ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ოქტომბერს ჩატარდა. დემოკრატების კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა დაიმსახურა და გამარჯვება მოიპოვა. მისი კონკურენტი და მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კი დამარცხებას არ აღიარებს. მან რამდენიმე შტატში ხმების გადათვლაც მოითხოვა და იმეორებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.

მაშინ, როდესაც კონგრესში მიმდინარე სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ, ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სხდომა ჩაშალეს და კაბინეტები დაარბიეს. არეულობის შედეგად დაშავდა პოლიციის, სულ მცირე, 14 თანამშრომელი, ოთხი ადამიანი კი გარდაიცვალა.

პროცესებს ტრამპი მხოლოდ მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც ბაიდენმა მოუწოდა საპრეზიდენტო ფიცი დაეცვა. ტრამპმა მხარდამჭერებს დაშლა ურჩია, თუმცა მათი საქციელი გაამართლა, დემონსტრანტებს "განსაკუთრებულებიც" კი უწოდა და სიყვარულში გამოუტყდა.

ფოტო: Michael Robinso Chavez / The Washington Post

განვითარებული მოვლენების მიუხედავად, კონგრესმა მეორე დღეს ბაიდენის გამარჯვება მაინც დაამტკიცა. თუმცა მომხდარი "სამარცხვინო" ფურცლად ჩაიწერება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, რომლის ფუნდამენტიც თავისუფალი არჩევნები და ძალაუფლების გადაბარების გრძელვადიანი ტრადიციაა.

ტრამპის ძალაუფლების შენარჩუნების ჟინმა და მის მიერ არჩევნების შედეგების არაღიარებამ, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტებიც, მათ შორის, რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშიც, გააღიზიანა. ბუშმა გუშინდელი შტურმი კაპიტოლიუმზე სულისშემძვრელ სანახაობად შეაფასა, ბარაკ ობამამ კი ქვეყნისთვის შეურაცხყოფისა და სირცხვილის მომენტად.


ამერიკის ისტორიაში არც ისე ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქმედი პრეზიდენტები ადგილს მეორე ვადით ვეღარ ინარჩუნებენ. ასეთები იყვნენ უილიამ ჰოვარდ ტაფტი, ჯონ ქუინსი ადამსი (1800 წლის არჩევნები არ იყო ძალაუფლების გადაცემის საუკეთესო მაგალითი, თუმცა ამ პროცესმა დიდი წვლილი შეიტანა დემოკრატიის განვითარებაში), ჰერბერტ ჰუვერი, ჯერალდ ფორდი, ჯიმი კარტერი, ჯორჯ ბუში (უფროსი) და ა.შ. ამ სიას დონალდ ტრამპიც მიემატა.

1787 წლის კონსტიტუციური ყრილობის დასასრულის მოახლოების ჟამს, ბენჟამინ ფრანკლინს კითხეს — რა სახის მთავრობას დაუჭირა მხარი კრებამ, მონარქიას თუ რესპუბლიკას.

"რესპუბლიკას, თუ მის შენარჩუნებას შეძლებ" — მიუგო ფრანკლინმა.

ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამები

ფოტო: Nationalgeographic

ეს ნიშნავდა, რომ ამერიკული დემოკრატია, მთელი თავისი არასრულყოფილებით, მუშაობას იწყებდა. ეს ნიშნავდა, რომ თავად კონსტიტუცია, მის მიერ შექმნილი მმართველობის სისტემა და მასზე დაფუძნებული საზოგადოება მხოლოდ მუდმივი ყურადღების და მზრუნველობის შემთხვევაში გადარჩებოდა.

"ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება" — ამ ფრაზას, როგორც ამერიკული ღირებულებების პირმშოს, ხშირად იყენებდნენ მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყნებში. სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც რეჟიმის ცვლილებები ხშირად სისხლიანი დაპირისპირების სახეს იღებდა. აშშ-ში ასე არ ხდებოდა და ამაში სხვა პრეზიდენტების მაგალითები დაგარწმუნებთ.

ჯორჯ ბუში

რესპუბლიკელმა ჯორჯ ბუშმა (უფროსი), ამერიკის 41-ე პრეზიდენტმა 1989-1993 წლებში ერთი ვადით დაიკავა ოვალური კაბინეტი. განმეორებით არჩევნებში იგი დემოკრატ უილიამ (ბილ) კლინტონთან დამარცხდა.

"აი, როგორ ვხედავ მე ამ პროცესს, როგორ ვხედავთ ჩვენ ამ პროცესს და როგორ უნდა ხედავდეს ქვეყანა ამ პროცესს: ხალხმა საკუთარი აზრი გამოხატა და ჩვენ პატივს ვცემთ დემოკრატიული სისტემის უდიდებულესობას" — განაცხადა ბუშმა თავის გამოსვლაში, როდესაც ძალაუფლებას კლინტონს უთმობდა.

