როგორ გავუმკლავდეთ ახლობელი ადამიანის სიკვდილს
სტატიაში აღწერილი მოვლენები პირად გამოცდილებას ეყრდნობა.
სტრესისა და შფოთვის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს.
ალბათ დამეთანხმებით, რომ 20-იანი წლების დასაწყისში ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით და ფართოდ დახუჭული თვალებით აკვირდები. გგონია, რომ ცუდი არაფერი მოხდება და შენი აწყობილი ცხოვრება არასდროს შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში, მე ამის მჯეროდა.
თუმცა ჩემმა ვარდისფერმა სათვალემ რეალობასთან ბრძოლა წააგო და აგვისტოს დადგომასთან ერთად დაიმსხვრა. ბავშვობაში აგვისტო ჩემი საყვარელი თვე იყო, ის ზაფხულთან, სოფელთან და ლაღ მოგონებებთან ასოცირდებოდა, ახლა კი ის თვეა, როდესაც მე ჩემი მეგობარი დავკარგე.
ძალიან რთული იყო იმ სევდასთან გამკლავება, რომელიც ამ დანაკლისმა გამოიწვია. ვტიროდი ყველგან, სადაც შეიძლებოდა და იქაც, სადაც უხერხული იყო. ტირილს მოჰყვებოდა ნებისმიერ თემაზე ისტერიული სიცილი. ჩემს მეგობარს ვხედავდი ყველგან და ყველაფერში, ვცდილობდი მომეგონებინა მისი სუნი, ვუსმენდი მის საყვარელ მუსიკას, წერილებს ვწერდი, რომელსაც ვერსად ვერ გავაგზავნიდი. იმ მოკლე და იშვიათ მომენტში, როცა შეიძლება რაღაც გამხარებოდა, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ მე შემეძლო ისევ მეცოცხლა მას კი — აღარ.
ალბათ, ეს გრძნობა ბევრისთვის ნაცნობია, თუმცა ყველამ არ იცის, როგორ გაუმკლავდეს მას და სევდის მორევში იძირება, რომლისგან განთავისუფლებაც ძალიან რთულია. მაგრამ არსებობს ხერხები, რომელიც გვეხმარება შევეგუოთ დანაკარგს და ამ სტატიაშიც სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.
რა არის გლოვა?
გლოვა, სევდა, მწუხარება, ეს ის ემოციებია, რომლებსაც ჩვენ განვიცდით მას შემდეგ, როცა რაღაც ძვირფას ვკარგავთ. არ არის აუცილებელი სევდა გამოწვეული იყოს მხოლოდ მეგობრის სიკვდილით. შენ სევდას გრძნობ მაშინაც, როდესაც კარგავ სამსახურს, წყვეტ ურთიერთობას პარტნიორთან, ავად ხარ, რამე ტრავმას გადაიტან, მაშინაც კი თუკი შენთვის ძვირფას ნივთს ვერ პოულობ.
ეს ბუნებრივი პროცესია. ხშირად ადამიანებს გვერიდება მისი, რადგან გვგონია, რომ ჩვენი პრობლემა სერიოზული პრობლემების სპექტრში ვერ მოხვდება, მაგრამ ეს ასე არაა. არავის უნდა მივცეთ უფლება, რომ ჩვენი გრძნობები უმნიშვნელოდ ჩათვალოს, არც სხვებს და უპირველეს ყოვლისა არც საკუთარ თავს.
მითები გლოვის პროცესზე
შეიძლება გაგიგიათ მოსაზრება გლოვის 5 სტადიის შესახებ. ის 1969 წელს ფსიქიატრმა ელისაბედ კიუბლერ-როსიმა შეიმუშავა. მისი თეორიის მიხედვით, ნებისმიერი ტრავმის დროს ადამიანი გლოვის ხუთ სტადიას გადის. ესენია: უარყოფა, ბრაზი, ვაჭრობა, დეპრესია, მიღება.
ეს თეორია განსაკუთრებით ჰოლივუდშია პოპულარული, ხშირად გვხდება ის სხვადასხვა სერიალში. თუმცა რეალური ცხოვრება ძალიან განსხვავდება 20-წუთიანი სიტუაციური კომედიებისგან, სადაც ყველა პრობლემის მოგვარება ბოლო 3 წუთის განმავლობაში შეიძლება.
რეალურად ადამიანის გრძნობები ბევრად კომპლექსურია. მართალია, ეს ხუთი სტადია შეიძლება მიახლოებულია იმასთან, რასაც ვგრძნობთ, მაგრამ ადამიანები არ ვართ რომელიმე ნოველის პერსონაჟები, რომ დაწერილ სცენარს მივყვეთ და არც გლოვაა ის თავგადასავალი, რომელიც ხუთ საფეხურში გადაიჭრება.
მითია, რომ ტკივილი უფრო სწრაფად გაქრება, თუ მას უგულებელყოფ. სინამდვილეში, ტკივილის უგულებელყოფა, პირიქით გრძელვადიან პირობებში უფრო ცუდ შედეგს მოიტანს.
მითია, რომ დანაკარგის დროს აუცილებელია სიძლიერე შევინარჩუნოთ. სინამდვილეში დანაკარგის შეგრძნება, მოწყენილობა, შიში, მარტოობის გრძნობა გლოვის განუყოფელი ნაწილია. თუ ტირი ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ სუსტი ხარ. პირიქით ემოციების გამოხატვა, შენც გეხმარება და შენს გარშემო მყოფ ადამიანებსაც.
