რა მოხდა ევროპულ საქართველოში — სტატია მათთვის, ვინც ვერაფერი გაიგო
9 თებერვალს On.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპულ საქართველოში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმებოდა. ამბის გარკვევა მაშინ დავიწყეთ, როცა ინფორმირებულმა წყარომ გვითხრა, რომ პარტიას თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ტოვებდა. პარტიის ლიდერებმა და წევრებმა, მათ შორის, თავად ბაქრაძემ ეს არ დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ მიმდინარეობდა ცვლილებები, რომლის შესახებაც რამდენიმე დღეში გახდებოდა ცნობილი.
რამდენიმე დღე გავიდა და დღეს, 12 თებერვალს სამმა ლიდერმა, რომელთა სახეები 2020-ის საარჩევნო ბანერებზე, სახელები კი საარჩევნო სიაში პარტიის სახელთან ერთად იყო მოხსენიებული, გვითხრეს, რომ...
არ ვიჩქაროთ და ერთად გავაანალიზოთ, რა თქვეს ბაქრაძემ, უგულავამ და ბოკერიამ:
- პარტიის მომდევნო ყრილობაზე დავით ბაქრაძე აღარ წამოაყენებს თავის კანდიდატურას პარტიის თავმჯდომარედ;
- პარტიის მომდევნო ყრილობაზე გიგი უგულავა აღარ წამოაყენებს თავის კანდიდატურას პარტიის გენერალურ მდივნად;
- პარტიის მომდევნო ყრილობაზე წამოაყენებს თუ არა გიგა ბოკერია თავის კანდიდატურას ისევ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ან ზევითხსენებულ გათავისუფლებულ 2 თანამდებობაზე, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.
ეს არის ის, რაც ზუსტად გავიგეთ. რაც შეეხება პარტიაში დარჩენის ან წასვლის საკითხს, ამაზე ლიდერებმა ბუნდოვნად ისაუბრეს და დამაზუსტებელ კითხვებსაც ანალოგიურად უპასუხეს. თუმცა, გავიგეთ, რომ დავით ბაქრაძეს პარტიის თავმჯდომარეობის ვადის გასვლის შემდეგ თავის დისერტაციაზე სურს მუშაობა ან უნივერსიტეტში ლექტორობაზე ფიქრობს; გიგი უგულავა კი, შესაძლოა, პარტიაში დარჩეს, თუ მოხდება რეალური ცვლილებები და გიგა ბოკერიაც მათ აზრს გაიზიარებს, ანუ "გვერდზე გადგება".
რა ცვლილებებს გულისხმობენ პარტიის ლიდერები, რომლებიც მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ამომრჩეველს "გარდამტეხ ცვლილებებს" და სწორ კომპასს სთავაზობდნენ, ამის გასაგებად მათი განცხადებები უნდა განვიხილოთ.
"ხანგრძლივი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ევროპული საქართველოს მომავალ ყრილობაზე, რომელიც გაიმართება არაუგვიანეს მაისისა და სადაც, წესდებიდან გამომდინარე, დადგება საკითხი პარტიის თანამდებობის პირების არჩევის, არ დავაყენო ჩემი კანდიდატურა თავმჯდომარის პოსტზე", — ასე დაიწყო ბრიფინგი დავით ბაქრაძემ.
რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება?
პარტიის თავმჯდომარემ ამის მიზეზად განახლების სურვილი და პირადი პასუხისმგებლობა დაასახელა. განახლებაში ის პარტიის მმართველობიდან სამივე ლიდერის წასვლას გულისხმობს, რასაც გიგა ბოკერია არ იზიარებს. პასუხისმგებლობაში კი — არჩევნების შედეგებს. ამ თემაზე საუბრისას ბაქრაძემ ხაზი გაუსვა, რომ ხმების დიდი ნაწილი პარტიისთვის თავად მიჰქონდა, მაგრამ, მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაბალი შედეგებზე, რომელიც პარტიას "გაყალბების და მანიპულაციების" ფონზე ჰქონდა, პასუხისმგებელი არ არის.
პირველი მიზეზი — განახლება
"ევროპულობა გულისხმობს შიდა კონკურენციას, ევროპულობა გულისხმობს მუდმივ განახლებას, როტაციას და მე მინდა ვიყო ამ პარტიისთვის, როგორც ლიდერი, ამ განახლების და როტაციის ნაწილი. ამიტომ, პირველი მიზეზი, რატომაც მე აღარ დავაყენებ ჩემს კანდიდატურას ყრილობაზე, არის სწორედ განახლების აუცილებლობა პარტიაში", — თქვა მან.
