DFRLab-მა აღმოაჩინა არაავთენტური ქსელი, რომელიც ულტრანაციონალისტური, ძალადობრივი პოლიტიკური პარტიის, ქართული მარშისა და პროსახელისუფლებო მედიაპლატფორმის, პოსტივის კონტენტის გასავრცელებლად გამოიყენებოდა. ქსელი გასართობი და შოპინგის პლატფორმების სახელით იყო შენიღბული და 30 ფეისბუქ ჯგუფს, 30 ფეიჯსა და 10 პერსონალურ ანგარიშს მოიცავდა.

ქართული მარშის გზა პოლიტიკურ პარტიამდე

ულტრანაციონალისტური, პრორუსული, ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ძალადობრივი მოძრაობა ქართული მარში 2017 წელს დაარსდა, 2020 წლის ზაფხულში კი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნა. 2017 წელს ქართულმა მარშმა "არალეგალური მიგრანტების ქვეყნიდან გასაყრელად" ქსენოფობიური მსვლელობა გამართა. ჯგუფის მთავარი სამიზნეები ლგბტ თემის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ადამიანები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი კრემლთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს, ესტონური საგარეო დაზვერვის ანგარიშში წერია, რომ ქართული მარში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი "ქოლგა ორგანიზაციაა" ექსტრემისტული მოძრაობების კოორდინაციისათვის, რომლებიც ე.წ ტრადიციულ ღირებულებებს იცავენ. ქართულ მარშს მჭიდრო კავშირები აქვს პრორუსულ აქტორებთან, მათ შორის, პრიმაკოვთან და მილიონერ ლევან ვასაძესთან, რომელიც ულტრამემარჯვენე ძალების ერთ-ერთი ლიდერია. ვასაძე, თავის მხრივ, დაკავშირებულია ალექსანდრ დუგინთან, გეოპოლიტიკის "ექსპერტთან", რომელიც თავისი ფაშისტური შეხედულებებითა და პუტინთან მეგობრობით არის ცნობილი (მას პუტინის ტვინსაც უწოდებენ). DFRLab-ის კვლევამ ასევე გამოავლინა ქართული მარშის კავშირები News Front-თან, კრემლის მიერ მხარდაჭერილ დეზინფორმაციულ საიტთან, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მოსკოვის პოლიტიკას ატარებს.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკური ექსპერტები უკვე დიდი ხანია, რაც მმართველ პარტიასთან ქართული მარშის კავშირებზე საუბრობენ. ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე 2016 წლამდე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო. გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის, Ifact-ის თანახმად, სანდრო ბრეგაძის ნათესავები 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ქართულ ოცნებას ფულს სწირავდნენ. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ ქართული ოცნება ქართული მარშისგან მომავალ საფრთხეებს სათანადოდ ვერ აფასებს და მას ლიბერალური ჯგუფებისა და დემოკრატიული აქტივისტების დასაშინებლად იყენებს. მსგავსი შემთხვევები ყველას ახსოვს, ვინც საქართველოში სამოქალაქო პროტესტის ისტორიას თვალს ადევნებს: 2018 წლის თეთრი ხმაურის აქციები, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული, სწორედ აგრესიული ძალებისგან მომავალი საფრთხის გამო დაიშალა. იგივე ბედი ეწია 2018 წლის 17 მაისს ჩანიშნულ ლგბტ უფლებების დასაცავ აქციას.

პროსახელისუფლებო გამოცემა, რომელიც დეზინფორმაციული კამპანიებითაა ცნობილი

ხელისუფლებასთან აფილირებული ტელევიზია POSTV 2018 წლიდან მაუწყებლობს. მისი ყოფილი თანამფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი, ლაშა ნაცვლიშვილი ახლა ქართული ოცნების კონსულტანტია საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. პოსტივის კიდევ ერთი მთავარი სახე, მფლობელი და წამყვანი შალვა რამიშვილი ხშირად ესხმის თავს კრიტიკულ მედიაგამოცემებს, სამოქალაქო აქტივისტებს, არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციურ პარტიებს და არ მალავს, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერია. 2005 წელს შალვა რამიშვილი $100 000-ის გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს. 2018 წელს კი დამნაშავედ სცნეს თანამშრომლის, თათია სამხარაძის სექსუალურ შევიწროებაში. ამის მიუხედავად, ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ღიად გამოუხატავს სიმპატია მის მიმართ.

