ყველაფერი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ - მარტივად

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წლის 26 მაისს ოფიციალურად შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ შექმნიდან სამი წლის შემდეგ, პირველი რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო და მისი სრული ანექსია მოახდინა, ამ სამი წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკამ არაერთ წარმატებას მიაღწია. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის საბჭოთა არმია საქართველოში შემოიჭრა და პირველმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა.

როგორი იყო საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვებამდე?

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებამდე, საქართველო გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ, რუსეთის სამეფოს შემადგენლობაში საუკუნეზე მეტხანს შედიოდა. 1783 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც რუსეთის დედოფალ ეკატერინესა და საქართველოს მეფე ერეკლე მეორეს შორის გაფორმდა, საქართველოს ყველაზე დიდი სამეფოს, ქართლ-კახეთის ტერიტორიის დაცვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე რუსეთი იღებდა. რუსები ქართველებს არამარტო დაცვას, არამედ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებასაც დაპირდნენ.

გეორგიევსკის ტრაქტატი

გეორგიევსკის ტრაქტატი

ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი

მიუხედავად ტრაქტატში ჩაწერილი პირობებისა, რუსეთის სამეფო, საქართველოსთან მიმართებაში სხვა გეგმებს აწყობდა.

1801 წელს, ალექსანდრე პირველმა გამოსცა მანიფესტი, რომლის თანახმადაც, რუსეთის იმპერატორმა, დასუსტებული და დაჩაჩანაკებული ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის ნაწილად გამოაცხადა. მანიფესტში უამრავი მაღალფარდოვანი, გულში ჩამწვდომი სიტყვები ეწერა, მაგრამ არსად იყო ნახსენები ქართველების პოზიცია. ყველა ბაგრატიონი, ვისაც კი შეიძლებოდა ტახტზე პრეტენზია ჰქონოდა, რუსეთში წაიყვანეს და მცირე ქონება მიანიჭეს, სანაცვლოდ კი სამუდამოდ ჩამოართვეს ტახტი და სამეფო გვარი.

შედეგად, საქართველო 117 წლის განმავლობაში რუსეთის სამეფოს ნაწილი იყო. ამ პერიოდში, ცარისტულმა რეჟიმმა არაერთი ეროვნული აჯანყება ჩაახშო და აჯანყებულები სასტიკად დასაჯა. გარდა ამისა, რუსეთის იმპერიამ საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია გაუუქმა.

ამ პერიოდის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს მიერ მომზადებულ სტატიაში.

საქართველო დამოუკიდებლობის სათავეებთან - ეროვნული კონსოლიდაციის დასაწყისი

ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ყოველთვის იბრძოდა, თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობები, აჯანყებული ჯგუფები, მოაზროვნეები, საზოგადო მოღვაწეები და ა.შ. წლების განმავლობაში ცდილობდნენ რუსეთის წინააღმდეგ გაბრძოლებას, რეალური ცვლილებები მეცხრამეტე საუკუნის 70-80-იანი წლებიდან დაიწყო.

ამ სტატიის მიზანი არ არის ცარიზმისა და მეფის რუსეთის მიერ მართული საქართველოს ისტორიის განხილვა, აქედან გამომდინარე, ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტებზე, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებას დაუდო სათავე.

1860-იან წლებში საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა ჩამოყალიბდა. ამ პერიოდში თერგდალეულთა თაობამ ქართული ეროვნული აზროვნებისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა დაიწყო. ბრძოლის მთავარი იარაღი არც ხმალი იყო და მითუმეტეს არც ცეცხლსასროლი იარაღი, არამედ კალამი. თერგდალეულებს კარგად ესმოდათ, რომ რუსეთის სამეფოს დამარცხება იარაღით შეუძლებელი იყო, მითუმეტეს მაშინ, როცა ქვეყნის შიგნით ფაქტობრივად მოშლილი იყო ეროვნული აზროვნება. ქართული ენა დამახინჯდა და გაივსო ბარბარიზმებით, ადამიანები გადაგვარების გზას ადგნენ. თერგდალეულების მთავარი მისია ეროვნული კონსოლიდაცია და თვითშეგნების ამაღლება იყო.

