ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონი — რა შეიცვალა და რატომ?
17 ივლისს პარლამენტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი სადავო ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელი პირისთვის სპეციალური მმართველის დანიშვნას ითვალისწინებს. კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით, ხმაურიანი საკომიტეტო მოსმენების ფონზე წარიმართა. ცვლილებებს და მის დაჩქარებულ განხილვას ოპოზიცია, კომუნიკაციების სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები არ ეთანხმებოდნენ. კიდევ ერთი ცვლილება კი, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონში უნდა შესულიყო, მთავრობამ უკან გაიწვია.
რა ხდება?
კომუნიკაციების სფეროში წინასაარჩევნოდ დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღებამ ეჭვები გააჩინა. როგორც საკომიტეტო მოსმენისას კომპანია მაგთის დამფუძნებელმა, გია ჯოხთაბერიძემ განაცხადა, ეს ცვლილებები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კავკასუს ონლაინმა 49%-იანი წილი გაასხვისა.
"საიდან მოვიდა თემა? კავკასუს ონლაინიდან, ხო? წელიწადი და ოთხი თვეა კავკასუს ონლაინში ეს წილები შეიცვალა და ის განაგრძობს ჩვეულებრივად ფუნქციონირებას და დაიმატა კიდევ საქართველოში აბონენტები, ამ კორონავირუსსაც გაუძლო და არაფერი არ მომხდარა დამანგრეველი საქართველოსთვის", — ამ სიტყვებით მიმართა ჯოხთაბერიძემ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დირექტორს, კახა ბექაურს.
მან ბექაურს ის საერთაშორისო ვალდებულებები შეახსენა, რაც საქართველოს აქვს აღებული, შემდეგ კი კომუნიკაციების სფეროს წარმომადგენლებთან პირველ ივლისს დაგეგმილი შეხვედრა გაიხსენა. ჯოხთაბერიძის თქმით, სწორედ ამ შეხვედრაზე, მანამ, სანამ კანონპროექტს პარლამენტში მთავრობა დაარეგისტრირებდა, მათ კომისიის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ინიციატივაზე უთხრეს, რომ მისი მიღება მთავრობას სურდა და თავად "აზრზე არ იყვნენ" შიგნით რა ეწერა.
"გვითხრეს, ამისთანა კანონი გადის, ჩვენ აზრზე არა ვართ, შიგნით რა წერია, მთავრობამ რაღაც მიიღო და ვერ მოგართვით ვერაფერი, ასეთია სიტუაცია. ეს იყო პირველში [ივლისს]. ველოდებოდით მერე, ვიფიქრეთ, სერიოზულ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა, რაღაცას მოგვაწვდიან. 6-ში [ივლისს] აღმოვაჩინეთ, რომ კანონპროექტი შემოვიდა", — განაცხადა ჯოხთაბერიძემ.
საპარლამენტო განხილვებში აქტიურად ჩართული მხარეებს, ასევე, მათ, ვინც პროცესს თვალს ადევნებდა, ეჭვი გაუჩნდათ, რომ კანონი ერთი კომპანიისთვის იცვლებოდა — კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მტკიცებით, კავკასუს ონლაინმა 49% მათთან შეუთანხმებლად გაასხვისა და კანონი დაარღვია. თუმცა გაურკვეველია, რატომ გახდა საჭირო დამატებით კანონის მიღება, რომელიც სხვა კომპანიებსაც ზღუდავს.
კანონის შემუშავებისა და მიღების პროცესს გაუმჭვირვალედ აფასებს საერთაშორისი გამჭვირვალობა — საქართველო. ორგანიზაციის მედია პროგრამის მენეჯერს, მამუკა ანდღულაძეს კითხვებს ცვლილებების არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მიღება უჩენს. მისი თქმით, ის, რომ არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არამედ დაინტერესებულ მხარეებთანაც არ ხდება შეხვედრა, დამატებით ეჭვებს ბადებს.
