"7 წლის ვიყავი, როცა ძმამ პირველად გამაუპატიურა" — რას ყვებიან ძალადობის მსხვერპლი ქალები
დღეს ათასი მშობლის მარში გაიმართა, სადაც წაიკითხეს 7, 10, 11 და 15 წლის ბავშვების ისტორიები, რომლებიც ძმის, ნეთესავის, მეზობლის, მეგობრის მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლები გახდნენ. ისინი, უმეტესად, მარტონი იყვნენ და ბევრს ძალადობის შესახებ არავისთვის მოუყოლია, ბევრის ხმა კი აქციაზე სხვა ქალებმა გააჟღერეს.
"ჩემი ძმა ღამით ჩემს საწოლში გადმოვიდა და ჩემი გაუპატიურება სცადა"
7 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი ძმა ღამით ჩემს საწოლში გადმოვიდა და ჩემი გაუპატიურება სცადა. მაშინ არც ვიცოდი საერთოდ, რა არის სექსი და ვერც ვიაზრებდი, რას აკეთებდა. დილით ჩემს თავს დავაჯერე, რომ ეს უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო და სხვა არაფერი. დაახლოებით, ერთი კვირის შემდეგ, როცა მარტო დავრჩი, გამაუპატიურა. ვეხვეწებოდი რომ გაჩერებულიყო, მაგრამ არ მისმენდა, იმ დღიდან ჩემი ცხოვრება გადაიქცა ნამდვილ ჯოჯოხეთად. ყოველდღე, სისტემატიურად ძალადობდა.
მე უსუსური ბავშვი ვიყავი, არც ვიცოდი, როგორ უნდა გამეჩერებინა. 8 წლის ასაკში იმდენად ყელში ამომივიდა ეს ყველაფერი, რომ თვითმკვლელობა ვცადე. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, გადავრჩი. სულ რამდენიმე ტყუილით გამოვძვერი, ისე რომ ვერავინ მიხვდა ჩემს ჩანაფიქრს.
ეს ჯოჯოხეთი 5 წელი გრძელდებოდა და ასე ვიცხოვრე. ხმას ვერ ვიღებდი. იმიტომ, რომ მრცხვენოდა, მეგონა, არავინ დამიჯერებს-მეთქი, მიუხედავად ყველაფრისა, მეცოდებოდა ეს ჩემი ძმა. თავში ვიკლავდი ყველაფერს, ვიკრებდი ძალას და ეზოში გავდიოდი თოჯინებით სათამაშოდ. ჩემი ძმა 4 წელია არ შემხებია, მაგრამ დიდი და მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა დამიტოვა. სულ, სულ მგონია, რომ ვიღაც დამყვება. სულ, სულ მგონია, რომ ეს ყველაფერი ისევ განმეორდება, არ მშორდება ეს შიშები და ასე ცხოვრება ძალიან გაუსაძლისია. დღეს ჩემს ძმას ჰყავს ცოლიც და შვილიც. ლამაზი ოჯახი ჰყავს და ბედნიერად ცხოვრობს, მე კი წამით ვერ ვიცილებ ამ საშინელ ფიქრებს".
"კლასელი გოგოები მოძალადე ბიჭებთან იყვნენ შეკრულნი"
"სკოლაში აჯაჯულ-დაჯაჯული დავდიოდი, არც ვიპრანჭებოდი და არც ბიჭების ყურადღების მიქცევას ვცდილობდი. ჩემთვის ვიყავი, კლასელ გოგოებთანაც დიდად ვერ ვპოულობდი საერთო ენას. ერთ დღესაც, როდესაც სკოლიდან შინ ვბრუნდებოდი, კლასელი გოგოები გადამეკიდნენ, შენთან წამოვალთ, ვიმეცადინოთ და თან ცოტაც დავლიოთო. მშობლებიც არ შეგვაწუხებენო. დედაჩემი საბერძნეთში იყო წასული, მამა არ მყავს. განსაკუთრებით არ ვმეგობრობდით, მაგრამ თხოვნაზე უარი აღარ ვუთხარი.
თურმე კლასელი გოგოები მოძალადე ბიჭებთან იყვნენ შეკრულები. ჩემთან ამოსულებმა რაღაც სასმელი დამალევინეს, რომელმაც სრულიად გამაბრუა, შემდეგ გოგოებმა ჩემი სახლი დატოვეს და ბიჭები ამოვიდნენ. სამნი იყვნენ, გამაუპატიურეს. ეს კოშმარი არასდროს დამავიწყდება. ბურანში ვიყავი, ყველაფერს ვგრძნობდი, მაგრამ შეწინააღმდეგება არ შემეძლო".
"მეგობრის მამამ ხელის მოსმაც იცის თეძოებზე. თან ისე იქცევა, თითქოს ამას მამობრივი მზრუნველობით აკეთებდეს"
"გოგოები ხშირად მივდივართ ჩვენს მეგობართან სახლში. მეგობრის მამა, როგორც თავის შვილებს, ისე გვექცეოდა პატარაობიდანვე და ძალიან გვიყვარდა, მაგრამ როცა უკვე გავიზარდეთ, გარკვეულ უხერხულობას ვგრძნობდი მასთან პირად ურთიერთობაში. ერთხელ, გოგოებს გავუზიარე და ყველამ იგივე დამიდასტურა. უცნაურია ამ კაცის ქცევები. მაგალითად, გთხოვს კალთაში ჩაუჯდე და მასთან ერთად სელფი გადაიღო. ამ დროს ხშირად ტრუსითაა, არადა უარის თქმაც გვრცხვენია, ხელის მოსმაც იცის თეძოებზე, თან ისე იქცევა, თითქოს ამას მამობრივი მზრუნველობით აკეთებდეს. ერთხელ ისიც გვითხრა, კალთაში თუ ჩამიჯდებით, ფულს მოგცემთო.