დიმიტრი ყიფიანი

დიმიტრი ყიფიანი

ფოტო: კადრი ვიდეოდან / Youtube

ერთ-ერთი პირველი, ვინც თერგდალეულთა თაობიდან ასპარეზზე გამოჩნდა, დიმიტრი ყიფიანი იყო. 1832 წლის აჯანყებაში აქტიური მონაწილეობის შემდეგ, დიმიტრი ყიფიანი მეფის ხელისუფლებამ ვოლოგდაში გადაასახლა, საიდანაც 1837 წელს დაბრუნდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, დიმიტრი ყიფიანი სახელმწიფო სამსახურში დაიწყო მოღვაწეობა და მალევე გახდა მეფინაცვლის საბჭოს წევრი. 60-იან წლებში ჯერ იყო თბილისის, შემდეგ კი ქუთაისის თავადაზნაურთა წინამძღოლი, ბოლოს კი თბილისის ქალაქის თავიც.

დიმიტრი ყიფიანი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ქართველი ერის ინტერესების ყველაზე აქტიური დამცველი იყო. მან, ეროვნული კონსოლიდაციისთვისა და თვითშეგნების ამაღლებისთვის, არაერთი ეროვნული პროექტი წამოიწყო. მის სახელს უკავშირდება თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის შექმა, ეროვნულის ბანკის წესდების შემუშავება, "საქართველოს დრამატიული საზოგადოების" შექმნა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმა და სხვ.

დიმიტრი ყიფიანმა დასავლეთ ევროპის არაერთი გამოჩენილი მწერლის ნაწარმოებები თარგმნა და ქართულ კულტურას უდიდესი განძი შესძინა. 1862 წელს ყიფიანმა თავისი ნაშრომი "ახალი ქართული გრამატიკა" გამოაქვეყნა, სადაც აღწერილი ჰქონდა საქართველოს მდიდარი წარსული, ქართული კულტურის ისტორია და სხვ.

დიმიტრი ყიფიანმა სიცოცხლე სტავროპოლში დაასრულა. 1886 წელს ის ღიად დაუპირისპირდა ეგზარქოს პავლეს, რომელმაც ქართველი ერი დასწყევლა. ამის გამო, ყიფიანი მოითხოვდა, რომ პავლეს საქართველო დაეტოვებინა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. დიმიტრი ყიფიანი საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლეს და სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც ცარიზმის მსახურებმა მოჰკლეს კიდეც.

თერგდალეულთა თაობა და მათი როლი დამოუკიდებლობის მოპოვებაში

თერგდალეულთა თაობას საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში უდიდესი როლი აქვს. 1860-იანი წლებიდან საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობაში სრულიად ახალი ძალა გამოჩნდა, რომლებსაც საზოგადოება თერგდალეულებს უწოდებდა. ეს სახელწოდება აღნიშნავდა თერგს გაღმა, რუსეთში სასწავლებლად წასულ ახალგაზრდობას.

თერგდალეულთა გამოჩენა ბრძოლის ასპარეზზე ერთგვარი შოკი იყო როგორც საზოგადოებისთვის, ისე მეფის რუსეთისთვისაც. ურჩი ახალგაზრდები, რომლებიც არ ეგუებოდნენ არსებულ რეალობას, ლიტერატურული ნაშრომებითა და პუბლიცისტური წერილებით, სრულიად მოურიდებლად უტევდნენ ქართველების ცხოვრების მანკიერ მხარეებს. ისინი ავრცელებდნენ ევროპის მოწინავე იდეებს, თარგმნიდნენ დასავლეთის ყველაზე ავტორიტეტული მოაზროვნეების ნაშრომებსა და სხვადასხვა გზებით ავრცელებდნენ მათ.

