მეცნიერები დიდი ხანია, ე.წ. ნიცის მოდელს განიხილავენ, რომლის მიხედვითაც ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში ოდესღაც ოთხი ყინულის გიგანტი მოძრაობდა და არა ორი: ურანი და ნეპტუნი. ახალმა კვლევამ ამასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა.

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ მოდელის თანახმად, დამატებითი პლანეტები გრავიტაციული ურთიერთქმედებების შედეგად სისტემიდან გავარდა. ახლა ასტრონომებმა შეისწავლეს, რა გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა ასეთ მოვლენას იუპიტერისა და ურანის თანამგზავრებზე. ამისთვის მათ მზის სისტემის ადრეული, ქაოსური ეპოქის კომპიუტერული სიმულაციები შექმნეს.

შედეგებმა აჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევაში ურანის თანამგზავრთა სისტემა საკმაოდ არასტაბილური ხდებოდა. რამდენიმე სცენარის მიხედვით, ზოგი თანამგზავრი ერთმანეთს ეჯახებოდა, ზოგი ორბიტიდან გადიოდა, ზოგი კი საერთოდ იკარგებოდა. მეორე მხრივ, იუპიტერის თანამგზავრები სტაბილურობას უკეთ ინარჩუნებდა.

ასე შეიძლება ჩანდეს ურანი მისი თანამგზავრის, არიელის, ზედაპირიდან.

ფოტო: Getty Images

მკვლევრებმა მხოლოდ ერთი ისეთი სცენარი გამოავლინეს, რომელშიც იუპიტერისა და ურანის თანამგზავრები ამ პერიოდს გადაურჩა. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერებს რამდენიმე შესაძლო ახსნა რჩებათ.

ერთ-ერთი ვარაუდით, მზის სისტემამ ევოლუციის ძალიან იშვიათი გზა განვლო, რომლის განმავლობაშიც ურანსა და იუპიტერზე პლანეტური გადაადგილებების გავლენა მინიმალური იყო. მეორე შესაძლებლობაა, რომ ურანის თანამგზავრთა ამჟამინდელი სისტემა ადრინდელი შეჯახებებისა და გრავიტაციული არეულობის შედეგად მოგვიანებით ჩამოყალიბებულიყო.

არსებობს მესამე ვარიანტიც: შეიძლება, ნიცის მოდელი სრულყოფილი არაა და მზის სისტემის ადრეულ ისტორიას სრულად ვერ შეესაბამება. ეს მეცნიერებისთვის მოულოდნელი არ იქნებოდა, რადგან აღნიშნული მოდელი დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ მომხდარი მოვლენების რეკონსტრუქციის მცდელობაა.

ავტორების თქმით, მათი შედეგები მიუთითებს, რომ მზის სისტემის ჩამოყალიბების შესახებ არსებული სცენარები ჯერ კიდევ გადამოწმებასა და დახვეწას საჭიროებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი, შესაძლოა, სწორედ ურანის თანამგზავრებმა ითამაშოს, რადგან ისინი ადრეული მზის სისტემის ქაოსური ისტორიის კვალს ინახავს.

ნაშრომი გამოცემა Icarus-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.