ალკოჰოლის მოხმარება 10 ტიპის სიმსივნის განვითარების რისკთან დააკავშირეს
ფოტო: Getty Images Plus
ახალი მასშტაბური კვლევის მიხედვით, ალკოჰოლის მოხმარების სრულიად უსაფრთხო ზღვარი არ არსებობს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მსგავსი სასმლის მცირე ოდენობით მიღებაც კი კიბოს რამდენიმე ტიპის განვითარების გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული.
კვლევა ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა. მათ ალკოჰოლის მოხმარებასა და ჯანმრთელობის 20 სხვადასხვა მდგომარეობას შორის კავშირი შეისწავლეს. განსაკუთრებით საყურადღებო აღმოჩნდა შედეგები, რომლებიც სიმსივნეს ეხებოდა: მონაცემების მიხედვით, ალკოჰოლის მიღება კიბოს ყველა შესწავლილი ტიპის რისკს ზრდიდა, მათ შორის მაშინაც, როცა ადამიანი დღეში ერთ სტანდარტულ სასმელზე ნაკლებს მოიხმარდა.
მკვლევრებმა 1963-2023 წლებში გამოქვეყნებული 843 სამეცნიერო ნაშრომი გააანალიზეს. თითოეული დაავადებისთვის მათ 0-იდან 5 ვარსკვლავამდე შეფასების სისტემა გამოიყენეს, რომელიც არსებული მტკიცებულებების სიძლიერესა და თანმიმდევრულობას ასახავდა. მათი თქმით, ალკოჰოლისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირი საკმაოდ რთული საკითხია, თუმცა სიმსივნის შემთხვევაში სურათი უფრო მკაფიოა. არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ რისკი ალკოჰოლის ნებისმიერი ოდენობით მიღებისას იზრდება.
დღეში ერთ სტანდარტულ სასმელზე ნაკლების მიღებაც კი ხახის, მსხვილი ნაწლავის, საყლაპავის, ძუძუს, ღვიძლის, პანკრეასისა და პროსტატის კიბოს განვითარების მომატებულ ალბათობასთან დააკავშირეს; რისკი იზრდება პანკრეატიტის, ციროზისა და ღვიძლის სხვა ქრონიკული დაავადებების შემთხვევაშიც; შედარებით სუსტი, თუმცა მაინც შესამჩნევი ასოციაცია გამოვლინდა ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებსა და ტუბერკულოზთანაც.
გულ-სისხლძარღვთა, მეტაბოლურ და ნევროლოგიურ მდგომარეობებთან დაკავშირებით მტკიცებულებები შედარებით სუსტი იყო. მიმოხილვამ აჩვენა, რომ ალკოჰოლის მცირე ან ზომიერი მოხმარება მეორე ტიპის დიაბეტისა და ალცჰაიმერის განვითარების დაბალ რისკს შეიცავს. იგივეა კარდიომეტაბოლური დაავადებისა და დემენციის შემთხვევაშიც, თუმცა ეს კავშირი ალკოჰოლის რაოდენობის ზრდასთან ერთად სუსტდებოდა და, საბოლოოდ, საპირისპირო შედეგს აჩვენებდა. მეცნიერები ხაზგასმით ამბობენ, რომ ეს ალკოჰოლის მიღების წახალისებად არ უნდა აღვიქვათ, არამედ მათი მიზანია აჩვენონ, რომელი მტკიცებულებებია ძლიერი, რომელი სუსტი და რომელი — ურთიერთსაწინააღმდეგო.
კვლევას გარკვეული შეზღუდვებიც ჰქონდა. მიმოხილული ნაშრომების უმეტესობა მონაწილეთა თვითშეფასებას ეფუძნებოდა, რაც ყოველთვის ზუსტ მონაცემებს არ იძლევა. ამა თუ იმ კვლევაში განსხვავებულად იყო გათვალისწინებული ისეთ ფაქტორებიც, როგორიცაა კვება, თამბაქოს მოხმარება და ცხოვრების წესი.
ავტორებით თქმით, რეალური ზიანი შეიძლება იმაზე დიდიც კი იყოს, ვიდრე წარმოდგენილი მონაცემები აჩვენებს. ისინი მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ რეკომენდაციები ალკოჰოლთან ასოცირებულ რისკებს უფრო მკაფიოდ უნდა ეხმაურებოდეს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს ალკოჰოლის მოხმარების ისეთ უნივერსალურ ზღვარს, რომელიც ყველა ასაკისა და წარმოშობის ადამიანისთვის ჯანმრთელობის მაქსიმალურ სარგებელს უზრუნველყოფს. მათი აზრით, რეკომენდაციები კონკრეტული მოსახლეობის საჭიროებებსა და რისკებს უნდა ერგებოდეს.
ნაშრომი გამოცემა Nature Health-ში გამოქვეყნდა.

კომენტარები