თერგდალეულთა მოძრაობის აქტიური წევრები და დამფუძნებლები იყვნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი წერეთელი და სხვები. თითოეულ მათგანს უდიდესი როლი აქვს შესრულები ქართული კულტურის შექმნასა და განვითარებაში. ისინი წლების განმავლობაში სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდნენ თავიანთ ნაშრომებს, რომლებიც უმეტესად მიმართული იყო სწორედ ქართველების მანკიერებების მხილებისკენ და პრობლემის მოგვარების გზების ძიებისკენ. თერგდალეულები შეურიგებლები იყვნენ რუსიფიჯატორული პოლიტიკის მიმართ და მათთვის დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის საძირკვლის შექმნა მთავარი მიზანი იყო. მათმა ნაშრომებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეროვნული კონსოლოდაციის პროცესს.

ფოტო: ეროვნული არქივი

მიუხედავად პროგესული იდეებისა, თერგდალეულებს არაერთი წინააღმდეგობა შეხვდათ. ამის მაგალითია მამათა და შვილთა ბრძოლა. თერგდალეულები საჯაროდ აკრიტიკებდნენ მამათა თაობის ჩამორჩენილ იდეოლოგიას, რომელიც უმეტესად რომანტიზმით იყო შეპყრობილი და რეალობასთანა კავშირი სრულიად ჰქონდა დაკარგული. მამათა და შვილთა ბრძოლა აისახა ილია ჭავჭავაძის ლექსების კრებულში, რომელსაც "გამოცანები" ერქვა. გამოცანებში ილიამ იმდროინდელი სახელმწიფო მოღვაწეები თავიანთ მანკიერებებში ამხილა.

აღსანიშნავია ისიც, რომ თერგდალეულთა თაობაში დიდ ძალას წარმოადგენდნენ ქალებიც. 1870-იანი წლებიდან პრესაში გამოჩნდა ქართველი ქალების სახელებიც. ერთ-ერთი მათგანი იყო ახალგაზრდა მწერალი ნ. ინაიშვილი, რომელმაც ჟურნალ "მნათობში" ძალიან ცნობილი და გავლენიანი მოაზროვნის, ჯონ სტიუარტ მილის წერილი "ქალთა განთავისუფლება" თარგმნა. მის გვერდით იყო ელ. ყიფიანიც, რომელიც ქალთა ემანსიპაციის საკითხებზე არაერთი პუბლიცისტური წერილი დაწერა.

ამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ლოზუნგი იყო "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს" - ცნობილი სიტყვები ილია ჭავჭავაძის მგზავრის წერილებიდან. სწორედ ეს ლოზუნგი გამოხატავდა მოძრაობის მთავარ მისიას, მიძინებულ ქართველ ერში თვითყოფადობის გაღვიძების მცდელობას.

სხვა საზოგადოებრივი მოძრაობები, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის იბრძოდნენ

თერგდალეულთა მოღვაწეობა არაერთი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შთაგონების წყარო გახდა. ადამიანები, რომლებიც იზიარებდნენ თერგდალეულთა სულისკვეთებას, სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ ამ მოძრაობაში ჩაბმას, რის გამოც სხვა მოძრაობები იქმენოდა.

საზოგადოება "უღელი"

ერთ-ერთი პირველი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა იყო "უღელი", რომელიც უცხოეთში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა ჟენევაში 1873 წელს შექმნა. 70-იან წლებში ქართველ ახალგაზრდებში პოპულარული გახდა ეროვნული თემატიკა და მათაც ჰქონდათ სურვილი საკუთარი ცოდნა და ევროპული გამოცდილება საკუთარი სამშობლოსთვის გაეზიარებინათ. სწორედ ამ მიზანს ატარებდა საზოგადოება "უღელი". სტუდენტებმა, რომლებმაც ეს მოძრაობა შექმნეს, მიზნად დაისახეს ევროპული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის შესწავლა და მოწინავე იდეების გავრცელება საქართველოში.

