სოციალური ქსელის გიგანტის განცხადებით, ქართულ მარშთან დაკავშირებულ ქსელში 70 აქტივი იყო ჩართული. კერძოდ: 24 Facebook გვერდი, 12 ჯგუფი, 23 პირადი ანგარიში და 11 ინსტაგრამ პროფილი.

ფეისბუქის გადაწყვეტილება ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის ანგარიშს ეყრდნობა. სწორედ DFRLab-ის გამოძიებამ გამოავლინა, არაავთენტური ქსელი, რომელიც ქართული მარშისა და პრო-სახელისუფლებო მედია საშუალების, POSTV-ის რეკლამირებას ეწეოდა. დეტალურად ამის შესახებ მათ ანგარიშში ვკითხულობთ.

ფეისბუქგვედები

როგორც უკვე აღვნიშნეთ წაშლილია 24 გვერდი, რომელთა შორის პარტიის ოფიციალური და ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი შიხიაშვილის არააქტიური [არამოქმედი] გვერდიცაა.

წაიშალა მარში TV-ც, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე შეიქმნა და პარტიასთან დაკავშირებულ მაუწყებლობად მიიჩნევა. DFRLab-ის ინფორმაციით, ეს გვერდი აზიარებდა მასალას ქართული მარშის ოფიციალური ფეიჯიდან, ასევე, მართავდა საჯარო ჯგუფებს — საგიჟეთი, ღამურები, შერეკილები და ყიდვა გაყიდვა საქართველოში. მათივე განცხადებით, ფეისბუქფეიჯის შინაარსს არეკლამებდა ბექა კვიციანი, რომელიც კრემლთან დაკავშირებული დეზინფორმაციული გამოცემის, News Front Georgia-ს ერთ-ერთი ავტორია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართული მარში აძლიერებდა სენტიმენტებს დავით გარეჯის საკითხზე, აქციებითა თუ მოწოდებებით და ასპონსორებდა ამ საკითხთან დაკავშირებულ პოსტებს.

ფოტო: Facebook ads library / RFE/RL

ორგანიზაციის განცხადებით, ფეისბუქმა, ასევე, წაშალა ფოტოგრაფთან და ვიდეობლოგერთან, გიორგი (ჯორჯ) თორელთან დაკავშირებული გვერდები. DFRLab-მა 2020 წლის ანგარიშშიც აღნიშნა, რომ თორელთან დაკავშირებული ქსელი ქართული მარშისა და POSTV-ის კონტენტის პოპულარიზაციას ეწეოდა.

"თორელის ქსელის გვერდებზე წარმოდგენილი იყო ისეთი ზოგადი ხასიათის თემები, როგორიცაა გაყიდვები, მარკეტინგი, მოგზაურობა, ფოტოგრაფია, კინო და გართობა. სინამდვილეში ისინი კოორდინირებულად უწევდნენ პოპულარიზაციას ქართული მარშისა და POSTV-ის კონტენტს საკუთარ ფეისბუქ თაიმლაინებზე და დაკავშირებულ ჯგუფებთან", — წერია ანგარიშში.

აქვე აღნიშნულია, რომ წინა ანგარიშის შემდეგ ქართული მარშის ლიდერი, გიორგი გაბედავა ამტკიცებდა, რომ თორელი ვიდეოებს მხოლოდ მასთან მეგობრობის და პარტიის მხარდაჭერის მიზნით აზიარებდა. თუმცა, DFRLab-ის განცხადებით, წინა კვლევის შემდეგ, თორელის ქსელში შემავალ გვერდებზე ქართული მარშისა და POSTV-ის პოპულარიზაციის ხელშემწყობი პოსტები აღარ გავრცელებულა.

ფოტო: Facebook

ამ ქსელში შედიოდა ცნობილი მემარჯვენე გვერდი წინააღმდეგობა • Resistance და გათბობის სისტემები — "ბეგიო" / Boil Systems — "BeGio", რომელიც ადრე რუხი კარდინალის სახელით იყო ცნობილი. ამავე ქსელში იყო ცოტა ხნის წინ შექმნილი გვერდი CoronaVirus News.

ანგარიშები

რაც შეეხება ქსელიდან წაშლილ 23 ანგარიშს, მათგან 9 ინტერნეტიდან სხვის ფოტოებს იპარავდა და სავარაუდოდ, არაავთენტური იყო. ორგანიზაციის განცხადებით, ეს იგივე ყალბი ანგარიშებია, რომლებიც კოორდინირებულად აზიარებდნენ ქართული მარშთან დაკავშირებულ კონტენტს. წაშლილი ანგარიშებიდან 2 ფეისბუქსზე წერდა, რომ ქართული მარშის PR მენეჯერია.