POSTV აქტიურად იყო ჩართული 2019 წლის ივნისში მიმდინარე აქციების მონაწილეებისა თუ ლიდერების დისკრედიტაციის კამპანიაში. მაგალითად, 2019 წლის ნოემბერში გამოცემამ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს აქციის მონაწილეებმა სასწრაფოს მანქანა შეაფერხეს, რის გამოც პაციენტი დაიღუპა. დეზინფორმაცია მალევე აიტაცეს პროსახელისუფლებო გვერდებმა თუ წვრილ-წვრილმა გამოცემებმა. ამბის სიყალბე მალევე დაამტკიცეს ადგილობრივმა ფაქტ-ჩეკინგ ორგანიზაციებმა.

როგორ მუშაობს აღმოჩენილი ქსელი?

DFRLab-მა არაავთენტურ ქსელში ჩაბმული 29 გვერდი შეისწავლა. მათი ჯამური აუდიტორია 98 000-ზე მეტი იყო, თუმცა პოსტებს დიდი გამოხმაურება არ ჰქონდა. ეს ციფრული აქტივები, ქვემოთ ჩამოთვლილ ჯგუფებთან ერთად, ფოტოგრაფ და ვიდეობლოგერ George Toreli-სთან იყო დაკავშირებული.

Facebook გვერდებს ერთი შეხედვით ზოგადი ხასიათი ჰქონდა, მაგალითად ონლაინ გაყიდვები და მარკეტინგი, მოგზაურობა, ფოტოგრაფია, ფილმები და გართობა. რეალურად კი, ისინი ქართული მარშისა და პოსტივის კონტენტს არეკლამებდნენ და ჯგუფებში კოორდინირებულად აზიარებდნენ.

ფეისბუქგვერდები, რომლებიც თითქოსდა გასართობი კონტენტის გასავრცელებლად შეიქმნა, კოორდინირებულად ავრცელებს ქართული მარშისა და პროსახელისუფლებო POSTV-ის მასალებს.

ფოტო: Facebook

ქსელში არსებული გვერდები POSTV-სა და ქართული მარშის პოსტებს თითქმის ერთსა და იმავე დროს, სისტემატურად აზიარებდნენ, ეს ტენდენცია იმდენად ხშირად მეორდებოდა, რომ ეს ან ამ გვერდების ტექნიკურ, ან ოპერაციულ კოორდინაციაზე მიუთითებს.

მასალები ერთმანეთის მიყოლებით, კოორდინირებულად ვრცელდება ქსელში არსებულ სხვადასხვა ფეისბუქგვერდზე.

ფოტო: Sopo Gelava/DFRLab via CrowdTangle

ქსელის ერთ-ერთი გვერდი, მარში TV 2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა. გვერდი დაკავშირებული იყო ქართულ მარშთან და ერთ-ერთ ბოლო პოსტში მაუწყებლობას აანონსებდა. ფეისბუქ გვერდი ასევე აზიარებდა პოსტებს ქართული მარშის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან და მართავდა ფეისბუქის ორ საჯარო ჯგუფს: საგიჟეთი, ღამურები, შერეკილები და ყიდვა გაყიდვა საქართველოში.

მარში TV-ის მაუწყებლობის დაწყების ანონსი აქტიურად გაზიარდა ქსელის გარეთ მრავალ ჯგუფში. სიახლეს ბექა კვიციანი ავრცელებდა, რომელიც ფაქტების გადამმოწმებელი ქართული ორგანიზაციის, მითების დეტექტორის მიხედვით, კრემლთან დაკავშირებული დეზინფორმაციული ონლაინ მედიის, ნიუს ფრონტ ჯორჯიას ავტორია. კვიციანი საჯაროდ გამოხატავდა ქართული მარშის მიმართ მხარდაჭერას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

ბექა კვიციანი კრემლთან დაკავშირებული მედიის, News Front Georgia-ს ავტორია და ის ქართული მარშის პოპულარობის გაზრდას სხვადასხვა ჯგუფში ცდილობს.