ახლა უკვე თავს ვარიდებთ მასთან სტუმრობას, უკვე დიდები ვართ და შეგვიძლია ამოვიცნოთ პედოფილიის ნიშნები, ხმამაღლა ამაზე ვერავისთან ვისაუბრებთ. ჯერ ერთი, მისი ცოლი გვეცოდება, მერე ფაქტია, რომ არავინ დაგვიჯერებს და ისევ თავქარიან თინეიჯერებს დაგვბრალდება — თქვენ გეჩვენებათ და გარყვნილები თქვენ ხართო. თავის წრეში ძალიან დაფასებული კაცია და ჩვენ ვინ დაგვიჯერებს მართლა".
"მამაჩემის მეგობარი კაცი იყო, ნასვამი. დაიხარა და ტუჩებში დამიწყო კოცნა"
"15 წლის ვიყავი, ჩემს ოთახში მეძინა, ოჯახში სუფრა იყო და მთელი "თბილისური ელიტა" ჰყავდა მამაჩემს დაპატიჟებული, თავის მომღერლებიანად. პერიოდულად ხმამაღალი სიმღერები მაღვიძებდა და ისევ ვიბრუნებდი ძილს. ოთახში ვიღაცის შემოსვლის ხმამ გამაღვიძა.
ავიხედე და მამაჩემის მეგობარი კაცი იყო, ნასვამი. დაიხარა და ტუჩებში დამიწყო კოცნა. მოვიშორე. მითხრა, ბოდიში, შემეშალა, არ იყვიროო და გავიდა. გული ყელში მიცემდა, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ამ კაცზე მამაჩემთან რამე რომ მეთქვა, ალბათ, არ დამიჯერებდა. ამის მერე კიდევ ბევრჯერ მოვიდა სტუმრად და სულ რაღაცნაირად მიყურებდა, ავხორცულად. ამ დროს სახლიდან გავდიოდი, რომ პირისპირ არ შევხვედროდი. ეს ამბავი და ამ კაცის სახელი არავისთვის მითქვამს, ის ცნობილი ადამიანია".
"მეგობართან დავრჩი, მამამისმა ინტიმური მოფერება დამიწყო"
"დაახლოებით 10-11 წლის ვიყავი. ეს კაცი დედაჩემის მეგობრის ქმარი იყო. ჩემხელა შვილი ჰყავდა და მასთან ვმეგობრობდი. ერთხელაც, დავრჩი მათთან და ამ კაცმა ინტიმური მოფერება დამიწყო. 10 წლის ბავშვი ვიყავი ვერც ვხვდებოდი, რას აკეთებდა. თან 2008 წლის ომში იყო ნამყოფი და თავი გმირი ეგონა. ასე გრძელდებოდა ყოველ ნახვაზე, მანამ, სანამ არ მივხვდი, რა საზიზღრობას აკეთებდა. მაგრამ საბოლოოდ მივხვდი და ახლა, როცა ჩამოყალიბებული ადამიანი ვარ, მივედი და ვუთხარი, როგორი არაკაცია. გიჩივლებ-მეთქი. მაგრამ მერე მისი შვილები რომ წარმოვიდგინე, ვერ გავაკეთე".
"მკერდის არეზე მკლავს მისვამდა და თან მეუბნებოდა, მოგწონსო?"
"ველოსიპედით ეზოში ვსეირნობდი. ჩემი მეზობლისა და მეგობრის მამას სარდაფი ჰქონდა იქვე, სადაც შაბათ-კვირას საქმიანობდა. სარემონტოდ მიგვყავდა ხოლმე მასთან ველოსიპედები და ვეხმარებოდით. ერთხელ, საბურავი დამეშვა და მივუყვანე. უცებ ვიგრძენი მკერდის არეზე მკლავს მისვამდა და თან მეუბნებოდა, მოგწონსო? ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მაგრამ საფრთხე ვიგრძენი და გამოვიქეცი. იმის მერე ჩემს მეგობართან სახლში სტუმრადაც არ მივსულვარ. ეს ამბავი დედაჩემს მოვუყევი, როცა უკვე დიდი ვიყავი, ძალიან ინერვიულა, მაგრამ ორივე შევთანხმდით, რომ ამაზე ხმამაღლა არ ვისაუბრებდით, რადგან არავინ დამიჯერებდა. ეს კაცი საკმაოდ ცნობილი მაღალჩინოსანი იყო, ძალოვანი სტრუქტურიდან და რა თქმა უნდა, მარტოხელა ქალების ოჯახს არავინ დაგვიჯერებდა, თან უკვე დიდი დროს იყო გასული".
ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის 100-დღიანი კამპანიის ფარგლებში, 8 მარტს თბილისში, ისევე, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აქცია მსვლელობა გაიმართა. საპროტესტო აქცია სახელწოდებით 1 000 მშობლის მარში თბილისში ვარდების მოედნიდან მსვლელობით დაიწყო და მთავრობის კანცელარიასთან დასრულდა.
დღევანდელ მარშზე ქალთა მოძრაობამ შემდეგი მოთხოვნები გააჟღერა:
- სისხლის სამართლის კოდექსში შეიცვალოს გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა ცენტრალური ამოსავალი გახდება;
- პროკურატურაში შეიქმნას სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
- სექსუალური განათლება ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს, რითიც ბავშვები სექსუალური ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას შეძლებენ;
- გაიზარდოს ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობა;
- დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.
#მომისმინე #პროტესტის 100 დღე კამპანია ქალთა მოძრაობის ინიციატივა იყო. მან გააერთიანა მშობლები, ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ ცვლილებების დროა.
კომენტარები