9-წლიანი მმართველობის პირობებში ქართულმა ოცნებამ უკვე 5 პრემიერმინისტრი გამოიცვალა. მიდიოდნენ სხვადასხვა მიზეზით და იმის მიუხედავადაც უნდოდათ, თუ არა. მიდიოდნენ სხვადასხვაგვარად — ჩაწერილი ვიდეოებით, ფეისბუქპოსტებით და ომახიანი განცხადებებით.

ხშირად პრემიერების გადადგომა/გადაყენება ქვეყანაში დაძაბულ პოლიტიკურ გარემოს ან ჩამოქცეულ ეკონომიკას უკავშირდებოდა, ოპოზიციაში კი ამტკიცებდნენ, რომ ეს მხოლოდ 1 ადამიანის, პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პირადი სურვილები იყო და სხვა არაფერი.

დღეს, 18 თებერვალს კიდევ ერთი პრემიერმინისტრი გადადგა, რომელმაც ვერ შეძლო მოეხსნა გიორგი კვირიკაშვილის "რეკორდი" და ყველაზე ხანგრძლივი პრემიერი გამხდარიყო. თუმცა, ჯერ სად ხართ. შესაძლოა, ეს რეკორდი ირაკლი ღარიბაშვილმა მოხსნას, რომელსაც უკვე მეორე "მეორედ მოსვლა" აქვს, ანუ პოლიტიკაში მეორედ დაბრუნების შემდეგ, მას მეორედვე აბრუნებენ პრემიერმინისტრის პოსტზე. ქართულმა ოცნებამ ის რამდენიმე წუთის წინ წარადგინა.

გადავხედოთ თარიღებს და გავიხსენოთ, ვინ რამდენი ხნით იკავებდა მთავრობის მეთაურის თანამდებობას და რატომ ტოვებდა მას.

ბიძინა ივანიშვილი — 1 წელი და თითქმის 1 თვე

ბიძინა ივანიშვილი "ოცნების" პრემიერი 2012 საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გახდა და თანამდებობა მალევე დატოვა — 2013 წლის 17 ნოემბერს. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ქვეყანა გაათავისუფლა "ნაციონალური მოძრაობის რეჟიმისგან" და ახლა მისი გუნდი დამოუკიდებლად შეძლებდა მართვას.

იყო პარტიის თავმჯდომარე, შემდეგ წავიდა, დაბრუნდა, ისევ წავიდა და მეორე წასვლის წინ განაცხადა, რომ ახლა ნამდვილად დარწმუნებულია მათ დამოუკიდებლად მუშაობის უნარში. ივანიშვილმა ოცნების გუნდს მასთან დარეკვა და რჩევის კითხვაც კი აუკრძალა. ამ განცხადებიდან 1 თვესა და 6 დღეში კი მისი დატოვებული პრემიერი გადადგა.

ირაკლი ღარიბაშვილი — 2 წელი და 1 თვე

ბიძინა ივანიშვილის "მემკვიდრე" პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი გახდა. ის თანამდებობაზე 2013 წლის 20 ნოემბერს დაინიშნა და 2015 წლის 23 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე დატოვა.

გადადგომამდე ორი დღით ადრე ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის ანგარიში კმაყოფილმა წარადგინა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით მთავრობის საქმიანობა ძალიან წარმატებული იყო. ამავე დღეს ისაუბრა სამომავლო გეგმებზეც, თუმცა მალევე "წარმატებული" პრემიერი გადადგა, თან ამტკიცებდა, რომ "საკუთარი ნებით".

ფოტო: Reuters

"თანამდებობები არის დროებითი ჩემი ძვირფასებო, მარადიული არის უფალი და სამშობლო, ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პრემიერ-მინისტროს თანამდებობა", — ის ამ სიტყვებით წავიდა.

რა სიტყვებით აპირებს თანამდებობაზე დაბრუნებას, ამას სტატიის ბოლოს გაიგებთ.

გიორგი კვირიკაშვილი — 2 წელი და 6 თვე

კვირიკაშვილი პრემიერი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ 2015 წლის 30 დეკემბერს გახდა, ამ თანამდებობის დატოვება კი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მეორედმოსვლიდან მალევე, 2018 წლის 13 ივნისს მოუწია. კვირიკაშვილი გადადგომამდე უარყოფდა ხმებს მის შესაძლო წასვლაზე, თუმცა წასვლის შემდეგ ღიად ალაპარაკდა გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე, ალბათ, იმიტომ რომ ისიც ღიად გააკრიტიკეს პარტიის ლიდერებმა, მათ შორის ივანიშვილმა.

2018 წლის 30 მარტს კვირიკაშვილმა თქვა, რომ მისი გადადგომის "ტაიმერი მინიმუმ 1 წელი არ დარეკავდა", თუმცა მალევე "დაურეკეს". 12 ივნისს შეიკრიბა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა, რომლის წევრებიც კვირიკაშვილის გადადგომის ოფიციალურ განცხადებამდე ამტკიცებდნენ, რომ არა მის წასვლაზე, არამედ Unicef-ის კვლევაზე იმსჯელეს.

მამუკა ბახტაძე — 1 წელი და 2 თვე

არც მამუკა ბახტაძის მოსვლას და წასვლას ჩაუვლია უხმაუროდ. დანიშვნის აჟიოტაჟი იმით იყო გამოწვეული, რომ ბახტაძის რეიტინგი ძალიან ძალიან დაბალი იყო, როგორც გამოკითხვებში, ისე, სოციალურ ქსელებში დაბუსტულ პოსტებში და საზოგადოება, პოლიტიკურ სპექტრთან ერთად გაოცებული იყო მისი დანიშვნით.