ფოტო: Facebook

ქსელის მორიგი გვერდია The best Shoes Fabric, "საუკეთესო ფეხსაცმლის ფაბრიკა", რომელიც თავს სპორტული ფეხსაცმლის გამყიდველ გვერდად წარმოგვიდგენს. თუმცა, ამ გვერდმა ვერ შეძლო საფუძვლიანად დაემალა თავისი კავშირი ტროლების ქსელთან. იმის მიუხედავად, რომ ფეხსაცმელებს უწევს რეკლამირებას, გვერდი წარმოდგენილია "ინტერნეტ ტელევიზიის" კატეგორიაში, ხოლო მისი ID არის marshitv1 (March TV-ის ფეისბუქგვერდის მსგავსი, რომლის ID არის marshitv).

ფეისბუქგვერდი "გვერდის შესახებ" არსებული სექციიდანაცაა დაკავშირებული ქართულ მარშთან, სადაც ნეონაცისტური, ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ძალადობრივი პოლიტიკური ორგანიზაციის ვებგვერდია გალინკული. ფეისბუქის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტა კი ეკუთვნოდა გიორგი თორელს, რომელიც ქსელის სხვა გვერდების საკონტაქტო წყაროდაც იყო წარმოდგენილი. The best Shoes Fabric ასევე ადმინისტრატორად იყო მითითებული ჯგუფებზე, რომლებიც PosTV-სა და ქართული მარშის პოპულარობის გასაზრდელად იყო შექმნილი.

The best Shoes Fabric თავს ონლაინ გაყიდვების გვერდად წარმოაჩენდა, მაგრამ მითითებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ის ქსელის სხვა გვერდებთან იყო კავშირში.

ფოტო: Facebook

გვერდი აქვეყნებდა არამარტო სპორტული ფეხსაცმლის ფოტოებს, ასევე პოლიტიკური შინაარსის კონტენტსაც, რომლითაც ქართულ მარშს უწყობდა ხელს.

ფოტო: Facebook

ფეისბუქის ანგარიშები

ქსელი ასევე მოიცავდა რამდენიმე პერსონალურ ანგარიშს, რომელიც ქართული მარშისა და POSTV-ის პოსტებს აზიარებდა. მათ შორის არაავთენტური ანგარიშებიც იყო, რომელთა პროფილის ფოტოებიც ინტერნეტიდან იყო მოპარული. ამ ანგარიშებიდან ორი თავს ქართული მარშის PR მენეჯერებად წარმოადგენდა.

ქართული მარშისა და POSTV-ის აუდიტორიის გასაზრდელად შექმნილი ჯგუფების ადმინისტრატორები იდენტობის გამოსახატად მოპარულ ფოტოებს იყენებდნენ.

ფოტო: წყაროები: Facebook; Google Images; Yandex.

ქართულ მარშთან დაკავშირებული გვერდებიდან ყალბი ანგარიშები კოორდინირებულად აზიარებდნენ სხვადასხვა შინაარსის ინფორმაციას.

ფოტო: Facebook

Facebook ჯგუფები

ქსელში არსებულ ფეისბუქის 30 ჯგუფს, რომელთა ნაწილიც დახურული იყო, ჯამში 40 000 წევრი ჰყავდა. პოსტებზე აუდიტორიის ჩართულობა დაბალი იყო და ხშირად, მომხმარებელთა აქტიურობა 0-ის ტოლიც კი იყო.

გვერდების მსგავსად, ჯგუფებიც იყენებდნენ შეცდომაში შემყვან სათაურებს, თითქოს ისინი აპოლიტიკურ თემებზე იყვნენ ფოკუსირებულნი, მოგვიანებით კი ამ ჯგუფებში თავმოყრილ აუდიტორიას ქართული მარშისა და POSTV-ის პოლიტიკური შინაარსის ინფორმაციას სთავაზობდნენ.

წარმოდგენილი ჯგუფებიდან ერთ-ერთი — Space For Female Talk, იგივე სახელწოდების პოპულარულ ქართულ ჯგუფად წარმოაჩენს თავს. მის სიყალბეს მახვილი თვალი მალევე შეამჩნევს, რადგან თვითმარქვია ჯგუფის სათაურის ქართულ ნაწილში "საუბარებისთვის" წერია.

ფეისბუქ ჯგუფების შეცდომაში შემყვანი სახელებით მომხმარებლებს თავს აჩვენებდნენ, რომ ამ ჯგუფებში ისეთ არაპოლიტიკურ თემებს გაეცნობოდნენ, როგორიცაა ვაკანსიები, ონლაინ შოპინგი, კერძების რეცეპტები და ა.შ.