ამ მოძრაობის წევრები და სულის ჩამდგმელები იყვნენ ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, სერგეი მესხი, დავით მიქელაძე, პავლე იზმაილოვი და სხვები. ამ სანიმუშო მამაკაცების გვერდით იდგნენ ისეთი წარჩინებული ქალები, როგორიცაა ოლღა გურამიშვილი, ეკატერინე მიქელაძე, ო. ნიკოლაძე და სხვ. ეს იყო ერთ-ერთი პირველი მოძრაობა, სადაც ქალები წარმოადგენდნენ უდიდეს ძალას, რაც თავისთავად მეტყველებს "უღელის" ევროპული საწყისებზე.

ნიკო ნიკოლაძე

ნიკო ნიკოლაძე

ფოტო: ეროვნული არქივი

ამ მოძრაობის მოღვაწეობაში განსაკუთრებული მოვლენა იყო ე.წ. "ჟენევის კონგრესი", რომელიც 1874 წელს ამიერკავკასიელ, რუს ემიგრანტ რევოლუციონერთა და ევროპულ მოღვაწეთა მონაწილეობით იქნა მოწვეული. კონგრესის თავჯდომარე გ. წერეთელი იყო. კონგრესმა ერთგვარი გარდამტეხი როლი შეასრულა მოძრაობის მომავლის განსაზღვრის პროცესში. კონგრესის მონაწილეებს შორის გამოიკვეთა ორი იდეური მიმართულება: ერთნი (გ. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ო. გურამიშვილი და სხვ.) ფიქრობდნენ, რომ რუსეთისგან თავის დაღწევისათვის საქართველოს წინა პლანზე ეროვნული საკითხები უნდა დაეყენებინა. მათი აზრით, მნიშვნელოვანი იყო ამიერკავკასიის რევოლუციურ მოღვაწეთა გაერთიანება და კავკასიის ფედერაციისთვის ბრძოლა, რაც კავკასიის ერთა ნებაყოფლობით სახელმწიფო გაერთიანებას გულისხმობდა. მეორე მიმდინარეობის მომხრეები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ამ იდეას. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ნაროდნიკული იდეოლოგიის ზეგავლენით ეროვნული საკითხის წინ წამოწევა გაუმართლებელი იყო და ამას შედეგი არ მოყვებოდა.

საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოძრაობამ "უღელი" პირველად დააყენა დღის წესრიგში კავკასიის ფედერაციის შექმნის იდეა, თუმცა ამ საკითხზე შეთანხმება ვერაფრით მოხერხდა. მოძრაობამ 1876 წლამდე იარსება, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი მოძრაობის წევრთა უმრავლესობა თერგდალეულებსა და ილია ჭავჭავაძეს შეუერთდა, დანარჩენები კი ნაროდნიკულ მოძრაობაში ჩაებმნენ.

თერგდალეულთა შემდეგი თაობა და ახალი გამოწვევები

თერგდალეულებმა მოახერხეს და საზოგადოებაში იდეური კამათი გააღვივეს. საზოგადოებას გამოღვიძება უკვე შესამჩნევად ეტყობოდა, რადგან ქვეყანაში გაჩნდა ახალი მიმდინარეობები, იდეოლოგიები, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები. ამან, ცხადია, რუსეთის ხელისუფლება ძალიან გააწბილა. დაიწყო ადამიანების დევნა, მათი დემონიზაცია და საზოგადოებაში სახელის გატეხვა. მეფის ხელისუფლება ცდილობდა წამოწყებული მოძრაობები სათავეშივე მოეხრჩო, თუმცა მათი რეაგირება მაინც დაგვიანებული აღმოჩნდა. საზოგადოებაში სიახლის წყურვილი შეინიშნებოდა.