"კავკასუსის საკითხი თითქმის ერთი წელია გრძელდება, რამდენიმე სხდომაც ჩატარდა, იყო სანქციებიც და ა.შ. თუ მარეგულირებელი კომისია ფიქრობს, რომ სათანადო სამართლებრივი მექანიზმი არ აქვს და ასეთი მექანიზმი უნდა მიიღოს, დროულად უნდა მომხდარიყო ამაზე რეაგირება. თუ სახელმწიფო ფიქრობს საკმარისი საკანონმდებლო ინსტრუმენტები არ აქვს, ამაზე უნდა იყოს საჯარო დისკუსია და საუბარი და არა ვარაუდები. იმიტომ, რომ ზუსტად ეს ვარაუდები და ფარული საკითხები არის პრობლემატური", — ამბობს ის On.ge-სთან.
ანდღულაძე აღნიშნავს, სანქციის ეფექტურად აღსრულებასთან დაკავშირებით აქამდე საჯაროდ არავინ მსჯელობდა და ახლა დაიწყეს.
"თუ პრობლემა იყო, სად იყო სახელმწიფო? სად იყო ეკონომიკის სამინისტრო? სად იყო კომუნიკაციების კომისია თავის დროზე? მაგრამ, ზოგადად, როდესაც ოპერატორებს და მათი მფლობელების ცვლილებას შეეხება, ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. იმიტომ, რომ ოპერატორებს არა მხოლოდ წვდომა, არამედ ლიან ბევრი მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია აქვთ, მათ მიერ განხორციელებული მომსახურებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ მფლობელის ცვლილებების პროცესიც უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, რომ ვიცოდეთ ვინ დგას ამ კომპანიის უკან, ვისი ინტერესები იკვეთება, ეს შეიძლება იყოს კომერციული ინტერესი თუ სხვა", — განაცხადა მან.
ანდღულაძე მიიჩნევს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონმდებლობის ანალიზი თავის დროზე უნდა ჩაეტარებინათ და თუ კომისიამ სანქციის აღსრულების მექანიზმის ეფექტურობა წინმსწრებად ვერ გათვალა, ეს მისი პასუხისმგებლობაა.
"რატომ ვერ განჭვრიტეს, რომ შეიძლება, თეორიულად ეს საკითხი დამდგარიყო? სახელმწიფო ვერანაირად ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, რატომ ვერ შეაფასა სათანადოდ და დროულად ის, რაც უნდა შეეფასებინა და რატომ დასჭირდა ეს კანონი", — ამბობს მამუკა ანდღულაძე.
ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობასთან დაკავშირებით არგუმენტები ვერ მოისმინა ვერც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა, მარიამ გოგოსაშვილმა. როგორც ის აღნიშნავს, თუ ამას კონკრეტული მიზეზი აქვს, უნდა განიმარტოს.
"კანონპროექტი, რომელსაც ამხელა ჩარევები შეუძლია გამოიწვიოს, აუცილებლად უნდა იქნეს გავლილი შესაბამის დარგთან და ამ დარგის წარმომადგენლებთან, რასაც ადგილი არ ჰქონია. ამიტომ ერთია, რომ რაღაც საჭიროება დადგა, მაგრამ ამაზე უნდა იყოს საუბარი — რატომ დადგა ეს საჭიროება, რატომ არ იდგა აქამდე. წლების განმავლობაში ასე მუშაობს კომისია და მაინცდამაინც, როდესაც საგაზაფხულო სესია სრულდებოდა, მაშინ აღმოჩნდა, რომ ეს საჭიროება არსებობდა. რა თქმა უნდა, კითხვები არსებობს, რაზეც საკომიტეტო განხილვების დროს პასუხი არ მომისმენია", — აცხადებს ის On.ge-სთან.
ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე, რომელიც ცვლილების საპარლამენტო განხილვაში იყო ჩართული, ამბობს, რომ პროცესების ფორსირებულად წარმართვა დიდ პოლიტიკური ინტერესებაზე მიანიშნებს. მისი თქმით, კანონის მიღებით, ტელეკომუნიკაციის სფეროში მოქმედ ოპერატორებზე, პრაქტიკულად, კონტროლის მექანიზმები მოიპოვეს.
"მარტო კავკასუსზე არა, რომელსაც, სავარაუდოდ, "დასჯიან" და იქ, ალბათ, მალე დროებით მმართველს შეიყვანენ, ასევე სხვა ოპერატორებიც. იმიტომ, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ ნებისმიერი სპეციფიური ვალდებულება შეუძლია "აკიდოს" ნებისმიერ ოპერატორს და მერე შეიყვანოს იქ დროებითი მმართველი და ამ საფრთხით ჰყავდეს ისინი კონტროლის ქვეშ", — ამბობს ის.
როგორც ის ამბობს, მარეგულირებელი კომისიისგან სანქციის აღსრულების მექანიზმების ახლა შეცვლა არასწორია.
"მე მიმაჩნია, რომ პრინციპულად არასწორია, როდესაც შუა თამაშში ცვლი წესებს და რა დარღვევაც ჰქონდა [კავკასუსს], ამ დარღვევისთვის იყო დაჯარიმებული. უბრალოდ, ისეთი დავალება მისცა კომისიამ კავკასუსს, რომელიც შეუსრულებელი იყო. ანუ დაავალა, რომ მშობელი კომპანიის მიერ გასხვისებული წილები უკან დაებრუნებინა და ამის შესრულება, უბრალოდ, ფიზიკურად არ შეეძლო. შესაბამისად, რადგანაც მას ეს არ შეეძლო, ჯარიმა გადაიხადა. ის დარღვევაც არ მგონია ისეთი, რომლის გამოც ასეთი ნაბიჯი უნდა გადადგა. იქ რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ყოფილიყო საკითხები, შეიძლება გამეგო", — ამბობს ის.
ცვლილებებთან დაკავშირებით On.ge-მ კავკავსუს ონლაინის პოზიციის გარკვევაც სცადა, თუმცა რამდენიმედღიანი ლოდინის მიუხედავად, კომპანიისგან პასუხი ვერც მათ წარმომადგენელთან ინტერვიუს გზით და ვერც წერილობით გაგზავნილ კითხვებზე მივიღეთ.
კითხვებზე არ გვიპასუხეს არც ქართული ოცნების იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც კომიტეტზე კანონის მიღებას ემხრობოდნენ: რომან კაკულიამ და ნინო წილოსანმა.
როდის ინიშნება სპეციალური მმართველი?
რამდენიმედღიანი ღია და დახურულ კარს მიღმა განხილვების შემდეგ, საბოლოოდ კანონში ჩაიწერა, რომ კომუნიკაციების კომისიის სპეციალური მმართველი ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელი პირთან მხოლოდ 3 შემთხვევაში ინიშნება:
- თავისუფალ დაშვებასა და სატარიფო რეგულირების შეუსრულებლობაზე კომისია მიმართავს სასამართლოს და სასამართლო ნიშნავს სპეციალურ მმართველს;
- კონცენტრაციის საკითხზე, როცა წილის ან აქტივების გასხვისება ან შერწყმა ხდება, სპეციალურ მმართველს კომისია ნიშნავს, თუმცა კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში და სასამართლო ვალდებულია 3 დღის განმავლობაში ან შეაჩეროს კომისიის გადაწყვეტილება სპეციალური მმართველის დანიშვნაზე ან ძალაში დატოვოს.
სწორედ სასამართლოს გარეშე კომისიის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნა იყო ერთ-ერთი სადავო საკითხი ცვლილებების განხილვისას. როგორც საბოლოო ვერსიის მიღებისას კახა ბექაურმა განაცხადა, ეს ინტერპრეტაცია არასწორია, სამივე ეს შემთხვევა სასამართლო კონტროლს გადის და "უბრალოდ, განსხვავებული მექანიზმებია".
