რუსთავი 2-ის საქმე - დეტალები მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

სტატია განახლდა 7 მარტს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 7 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, რუსთავი 2-ის საქმეზე, უვადოდ, იმ დრომდე შეაჩერა, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2 მარტის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია რუსთავი 2 მისი ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანიის, შპს პანორამას საკუთრება გახდა.

ხალვაშმა სასამართლო დავა 2015 წლის აგვისტოში დაიწყო. ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე საქმეები საქართველოში არსებულმა ყველა ინსტანციის სასამართლომ განიხილა, თუმცა, გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში უცვლელი დარჩა.

რუსთავი 2-მა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რომელმაც ტელეკომპანიის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.

რას ითხოვდა ქიბარ ხალვაში?

ქიბარ ხალვაში სასამართლოს ნასყიდობის იმ ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანიაში მისი და მისი კომპანიის წილი შპს საქცემენტის და შპს გეო-ტრანსის საკუთრება 2006 წლიდან გახდა. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ ხელშეკრულებით არხის ასპროცენტიანი წილის დაახლოებით 269 ათას დოლარად გაასხვისა, თუმცა, თანხა არ მიუღია.

მოსარჩელის მოთხოვნები:

  1. ტელეკომპანია რუსთავი 2-ს მფლობელების - ლევან და გიორგი ყარამანიშვილების, ნინო ნიჟარაძისა და შპს ტელეკომპანია საქართველოს წილების მისთვის გადაცემა;
  2. ტელეკომპანიის ლოგოს ავტორად აღიარება;
  3. რუსთავი 2-სთვის ლოგოს უნებართვოდ სარგებლობისთვის 200 ათასი ამერიკული დოლარით ანაზღაურება;
  4. სატელევიზიო გადაცემების - ბოიარდის სასახლე, უკანასკნელი გმირი და ჯეობარი (ქართული ვერსიები) - საავტორო უფლების მფლობელად აღიარება;
  5. ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ 300 ათასი ამერიკული დოლარის გადახდა;

რა არგუმენტები ჰქონდა ხალვაშს?

სასამართლო დავების დროს ქიბარ ხალვაშის დაცვის ტაქტიკა ე.წ. ამორალური გარიგების გაუქმების პრინციპს ემყარებოდა. ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია სასამართლოს გერმანულ სამართალზე დაყრდნობით უმტკიცებდა, რომ ამორალური გარიგების დროს ფასი გასაყიდი საგნის ღირებულებას მნიშვნელოვნად აღემატება.

რუსთავი 2-ის წილების "ამორალური წესით" გასხვისების დასადასტურებლად პაატა სალიამ სასამართლოს ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა წარუდგინა. ამ დასკვნით, ხალვაშის მიერ არხის გასხვისების პერიოდისთვის ტელეკომპანიის ღირებულება 7 მილიონი ლარი იყო, მოსარჩელემ კი დაახლოებით 269 ათასი დოლარი უნდა მიეღო, თუმცა, არც ეს გადაუხდიათ.

პაატა სალია სასამართლოში ამტკიცებდა, რომ რუსთავი 2-ის მფლობელები წლების განმავლობაში ფიქტიურად იცვლებოდნენ და სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმას იშველიებდა, რომლის მიხედვითაც, კეთილსინდისიერად არ მიიჩნევა შემძენი, რომელმაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

რა არგუმენტები ჰქონდათ ძმებ ყარამანიშვილებს?

ფოტო: Civil.ge

ტელეკომპანია რუსთავი 2 და მისი მფლობელები სასამართლო პროცესზე აღნიშნავდნენ, რომ ხალვაშის მიერ სასამართლოში წარდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკნვა რვა დოკუმენტის ნაცვლად მხოლოდ ორს ემყარებოდა: ტელეკომპანიის წესდებასა და საბუღალტრო ნაშთებს. საბუღალტრო ნაშთს ხელს აწერდა პირი, რომლის არხის ფინანსურ დირექტორად მუშაობასაც მოპასუხეები არ ადასტურებდნენ. დავის სააპელაციო განხილვის ეტაპზე რუსთავი 2-მა სასამართლოს Grant Thornthon-ის დასკვნა წარუდგინა, რომელის მიხედვითაც, დოკუმენტები, რომელზე დაყრდნობითაც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა მოამზადა საკმარისი არ იყო.

მოპასუხე მხარეს სასამართლოში იურისტი ზაზა ბიბილაშვილი წარმოადგენდა. მან საქალაქო სასამართლოში განაცხადა, რომ ხალვაშმა და მისმა კომპანიამ, შპს პანორამამ, ტელეკომპანიის 90-პროცენტიანი წილი 2004 წელს 250 ათას დოლარად იყიდა, დარჩენილი 10 პროცენტი კი ნიკა ტაბატაძისგან 200 დოლარად. ადვოკატის განმარტებით, ხალვაშმა 2006 წელს საკუთარი წილის გაყიდვით 15 ათასი დოლარით ძვირად შეძლო. ბიბილაშვილის თქმით, ეს გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ იმ პერიოდში ტელეკომპანიების წილი ანალოგიურ ფასად იყიდებოდა და ხალვაშის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა რუსთავი 2-ის საბაზრო ფასი იყო, რის გამოც სადავო ხელშეკრულება ვერ ჩაითვლებოდა ამორალურ გარიგებად.

დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო

ფოტო: საქართველოს სასამართლოები

თბილისის საქალაქო სასამართლოს ქიბარ ხალვაშმა 2015 წლის 4 აგვისტოს მიმართა. სარჩელით ის თავისთვის და თავისი კომპანიისთვის, შპს პანორამასთვის, რუსთავი 2-ის წილების გადაცემას ითხოვდა.

ხალვაშის მიმართვიდან ოთხ დღეში, 8 აგვისტოს, სასამართლომ მოსარჩელის მიერ დაყენებული შუამდგომლობა, ტელეკომპანიისთვის ყადაღის დადების შესახებ, დააკმაყოფილა. ამით რუსთავი 2-ს აეკრძალა მოძრავი ქონების გასხვისება და საბანკო ანგარიშები დაუყადაღდა.

2015 წლის პირველ ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხალვაშის კიდევ ერთი შუამდგომლობა - რუსთავი 2-ის წილის მფლობელი კომპანიის შპს ტელეკომპანია საქართველოს დაყადაღების შესახებ.

დაახლოებით ერთ თვეში, 3 ნოემბერს, კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ბათილად სცნო მოსარჩელის მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და რუსთავი 2 ხალვაშსა და მის კომპანიას მიაკუთვნა.

გადაწყვეტილების მიღებიდან ორ დღეში, 5 ნოემბერს, ურთმელიძემ კიდევ ერთი განჩინება გამოსცა. მოსამართლემ ტელეკომპანიის დროებით მმართველებად ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორი, რევაზ საყევარიშვილი და რუსთავი 2-ის წილის ყოფილი მფლობელი, დავით დვალი დანიშნა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ თვის ბოლოს - 30 ნოემბერს გააუქმა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელისუფლების სამარცხვინო ნაბიჯი უწოდა და ტელეკომპანიის დახურვას შეადარა.

დავა თბილისის სააპელაციო სასამართლოში

მარცხნიდან: ნათია გუჯაბიძე, ნატა ნაზღაიძე, შორენა ყაველაშვილი.

ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე / რუსთავი 2

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაწყებული დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა. სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საკუთრებასთან დაკავშირებული დავა შორენა ყაველაშვილის, ნატალია ნაზღაიძისა და ნათია გუჯაბიძის კოლეგიამ განიხილა. კოლეგიამ მიიჩნია, რომ ხალვაშთან და მის კომპანიასთან რუსთავი 2-ის წილის დათმობის შესახებ ამორალური გარიგება გაფორმდა და უცვლელი დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი დასაბუთებული გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილით მოპასუხე მხარეს, საკუთარი ინიციატივით, ფოსტის საშუალებით გაუგზავნა.

მოპასუხე მხარეს მიაჩნდა, რომ გადაწყვეტილების მათთვის გაგზავნით დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა და მათი უფლება, რადგან გადაწყვეტილების ჩაბარების ვადის გამოყენებას აპირებდნენ.

დავა უზენაესს სასამართლოში

ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge

რუსთავი 2-ის საკუთრებასთან დაკავშირებით დავა უზენაესს სასამართლოშიც გაგრძელდა. სასამართლომ საქმის განხილვა ზეპირი მოსმებენის გარეშე დაიწყო. რამდენიმედღიანი განხილვის შემდეგ, კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქმე განსახილველად დიდი პალატისთვის უნდა გადაეგზავნა.

დიდი პალატის დაკომპლექტების შესახებ ცნობილი 27 თებერვალს გახდა. პალატა მოსამართლეებისგან: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი. მათგან გასიტაშვილი, ქათამაძე და ალავიძე, ის მოსამართლეები არიან, რომლებმაც საქმე პლენუმს გადასცეს.

საქმის განმხილველი მოსამართლეების სხვადასხვა ნაწილის არიდებას ითხოვდნენ საქმის ორივე მხარე.

რუსთავი 2-ის საკონსტიტუციო სარჩელი

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოშიც მიმდინარეობდა. ტელეკომპანიამ საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა გაასაჩივრა, რომელიც ამორალურ გარიგებას შეეხება.

საჩივრის ავტორების აზრით, ეს ნორმა არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას. ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კოლეგიის ერთ-ერთი წევრის, მერაბ ტურავას შუამდგომლობით, პლენუმს გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გაჭიანურდა. გადაწყვეტილება ამ დრომდე არ გამოცხადებულა.

რა მიზეზით ითხოვდა მოპასუხე მხარე მოსამართლეების აცილებას?

ტელეკომპანია რუსთავი 2-ისა და მისი მფლობელების (ყარამანიშვილები) წარმომადგენლებმა არაერთხელ დააყენეს მათი საქმის განმხილველი მოსამართლეების აცილების შუამდგომლობა. სასამართლომ მოპასუხის მიერ დაყენებული შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

ნათია გუჯაბიძე, ნატა ნაზღაიძე, თამაზ ურთმელიძე

მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე „პროკურატურის მძევალი“ იყო. არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, როდესაც მოსამართლის ოჯახის წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ის მიუკერძოებელი ვერ იქნებოდა და პროცესს უნდა ჩამოშორებოდა.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილების საკითხი რუსთავი 2-მა იმ მიზეზით დააყენა, რომ მათი თქმით, მოსამართლე შესაძლო "თაღლითობაშია" შემჩნეული - ის თანხას ბიუჯეტიდან თბილისში ბინის ქირის ასანაზღაურებლად იღებდა, თუმცა, რეალურად საკუთარი დედის სახლში ცხოვრობდა და ქირას დედას უხდიდა. სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლე, რომელსაც რუსთავი 2-მა კორუფციაში დასდო ბრალი, ნატა ნაზღაიძეა. არხის ინფორმაციით, ნაზღაიძის ძმამ, როგორც 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულმა, თბილისის მერიიდან კომპენსაციის სახით მილიონი ლარი მიიღო. თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებდნენ, რომ ზვიად ნაზღაიძემ, ზარალის ასანაზღაურებლად, მილიონი ლარი იმ მიწის ნაკვეთისთვის მიიღო, რომელიც თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ გამოისყიდა. ეს ინფორმაცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდა ცნობილი. ბრალდებები უარყვეს როგორც თბილისის მერიამ, ისე მოსამართლე ნაზღაიძემ და მისმა ძმამ.

საქმის უზენაეს სასამართლოში გადანაცვლებასთან ერთად, რუსთავი 2-ის წარმომადგენლების მიერ მათი საქმის განმხილველი მოსამართლეების აცილების საკითხი დადგა. მხარე მიიჩნევდა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე ტელეკომპანიის მიმართ ვერ იქნებოდა ნეიტრალური. მიზეზი ის გარემოებაა, რომ წლების წინ, არხის დირექტორი, ნიკა გვარამია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გვენეტაძის გადაყენებისა და დისციპლინური დევნის განმახროციელებლი იყო.კიდევ ერთი მოსამართლე, მზია თოდუა კი, ქართუ ბანკის დირექტორი და ქართული ოცნების შემომწირველი იყო.

მორიგი მოსამართლე, რომლის აცილებასაც რუსთავი 2 ითხოვდა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილია. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ლალი ფაფიაშვილის დედა, ტატიანა ახვლედიანი ნოტარიუსია, რომელიც სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკითხვაზე პროკურატურაში იყო და შესაძლოა, ხელისუფლებას ეს ბერკეტი გამოეყენებინა მოსამართლეზე ზეგავლენის მოსახდენად.

რას ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციები?

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ სასამართლო პროცესები ხარვეზებით მიმდინარეობდა ყველა ინსტანციაში, ისინი მიუთითებდნენ პროცესის პოლიტიზირებაზეც.

"როგორც სამივე ინსტანციაში სასამართლო პროცესის მიმდინარეობა, ასევე საბოლოოდ მიღებული შედეგი არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნებს და კიდევ უფრო მყარს ხდის ჩვენს ეჭვებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელისუფლების უხეში ჩარევის შესახებ" - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა 3 მარტს, უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადეს.

რას ამბობენ სხვა მედიასაშუალებები?

რამდენიმე ათეულმა ჟურნალისტმა და მედიასაშუალებამ 5 მარტს გაავრცელა განცხადება, სადაც წერია: "ქართული სასამართლოს პირველივე ინსტანციიდან იყო ღია ნიშნები იმისა, რომ პროცესი არ არის დაცლილი პოლიტიკური გავლენისგან. პირველი ინსტანციის მოსამართლემ მიიღო განჩინება, რომლითაც გააჩინა შესაძლებლობა, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაერიოს მედიასაშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობაში და მიუთითოს მას, როგორ წარმართოს თავისი საქმიანობა".

ჟურნალისტების თქმით, ისინი იმედს იტოვებენ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დავის საბოლოო განხილვამდე ძალაში დატოვებს ამ გადაწყვეტილებას [აღსრულების შეჩერების შესახებ] და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებას შესაძლებლობა ექნება, ევროპის სასამართლოში დავის დასრულებამდე, გააგრძელოს მაუწყებლობა და უზრუნველყოს პლურალისტული გარემო ქვეყანაში.

რას ამბობს სახალხო დამცველი?

სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, თავიდანვე აცხადებდა, რომ სასამართლოს ქმედებები რუსთავი 2-თან დაკავშირებით ხარვეზიანი იყო. მისი თქმით, სამაუწყებლო კომპანიის ფუნქციონირებს შეფერხება ნეგატიურად აისახებოდა ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზებასა და მედია თავისუფლებაზე, რადგან ვარაუდობდა, რომ სასამართლო დავის დასრულებას არაერთი თვე ან წელი დასჭირდებოდა.

რუსთავი 2-ის საქმე მოხვდა საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშშიც მოხვდა. ანგარიშში სახალხო დამცველი საერთო სასამართლოებს მოუწოდებდა, მედიასაშუალებასთან დაკავშირებულ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას სამართლიანი სასამართლოს, საკუთრების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად განსაზღვრული მაღალი სტანდარტებით ეხელმძღვანელათ.

როგორ აფასებენ პოლიტიკოსები რუსთავი 2-ის საქმეს?

რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო პროცესებს ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი პარტია, ქართული ოცნება, ორ სუბიექტს შორის საკუთრების თავად აფასებენ. განსხვავებული მოსაზრება აქვს ოპოზიციის ნაწილს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს არის ხელისუფლების ბრძოლა მედიაზე სრული კონტროლის დასამყარებლად.

დავის დაწყების დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ის რუსთავი 2-თან დაკავშირებულ პროცესებში მთავრობის მონაწილეობას გამორიცხავდა და კერძო დავის პოლიტიზირების მცდელობებს ხედავდა.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, პროცესები პოლიტიზირებულია, დამოუკიდებელი მედია საქართველოს მონაპოვარია და რუსთავი 2-ის ფუნქციონირება დემოკრატიული საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

რას ამბობდა ივანიშვილი?

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრობამდე, პრემიერმინისტრობის დროსაც და მის შემდეგაც, არ ერიდებოდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიმართ ნეგატიური აზრების გამოხატვას. არხს ის ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტულ მანქანას უწოდებდა. მისი ინიციატივითა და თანაწამყვანობით, როგორც ის ამბობდა, რუსთავი 2-ის „გასანეიტრალებლად“, ტელეკომპანია GDS-ზე გადაცემა 20:30 დაიწყო. ამ გადაცემის მიზანი „მიუკერძოებელი და კვალიფიციური ანალიზის“ მიწოდება იყო. 20:30 რუსთავი 2-ის ხალვაშისთვის გადაცემამდე ორი თვით ადრე დაიხურა.

ივანიშვილი ამბობდა, რომ რუსთავი 2 სხვა მედიასაშუალებებში დომინირებდა და სხვა მედიასაშუალებებიც მხარს უბამენ, მოსახლეობას კი რეალობის გაგება ძალიან უჭირს. მსგავსი რამ მან მოგვიანებით, ტელეკომპანია იმედის ეთერშიც თქვა.

არხისა და მისი მფლობელების შესახებ ივანიშვილის კომენტარები ურთიერთგამომრიცხავი იყო. საქართველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ამბობდა, რომ ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის ფორმალური მეპატრონე იყო და ის მფლობელი შემთხვევით გახდა. 2015 წელს კი ივანიშვილი აცხადებდა, რომ ხალვაშს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ ტელევიზია წაართვა და „ყველაფერი დაუწვეს“.