თერგდალეულთა თაობა ასაკში შედიოდა, ასპარეზზე კი ახალგაზრდა მოაზროვნეები ჩნდებოდნენ. მათ შორის იყვნენ ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა ფშაველა, ივანე მაჩაბელი და სხვები. გასაკავირი არ არის, რომ მათი ნამუშევრების მთავარი თემა ეროვნული საკითხები იყო. ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებები მთელს ქვეყანაში გახდა ცნობილი და დიდი მოწონებითაც სარგებლობდა. მის ნაშრომებში 60-იანი წლების მოღვაწეების სურვილები და ოცნებები უკვე ხორცშესხმულ რეალობად იყო წარმოჩენილი. ყაზბეგმა ეროვნულ თემატიკაზე ისეთი ნაწარმოებები შექმნა, როგორიცაა "ხევისბერი გოჩა", "ელგუჯა", "მამის მკვლელი" და სხვ.

ვაჟა ფშაველა და ალექსანდრე ყაზბეგი

ვაჟა ფშაველა და ალექსანდრე ყაზბეგი

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

არანაკლებ მწვავე იყო ვაჟა ფშაველას მოღვაწეობა, რომელიც გამოირჩეოდა როგორც პროზაული, ისე პოეტური ნაშრომებითა და პუბლიცისტური წერილებით. ივანე მაჩაბელი კი, დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო მთარგმნელად მოიაზრება, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნეში ქართველ მკითხველს შექსპირის დიდოსტატური თარგმანები აჩუქა. გარდა ამისა, ივანე მაჩაბელი გამოირჩეოდა მისი საბანკო მოღვაწეობით, საზოგადოებრივი აქტივობებით და სხვ. მათმა მოღვაწეობამ საქართველოს ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვა.

თუმცა აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ ილია ჭავჭავაძის მიმდევრები და თერგდალეულთა სკოლის ტრადიციის გამგრძელებლები არ იყვნენ ერთადერთნი, ვინც ქვეყნის ბედ-იღბალზე ხმამაღლა საუბრობდა. საქართველოში 1890-იანი წლიდან მოყოლებული, ძალიან პოპულარული გახდა სოციალისტური თეორიები, რევოლუციური სულისკვეთება და მარქსისტული იდეოლოგია, რაც კარგად აისახა ქართული პრესის ისტორიაშიც.

ქართული პრესის როლი დამოუკიდებლობის მოპოვებაში

ჩვენ ვისაუბრეთ ქართველი საზოგადო მოღვაწეების როლზე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, თუმცა ნებისმიერ ბრძოლას სჭირდება თავისი მოედანი. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში კი ბრძოლის მთავარი პლატფორმა პრესა იყო. წლების განმავლობაში საქართველოში იხსნებოდა და იხურებოდა არაერთი ჟურნალ-გაზეთი. ზოგიერთის დახურვის მიზეზი პოლიტიკური მოტივაცია იყო, ზოგიერთის კი უსახსრობა და გამომწერების სიმცირე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაზეთს არ ჰქონია ეროვნული დანიშნულება, მაგალითად "პირველი ქართული გაზეთი", რომელსაც მოგვიანებით "ქართული გაზეთი" დაერქვა, უფრო მეტად საინფორმაციო დანიშნულების იყო და ის მეფისნაცვლის ზედამხედველობით გამოიცემოდა. ამ გაზეთს პროპაგანდისტული ხასიათი დაკრავდა და მას საერთო არაფერი ჰქონდა ეროვნულ მიზნებთან.

პირველი გაზეთი, რომელსაც მეტ-ნაკლებად ეროვნული ხასიათი დაკრავდა, "ტფილისის უწყებანი" იყო, რომელიც პირველად 1828 წელს გამოვიდა და სულ რაღაც 4 წელს იარსება. ეს გაზეთი წარმოადგენდა "ტფილისსკიე ვედომოსტის" ქართულ ანალოგს. გაზეთის რედაქტორი სოლომონ დოდაშვილი იყო. გაზეთში იბეჭდებოდა მხატვრული ნაწარმოებები და პუბლიცისტური წერილები, სადაც ხშირად ეროვნულ საკითხებზე შექმნილი ტექსტებიც ხვდებოდა, თუმცა ეს საკმარისი ნამდვილად არ იყო.