მეორე მიზეზი — პასუხისმგებლობა
"მეორე მიზეზი უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას და მიუხედავად გაყალბებისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულიად ლეგიტიმურად არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, არჩევნების შედეგები ევროპული საქართველოსთვის იყო ცუდი. მე მიმაჩნია, რომ თანამედროვე პოლიტიკური კულტურის ნაწილია, როდესაც ლიდერი იღებს პასუხისმგებლობას პარტიის შედეგზე. ამ პასუხისმგებლობას იღებს არა იმიტომ, რომ ეს არის ლიდერის ბრალი — გულწრფელად გეტყვით, რომ ამ პარტიაში ძალიან ბევრი მხარდამჭერის ხმა იყო იმიტომ, რომ ისინი მხარს უჭერდნენ დათო ბაქრაძეს. ამიტომ ბრალეულობაზე არ არის საქმე, საუბარია პასუხისმგებლობაზე და მე, როგორც ლიდერს, მიმაჩნია, რომ უნდა ვიყო პასუხისმგებლობის მაგალითი", — განაცხადა მან.
სამომავლო გეგმები
ბაქრაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან და ოპოზიციიდან არ მიდის. ისიც თქვა, რომ პოზიცია არ შეუცვლია და პარლამენტში შესვლას არ აპირებს, არც ბოიკოტს წყვეტს. ასევე, ძალაში იტოვებს მოთხოვნებს რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ.
რაც შეეხება პარტიას, მაისამდე, ანუ ყრილობამდე, ის რჩება თავმჯდომარედ, მაისიდან კი "იღებს პაუზას პარტიულ პოლიტიკაში".
"პარტია მშვიდად და მშვიდობიანად მივა ამ ყრილობამდე, მაგრამ მე აღარ ვაპირებ... როგორ ვაპირებ ამის გაგრძელებას, ამის თაობაზე...
რას გავაკეთებ ამ პაუზის დროს? არ ვიცი. დიდი ხანია სახლში დაწყებული დისერტაცია მაქვს, შეიძლება დავასრულო. მაქვს მოწვევები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ლექციის წაკითხვაზე. ბევრი სხვადასხვა შესაძლებლობაა. ამაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, მაგრამ ვიმეორებ, ეს არ არის პოლიტიკიდან წასვლა, მე ოპოზიციურ ფლანგზე დავრჩები და მონაწილეობას მივიღებ ყველა იმ პროცესში, რაც აუცილებელია ამ ქვეყანაში წინსვლისთვის", — განაცხადა მან.
ბრიფინგზე დაისვა კითხვა, უკავშირდება თუ არა ბაქრაძის სამომავლო პოლიტიკური კარიერა ნაციონალურ მოძრაობას. კითხვის მიზეზი გახდა გავრცელებული ინფორმაცია გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ. ამ კითხვას პოლიტიკოსმა სერიოზულად არ უპასუხა და "დააჰაჰავა".
"მე ზოგადად არ ვარ ფეისბუქში ძლიერი, მაგრამ არსებობს ასეთი ტერმინი — დაჰაჰავება, რომელსაც ამ მომენტში ვერ გავაკეთებ სამწუხაროდ. პიროვნულად არ მიიღოთ, მაგრამ ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხი დაჰაჰავება იქნებოდა ჩემგან".
"დავით ბაქრაძის მსგავსად, არც მე ვაპირებ მომავალ ყრილობაზე ვიყარო კენჭი პარტიის გენერალურ მდივნად", — განაცხადა იმავე ტრიბუნასთან გიგი უგულავამ და დააზუსტა, რომ მას არანაირი პარტიული თანამდებობა აღარ ექნება.
"არ მეჭირება ამ პარტიაში არანაირი აღმასრულებელი თანამდებობა და ჩემი გაკეთებული განცხადება იქნება ჩემი გაკეთებული განცხადება. მე ძირითადად ვისაუბრებ საერთო ოპოზიციურ საკითხებზე და პარტიულ საკითხებზე საუბარს დავუთმობ იმ ადამიანს, ვისაც პარტია აირჩევს".
უგულავა ამტკიცებს, რომ პარტიიდან კი არ მიდის, არამედ მის თანამდებობას გასდის ვადა და ამის შემდეგ ხელახალ კენჭისყრას არ აპირებს. რაც შეეხება იმას, მაისის შემდეგ დარჩება თუ არა "რიგით ჯარისკაცად" პარტიის რიგებში, ამისთვის ის ერთგვარ ულტიმატუმს აყენებს, რომელსაც თავად ულტიმატუმს არ უწოდებს.
"[განახლების შემთხვევაში, თუნდაც რიგით თანამშრომლად] კი ბატონო, დავრჩები პარტიაში. რა თქმა უნდა, უნდა დავინახო, რომ რეალურად პარტიას... ამ ორი თვის მანძილზე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს შედეგი დადგეს. [...]
მე იმედი, მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს. მე იმედი მაქვს იმიტომ, რომ ამ პარტიასთან მე დაკავშირებული მაქვს მთელი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომ ნამდვილად არ მინდა, რომ ეს პარტია განახლების გარეშე ჩარჩეს წარსულში", — თქვა მან.
რატომ ეს გადაწყვეტილება?
"მიმაჩნია, რომ ეს არის ლოგიკური, სწორი და დროული. არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ. თავის დროზე ჩვენ ამას ვუთხარით სწორედ უარი და მე ამ პრინციპის ერთგული ვრჩები. მიუხედავად დრამატული გაყალბებებისა, პარტიის შედეგი ბოლო არჩევნებზე, პირდაპირ ვთქვათ, იყო ძალიან ცუდი. შესაბამისად, მე ჩემს პასუხისმგებლობას ვიღებ და ვუთმობ გზას ადამიანებს, რომლებიც ჩემი აზრით, ჩემი რწმენით და იმედით, ამას გააკეთებდნენ უკეთესად, ვიდრე ეს გავაკეთე მე", — განაცხადა მან.
სამომავლო გეგმები
უგულავას თქმით, აპირებს თავისი დრო და ენერგია არა ერთ კონკრეტულ პარტიას, არამედ საერთო ოპოზიციურ სპექტრს მოახმაროს, შიგადაშიგ გასახარებლად წყალი დაუსხას და დაპირისპირებისას მაგიდის ბასრი კიდეები "მოამრგვალოს".
"გარდა პარტიული ვალდებულებებისა, მე მაქვს ძალიან ბევრი ინტერპარტიული ვალდებულება. მე ჩემს თავს ვთვლი და ვხედავ სწორედ საერთო ოპოზიციური პლატფორმის და ამ ყველაფრის კოორდინაციის წვლილის შეტანაში, თუნდაც წყლის დასხმაში, მის კულტივაციაში, საერთო ოპოზიციის გეგმის შემუშავებაში და მათ შორის, დაპირისპირების შემთხვევაში, რამენაირად მაგიდის მომრგვალებაში.
ეს არის ის საქმე, რასაც მე ნოემბრიდან მოყოლებული, ჩემი დროის დაახლოებით 80%-ს ვუთმობ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემი კოლეგების მხარდაჭერით, სხვა პარტიის კოლეგებს ვგულისხმობ, ამ საქმეში, ჩვენ ერთად შევძლებთ..."
გეგმებზე საუბრისას უგულავა მერაბ კოსტავას სიტყვებს დაესესხა და "პერიფრაზირებულად" თქვა:
"საზოგადოებას აინტერესებს სად იქნება ეროვნული მოძრაობა და არა სად ვიქნები მე ამ ეროვნულ მოძრაობაში. პირდაპირ გეტყვით, არ მგონია დღეს პრიორიტეტული იყოს, რომელიმე პარტიის თემა — პრიორიტეტული არის, სად იქნება ოპოზიციური ერთობა, რა გეგმას დადებს ეს ოპოზიციური ერთობა".
ლიდერებს შორის განსხვავებული აზრის მქონე გიგა ბოკერია ამბობს, რომ ძალიან დიდ პატივს სცემს ბაქრაძისა და უგულავას გადაწყვეტილებას, მაგრამ არ ეთანხმება.
"მე ყველა შემთხვევაში ვაპირებ, რომ დავრჩე აქტიურ პოლიტიკაში, ოღონდ არანაირი გადაწყვეტილება რომელიმე თანამდებობასთან დაკავშირებით ახლა მიღებული არა მაქვს. იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ეს დაკავშირებულია სტრატეგიასთან პარტიის და განახლების კონკრეტულ ფორმებთან, რა ფორმითაც იქნება საჭირო", — განაცხადა მან.