ბუშმა კლინტონს დასამშვიდობებელი წერილიც დაუტოვა, რომელიც ამერიკის ისტორიის ნაწილი გახდა — "შენი წარმატება ახლა ქვეყნის წარმატებაა, მე შენს მხარეს ვარ" — წერდა ბუში კლინტონს.

მიუხედავად იმისა, რომ მისთვის არ იყო ადვილი კლინტონთან დამარცხება, არჩევნების შედეგში ეჭვი არ შეუტანია.

"ბილ კლინტონის თეთრ სახლში შემოსვლა, ბუშის ნაცვლად, ნამდვილად ძალიან მეგობრული ცვლილება იყო, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი მტრულ პირობებში მიმდინარეობდა. პრეზიდენტი დამარცხდა ახალბედა პოლიტიკოსთან, არკანზასის გუბერნატორთან. თუმცა ჯორჯ ბუშმა თანამშრომლობის ძალიან მაღალი ხარისხი უზრუნველყო. ეს იყო ძალაუფლების სამაგალითო გადაბარება ამერიკის ისტორიაში", — იხსენებს პოლიტიკის ექსპერტი, ენდრიუ ქარდი BBC-სთან.

ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი

ფოტო: TIME

"ბუში ნამდვილად შეშფოთებული იყო მისი მარცხით, თუმცა ამავე დროს, ის ზეიმობდა ჩვენს დემოკრატიულ მონაპოვარს — იცოდა, რომ დემოკრატიის მთავარი ნიშანი არის იმის უნარის აღმოჩენა, რომ საკუთარი სურვილების მიუხედავად, ძალაუფლების გადაბარება უზრუნველყო", — ამბობს ის.

ჯიმი კარტერი

ამერიკის 39-ე პრეზიდენტმა (1977-1981) დემოკრატმა ჯეიმს (ჯიმი) კარტერმა, განმეორებითი არჩევნები რესპუბლიკელ რონალდ რეიგანთან წააგო.

კარტერის მარცხი მისი პოლიტიკური ცხოვრების რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა — მათ შორის იყო რეცესია და ირანში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების მძევლად აყვანა.

ჯიმი კარტერი და რონალდ რეიგანი

ფოტო: Foreignaffairs

"მე ვაფასებ სისტემას, რომელიც აძლევს ადამიანებს ნებას, გააკეთონ თავისუფალი არჩევანი იმასთან დაკავშირებით, ვინ გაუძღვება მათ ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის მანძილზე", — განაცხადა კარტერმა თავის გამოსვლაში.

კარტერი ხშირად ამბობდა, რომ კანდიდატი დემოკრატიული სისტემის და იმ მილიონობით ადამიანის სახეა, ვინც საარჩევნო პროცესში მონაწილეობა მიიღო.

კარტერს დამარცხება წინა ღამით აუწყეს — მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი აზრის კვლევები გახდა ცნობილი. მას უთხრეს, რომ "ყველაფერი დასრულდა" — კარტერს არჩევნების დღის გამოსვლებში არ ეტყობოდა, რომ მარცხისთვის მზად იყო, თუმცა არც გამარჯვება უწინასწარმეტყველია.

დამარცხებაც უპრობლემოდ აღიარა. გამოსამშვიდობებელ სიტყვაში თავის გუნდს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ "შეიძლება ყველაზე იღბლიანი პრეზიდენტიც იყო ამერიკის ისტორიაში".

ჯერალდ ფორდი

ფორდი ამერიკის 38-ე პრეზიდენტი იყო და 1974-77 წლებში მოღვაწეობდა. მან არჩევნები კარტერთან წააგო.

უოტერგეიტის სკანდალისა და პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის გადადგომის შემდეგ, ფორდი გახდა პირველი არა-არჩეული პრეზიდენტი აშშ-ს ისტორიაში. მისი პრეზიდენტობა ეკონომიკის დაღმასვლამ და სამხრეთ ვიეტნამის დაცემამ შეიწირა.

ფორდმა კარტერს გამარჯვება სატელეფონო ზარით მიულოცა. დასამშვიდებელი სიტყვა კი პირველმა ლედიმ წარმოთქვა — მან დამარცხება აღიარა და პრეზიდენტის სახელით კარტერს გამარჯვება მიულოცა.

ამერიკის პირველი ლედი, ჯერალდ ფორდის ცოლი

ფოტო: History

ჰერბერტ ჰუვერი

ჰერბერტ ჰუვერი ამერიკის 31-ე პრეზიდენტი იყო და ქვეყანას 1929-1933 წლებში ემსახურებოდა. მან განმეორებითი არჩევნები ფრანკლინ დელანო რუზველტთან წააგო.

ჰუვერის არჩევიდან რამდენიმე თვეში, საფონდო ბირჟამ კატასტროფა განიცადა — ეკონომიკური ვარდნა დიდ დეპრესიაში გადაიზარდა. ჰუვერი კი დიდი დეპრესიის "განტევების ვაცი" გახდა და 1932 წელს სასტიკად დამარცხდა.