ბახტაძე 2018 წლის 20 ივნისს დაინიშნა და 2019 წლის 2 სექტემბერს გადადგა. რაც შეეხება გადადგომით გამოწვეულ ხმაურს, ამის მიზეზი ერთობ უცნაური ფორმა — ფეისბუქგანცხადებით წასვლა იყო.

როგორც ყოველთვის, ბახტაძის გადადგომაზეც ინფორმაცია წინასწარ გავრცელდა, თავიდან უარყოფდა, შემდეგ კი განაცხადა, რომ სამთავრობო ცვლილებებზე საღამოს ეთერში, ტოკ შოუების წამყვანებთან ისაუბრებდა, მაგრამ ვერ მოითმინა და ფეისბუქზე 3 947-სიტყვიანი პოსტით "დაასპოილერა".

ფოტო: მამუკა ბახტაძე / Facebook

გიორგი გახარია — 1 წელი და 6 თვე

სპოილერებზე საუბრისას კი ლოგიკურად გადავდივართ გიორგი გახარიაზე. 2019 წლის 22 მარტს ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია მის დანიშვნაზე ჭორებს უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ პრემიერმინისტრობა არ სურდა. თუმცა, 5 თვეში 2019 წლის 8 სექტემბერს მისი მთავრობა ოფიციალურად დაამტკიცეს. ამას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი უწყვეტი პროტესტი და შს მინისტრის პოსტიდან მისი გადადგომის მოთხოვნები. გახარიას სახელს უკავშირდებოდა არაერთი გახმაურებული საქმე, განსაკუთრებით 20 ივნისის ღამე და აქციის ძალადობრივი გზით დაშლა.

ფოტო: ფოტო ვიდეოდან / TV პირველი

შეიძლება ითქვას, რომ მისი წასვლა მოსვლის დღიდანვე ჭორების და განხილვის საგანი გახდა. სხვადასხვა დროს ის დაჟინებით ამტკიცებდა, რომ არსადაც არ მიდიოდა.

"გინდათ, რომ დაგასპოილეროთ? დაელოდეთ ფინალურ სერიას", — ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას 2020 წლის 17 იანვარს და იმის შემდეგ მუდმივად ცდილობდა, რომ არ "დაესპოილერებინა". მეტიც, 6 დღის წინ, ანუ 2021 წლის 12 თებერვალს ამავე კითხვის პასუხად, ის ამბობდა: "წელიწადზე მეტია უკვე ეს კითხვები — როდის მიდიხართ? დღეს, ხვალ? გუშინ უკვე ხომ არ წახვედით? ჯერჯერობით მოვდივარ, ხომ ხედავთ".

იმასაც ამბობდა, რომ ეს ყველაფერი ჭორებია, რომელიც მომაბეზრებელი გახდა; უარყოფდა, რომ გუნდში დაპირისპირება აქვს ირაკლი კობახიძესთან და მას ახლო მეგობრად წარადგენდა, მაგრამ 6 დღეში, მათი მთავარი კონკურენტის, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელია საქმის გამო გადადგა. მიზეზად გუნდთან ამ საკითხზე უთანხმოება დასახელდა.

ფოტო: ქართული ოცნება

მეორედ?

გახარიას გადადგომიდან 7 საათში ქართულმა ოცნებამ ახალი... ალბათ, უფრო სწორი იქნება, რომ ვთქვათ ძველი კანდიდატი წარადგინა პრემიერმინისტრის პოსტზე. პარტიის თავმჯდომარის, ირკალი კობახიძის თქმით, მმართველმა გუნდმა მისი მოსაზრება გაიზიარა და ერთხმად ისურვა, რომ ღარიბაშვილი მეორედ გახდეს მთავრობის მეთაური.

ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს გუნდისთვის "ემოციური დღეა", მაგრამ ის მადლიერია, რომ კანდიდატად აირჩიეს და მისთვის დიდი პატივი იქნება, მეორედ გახდეს საქართველოს პრემიერმინისტრი.

მან არ დააყოვნა და შეიძლება ითქვას, რომ აღადგინა ძველი მკაცრი რიტორიკა, რომელიც პრემიერმინისტრობის დროს ჰქონდა. ჯერ კიდევ დამტკიცებამდე, საზოგადოებას განუცხადა, რომ აღადგენენ წესრიგს.

"მინდა აღვნიშნო ძალიან მოკლედ, რომ ბუნებრივია ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწარობას, რომელიც აუცილებელი არის ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს, ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება", — განაცხადა მან.

სავარაუდოდ, ამ ფორმით ის ნიკა მელიას საქმეს გამოეხმაურა და მალევე პასუხიც მიიღო.

"როგორც პატარა ბავშვი, ისე გაუშვა, მერე ისევ დააბრუნა. ხალხო, ქართული ოცნება დამთავრებულია", — განაცხადა მელიამ.

აირჩევს თუ არა ღარიბაშვილს პრემიერად გუნდი, რომელმაც "ერთხმად წარადგინა" კანდიდატად, რამდენიმე დღეში გამოჩნდება. თუმცა, ჯერ არ ვიცით რამდენი ხანი მოგვიწევს იმის გასარკვევად, როდის გაუვა მას პოლიტიკური "მოქმედების ვადა".

გაიგეთ მეტი: