მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი სპილო დაახლოებით 100 წლის ასაკში მოკვდა

ფოტო: fluffandshutter/Shutterstock.com
ამ თვის დასაწყისში მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი სპილო, სახელად, ვატსალა მოკვდა. იგი მადჰია-პრადეშის შტატში, პანას ეროვნულ ნაკრძალში ცხოვრობდა და დაახლოებით 100 წლის იყო. ზოგადად, სპილოები ისედაც საკმაოდ დიდხანს ცხოვრობენ, მაგრამ ვატსლას შემთხვევა პრაქტიკულად უალტერნატივოა.
ვატსალას დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ, იგი 1920-იანი წლების დასაწყისში კერალას შტატში მდებარე ნილამბურის ტყეში დაიბადა, სადაც მას მორების გადასაზიდად იყენებდნენ. 1972 წელს თითქმის ნახევარი საუკუნის სპილო მადჰია-პრადეშის შტატში გადაიყვანეს და 1993 წლამდე სატყეო სამსახურის თანამშრომლები მას ტრანსპორტირებისთვის იყენებდნენ. 1993 წლიდან ვატსალა ოფიციალურად პანას ეროვნულ ნაკრძალში დასახლდა.
ვატსალა მდედრი სპილო იყო, მაგრამ შთამომავლობა არ ჰყოლია. პანას ნაკრძალში მას ხშირად მატრიარქად მოიხსენიებდნენ და მისი მომვლელებისგან ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებდა.
2020 წელს სპილომ კატარაქტას გამო მხედველობა დაკარგა, მაგრამ მის ერთგულ მომვლელ მანირამთან ერთად ტყეში სეირნობა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია.
"ის ნაკრძალის ყველა ცხოველზე ზრუნავდა. ნაშიერებს იცავდა და გადაადგილებაში ეხმარებოდა, მაგრამ მამრი სპილოებისგან თავს ყოველთვის შორს იჭერდა", — ამბობს მანირამი Times of India-სთან ინტერვიუში.
მამრი სპილოებისადმი მისი თავშეკავებულობა შემთხვევითი ნამდვილად არ არის. როგორც ნაკრძალში აცხადებენ, 2003 და 2008 წლებში ვატსალას მამრი სპილო დაესხა თავს. პირველი თავდასხმა განსაკუთრებით სასტიკი იყო, რადგან მას ნაწლავები დაუზიანდა და ცხრა თვიანი მკურნალობა დასჭირდა.
ვატსალას დაბადების ზუსტი თარიღი არ ვიცით, რადგან მეოცე საუკუნის ადრეულ წლებში ინდოეთში სპილოების დაბადების სერტიფიკატებს არ გასცემდნენ. სწორედ ამ მიზეზის გამო, ვატსალამ გინესის მსოფლიო რეკორდების სიაში კუთვნილი ადგილი ვერ დაიკავა.

ფოტო: The Straits Times/ANN
ამჟამად, ოფიციალურად ყველაზე ასაკოვანი სპილოს სტატუსი ლინ ვანს ეკუთვნის, რომელიც 2003 წლის 26 თებერვალს ტაიპების ზოოპარკში მოკვდა. ამ დროს იგი სულ რაღაც 86 წლის იყო.
ზოგადად მიიჩნევა, რომ ხერხემლიანი ცხოველების ზომით დიდი წარმომადგენლები უფრო დიდხანს ცხოვრობენ. მაგალითისთვის, შეგვიძლია გრენლანდიის ზვიგენები, გალაპაგოსის კუები და არქტიკული ვეშაპები ვახსენოთ. ყველა მათგანი შედარებით დიდი ზომისაა და შესაბამისად, უფრო დიდხანსაც ცხოვრობენ.
ერთი შეხედვით, ეს ფაქტი საკმაოდ არალოგიკური ჩანს. დიდი ზომის ცხოველებს მეტი უჯრედი აქვთ, რაც თეორიულად მეტ მუტაციასა და შესაბამისად, კიბოს განვითარების მაღალ რისკს ნიშნავს. როგორც ჩანს, ამ სახეობებში რაღაც ისეთი მექანიზმი განვითარდა, რომელიც მუტაციების სიხშირეს აკონტროლებს და სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის.
ბევრი მეცნიერი ცდილობს ამ ბიოლოგიური თავსატეხის ამოხსნას, რომელიც შესაძლოა ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივებაშიც დაგვეხმაროს.
კომენტარები