიზიკური ანგარიშსწორება, პატრული გაყვანას ცდილობდა და ერთგვარ დერეფანს აკეთებდა, რასაც ჩვენც ვიღებდით. რა თქმა უნდა, მას დაედევნენ რადიკალები, წიხლები დაუშინეს და როცა გოგო პოლიციის მანქანაში ჩასვეს, მედიის წარმომადგენლები შევრჩით ხელში. ისევ დაგვიწყეს ცემა ჟურნალისტებს, ოპერატორებს. გვირტყამდნენ ბოთლებს, კვერცხებს, ყველაფერს, რაც ხელში მოხვდათ.

მარჯვენა ხელზე მაქვს დაზიანება, მიჭირს ამ ხელის გამოძრავება, მაქვს სილურჯეები ფეხზე, ხელზე. კლინიკაში გადაყვანა არ დამჭირვებია, ალბათ, გამიმართლა".

თამთა კახაბერიძე — On.ge

გადაღებაზე რომ მივედი, უკვე იყო ჩხუბი, ყვირილი, გინება, თუმცა მიზეზი არ ვიცოდი. გადავწყვიტე, ჯერ პირდაპირი ეთერი არ ჩამერთო, რადგან არ ვიცოდი, რა ხდებოდა და ჩვენ ძალადობრივი ჯგუფების მოწოდებებს არ ვაშუქებთ. ამიტომ უბრალოდ ვიდეოს გადაღება დავიწყე და დავინახე, როგორ დაედევნენ ჟურნალისტს. ვხედავ, რომ პოლიციამ ვიღაც ჩატენა მანქანაში. მოგვიანებით მივხვდი, სავარაუდოდ, ჟურნალისტი იყო, რომელიც გაარიდეს სიტუაციას. ეს ხალხი მანქანასაც მისცვივდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჟურნალისტი გაჰყავდათ, მეგონა, ვიღაცას აკავებდნენ.

ტელეფონი სელფის ჯოხზე მქონდა დამაგრებული და მანქანას ვუღებდი. უცებ ვიღაც ბიჭი მოტრიალდა და ხელი ამიქნია, ძლივს დავიჭირე ტელეფონი. მეგონა, შემთხვევით მოუხდა ხელი, რადგან არ ველოდი, რომ მე დამარტყამდა. არაუშავს-მეთქი, ვუთხარი. მთავარი ამბავი ის არის, რომ ტელეფონზე პრაიდის სტიკერი მქონდა დაკრული და ეს არ მახსოვდა. სავარაუდოდ, ამაზე გაღიზიანდნენ. ორი ბიჭი იწევდა, მოხსენიო, მუშტი მომიღერა. ჩანს კადრებშიც, მუშტით მოდის და პოლიცია აჩერებს, მაგინებს, რაღაც საშინელებებს მეძახის. ვერ ვხდებოდი, რა უნდოდა. რამდენჯერმე გავიგე, მოხსენიო რომ მითხრა, მაგრამ ვერ ვხდებოდი, რა უნდა მომეხსნა.

თამთა კახაბერიძე

ძალიან დავიბენი და შემეშინდა. რეალურად, ვერაფერი ვქენი, თან ახალმისული ვიყავი და სიტუაციაში გარკვევაც ვერ მოვასწარი. მერე ეს ერთ-ერთი სასულიერო პირი მეუბნებოდა, ჩემ გვერდით იყავიო, იმათ უთხრა, არაფერი უქნათო. ბევრი მაგინებდა, მაგრამ ორი ადამიანი იწევდა ძალადობრივად. მერე ყველა გაეკიდა სხვა ჟურნალისტებს და ამათაც, როგორც ჩანს, მობეზრდა ჩემთან ჩხუბი და ყველა რომ გარბოდა, ესეც გაეკიდა. ასი ადამიანი მისდევდა ყვირილით და გინებით ჟურნალისტებს. პოლიციელები მიარბენინებდნენ ჟურნალისტებს და ესენი მისდევნენ.

პრესის მაისურით რომ დავდიოდი, მეშინოდა, რადგან მოდიოდნენ ეს აგრესიული ჯგუფები და მეუბნებოდნენ, რომელი ტელევიზიიდან ხარო. ონლაინ მედიას რომ ვეუბნებოდი, ვერ აღიქვამდნენ. ძალიან ცოტა პოლიციელი იყო და რომც სდომოდათ, ფიზიკურად ვერ მოერეოდნენ, მით უმეტეს, რომ ისინი პოლიციელების მიმართაც იყვნენ აგრესიულები".

