ისტორიაში პირველად, "სამი მშობლის" დნმ-ის გამოყენებით ჯანმრთელი ბავშვები დაიბადნენ

ფოტო: Getty
არსებობს დაავადებები, რომლებიც მუტირებული მიტოქონდრიული დნმ-ის მქონე დედისგან შვილს მემკვიდრეობით გადაეცემა. ამის თავიდან ასაცილებლად, დიდ ბრიტანეთში ხელოვნური განაყოფიერების ახალი მეთოდი გამოცადეს, რომელიც სამი ადამიანის დნმ-ის გამოყენებას გულისხმობს. შედეგად ჯანმრთელი ბავშვები დაიბადნენ.
მიტოქონდრიული დაავადებები ყოველ 5000 მშობიარობაში დაახლოებით ერთხელ იჩენს თავს და მათი განკურნება შეუძლებელია. სიმპტომებს შორისაა მხედველობის პრობლემები, დიაბეტი და კუნთების მასის დაკარგვა. 2015 წელს დიდი ბრიტანეთი პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც ე.წ. "სამი მშობლის" ტექნიკის გამოყენება დაუშვა. ის დედ-მამის ბიოლოგიური მასალის გარდა, დონორის კვერცხუჯრედიდან ჯანსაღი მიტოქონდრიული დნმ-ის აღებას გულისხმობს, თუმცა ჩვილების გენებში მისი მხოლოდ 0.1% რჩება.
ნიუკასლის რეპროდუქციულ ცენტრში მიმდინარე კვლევაში 22 ქალი ჩაერთო. საბოლოოდ, 8 ბავშვი დაიბადა — ოთხი ბიჭი და იმდენივე გოგო. მათი ასაკი ახლა 6 თვიდან 2 წლამდეა. 6 ჩვილში ახალმა მეთოდმა მემკვიდრეობით მიღებული მიტოქონდრიული დნმ 95-100%-ით შეამცირა, დანარჩენში კი აღნიშნული მაჩვენებელი 77-88% იყო. ეს ნიშნავს, რომ მათში არსებულ ამგვარ დნმ-ს დაავადების გამოწვევა აღარ შეეძლო.
8-ვე ბავშვი ჯანმრთელია (ერთ-ერთს გულისცემის რიტმის დარღვევა ჰქონდა, მაგრამ წარმატებით უმკურნალეს). მათ მდგომარეობას სპეციალისტები წლების განმავლობაში დააკვირდებიან.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ბევრი ქვეყანა მსგავსი ხელოვნური განაყოფიერების დანერგვისგან თავს იკავებს, მათ შორის: აშშ, საფრანგეთი, საბერძნეთი და უკრაინა. ეთიკური პრობლემების გამო, წინააღმდეგობაა რელიგიური ლიდერების მხრიდანაც, ზოგს კი მიაჩნია, რომ ეს, შესაძლოა, გენეტიკურად მოდიფიცირებული "დაპროექტებული" ემბრიონების შექმნას დაედოს საფუძვლად. დიდ ბრიტანეთში საპასუხოდ აცხადებენ, რომ ამ მეთოდის გამოყენება მხოლოდ ძალიან მაღალი რისკის პირებშია დაშვებული.
კვლევის შედეგები გამოცემაში New England Journal of Medicine გამოქვეყნდა.
კომენტარები