"დავით დვალი და აქიმიძე რუსთავი 2-ის დამფუძნებელი გახლავთ. მათ დიდი წვლილი აქვთ ამ ტელევიზიის შექმნაში. მათ ძალიან უხეშად მოექცნენ, მათ პრეტენზია აქვთ, რომ წაართვეს ტელევიზია. შემდეგი გახლდათ ხალვაში. არათუ ტელევიზია, მას დაუწვეს ყველაფერი და კაცმა საზღვარგარეთ გაასწრო,” - აღნიშნავდა ივანიშვილი.

რას უპირებს ხალვაში რუსთავი 2-ს?

ქიბარ ხალვაში, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი გახდა, ამბობს, რომ არხის პირვანდელ მფლობელებს, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს გადასცემს.

ხალვაშმა არ დააკონკრეტა, რამდენიმე პროცენტის გადაცემაზეა საუბარი, თუმცა, აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიის წილის იმ ნაწილს გადასცემს, რომლითაც არხი არ იქნება "სხვისი კონტროლის ქვეშ".

თავის მხრივ, დავით დვალმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის რუსთავი 2-ში ცენზორად არ დაბრუნდება და თუ ეს არხი ოდესმე მას დაუბრუნდება, ეს უნდა მოხდეს ისე, რომ კითხვები არ დარჩეს.

რა იყო ეროსი კიწმარიშვილის როლი რუსთავი 2-ის საქმეში?

რუსთავი 2-ის პირვანდელი მფლობელებიდან ცოცხლები მხოლოდ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძე არიან. არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ეროსი კიწმარიშვილი, 2014 წლის ზაფხულში, თავის ავტომობილში, გარდაცვლილი იპოვეს. მას თავში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. გამოძიებას თვითმკვლელობის გარდა სხვა ვერსია არ განუხილავს. ოჯახს კი ამ ვერსიის თავიდანვე არ სჯეროდა, რადგან ისინი ვერ ხედავდნენ მიზეზს, რის გამოც კიწმარიშვილს შესაძლოა თავი მოეკლა.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლების მაშინდელი წარმოამადგენლები ტელეკომპანია რუსთავი 2-ის "კანონიერი მფლობელებისთვის" დაბრუნებაზე საუბრობდა ეროსი კიწმარიშვილი არხსა და მის კავშირებს შორის არაერთ კომენტარს აკეთებდა. კიწმარიშვილის კომენტარებს თავი ტაბულამ მოუყარა.

  • "მე მინდა, ვუთხრა [ბიძინა] ივანიშვილს, როცა რუსთავი 2-ზე საუბრობს, თვალებში მე შემომხედოს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამ ვიცით მეც და მანაც ისეთი, რისი გამომჟღავნებაც ბევრ ადამიანს დააზარალებს."
  • "თუ [დავით] დვალი და [ჯარჯი] აქიმიძე მართლები არიან, მაშინ მეც მართალი ვარ და, თუ ქიბარია [ხალვაში] მართალი, მაშინაც მეც მაქვს მოთხოვნის უფლება... ორივე გადაწყვეტილების შემთხვევაში მე "ცოცხალი" ვრჩები. უჩემოდ სასამართლო ვერ დაამთავრებს ამ თემას."
  • "ხელისუფლება ჩემს პარტნიორებთან გარკვეული ალიანსის გზით ცდილობს რუსთავი 2-ზე გავლენა მოიპოვოს. რა ტიპის და როგორი ალიანსის დამყარების მცდელობაა, არ ვიცი. ძალიან საინტერესო დეტალია კალაძის განცხადება რუსთავი 2-თან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ტელევიზიას მისი მეპატრონე დაიბრუნებს... რუსთავი 2-თან დაკავშირებით, შემიძლია პირდაპირ და ყოველგვარი ირონიის გარეშე გითხრათ, რომ თუ რამე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება კლასიკური პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სამართლებრივი."

როდიდან შეუძლია ხალვაშს ტელეკომპანიის მართვა?

რუსთავი 2-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არხის მენეჯმენტსა და ახლა უკვე ყოფილ მმართველებს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეუძლიათ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გასაჯაროვდა, ქიბარ ხალვაშს კი შეუძლია გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში მიიტანოს და დაარეგისტრიროს.

საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, მას ოფიციალურად შეუძლია ტელეკომპანიის მართვა დაიწყოს. თუმცა, მას საჯარო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაციის უფლება შეზღუდული აქვს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის იურისტებმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სტრასბურგის ადამინის უფლებათა დაცვას სასამართლოს მიმართეს. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეყოლების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა.

ვინ იყვნენ რუსთავი 2-ის მფლობელები?

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 1994 წელის 4 მარტს, შპს შპს საინფორმაციო-სარეკლამო სააგენტო გამა პლიუსის სახელით ჯარჯი აქიმიძემ, დავით დვალმა და ეროსი (ერასტი) კიწმარიშვილმა დააფუძნეს. მას მერე კომპანიის მფლობელები დაახლოებით 20-ჯერ შეიცვალნენ. კომპანიის მფლობელები სხვადასხვა დროს სატელეკომუნიკაციო კომპანია ბილაინისა და საქართველოს მთავრობასთან დაახლოებული პირები იყვნენ. ტელეკომპანიის წილების ცვლილებების შესახებ ინფორმაცია, ქრონოლოგიის მიხედვით, მედიის განვითარების ფონდმა გამოაქვეყნა.

  1. 2014 - ნინო ნიჟარაძე (9%), ლევან ყარამანიშვილი (22%), გიორგი ყარამანიშვილი (18%), შპს ტელეკომპანია საქართველო (51%);
  2. 2012 - გიორგი გეგეშიძე (9%), ლევან ყარამანიშვილი (22%), გიორგი ყარამანიშვილი (18%), შპს ტელეკომპანია საქართველო (51%);
  3. 2012 - გიორგი გეგეშიძე (10%), ლევან ყარამანიშვილი (50%), გიორგი ყარამანიშვილი (40%);
  4. 2012 - გიორგი გეგეშიძე (10%), ლევან ყარამანიშვილი (50%), შპს მედია ჯორჯია (40%);
  5. 2011 - გიორგი გეგეშიძე (10%), ლევან ყარამანიშვილი (90%);
  6. 2011 - DEGSON LIMITED (70%) შპს ჩემექსიმ ინტერნეშენალი (30%);
  7. 2009 - ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (30%), DEGSON LIMITED (70%);
  8. 2008 - კორპორაცია გეომედია გრუპი (40%), ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (30%), ირაკლი ჩიქოვანი (30%);
  9. 2007 - კორპორაცია გეომედია გრუპი (55%), ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (45%);
  10. 2006 - შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (45%), DELGADO RESOURCES LTD (55%);
  11. 2006 - შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (22%); შპს გეო-ტრანსი (78%);
  12. 2006 - შპს პანორამა (40%), ქიბარ ხალვაში (38%), შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (22%);
  13. 2006 - შპს პანორამა (40%), ქიბარ ხალვაში (38%), შპს საქცემენტი (22%);
  14. 2004 - შპს პანორამა (40%), ქიბარ ხალვაში (60%);
  15. 2004 - შპს პანორამა (30%), ქიბარ ხალვაში (60%), ნიკოლოზ ტაბატაძე (10%);
  16. 2004 - ქიბარ ხალვაში (60%), ეროსი კიწმარიშვილი (30%), ნიკოლოზ ტაბატაძე (10%);
  17. 2004 - პაატა კარსანიძე (60%), ეროსი კიწმარიშვილი (30%), ნიკოლოზ ტაბატაძე (10%);
  18. 2001 - დავით დვალი (30%), ჯარჯი აქიმიძე (30%), ეროსი კიწმარიშვილი (30%), ნიკოლოზ ტაბატაძე (10%);
  19. 1996 - ჯარჯი აქიმიძე (33,3%), დავით დვალი (33,3%), ეროსი კიწმარიშვილი (33,3%);
  20. 1994 - შპს საინფორმაციო-სარეკლამო სააგენტო გამა პლიუსი - ჯარჯი აქიმიძე (40%), დავით დვალი (30%), ეროსი კიწმარიშვილი (30%).

კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ზარქუა: "ლუსულ" ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო — ნათესავისაა
  2. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს
  3. ფილარმონიის მიმდებარედ საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ
  4. ილია II: ცესკომ დაადასტურა ქართული ოცნების გამარჯვება, გულითადად ვულოცავთ ამ წარმატებას
  5. ჯოზეფ ბორელი განმარტავს, რა იქნება საქართველოში "ტექნიკური მისიის" ამოცანა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს

ამ მომენტში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოლიციელებზე თავდასხმაზე ბრალდებული მათე დევიძის სასამართლო პროცესი…