ბოკერიამ გაამხილა, რომ ეს პროცესი დიდი ხანია განხილვის საგანია და ის "არასწორი ფორმით გაჟონილმა" ინფორმაციამ დააჩქარა.
"როგორც გითხარით, ეს პროცესი დისკუსიის, როგორ უნდა მოიქცეს პარტია ასეთ ვითარებაში, მთლიანად ქვეყანაში რთულ ვითარებაში და ჩვენი პარტიისთვის რთულ ვითარებაში, კარგა ხანია დავიწყეთ. უბრალოდ, იმან, რომ არასწორი ფორმით გაჟონა ინფორმაციამ, დააჩქარა ეს პროცესი. მე ვისურვებდი, რომ მეტი დრო ყოფილიყო დისკუსიისთვის ყველასთვის".
რატომ ეს გადაწყვეტილება?
ბოკერიას განმარტებით, არჩევნების შედეგები სერიოზული მიზეზია, მაგრამ არ იზიარებს იმ გადაწყვეტილებას, რომ ასეთ დროს ლიდერები "გვერდზე უნდა გაიწიონ".
"აბსოლუტურად ნორმალურია ის არგუმენტები, რაც დათომ და გიგიმ თქვეს, როდესაც ასეთ რთულ ვითარებაში არის ნებისმიერი პოლიტიკური პარტია და ჩვენ ამბიციური პარტია ვართ და ის, რომ მესამე ადგილზე გავედით ჩვენთვის იმ ციფრებით, რა ციფრებიც იყო, მანიპულაციის მიუხედავად, ამაში მთლიანად ვიზიარებ, რომ ეს არის სერიოზული განსჯის საგანი. გახდა უკვე [განსჯის საგანი] და კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს დისკუსია. ოღონდ მე არ ვიზიარებ იმ გადაწყვეტილებას, რომ ეს იყო და არის სწორი მომენტი იმისთვის, რომ ლიდერები გაიწიონ ხელმძღვანელი პოზიციებისგან", — აღნიშნა მან.
სამომავლო გეგმები
"მე ვთვლი, რომ ახლა ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილი, მათ შორის, იმაშიც მდგომარეობს, რომ რეალურად ეს პარტია იყოს კონკურენტი სერიოზული ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, ივანიშვილის რეჟიმის შეცვლაში და ამ ქვეყნის დასავლურ, ევროპულ გზაზე დაბრუნებაში. მე ვთვლი, რომ ეს პარტია შეუცვლელია, თავის პარტნიორებთან ერთად, ამ საქმეში. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩემი გადაწყვეტილება, რომ არ ვაპირებ აქტიური პოლიტიკიდან პარტიის, ევროპული საქართველოს სახელით გაწევას. ჩვენ ვემზადებით ყრილობისთვის, სადაც უნდა მივიღოთ მთელი რიგი გადაწყვეტილებები, სადაც უნდა გადავწყვიტოთ, როგორ გააგრძელებს პარტია", — განაცხადა ბოკერიამ.
რა თქვეს ჯერ კიდევ თანაგუნდელებმა ერთმანეთზე
ბრიფინგზე უგულავამ და ბაქრაძემ ღიად თქვეს, რომ არ ეთახნმებიან ბოკერიას გადაწყვეტილებას, მეტიც — მისი ქცევის დასახასიათებლად ჯორჯ ორუელის ციტატაც კი გამოიყენეს.
"მე მიმაჩნია არასწორად ლიდერების ნაწილის წასვლა და ნაწილის დარჩენა, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის და განახლების მთელი არსი გახლავთ ის, რომ გუნდი ერთიანად იღებს პასუხისმგებლობას და ერთიანად ახლდება", — აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
განახლების აუცილებელ წინაპირობას უგულავაც სამივე ლიდერის წასვლაში ხედავს. ის იმედს იტოვებს, რომ ბოკერია აზრს შეიცვლის; წინააღმდეგ შემთხვევაში ფიქრობს, რომ პარტია შევა ჩიხში, სადაც მისი პერსპექტიული მიმზიდველობა დაიკარგება.
"განახლებისთვის მინიმუმ აუცილებელი პირობაა, სამივე ჩვენგანის პარტიის მართვიდან გვერდზე გაწევა. ეს მიმაჩნია მე პირველ, ფუნდამენტურ, აუცილებელ, შეიძლება არასაკმარის, მაგრამ აუცილებელ წინაპირობად იმისთვის, რომ პარტია განახლდეს, ახალი შენაკადები შეიძინოს, შევიდეს სხვადასხვა კოალიციურ ურთიერთობაში. [...]