გაზეთი ივერია

გაზეთი ივერია

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ერთ-ერთი პირველი ჟურნალი, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ნამდვილად ღირსეული ადგილი დაიკავა, გაზეთი "ცისკარი" იყო. ის 1851 წელს შეიქმნა. გაზეთის შექმნამდე, საქართველოში რუსეთის მეფისნაცვლად მიხეილ ვორონცოვი ჩამოვიდა, რომელსაც საქართველოში დიდი გეგმები ჰქონდა. ვორონცოვის მიზნებსა და საქმიანობაზე საუბარი ცალკე სტატიის თემაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ მისი ხელშეწყობით შეიქმნა ჟურნალი "ცისკარი", რომლის იდეის ავტორი და პირველი რედაქტორი გიორგი ერისთავი იყო. მართალია, "ცისკარში" ერისთავის რედაქტორობით სხვადასხვა ქართველი მწერლების ნაშრომები ქვეყნებოდა, თუმცა ჟურნალის სუსტი წერტილი იყო ის, რომ იგი საზოგადოების მთავარ გამოწვევებს ვერ სცემდა ადეკვატურ პასუხს და მისი გავლენა სუსტი იყო. შესაბამისად, ჟურნალი ძალიან მალე, შექმნიდან ორ წელიწადში, 1853 წელს გაუქმდა. რეალობა მაშინ შეიცვალა, როცა ჟურნალის წარმოება 1857 წელს აღდგა და "ცისკრის" გამომცემი ივანე კერესელიძე გახდა. ის თანაბრად აქვეყნებდა როგორც ძველ მწერლებს, ისე თერგდალეულებს. სწორედ აქედან დაიწყო თაობათა შორისი დაპირისპირება.

შემდეგი მნიშნველოვანი გამოცემა იყო "საქართველოს მოამბე", რომელიც ილია ჭავჭავაძის თაოსნობით 1863 წელს შეიქმნა. გაზეთის გამოცემის მოსამზადებელი პერიოდი 1861 წელს დაიწყო, თუმცა ხელმომწერთა მცირე რაოდენობის გამო ორ წელიწადს გაიწელა. "საქართველოს მოამბე" იყო პირველი მოვლენა ქართული პრესის ისტორიაში, რომელიც სრულიად ახალ, პროგრესულ იდეებს აჟღერებდა და საქართველოს მწვავე რეალობას შეულამაზებლად აღწერდა. "საქართველოს მოამბე" თავისი შინაარსით ივანე კერესელიძისი "ცისკართან" პაექრობაშიც ჩაეფლო და მათ შორისაც გაჩაღდა იდეური ბრძოლა. სამწუხაროდ, გაზეთმა დიდხანს ვერ იარსება და მეთორმეტე ნომრის გამოცემის შემდეგ დაიხურა, "ცისკარი" კი კვლავ განაგრძობდა არსებობას.

მიუხედავად ამისა, თერგდალეულები ამ წარუმატებლობას არ შეუშინებია. მათივე ინიციატივით 1866 წელს შეიქმნა გაზეთი "დროება", რომელიც ს. ხუნდაძის შეფასებით იყო "პირველი ევროპული ხასიათის გაზეთი ქართულ ენაზე, რომელსაც გარკვეული პოლიტიკური მსოფლმხედველობა ახასიათებდა და რომელიც ახალი თაობის დემოკრატიულ მისწრაფებებს ემსახურებოდა". არც ერთ სხვა გაზეთს, რომელიც იმ დრომდე არსებობდა, არ ჰქონია იმხელა გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ინიციატივებზე, როგორიც "დროებას". ამას დაემატა მისი ლიტერატურული დამატების, "კრებულის" გამოცემაც, რომელიც 1871 წლიდან 1873 წლამდე გამოდიოდა. გაზეთმა "დროებამ" 1885 წლამდე იარსება და სახელმწიფოს მხრიდან ძალიან დიდი ზეწოლის გამო დაიხურა.