თორნიკე მანდარია — რადიო თავისუფლება

"რადიო თავისუფლებაში მე და დათო ქორიძე ვამზადებთ დოკუმენტურ ფილმს თბილისი პრაიდის შესახებ და ძალიან ინტესნიურად ვატარებდით დროს ორგანიზატორებთან. ცხადია, მთავარ დღესაც, როგორც იყო დაანონსებული, დილიდან მათთან ერთად ვიყავით. პრაიდის ორგანიზატორებს ლოკაციის რამდენჯერმე შეცვლა მოუწიათ იმიტომ, რომ როცა ვიყავით სირცხვილიაში, ოფისთან ასობით ადამიანი მივარდა. ორი წუთით გამოვასწარით. შემდეგ გავიგეთ, რომ იქ ჟურნალისტებს სცემეს. გადავედით სხვა ოფისში.

ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ლოკაცია ისევ შეეცვალათ და უფრო უსაფრთხო ადგილას გადასულიყვნენ. ოფისიდან ნელ-ნელა გავიდნენ. მე და დათო ქორიძე გავყევით გიორგი თაბაგარს, რომელიც იყო მანქანით. ვინაიდან, მთავარი ორგანიზატორი და ჩვენი ვიდეოს ერთ-ერთი გმირია, მას დავყვებოდით. ოფისიდან მანქანამდე დაახლოებით 40 მეტრი იყო და სწრაფი ნაბიჯით მივდიოდით, ისე, რომ ირგვლივ არ ვიყურებოდით. ძალიან კონცენტრირებულები ვიყავით ყველა, რომ სწრაფად ჩავმსხდარიყავით მანქანაში და გავსულიყავით სხვა ლოკაციისკენ. წინ ჩასხდნენ დათო და გიორგი, გადავედი უკანა კარის გასაღებად და უცებ ვიგრძენი ძალიან მძიმე დარტყმა. სანამ აზრზე მოვედი, დათო ქორიძე გადმოვიდა მანქანიდან და ცდილობდა, რომ ეს ადამიანი, რომელიც თავს დამესხა, შეეჩერებინა, უხსნიდა, რომ ჟურნალისტები ვართ, თან ვიდეოს უღებდა. მე სისხლი მდიოდა.

საერთოდ არ ვაკვირდებოდი ადამიანებს და არ დამინახავს მანქანის სიახლოვეს, ასე უეცრად დამარტყა. როგორც ჩანს ხელი დამარტყა, მაგრამ იმასაც კი ვერ ვიხსენებ, ერთხელ თუ ორჯერ. მერე მახსოვს, რომ დათო გადმოდის მანქანიდან და ცდილობს ხმამაღლა, ყვირილით აუხსნას, რომ ჟურნალისტები ვართ, თან ეძახის პოლიციას, რომელიც დგას ძალიან ახლოს. 10-მდე პოლიციელი დგას რაღაც შენობასთან და მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, საერთოდ არ ინძრევა.

აბსოლუტურად ცხადი იყო, რომ ვიყავით ჟურნალისტები, იმიტომ, რომ დათოს ჰქონდა კამერა, ბრენდირებული მაისურები გვეცვა, ბრენდირებული ჩანთა, ხელში არ მჭერია მიკროფონი, მაგრამ აღქმადი იყო, რომ ვიყავით ჟურნალისტები. იმ მომენტი არაფერს ვაკეთებდით, კითხვებს არ ვსამდით, უბრალოდ ვსხდებოდით მანქანაში.

თორნიკე მანდარია

ფოტო: რადიო თავისუფლება

მრგვალი ბაღიდანაც დაიძრა რამდენიმე აშკარად ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანი, სიძულვილის ჯგუფი, რომელიც გვაგინებდა. გადაერთნენ დათოზე, წააქციეს და მე გავიქეცი პოლიციისკენ ყვირილით, რომ დამხმარებოდნენ. ამათ ისევ არაფერი გააკეთეს, უბრალოდ ამოვეფარე. მერე ერთ-ერთმა მითხრა, მოდი შიდა ეზოში შედი და წყლით მოიწმინდე სახეო.

ძალიან მნიშვნელოვანი ერთი დეტალია კიდევ — ზუსტ ფორმულირებას ვერ ვიხსენებ, მაგრამ ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელმაც შემიყვანა შიდა ეზოში, მითხრა, რა გეგონა, აბა, ამ პიდარასტების ღონისძიებაზე რომ გამოდიოდიო. ეს ზუსტი ფორმულირება არ არის, მაგრამ მახსოვს, რომ ახსენა ეს "პიდარასტების ორგანიზებული რაღაც ღონისძიება". ცოტა ხანში მოვიდა სასწრაფო და გადაგვიყვანეს საავადმყოფოში.