ფოტო: წყარო: Facebook

ქართული მარშის ინფორმაციის პოპულარიზება ერთ-ერთ ჯგუფში.

ფოტო: Facebook

POSTV-ის პოლიტიკური შინაარსის კონტენტის პოპულარიზება ერთ-ერთ ჯგუფში.

ფოტო: წყარო: Facebook

ამ ჯგუფების დიდ ნაწილს ერთი და იგივე ადმინისტრატორები მართავდნენ და მათ შორის იყვნენ ზემოთ განხილული ფეისბუქგვერდები და ანგარიშები.

ქსელში შემავალი ოთხი სხვადასხვა ჯგუფის საერთო ადმინისტრატორები.

ფოტო: Facebook

მაგალითად, ფეისბუქგვერდი The best Shoes Fabric ჯგუფების საერთო ადმინისტრატორი იყო, ასევე ქსელში შემავალ ორ საჯარო ჯგუფს, საგიჟეთი ღამურები შერეკილები და ყიდვა გაყიდვა საქართველოშის ფეისბუქგვერდი March TV-ის მართავდა.

ქსელში შემავალი მრავალი ჯგუფის ადმინისტრატორი ასევე იყო ნინო ადამაშვილი, რომელიც POSTV-ზე გასართობი შინაარსის გადაცემის წამყვანია. ადამაშვილის ანგარიში ფეისბუქგვერდებთან, The best Shoes Fabric და March TV ერთად მართავდა შემდეგ ჯგუფებს: საგიჟეთი ღამურები შერეკილები, MyMarket ყიდვა გაყიდვა და სოციალური მედია მარკეტინგი. ამ ჯგუფებში, ადამაშვილი პოპულარიზაციას უწევდა POSTV-ის პოლიტიკური შინაარსის კონტენტსაც.

POSTV-ის პროგრამის ერთ-ერთი წამყვანი ნინო ადამაშვილი.

ფოტო: წყარო: Facebook

ადამაშვილი ასევე მართავდა მინიმუმ შემდეგ ორ ჯგუფს: საქართველო — GEORGIA და ქართული სიმღერები. ეს ჯგუფებიც მომხმარებლების შეცდომაში შესაყვანად იყო შექმნილი. პირველი ჯგუფის გახსნის თარიღი 2020 წელია და მას თავდაპირველად "შევაჩეროთ კორონავირუსი საქართველოში" ერქვა, მას სახელი საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს, 30 ოქტომბერს გადაერქვა და საქართველო — GEORGIA ეწოდა. მეორე ჯგუფი, მისი სახელით ქართულ მუსიკას უნდა სთავაზობდეს მომხმარებელს, თუმცა, ამის ნაცვლად, POSTV-ის პოლიტიკურ კონტენტს აზიარებს.

POSTV-ის წამყვანი ნინო ადამაშვილი სხვა ჯგუფების ადმინისტრატორიცაა. ქვემოთ და მარჯვნივ ხედავთ მისი ერთ-ერთი ჯგუფისთვის სახელის შეცვლის ისტორიას.

ფოტო: Facebook

ქსელში შემავალი ჯგუფების ნაწილი, ხშირად, ერთმანეთის ანალოგიურია და ერთი და იმავე სახელის სხვადასხვა ვარიაციას იყენებს.

ფოტო: Facebook

რომ შევაჯამოთ, ქსელი დაუფარავად გამოხატავდა როგორც არაავთენტური, ისე კოორდინირებული ქცევის ინდიკატორებს მასში შემავალი ანგარიშებით, გვერდებითა და ჯგუფებით. როგორც ჩანს, მისი მთავარი სტრატეგია შეცდომაში შემყვანი, აპოლიტიკური სახელებით აუდიტორიის მოზიდვა, ხოლო შემდეგ, შეუმზადებლად, მათთვის POSTV-სა და ქართული მარშის კონტენტის გაზიარება იყო.


ატლანტიკური საბჭო მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიაც "გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაა". ატლანტიკური საბჭო მსოფლიო მოვლენებში აშშ-ის ჩართულობის გაზრდითა და პარტნიორებთან მუშაობის გზით გლობალური გამოწვევებისთვის გამოსავალს ეძებს.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია იდენტიფიცრებას უკეთებს და ააშკარავებს დეზინფორმაციას მსოფლიოს გარშემო, რითაც ღია კვლევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

სტატია On.ge-მ მოამზადა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია DFRLab და On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.