"რადგან ეს სამი საკითხი შინაარსობრივად განსხვავებულია. ბოლო ორი, რაც თავისუფალ დაშვებას და სატარიფო რეგულაციის დარღვევას ეხება, არის მოქმედი კომპანიების ბიზნესსაქმიანობის დროს შესაძლო დარღვევები, ხოლო პირველი საკითხი, როცა წილის გასხვისება ან აქტივების გასხვისება ან შერწყმა ხდება, ეს ბიზნესსაქმიანობა არ არის, ეს არის ბიზნესსაქმიანობის დასაწყისი, როცა ახალი ინვესტორი შედის, ამიტომაც არის განსხვავებული მექანიზმები, თუმცა ორივე მექანიზმს გააჩნია სასამართლოს კონტროლი", — განაცხადა მან.
თუმცა, სერგი კაპანაძეს მიაჩნია, რომ გაუმჭვირვალეა, რა შემთხვევაშია შესაძლებელი სპეციალური მმართველის დანიშვნა.
"აქ მთავარი ამბავი იყო ის, რომ არ უნდა ყოფილი დროებითი მმართველის შესაძლებლობა, იმიტომ, რომ ეს ამ სფეროში ინვესტიციებს კლავს და პრაქტიკულად სახელმწიფოზე დამოკიდებულს ხდის. გამჭვირვალე არ არის, რა შემთხვევაში შეუძლია შეიყვანოს და ამას სასამართლო კონტროლის მიღმა აკეთებს. ასე ამის გაკეთება პრინციპულად არასწორი იყო. მთავარი შენიშვნები რაც გვქონდა, არაფერი არ გაითვალისწინეს საერთოდ", — ამბობს ის.
თუმცა, ამავე კანონში ვკითხულობთ, რომ კომისიის სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაგრამ სარჩელის მიღება სასამართლოში არ გამოიწვევს კომისიის სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო გადაწყვეტს სხვაგვარად.
როგორც მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, შემდგომში ეს პროცესუალური ნაწილზე უარყოფითად აისახება.
"რა თქმა უნდა, ესეც არის ჩემთვის პრობლემა, იმიტომ, რომ მაინც არსებობს გასაჩივრების გარკვეული დაბრკოლებები ამ ჩანაწერიდან გამომდინარე და უფრო რთულია, რომ ასეთ შემთხვევაში აქტის მოქმედება შეჩერდეს, ვიდრე პირდაპირ, როდესაც ავტომატურად ჩერდება ასეთი აქტის მოქმედება. რა თქმა უნდა, ეს შემდგომში პროცესუალურ ნაწილზე უარყოფითი კუთხით აისახება", — აღნიშნა მან.
ასევე, საბოლოო ვერსიაში დაზუსტდა კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სპეციალური მმართველის მიერ წილების გასხვისების უფლებას შეეხებოდა — კანონში ჩაიწერა, რომ სპეციალურ მმართველს წილების გასხვისების უფლება არ ექნება:
"სპეციალური მმართველი, კომისიის გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველსაყოფად და
კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ფარგლებში, უფლებამოსილია განახორციელოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მმართველობითი ორგანოს სხვა ფუნქციები
გარდა ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის აქტივის ან/და წილის/აქციის გასხვისებისა".
გარდა ამისა, ბექაურმა განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილებები მხოლოდ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტებს შეეხებათ. თუმცა, კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, როგორ განსაზღვრავს კომისია მათ.