კვალი

კვალი

ფოტო: ეროვნული არქივი

დროება

დროება

ფოტო: ეროვნული არქივი

გაზეთ "დროებაში" ყველაფერი რიგზე ნამდვილად არ იყო. კერძოდ, ერთ-ერთ ყველაზე დიდი კონტრიბუტორს, ილია ჭავჭავაძეს ნიკო ნიკოლაძესთან თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის საკითხების გამო პრობლემები ჰქონდა. ამიტომ, ილიამ გადაწყვიტა ახალი გაზეთი დაერსებინა და მთელი რიგი პროცედურების გავლის შემდეგ, 1877 წელს შეიქმნა გაზეთი "ივერია", რომელსაც თავად ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა. ილიამ არ უღალატა საკუთარ იდეებს და "ივერია" ყველაზე მწვავე საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი გახდა. "ივერიამ" 1906 წლამდე განაგრძო არსებობა, თუმცა მესამე დასის გააქტიურებამ და გაზეთ "კვალის" მიერ აგორებულმა კამპანიამ ილიას წინააღმდეგ, როგორც თავად ილიას, ისე გაზეთსაც ბოლო მოუღო.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ბოლო ყველაზე გავლენიან გაზეთად "კვალი" იქცა, რომელიც მკვეთრად სოციალისტური იდეოლოგიის მატარებელი იყო. თავდაპირველად, 1893 წლიდან, გაზეთი კვალი გიორგი წერეთლისა და მისი მეორე მეუღლის, ანასტასია თუმანიშვილის იდეით შეიქმნა. მართალია, ანასტასია თუმანიშვილი მთავარ რედაქტორად ითვლებოდა, თუმცა რეალურად ის მხოლოდ ფინანსურ მხარეს განაგებდა და გაზეთის შინაარს გიორგი წერეთელი ხელმძღვანელობდა. 1897 წლის ბოლოს, გიორგი წერეთელმა გაზეთი პოლიტიკურ ასპარეზზე ახლადგამოსულ ძალას, სოციალ-დემოკრატებს, მესამე დასის წარმომადგენლებს გადასცა. უფრო კონკრეტულად, გაზეთზე პასუხისმგებლობა ნოე ჟორდანიამ აიღო და მის დახურვამდე სწორედ სოც-დეკები გამოსცემდნენ "კვალს".

მესამე დასი

ჩვენ ვახსენეთ, რომ მესამე დასი გახდა გაზეთ "კვალის" მემკვიდრე და აუცილებელია ამ ორგანიზაციის მნიშვნელობის გააზრება.

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს მარქსიზმმა საქართველოსა და რუსეთში დიდი ადგილი დაიკავა. ცარიზმის პოლიტიკით უკმაყოფილო ახალგაზრდებმა თავიანთი იდეებისა და სულისკვეთების გამოხატვა სწორედ მარქსისტულ იდეოლოგიაში იპოვეს და აქტიური მოღვაწეობა დაიწყეს. პირველი მარქსისტული ორგანიზაცია საქართველოში 1892 წელს გამოჩნდა. ამავე წლის დეკემბერში ქათველი მარქსისტების ჯფუფი ზესტაფონში, ეგნატე ნინოშვილის სახლში შეიკრიბნენ, სადაც ახალი ორგანიზაციის დაარსება გადაწყვიტეს. ორგანიზაციის პირველი პროგრამა ე. ვაწაძემ დაწერა, თუმცა მასში ნაროდნიკული იდეები უფრო მეტად ჭარბობდა, რის გამოც ორგანიზაციის წევრებმა პროგრამა დაიწუნეს.