მითია, რომ გლოვა მხოლოდ 1 წელი გრძელდება. როგორც აღვნიშნეთ ადამიანები სხვადასხვანაირად განვიცდით ემოციებს. თავს უფლება უნდა მისცე, იმდენხანს იყო ცუდად, რამდენიც საჭიროა. ხოლო თუ ერთ დღესაც გაიღვიძებ და თავს კარგად იგრძნობ, არც ამის გამო იქნები დამნაშავე.
გლოვის სიმპტომები
შოკი, მწუხარება, დანაშაულის შეგრძნება, ბრაზი და შიში. ეს ის ემოციური სიმპტომებია, როდესაც ადამიანი გლოვის დროს განიცდის. მათი უგულებელყოფა არ შეიძლება და ამ პროცესში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სავსებით ნორმალურია.
გლოვას ფიზიკური სიმპტომებიც მოჰყვება, როგორიცაა დაღლილობა, გულისრევა, იმუნიტეტის დაქვეითება, წონის დაკლება ან წონის მომატება და უძილობა.
თუკი ამ ყველაფერ გრძნობ, არ გეგონოს რომ გაგიჟდი, ეს სავსებით ნორმალურია. მაგრამ, აუცილებელია რომ იმ ეტაპზე, როცა ამ ემოციებს ვეღარ უძლებ, ის ვიღაცას გაუზიარო.
გლოვა და დეპრესია
გლოვა და დეპრესია მარტივად შეიძლება აგვერიოს ერთმანეთში. მათი სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
გლოვის პროცესი ცვალებადია. თუნდაც მაშინ, როდესაც ის ძალიან ახალი და მტკივნეულია, ადამიანებს გვაქვს კარგი და ცუდი დღეები. დეპრესიის დროს სიცარიელესა და სასოწარკვეთილების გრძნობას მუდმივად განვიცდით. რა თქმა უნდა, ამას სხვა სიმპტომებიც შეიძლება დაემატოს, რომელიც კიდევ უფრო კომპლექსურია ვიდრე გლოვის პროცესი.
თავის მოვლა
დანაკარგთან გამკლავების სხვადასხვა საშუალება არსებობს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარ თავზე ზრუნვაა. ადამიანები სოციალური ცხოველები ვართ, ამიტომ უკეთესია, თუკი სევდას მხოლოდ ჩვენთვის არ შევინახავთ და სხვა ადამიანებს გავუზიარებთ ჩვენს გრძნობებს. გავწევრიანდებით სპეციალურ ჯგუფებში, ვესაუბრებით მეგობრების. გავიცნობთ ადამიანებს, რომლებსაც მსგავსი ემოციები უკვე განცდილი და გადატანილი აქვთ და რომლებსაც ჩვენი გაგება უკეთ შეუძლიათ.
აუცილებელია ასეთ მომენტში არ დავკარგოთ საკუთარი თავი. დავუბრუნდეთ ჩვენს ინტერესებს, ვაკეთოთ ისეთი რაღაცები, რაც ადრე ბედნიერებას გვანიჭებდა. თუნდაც თავიდან მათში ვერ ვპოულობდეთ შვებას, მთავარი სწორედ რომ მოძრაობაა.
ნუ გაბრაზდები იმათზე, ვისაც შენი ემოციების არ ესმით. ადამიანები, ხშირად უხერხულად გრძნობენ თავს, როცა ვინმეს დამშვიდებას ცდილობენ. არ იცინ რა სიტყვები გამოიყენონ, ან როგორ აგრძნობინონ სხვებს თავი კარგად. ეს მათი დანაშაული არაა. ეცადე მიიღო ეს ფაქტი და არ გამოიყენო ის მარტო დარჩენის და ასოციალურობის მიზეზად.
საყვარელი ადამიანი დაკარგვა ყოველთვის ძალიან მტკივნეული და ემოციურია. ეს ტრავმა დიდხანს არ გვავიწყდება. თუმცა, მერწმუნე, თუკი სწორ მიმართულებას აიღებ, არ მოგერიდება დახმარების თხოვნა და შეეცდები ამ სევდას საკუთარი თავის კრიტიკის და განსჯის გარეშე შეებრძოლო, ერთ დღეს გაიღვიძებ და მიხვდები, რომ ცხოვრება გრძელდება. რა თქმა უნდა, შვება ერთბაშად არ მოდის, ეს დიდი და ხანძლივი პროცესია, რომელსაც ენერგია და ბრძოლა სჭირდება.
ჩემი მეგობარი ხშირად ამბობდა, რომ ადამიანი ორჯერ კვდება, ერთი ფიზიკურად, ხოლო მეორედ მაშინ, როცა მას აღარავინ იხსენიებს. იმისთვის, რომ შენთვის ძვირფასი ადამიანის მეორე სიცოცხლე ხანგრძლივი იყოს, აუცილებელია, რომ უპირველესყოვლისა საკუთარ თავს გავუფრთხილდეთ. საყვარელი ადამიანის დაკარგვისგან გამოწვეული სევდა საბოლოოდ არასდროს ქრება. იგი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ დროთა განმავლობაში უნდა შევძლოთ ცხოვრების გაგრძელება და მოგონებების ხელახლა გახსენება ისე, რომ ტკივილისა და სევდის მორევში არ ჩავიძროთ.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
კომენტარები