"თავად კომისია განსაზღვრავს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტებს, ავტორიზებულ პირებს. ეს განისაზღვრება ბაზრის კვლევის შედეგად, ანუ სპეციალური კვლევა უნდა ჩაატაროს ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიამ და დღეს რამდენიმე მიმართულებით გვყავს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები, მაგალითად: ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებაზე, მობილურ სატელეფონო მომსახურებაზე, ინტერნეტპროვაიდერებთან მიმართებაში ეს ცალცალკე არის განსაზღვრული კონკრეტულ სფეროში. საინტერესო ისიც არის, რომ გეოგრაფიულ არეალს ამ შემთხვევაში კომისია განსაზღვრავს, ანუ მთელ საქართველოზეა ეს თუ მხოლოდ თბილისზე, თუ რაღაც კონკრეტულ სოფელზე. თუმცა, დღეს არ გვყავს ასეულობით მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე სუბიექტი", — აცხადებს მარიამ გოგოსაშვილი.
შეეხება თუ არა ცვლილებები მაუწყებლებს?
მარეგულირებელი კომისია ირწმუნება იმასაც, რომ საკანონმდებლო ცვლილება მედიას არ ეხება. თუმცა, თუ აუცილებლობა დადგა, როგორ მოხდება იმ მაუწყებლების გამიჯვნა, რომლებიც ასევე მულტიპლექს ოპერატორები არიან, ამაზე პასუხი ვერც მედიის და ვერც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ვერ მიიღეს. როგორც მამუკა ანდღულაძე აღნიშნავს, ეს რისკებს ტოვებს.
"კომუნიკაციების კომისიის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით კითხვები ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა. ამიტომ სამონიტორინგო თემა არის არა მხოლოდ ცვლილებები, არამედ ამ მიღებული ცვლილებების ინტერპრეტაცია და გამოყენება. არსებობს თუ არა რისკი, რომ კომისიამ შეიძლება ბოროტად გამოიყენოს ცვლილებები? — არსებობს, თუ გავითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებასაც.
იგივე კავკასიის წარმომადგენლები და არა მარტო ისინი, ამბობდნენ, რომ ეს არის პრობლემა. გარდა ამისა, აქვთ მაგალითები, როდესაც კანონში რისკფაქტორები არ იყო და ვერ იფიქრებდი, რომ ეს რისკი დადგებოდა, მაგრამ მაინც დადგა. თავად პროცესის შემხედვარე და თუ დავამატებთ მათ რეპუტაციას, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის რაღაც რისკი", — აცხადებს ის.
რეგიონული მაუწყებლებისთვის რისკებს ხედავს მარიამ გოგოსაშვილიც. მისი თქმით, რადგან რეგიონული მაუწყებლები მულტიპლექს ოპერატორებიც არიან და ავტორიზებული პირებიც, თუ სპეციალური მმართველი იქ შევა, ის მაუწყებელშიც შევა.
"ერთია, რა არის მათი ინტერესი და მეორეა, რას ამბობს კანონი. იმ ჩანაწერით, რომელიც თავდაპირველად იქნა წარდგენილი, ცალსახად შეეძლო სპეციალური მმართველის დანიშვნა მაუწყებლებშიც, იმიტომ, რომ თუ დანიშნავდა მულტიპლექს ოპერატორთან, იგულისხმებოდა, რომ ერთი და იგივე კომპანიაა მულტიპლექს ოპერატორი და მაუწყებელიც. სპეციალურ მმართველს აქვს აბსოლუტურად ყველაფრის უფლება კომპანიაში, შესაბამისად ავტომატურად ნიშნავს, რომ მაუწყებელში ინიშნებოდა სპეციალური მმართველი", — აცხადებს ის.
როგორც მარიამ გოგოსაშვილი აღნიშნავს, დღეს არც ერთი რეგიონული მაუწყებელი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე სუბიექტი არაა და ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს. მაგრამ რადგან ამ გეოგრაფიულ არეალს კომისია განსაზღვრავს, ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, რაღაც პერიოდის შემდეგ რომელიმე რეგიონული მაუწყებელი მნიშვნელოვან სუბიექტად იქნას ცნობილი.
კომენტარები