პოლიციელები, რომლებიც იქ იდგნენ, ცარიელი სახეებით გვიყურებდნენ. წარმოიდგინეთ, 30 მეტრი გავირბინე, რომ მივსულიყავი მათთან, ცხვირიდან სისხლი მდის, კბილები მაქვს ჩამსვხრეული და ძალიან ცარიელი სახეები აქვთ. შეიძლება, სადმე დარეკეს, მე აღარ დამინახავს, მაგრამ თვითონ, ფიზიკურად იქ ვინც იყო, ხელი არ გაუნძრევიათ.

ახლა მაქვს სამი ნაკერი ცხვირზე, გატეხილია და მაქვს თაბაშირში. 5 კბილი მაქვს ჩამსხვრეული, სხვადასხვა სირთულის დაზიანებით".

თამარ თათარაშვილი — რუსთავი 2

"მე და ჩემი ოპერატორი ვაშუქებდით ამ ამბავს, რაც ხდებოდა. სრულიად მოულოდნელად, რადიკალური ჯგუფის ცოცხალი ძალა წამოვიდა ჩვენი მიმართულებით, აგრესიით, ლანძღვით, გინებით. უმოწყალოდ გვცემდნენ, გვირტყამდნენ, გვიზიანებდნენ აპარატურას და გვეუბნებოდნენ, რომ პროპაგანდას ვეწევით. პირველი დარტყმა შემთხვევა რუსთაველის გამზირის ტერიტორიაზე იყო, სადაც დაგვიზიანეს კამერა.

ამის შემდეგ, მოპედი დაგვეჯახა. მოულოდნელად დავინახე, რომ მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და მიზანმიმართულად გვეჯახებოდა. დამეჯახა, მაგრამ ჩემი ოპერატორი რომ არ ყოფილიყო ჩემთან ერთად, რომელმაც შეაკავა რაღაცნაირად, ალბათ გადამივლიდა კიდეც. ეს პირი, როგორც ვიცი, უკვე დაკავებული ჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ვითარება ისევ დაძაბული იყო და ვიყავი ყველა ეპიცენტრში. პირდაპირი ჩართვის დროს მოდიოდნენ ეს ადამიანები და მეუბნებოდნენ: "ის გინდა დაგემართოს, რაც მოგივიდა რუსთაველზე? უარესი გინდა რომ ნახო? რატომ არ მიდიხართ? წადით".

გვიშლიდნენ მუშაობაში ხელს, ყველა ფორმით ძალადობდნენ, რაც შეიძლებოდა. შეურაცხმყოფელი სიტყვები, ფიზიკური ძალა, გვირტყამდნენ განურჩევლად მედია საშუალებისა. განსაკუთრებული აგრესია ოპერატორების მისამართით იყო, თუმცა არ გვერიდებოდნენ არც ჩვენ. რომ არ ყოფილიყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებმაც გაგვიყვანეს ადგილიდან, ალბათ, ვერ გადავრჩებოდით. რომ ჩავჯექი, პოლიციელმა მითხრა: "მალე ჩაჯექი, უნდა გაგარიდო სიტუაციას, თორემ რაღაცას დაგიშავებენო". ვიჯექი საპატრულო პოლიციის მანქანაში და ეს ცოცხალი ძალა მაინც მოგვდევდა, გვაგინებდნენ, არ ეშინოდათ არავისი და არაფრის.

ის ძალადობა, ცემა იმიტომ მივიღეთ, რომ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით, სხვა ხომ არაფერს? ვაშუქებდით მოვლენებს, რაც ხდებოდა".

მაკო ჯაბუა — ტაბულა

"დილის 10 საათიდან ვიყავი ადგილზე, ვმუშაობდი ჩვეულებრივად, ვიღებდი ფოტოებს, ვიდეოებს. Facebook ლაივი ჩავრთე მაშინ, როცა ქაშუეთიდან დაიძრნენ პარლამენტის მიმართულებით, დაიწყეს კარვების დარბევა, ყვირილი, შეძახილები. აგრესია თავიდანვე იყო, შეძახილები, სიტყვიერი შეურაცხყოფა, მაგრამ ხელით არავინ არ შემხებია. მერე ლაივში ვიყავი, როცა დავინახე, რომ ხალხი გარბოდა. რა თქმა უნდა, იქით გავიქეცი. მედიის წარმომადგენლებს მისდევდნენ. გარშემო 5-10 პოლიციელი იდგა და ისინიც გაკვირვებულები თუ დაბნეულები, დარბოდნენ აქეთ-იქით, შეუძლებელი იყო ვინმეს დაცვა. მივხვდი, რომ იქ ძალიან სახიფათო, უკონტროლო სიტუაცია იყო. პრესის მაისური მეცვა, რაც ყველა მნიშვნელოვანია, რადგან მეგონა, რომ რატომღაც ამ აქციაზე ბეიჯი და პრესის მაისური დამიცავდა. მოხდა პირიქით, ეს იყო ყველაზე სახიფათო რამ, რაც კი მეცვა.