ფოტო: Facebook / Google Images/ Yandex

ფოტო: Facebook

ორგანიზაციის განცხადებით, ზოგიერთი ანგარიში, რომელიც ქართულ მარშს არეკლამებდა, ამავდროულად POSTV- სა და ამავე არხის მფლობელისა და წამყვანის, შალვა რამიშვილის პოსტებს აზიარებდა.

"ამ ქსელის ერთ-ერთმა წევრმა POSTV-ის ვიდეო გაავრცელა, რომელიც ქართულ მარშთან დაკავშირებულმა გვერდმა, Georgian March Ball-მა, ანტილიბერალურ ჯგუფებში გამოაქვეყნა, როგორიცაა ქართული მარში — ეროვნული მოძრაობის მხარდამჭერთა ჯგუფი და ანტილიბერალური სივრცე", — ვკითხულობთ ანგარიშში.

კვლევის მიხედვით, ამ ქსელიდან 3 ანგარიში შენიღბული იყო ზოგადი სახელწოდებით დასაქმების აგენტი, ქართველი ემიგრანტები, თბილისი და საქართველო. მათივე თქმით, სხვა წაშლილი ანგარიშები უკავშირდებოდა გიორგი თორელს.

ფეისბუქჯგუფები

წაშლილი 12 ფეისბუქჯგუფს, რომელთა ნაწილი დახურული იყო, 10 500 წევრი ჰყავდა. ორგანიზაციის განცხადებით, პოსტების უმეტესობას ცოტა გამოხმაურება ჰქონდა, ზოგიერთს კი საერთოდ ნოლი.

გვერდების მსგავსად, ჯგუფებშიც ყალბ სახელებს იყენებდნენ და უთითებდნენ, რომ აპოლიტიკურ თემებზე იყვნენ ფოკუსირებულნი, მაშინ, როცა ქართული მარშის პოლიტიკური შინაარსის მასალასაც აქვეყნებდნენ.

ორგანიზაციის განცხადებით, 12-დან მხოლოდ 2 ჯგუფი პოზიციონირებდა ქართული მარშის მხარდამჭერად.

მათივე თქმით, აწ უკვე წაშლილი ქართული მარში — ეროვნული მოძრაობის მხარდამჭერთა ჯგუფის წევრები აძლიერებდნენ ნეგატიურ განწყობებს თურქეთის მიმართ და კრემლის ტაქტიკის შესაბამისად, ყურადღება გადაჰქონდათ რუსული საფრთხეებიდან პარტნიორ ქვეყანაზე. ასევე, მხარს უჭერდნენ ულტრანაციონალური ჯგუფის Alt-Info-ს პოპულარიზაციას, რომლებიც ანტიდასავლურ და ჰომოფობიურ ნარატივებს ავრცელებდნენ. მათი ქსელი ფეისბუქმა წინა წმენდისას წაშალა.

ფოტო: Facebook

კვლევამ გამოავლინა ჯგუფი შავი ღრუბელი, რომელიც სპეციალურად იმისთვის შეიქმნა, რომ ლიბერალური Facebook გვერდების დასარეპორტებლად ხალხის კოორდინირებული მობილიზება უზრუნველეყო. ეს დასტურდება ჯგუფის აღწერითაც.

ფოტო: Facebook

ინსტაგრამის ანგარიშები

წაშლილ ინსტაგრამანგარიშებს შორის რამდენიმე ქართული მარშის წევრებს ეკუთვნოდა. იმავე ხალხს, ვისი ანგარიშებიც ფეისბუქზე წაიშალა.

კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ გიორგი თორელის ფოტოები ატვირთული იყო 4 ანგარიშზე, თუმცა სხვადასხვა სახელებით. ასევე, 2 ანგარიში პოზიციონირებდა, როგორც გასართობი პლატფორმა, თუმცა ისინი DFRLab-მა მანამდეც გამოავლინა, როგორც თორელის ქსელის ნაწილი.

ფეისბუქის ბრძოლა არაავთენტურ და კოორდინირებულ ქსელებთან

ეს არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევაა, როცა ფეისბუქი არაავთენტურ და კოორდინირებულ ქსელს შლის. ფეისბუქის თითქმის ყველა "წმენდისას" საქართველო არც თუ ისე სახარბიელო ნიშნით თავს იჩენს. წინა წლებში იგივე ბედი ეწია ქართული ოცნების, ნაციონალური მოძრაობის, პატრიოტთა ალიანსის, კოკა ყანდიაშვილის, სარეკლამო კომპანია პანდას და Alt-info-ს ქსელებს.

კომპანიის განცხადებით, 2021 წლის მარტში 11 ქვეყნის 14 ქსელი წაშალეს. საქართველოს გარდა, ფეისბუქმა ქსელები წაშალა ალბანეთში, ირანში, არგენტინაში, ესპანეთში, ისრაელში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. კომპანია აცხადებს, რომ ინფორმაცია უკვე გაუზიარეს პოლიტიკოსებს, სამართალდამცავ ორგანოებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს შესაბამის ქვეყნებში.