ახალგაზრდები უკეთესი გარემოსთვის — ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის 2020 წლის გამარჯვებულები
ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია გარემო, სადაც ვცხოვრობთ, არადა თითოეული ადამიანის თუნდაც მცირე ძალისხმევას მოაქვს უდიდესი შედეგი და რწმენა, რომ აუცილებლად ვიხსნით მსოფლიოს ეკოლოგიური კატასტროფებისგან. სწორედ ამ მიზნით, 2015 წელს, CENN-მა, თანაორგანიზატორებთან ერთად, დააარსა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია, რომლის ფარგლებშიც, სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით და სოციალურ აქტივობას ახორციელებენ. როგორც ამბობენ, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია მეტია, ვიდრე ეკოკლუბების კონკურსი. ეს ახალი შესაძლებლობების მიღებისა და გაზიარების, პიროვნული ზრდის უწყვეტი პროცესია.
კონკურსი შექმნილია ისეთ ფასეულობებზე, როგორებიცაა: სოლიდარობა, თანამშრომლობა და გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.
მიუხედავად ეპიდემიისა, CENN-მა არც წელს დაუშვა გამონაკლისი და ეკოკლუბებს შორის საუკეთესოები გამოავლინა. წელს პროექტში 700 სკოლა დარეგისტრირდა. ეკოკლუბები პერიოდულად ახორციელებდნენ გარემოსდაცვით თუ სოციალურ აქტივობებს, მათ შორის იყო მასშტაბური გამწვანების აქციები, ნაგავსაყრელთა დახურვა, სოციალური დახმარების გაწევა შშმ პირებისთვის და სხვა. ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალი ავსტრიის ეროვნულ დღეს, თავად ამ ქვეყნის ელჩმა, თომას მიულმანმა გახსნა.
გამარჯვებულ ეკოკლუბებს შორის დასახელდნენ დუისის, ახალსოფლისა და წეროვნის საჯარო სკოლები. მათ ფულადი პრიზები გადაეცათ გრანტის სახით. გარდა ამისა, პარტნიორმა ორგანიზაციებმა დაასახელეს თავიანთი რჩეული ეკოკლუბები.
მოსწავლეები ამბობენ, რომ ფინალში გასვლა მათთვის როგორც სასიხარულო, ისე საპასუხისმგებლოც იყო. ქვემოთ ჩვენ მოგიყვებით სამი გამარჯვებული ეკოკლუბის საქმიანობებს, ემოციებსა და შთაბეჭდილებებს.
დუისის საჯარო სკოლა
ეკოკლუბი პროექტში გვიან ჩაერთო, ამას დაემატა პანდემიაც, თუმცა ამ გარემოებებსაც არ შეუშლია ხელი იმისთვის, რომ ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგები ეჩვენებინათ. ბავშვებმა პრობლემებს სრულიად ახლებური ხედვა დაუპირისპირეს და დიდი როლი შეასრულეს ხეობაში პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში — ეკოკლუბმა რამდენიმე პროექტიდან მოიპოვა დაფინანსება, შედეგად კი განახორციელა სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის: შეისყიდეს დიდი რაოდენობით მატერია, შეკერეს პირბადეები და უსასყიდლოდ დაურიგეს მოსახლეობას. ასევე, ხეობაში გაავრცელეს ქართული და ინგლისური წიგნები, რათა ბავშვებს პანდემიის დროსაც ჰქონოდათ საშუალება გაცნობოდნენ ახალ ლიტერატურას. გარდა ამისა, შშმ პირებისთვის შეიძინეს საკანცელარიო ნივთები, რამდენიმე კომპიუტერი კი გადასცეს ბავშვებს, რომლებსაც ტექნიკასთან წვდომა არ ჰქონდათ და ამის გამო ვერ ესწრებოდნენ ონლაინ გაკვეთილებს. ეკოკლუბელები პანდემიის დროს დაესწრნენ 100-ზე მეტ სემინარსა და ტრენინგს, მიღებული ცოდნა კი გაუზიარეს თანასკოლელებს.