იმიტომ, რომ სამივეს გაწევა მმართველობიდან ნიშნავს სამივეს გაწევას. მაგრამ "ყველა თანასწორია და ვიღაცა უფრო თანასწორი" ვერ იქნება. თუ სამიდან ერთს განსხვავებული გადაწყვეტილება ექნება, ეს მე მიმაჩნია პარტიისთვის ძალიან ცუდი, იმიტომ, რომ პარტიას განახლება სჭირდება და არა ერთის ორით ჩანაცვლება, ან გადანაცვლება და გადმონაცვლება. რა თქმა უნდა, გიგაზე ვლაპარაკობ".
შესამჩნევი იყო უგულავას ხაზგასმაც იმაზე, რომ "არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ".
პასუხად ბოკერიამ განაცხადა, რომ წუხს, თუ მისი თანაგუნდელები ასე ფიქრობენ და იმედი აქვს, რომ საბოლოოდ ასე არ მოხდება. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ჰქონდა მცდელობა, კოლეგები დაერწმუნებინა, ეს ნაბიჯი არ გადაედგათ. იმის ფონზე, რომ მისი თქმით, სხვა დროს უფრო ხშირად თანხმდებოდნენ, ვიდრე ვერა, ახლა არ გამოუვიდა.
"ყოველგვარი რაღაცა დიპლომატიური პროტოკოლის გარეშე, პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას, მაგრამ მცდარ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ამ მომენტში ამის გაკეთება და რა თქმა უნდა, ამაზეც გვქონდა დისკუსია. მხოლოდ ამაზე არა, ბევრ სხვა საკითხზე".
ბოკერიამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ექსპრეზიდენტი და მათი ყოფილი თანაგუნდელი, მიხეილ სააკაშვილი დაპირისპირების მიზეზი არ ყოფილა.
რა ვიცით პარტიის სხვა წევრების პოზიციაზე
ბრიფინგამდე რამდენიმე საათით ადრე, პარტიის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა თავის პირად ბლოგზე გამოაქვეყნა ხედვა განვითარებულ მოვლენებზე. სავარაუდოდ, ის პარტიას ტოვებს, თუმცა ცალსახად ეს მის წერილში აღნიშნული არ არის. დაზუსტების საშუალება არ გვქონია, რადგან მას ტელეფონი გათიშული აქვს და არც შეტყობინებებზე გვიპასუხა.
"თუ რადიკალური ცვლილებები გვინდა, ყველამ ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ — ოპოზიციამ, ცალკეულმა პარტიებმა, თითოეულმა პიროვნებამ. ფაქტია, რომ ამ სახით გარღვევა არ ხდება. ამიტომ აუცილებლობად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით (და არა უკან დახევით), გზა დავუთმოთ მომავალ თაობას", — წერს ის.
ამ საკითხზე ცნობილი გახდა პარტიის კიდევ ერთი წევრის, ირმა ნადირაშვილის პოზიციაც. ჩვენთან საუბრისას ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ იზიარებს თანაგუნდელების მოსაზრებას პარტიის განახლების შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე წასვლას არ განიხილავს.
"მე მხარს ვუჭერ, რომ იყოს სრული განახლება, მაგრამ პარტიიდან წასვლა-არწასვლის საკითხს ახლა არ ვაყენებ. თუ გადაწყვეტილება მექნება, აუცილებლად გაგაცნობთ. ამ წუთში მე პარტიის წევრი ვარ. ეს არის, რისი თქმაც შემიძლია", — თქვა მან.
ცნობილია ისიც, რომ პარტიაში რჩება, თუმცა ნაკლებ აქტიური იქნება ოთარ კახიძე. ის იურიდიული მიმართულებით გააგრძელებს საქმიანობას.
რა მოხდება ყრილობის შემდეგ — ვინ წავა, ვინ დარჩება, ვინ გადაიფიქრებს, ვინ იქნება პარტიის ახალი ლიდერი და რას აჩვენებს ევროპული საქართველოს გარდამტეხი კომპასი, ამას მხოლოდ მაისში გავიგებთ, თუ რა თქმა უნდა მანამდე ინფორმაცია ისევ არ "გამოჟონავს".
კომენტარები