მსოფლიო ოკეანეებში ასობით გიგანტური ვირუსი აღმოაჩინეს

ფოტო: Scientific Reports
მაიამის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა დედამიწის ოკეანეებში აქამდე უცნობი 230 გიგანტური ვირუსი აღმოაჩინეს. ასეთი ვირუსები ჩვეულებრივზე ბევრად დიდია და ზომით ტიპურ ბაქტერიებსაც აღემატება. სწორედ ამის გამო ეწოდება მათ "გიგანტური".
მკვლევრების თქმით, ეს მიგნება გიგანტური ვირუსებისა და წყალმცენარეების ან ოკეანეში მცხოვრები სხვა მიკრობების ურთიერთობის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება. ასევე, მათ ფუნქციებს — მაგალითად, ახალ ფერმენტებს — შესაძლოა, ბიოტექნოლოგიური პოტენციალი ჰქონდეს.
ახალი გიგანტური ვირუსების ზომა დაახლოებით 2 მიკრონია, ანუ სისხლის წითელი უჯრედის 1/4-. რა თქმა უნდა, ეს გასაოცარი სიდიდე არაა, მაგრამ ვირუსების სამყაროში მართლაც უზარმაზარია, ვინაიდან იქ ასეთი ნაწილაკების ზომა 0.4 და 0.02 მიკრონიც კია. მათგან განსხვავებით, ახალი ვირუსები უფრო მეტ გენეტიკურ ინფორმაციას შეიცავს. კერძოდ, გენომებში ნუკლეინის მჟავის 2.5 მილიონამდე ბაზური წყვილი შეიძლება იყოს, როცა ჩვეულებრივ ეს რაოდენობა ათობით ათასია.
რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, გიგანტური ვირუსები მეცნიერებს 1980-იან წლამდე სწორედ ასეთი სიდიდის გამო არ შეუმჩნევიათ. საქმე ისაა, რომ ტრადიციული მეთოდით მსგავს ნაწილაკებს სპეციალურ ფილტრში ატარებენ, რომლის "ფორებიც" 200-ნანომეტრიანია, ანუ მიკრონზე პატარა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გიგანტური ვირუსებით ადამიანები და ცხოველები, როგორც წესი, არ ინფიცირდებიან. ეს პათოგენები ძირითადად პროტისტების ტიპის მიკროორგანიზმებს უტევს, როგორებიც წყალმცენარეები და ამებები არიან. პირდაპირი საფრთხის არარსებობის გამო მათ ისე აქტიურად ვერ იკვლევენ (ამისთვის ფინანსები იშვიათადაა გამოყოფილი), თუმცა უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ გლობალურ ეკოლოგიურ სისტემაში ამ ნაწილაკებს მნიშვნელოვანი როლი აქვს.
"აღმოვაჩინეთ, რომ გიგანტურ ვირუსებში არის გენები, რომლებიც ნახშირბადის გადამუშავებისა და ფოტოსინთეზის მსგავს უჯრედულ ფუნქციებში მონაწილეობს. ტრადიციულად, ისინი მხოლოდ უჯრედულ ორგანიზმებში გვხვდება. ეს მიანიშნებს, რომ გიგანტური ვირუსები ინფიცირებისას მასპინძელი არსების მეტაბოლიზმზე ზემოქმედებს და ოკეანეების ბიოგეოქიმიურ მახასიათებლებზე აქვს გავლენა", — აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, ბენჯამინ მინჩი.
ახალი ნაშრომი გამოცემაში npj viruses გამოქვეყნდა.
კომენტარები