ეკოკლუბი კონკურსის დასრულების შემდეგ კვლავ აგრძელებდა საქმიანობას. ბავშვები ყველაზე მეტად გამოარჩევენ სოციალური საწარმოს გახსნას, სადაც დასაქმებულნი არიან შშმ პირები. საწარმოს თანამშრომლები ამზადებენ ტრადიციულ კერძებს. დაფასოების შემდეგ პროდუქტი ადგილობრივ მაღაზიებში იყიდება. ასევე, ყურადსაღებია მათი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მდგრადი მიზნების მისაღწევად.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტში მონაწილეობა, შემდეგ ფინალში გადასვლა და ბოლოს გამარჯვება. ეკოკლუბელებმა ამით დავამტკიცეთ, რომ სადღაც საქართველოს მთიან ადგილას ცხოვრობს ხალხი, რომელიც გაერთიანდა გარემოს დაცვის იდეის ირგვლივ და მათ ეს გამოუვიდათ — ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პლანეტაზე ზრუნვა, ინტეგრირებული საზოგადოების ჩამოყალიბება, დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება, საკუთარი თავის რეალიზება და ყველა ზემოხსენებულ პროცესში მოწყვლადი ჯგუფების თანაბარი მონაწილეობა. ამ ყველაფრის მიღწევაში კი ჩვენ დაგვეხმარა ნიკო კეცხოველის პრემია, რომელმაც გაგვაერთიანა საერთო იდეის ირგვლივ. თუმცა, პროექტის დასრულებით, ჩვენი მუშაობა და აქტიურობა ამ მიზნების მისაღწევად არ დასრულებულა, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ", — გვიყვება ეკოკლუბელი ამინა ხანგოშვილი.
ახალსოფლის საჯარო სკოლა
ეკოკლუბი წელს მეოთხედ გახდა ფინალისტი, თუმცა გამარჯვებამდე ყოველთვის ერთი ნაბიჯი აშორებდათ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებისთვის პროექტში მონაწილეობის მთავარი მოტივაცია პრიზის მიღება არ ყოფილა, გამარჯვებამ მათ მაინც სულ სხვა ემოცია მოუტანა. მოსწავლეების სიხარულით აცრემლებული თვალები უსიტყვოდ ხსნიდა მათ გრძნობებს. ბავშვებს უხარიათ, რომ მათ მიერ განხორციელებული აქტივობები სწორად შეფასდა. უამრავი საქმიანობისგან კი გამოარჩევენ სკოლის ეკო ნათურებით უზრუნველყოფას, საიტ COV-NEWS-ის შექმნას, სადაც ყოველკვირეულად ათავსებდნენ COVID-19-თან დაკავშირებულ სიახლეებს და გასცემდნენ რჩევებს. გარდა ამისა, ატარებდნენ ონლაინ გარემოსდაცვითი თემატიკის ტრენინგებს მთისძირსა და თივში მცხოვრებ მესხ და ავარ თანამოქალაქეებთან. პანდემიის პერიოდში მოსწავლეებმა თანატოლებისთვის გარემოსდაცვითი თემატიკის ონლაინ კროსვორდებიც კი შექმნეს, მოიწვიეს სხვა ეკოკლუბის წარმომადგენლები და ჩაატარეს საერთო აქტივობები, რომელთა მთავარ მიზანს ბავშვებში ცნობიერების ამაღლება და ეკოლოგიით დაინტერესება წარმოადგენდა. კითხვაზე, თუ რას ნიშნავს ეკოკლუბი, გარემოს მოქომაგე და მწვანე ელჩი, ეკო ვარდიაშვილი გვპასუხობს:
"ეკოკლუბმა ჩემი ყოველდღიური ქცევა, პიროვნება შეიცვალა. ახლა უფრო მეტად ვარ ეკომეგობრული. საკმაოდ პატარა ასაკიდან ჩავერთე გარემოსდაცვით აქტივობებში, რადგან ყოველთვის მსურდა ჩემს ირგვლივ გარემო უკეთესობისკენ შემეცვალა — გამეაზრებინა ეკოლოგიური პრობლემები და მეფიქრა მათი გადაჭრის გზებზე. ეკოკლუბში უამრავი უნარი გამოვიმუშავე, მათ შორის: ჯგუფური მუშაობა, საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ეკოკლუბის წევრობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაცაა, თუმცა სასიამოვნოა, როცა იცი, რომ ერთობლივი ძალებით, მეგობრების და გარშემომყოფების დახმარებით ცვლი გარემოს — ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია".