მაკო ჯაბუა

ლაივში ვლაპარაკობდი და რომ მოვტრიალდი, დავინახე ჩემზე ორჯერ დიდი კაცი, რომელიც რაღაცებს ყვიროდა. როგორც კი დამინახა პრესის მაისურით და ტელეფონით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. გაცეცხლებული, გაველურებული თვალებით რომ მიყურებდა, მივხვდი, რომ იქ ძალიან სახიფათო იყო და მაშინვე მოვტრიალდი, რომ გავრიდებოდი. თუმცა ამ დროს კეფაში და ზურგის არეში ორჯერ ჩამარტყა დროშის ტარი და ძალიან ცუდად მომიხსენიებდა, მესამეჯერ დროშის წვერით მიჯიკა. გარშემო არავინ იყო, ვინც დამიცავდა, აბსოლუტურად არავინ. იყო აგრესიული ბრბო, რომელიც მიყვიროდა.

გამოვეცალე, მაგრამ მომდევდა, მემუქრებოდა, რომ რამეს დამიშავებდა. ამ დროს ლაივის გათიშვა მომიწია, რადგან მივხვდი, რომ შეუძლებელი იყო იქ დარჩენა. სწრაფი ნაბიჯებით გავიქეცი იქით მხარეს, საითაც ჟურნალისტები გარბოდნენ, რადგან მათთან ერთად ვმგდარიყავი. მედია გარბოდა, მეც გავრბოდი, გარშემო არავინ იყო. სუპერმარკეტ სპართან პოლიციას დავეწიე. პოლიციელმა მომკიდა ხელი, გამარიდა სიტუაციას, ჩამსვა მანქანაში და გამიყვანა ადგილიდან.

სერიოზული დაზიანება არ მქონია, საბედნიეროდ, მაგრამ ვიგრძენი დარტყმა, მეტკინა და მთელი დღე მტკიოდა. გარეგნულად არ მეტყობოდა, თუმცა მტკიოდა. ძალიან მარტივი იყო ამ თავდამსხმელის იდენტიფიცირება, აქედან გამომდინარე, მაშინვე მივმართეთ იურისტებს და შევიტანეთ განცხადება. ამ პირის იდენტიფიცირება უკვე მოხდა და ახლა დაკავებულია".

რეზი ხუციშვილი — საზოგადოებრივი მაუწყებელი

"სადღაც 12-ის ნახევარზე მივედი თბილისი მერიოტთან, სადაც ეს დაპირისპირებები დაწყებული იყო. დამხვდა აგრესიული ჯგუფი, რომლებიც დასდევდნენ ჟურნალისტებს. ჩვენ თავიდან ვერ გავიგეთ, რა ხდებოდა და დავიწყეთ ამის გადაღება, წამოვიდა აგრესია ოპერატორზე, შემდეგ ჩემზე. მე ოპერატორი დავკარგე, იმიტომ, რომ ამ ხალხის მასამ ოპერატორი სხვაგან წაიყვანა, მე — სხვაგან. როდესაც პატრულმა გვითხრა, რომ დაცულები აღარ ვიყავით და უნდა დაგვეტოვებინა ტერიტორია, დავიწყეთ რუსთაველისკენ ფეხით გადაადგილება, რა დროსაც ვიღაც მოგვივარდა და დროშის ტარი ჩამარტყა რამდენჯერმე.

რეზი ხუციშვილი

შემდეგ პატრულის ეკიპაჟმა გაგვიყვანა, იმიტომ, რომ ეს ხალხი დაგვსდევდა. როდესაც რუსთაველზე ავედით, იქაც გაგრძელდა ცემა, თუმცა იქ შედარებით მეტი პოლიცია იყო და შესაბამისად, აღარ მოგვიწია აქეთ-იქით სირბილი. იქაც დაუზიანეს რამდენიმე ტელევიზიასა და ფოტოგრაფებს ტექნიკა, თუმცა გახშირებული აღარ იყო.

ამის შემდეგ, პატრული აღარ გვაძლევდა რუსთაველზე გადაადგილების საშუალებას, რადგან ეს აგრესიული ჯგუფი მაინც რჩებოდა ახლოს. ცდილობდნენ რაღაც დაპირისპირება გამოეწვიათ, მაგრამ ჩვენ გავერიდეთ ტერიტორიას. რამდენჯერმე ჩამარტყეს და იყო შეძახილები: "რატომ იღებ", "გაეთრიე" და რაღაც უწმაწური სიტყვები".