1969 წელს მისია Apollo 12-ში მონაწილე ამერიკელი ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე ისტორიაში მეორედ დაეშვნენ. მათი ხომალდი მუქ ბაზალტურ რეგიონში დაჯდა, რომელსაც ქარიშხლების ოკეანე ეწოდება, მაგრამ ეკიპაჟს ნამდვილი "შტორმის" გამოვლა ჯერ კიდევ დედამიწაზე მიუწია.

ფრენის დღეს, 1969 წლის 14 ნოემბერს, კანავერალის კონცხის მიმდებარედ ამინდი არც ისე ხელსაყრელი იყო: ცას მთლიანად ღრუბლები ფარავდა, წვიმდა და ზედა ატმოსფერული ქარები ძალიან ძლიერად ქროდა. მისია არ გადადებულა, რადგან მომდევნო ჯერზე ცდას მხოლოდ ერთ თვეში შეძლებდნენ.

საბოლოოდ, რაკეტა Saturn V ცაში აიჭრა. მასზე მიმაგრებულ მოდულში ასტრონავტები პიტ კონრადი, რიჩარდ გორდონი და ალან ბინი იმყოფებოდნენ. 22 წამში მოულოდნელი რამ მოხდა — აპარატს მეხი დაეცა, რომელმაც გამშვებ პლატფორმამდეც მიაღწია. სავარაუდოდ, ეს სტატიკურმა განმუხტვამ გამოიწვია, რაც ცუდ ამინდში რაკეტის გადაადგილებამ განაპირობა. მაღლა მიმავალი Saturn V საათში 280.9 კმ. სიჩქარის ქარში მოძრაობდა, რაც ყველაზე ძლიერი ქარია, რომელიც მისიების განმავლობაში დაფიქსირებულა.

Apollo 12-ის ეკიპაჟი.

ფოტო: NASA

პირველი 36 წამის განმავლობაში ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ შემდეგ მეხის გავლენით საწვავის უჯრედები გაითიშა და აპარატი მხოლოდ ელემენტებზე ამუშავდა. ამის მიუხედავად, რაკეტა ფრენას განაგრძობდა. 52-ე წამზე კი ეკიპაჟს კიდევ ერთი მოულოდნელობა დაატყდა თავს — მეორე ელვა.

ასტრონავტებს განგაშის წითელმა სინათლემ აცნობა, რომ სიმაღლისა და სიჩქარის მაჩვენებელი სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. ამის გამო მათ არ იცოდნენ, სად იყვნენ და საითკენ გადაადგილდებოდნენ. ამისთვის NASA-ც არ იყო მზად, თუმცა მისიაზე მომუშავე ჯონ აარონს გაახსენდა, რომ ენერგიის მიწოდების პრობლემა მოდულის ადრეული ტესტირებების დროსაც დაფიქსირდა. შესაბამისად, მან უკვე იცოდა, როგორ გამოესწორებინა სიტუაცია. სისტემა დამხმარე ენერგიაზე უნდა გადართულიყო, რაც ალან ბინმა მოახერხა.

შედეგად რაკეტა უვნებელი გადარჩა, მოდულს კი მხოლოდ მცირე სისტემური დაზიანებები ჰქონდა. NASA-ში ეჭვობდნენ, რამდენად გაიხსნებოდა პარაშუტები დედამიწაზე ასტრონავტების დაბრუნებისას, მაგრამ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და ეკიპაჟი პლანეტაზე უსაფრთხოდ დაეშვა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.