ახალსოფლის საჯარო სკოლის აქტივობები მდგრადი განვითარების თითქმის ყველა მიზანს ეხებოდა. გამარჯვების შემდეგ გუნდმა მიზანი დაისახა, უფრო მეტი ახალგაზრდა ჩართოს გარემოსდაცვით აქტივობებში.
წეროვნის საჯარო სკოლა
ეკოკლუბის წევრებზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანატოლებისთვის ნამდვილი მაგალითები არიან — ბავშვები ხშირად ატარებენ სემინარებს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, მათ შორის — თამბაქოს მოხმარებასა და შედეგად გამოწვეულ საფრთხეებზე. გარდა საინფორმაციო კამპანიებისა, ეკოკლუბელები თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და პერიოდულად აწყობენ დასუფთავების აქციებს. გამორჩეულ აქტივობად ეკოკლუბის წარმომადგენელ დიეგო მიქავას მიაჩნია პროექტი გენდერულ თანასწორობაზე, რომლის ფარგლებშიც 4 მუნიციპალიტეტში დაახლოებით 100-მდე ახალგაზრდა გადაამზადეს. ასევე, პროექტი მწვანე მეწარმეობის შესახებ, რომლის დროსაც ბავშვებმა ნარჩენი ნაჭრებისგან შეკერეს სურსათისთვის გამოსაყენებელი ჩანთები. დიეგოს თქმით, ეკოკლუბი პატარა ოჯახია, სადაც ადამიანები შრომობენ ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად:
"ამ კონკურსმა განმავითარა პიროვნულად. 2018 წლიდან ვარ ეკოკლუბის წევრი და მჯერა, რომ აქ შეძენილი მეგობრობა და ცოდნა ცხოვრების ბოლომდე გამყვება. მივხვდი, რისი კეთება მომწონს და გადავწყვიტე კიდეც, რომ ეკოლოგი გამოვიდე. ამ ეტაპზე ვაპირებ სხვას გადავაბარო ეკოკლუბის ლიდერობა, ვფიქრობ, რომ ყველამ, ვისაც სურს და შეუძლია, უნდა მიიღოს ეს გამოცდილება".
როდესაც 2019 წელს წეროვნის სკოლის ეკოკლუბი ფინალში ვერ გავიდა, მოსწავლეებმა დაგეგმეს აქტივობების გაუმჯობესებითა და გამრავალფეროვნებით სასურველ შედეგამდე მისულიყვნენ. როგორც ამბობენ, წელს ზუსტად იცოდნენ, რომ ფინალში გავიდოდნენ, თუმცა გამარჯვებაზე არ უფიქრიათ. ახლა, უზომოდ მადლიერები არიან, რადგან მათი შრომა დაფასდა.
გამარჯვებამ არამხოლოდ მონაწილეებზე იმოქმედა, არამედ მთელ სკოლაზე. ახლა უფრო მეტ ბავშვს სურს ჩაერთოს ეკოკლუბის საქმიანობებში, მიღებული გრანტი კი კლუბს სწორედ ამის საშუალებას მისცემს.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ხორციელდება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის "ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის" ფარგლებში.
თუ გსურთ დეტალურად გაეცნოთ ეკოკლუბების საქმიანობებს მიჰყევით ლინკს.
ახალი საკონკურსო წელი 2020 წლის დეკემბრიდან იწყება. დაინტერესებულ მოსწავლეებსა და პედაგოგოებს ინფორმაციის ნახვა პორტალზე — forestry.ge შეუძლიათ.
კომენტარები