ძალაუფლების გადაბარების პროცესი აგრესიული რიტორიკის ფონზე, თუმცა მშვიდობიანად წარიმართა — ჰერბერტი სულაც არ იყო რუზველტზე კარგი წარმოდგენის. შეიძლება ითქვას, რომ არც მის ხედვებზე ამყარებდა დიდ იმედებს.

FDR-ისა და ჰუვერის შეხვედრა ინაუგურაციის დღეს

ფოტო: Newyorker

ჰუვერი ფიქრობდა, რომ FDR-ის (Franklin D. Roosevelt) არჩევით ამერიკელებმა შეცდომა დაუშვეს — მას "სურდა" ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ აშშ რუზველტის New deal-ისგან დაეცვა, რითაც ახალი პრეზიდენტი ქვეყანას ეკონომიკის აღდგენას აპირებდა. სწორედ პირველი ომის შემდეგი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულება, ევროპასთან ურთიერთობის ვექტორი და საგარეო პოლიტიკა იყო მათ შორის ვერშეთანხმების მთავარი მიზეზი.

ჰუვერმა მათი ტელეგრამის მიმოწერებიც გამოაქვეყნა, რადგან რუზველტის მიერ გამოყენებული მეთოდები, მათ შორის, ჰუვერის მიერ საგარეო პოლიტიკის წარმართვის პროცესში ჩარევის გზები, ნამდვილად გახდებოდა შეშფოთების საგანი ამერიკაში.

მას შემდეგ, რაც არაერთი მცდელობის შემდეგ, რუზველტმა ჰუვერისგან დახმარების მიღებაზე უარი თქვა, მან ქალაქი დატოვა და პრეზიდენტები ერთმანეთს აღარ შეხვედრიან.

რას აპირებს ტრამპი?

ამერიკული ტრადიციების ფონზე ტრამპის მაგალითი კონტექსტიდან სრულად ამოვარდნილია — განვითარებული მოვლენებით ნათლად დადასტურდა, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი აშშ-ში არ იქნება მარტივი. არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი უფლებამოსილებას 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ შეუდგებიან — თუმცა ტრამპი, როგორც ჩანს, დამარცხების აღიარებას ისევ არ აპირებს.

2020 წლის არჩევნებს ის თაღლითობას უწოდებს და სრულიად შესაძლებელია, არ გააგრძელოს საჯარო ტრადიციად ქცეული — მარცხის აღიარება და ძალაუფლების გადაბარება. არადა, რამდენიმე წლის წინ, თავადაც ასე გადაიბარა თეთრი სახლი. მიუხედავად იმისა, რომ ობამა ტრამპთან არ დამარცხებულა, რადგან მას ორივე საპრეზიდენტო ვადა ამოწურული ჰქონდა, ტრამპის აგრესიული წინასაარჩევნო კამპანიის და მუდმივი კრიტიკის შემდეგ, თანამდებობა ამერიკული ტრადიციების სრული დაცვით გადააბარა.

ფოტო: BBC

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აშშ-ის პრეზიდენტების მიერ წარმოთქმული "დათმობის, დამარცხების სიტყვა" ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ნაწილია, რომელსაც დემოკრატმა, ვილიამ ბრაიანმა 1896 წელს ჩაუყარა საფუძველი. მაშინ ბრაიანმა რესპუბლიკელ მაკინლის მისალოცი ტელეგრამი გაუგზავნა, სადაც წერდა, რომ ამერიკის ნება კანონია, რასაც ყველა უნდა დამორჩილდეს.

ცხადია, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი ან კონსტიტუციური მოთხოვნა, რომელიც კანდიდატს (ან თავმჯდომარეს) ავალდებულებს მსგავსი სიტყვით გამოვიდეს — ეს თავაზიანობის გამოხატულებაა, რომელსაც წინ, ჩვეულებრივ, კანდიდატებს შორის სატელეფონო ზარი უნდა უძღოდეს.

კარიკატურა — დონალდ ტრამპი სერიალის პერსონაჟის, ფრენკ ანდერვუდის სტილში

ფოტო: Wired

ტრადიცია მოითხოვს, რომ აღნიშნულ სიტყვაში. კანდიდატმა ოთხ ძირითად თემაზე ისაუბროს: დამარცხების აღიარება, გაერთიანებისკენ მოწოდება, დემოკრატიის გამარჯვება და ბრძოლის გაგრძელების პირობა. აუცილებელია, რომ ამერიკელმა ხალხმა არჩევნებით გამოწვეული განხეთქილება სწორედ ამ გამოსვლის შემდეგ დაასრულოს და სხვა, უფრო მნიშვნელოვან "დაპირისპირებაზე" კონცენტრირდნენ.

ამერიკელი ხალხი იმსახურებს, 2020 წლის აშშ-ის არჩევნები, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ღრმა განხეთქილების მაჩვენებელ არჩევნებად მიიჩნევა, სწორედ ტრამპის ამ გამოსვლით დასრულდეს. მაგრამ რთულია პროგნოზირება, რას იზამს ტრამპი.