მომდევნო შეკრება 1893 წელს, თბილისში შედგა. აქ ქართველმა მარქსისტებმა სრულიად ახალი პროგრამა წარმოადგინეს, რომლის ავტორიც ნოე ჟორდანია გახლდათ. მოგვიანებით, 1894 წელს მწერალი და ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ეგნატე ნინოშვილი გარდაიცვალა. ქართველმა მარქსისტებმა სწორედ მის დაკრძალვაზე გამოაცხადეს ახალი ორგანიზაციის საქმიანობის დაწყება და მას გიორგი წერეთელმა "მესამე დასი" უწოდა. სწორედ აქედან დაიწყო გაზეთ "კვალში" მესამე დასის იდეების გამოჩენაც. მოგვიანებით, გაზეთი "კვალი" ოფიციალურად გადაიქცა მესამე დასელების იდეოლოგიურ პლატფორმად, სადაც დასელები არ ერიდებოდნენ კრიტიკული მასალის გამოქვეყნებას.

სწორედ ნოე ჟორდანიის მიერ გამოცემულმა გაზეთმა "კვალმა" დაიწყო იდეოლოგიური ბრძოლა "ივერიის" და ზოგადად ლიბერალურ-დემოკრატიული მიმართულების ქართული ინტელიგენციის მიმართ. განსაკუთრებით დიდი მონდომებით ხდებოდა ილია ჭავჭავაძის დემონიზება, რაზეც გაზეთის შინაარსობრივი მხარეც მეტყველებს. ამ ბრძოლაში მესამე დასელების უპირატესობა ეპოქის სულისკვეთებამაც განაპირობა. იმ დროინდელი მოსახლეობისთვის სოციალისტების ლოზუნგები თანასწორობისა და კეთილდღეობის შესახებ, ყველაზე მისაღები აღმოჩნდა.

ნოე ჟორდანია

ნოე ჟორდანია

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ნოე ჟორდანია ილია ჭავჭავაძის შესახებ წერდა: "ქართული პრესა ერთიანად გათახსირებულია, როგორც გონებრივად, ისე ზნეობრივად; ხოლო ქართული პრესის ეს გათახსირება, ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის შედეგია".

აღსანიშნავია ისიც, რომ 1900 წლისთვის ილია ჭავჭავაძე ფაქტობრივად ჩამოშორდა საზოგადოებრივ ასპარეზს და "ივერია" ალ. სარაჯიშვილს გადაულოვა. მიუხედავად ამისა, ილიას ავტორიტეტი მაინც განუზომელი იყო, რაც მესამე დასელებს მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მესამე დასელების იდეოლოგია სწორედ ილია ჭავჭავაძის მიერ გავრცელებულ ლიბერალურ იდეებს ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ საჭირო იყო ილიას დამარცხებით, მისი მსოფლ-მხედველობის დამარცხებაც.

ილიას წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ "კვალით" არ შემოიფარგლებოდა. ვასილ ნაცვლიშვილმა, რომელიც ბოლშევიკი გახლდათ, გამოაქვეყნა წერილი "საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება", რომელიც უმეტესად დამყარებულია ცრუ ბრალდებებსა და ყალბ "ფაქტებზე" იმის შესახებ, თუ როგორ სასტიკად ეპყრობოდა ილია საგურამოს გლეხობას. იმ დროისთვის ფილიპე გოგიჩაიშვილის მიერ რედაქტირებულმა "ივერიამ" ეს წერილი გადმობეჭდა და შენიშვნის სახით მიაწერა: "ნუთუ ეს აღმაშფოთებელი ამბავი მართალია? ნუთუ გლახის ნაამბობის ავტორს მართლა ასეთი დამოკიდებულება აქვს გლეხებთან?". ამ პროვოკაციაზე ილიამ საპასუხო წერილიც დაწერა, სადაც ყველა ბრალდება მიწასთან გაასწორა, თუმცა ის "ივერიას" არ დაუბეჭდია. ილიას წერილის წაკითხვა, რომელსაც "ნ უ თ უ?" ჰქვია, ამ ბმულზე შეგიძლიათ.

მესამე დასის შემადგენლობაში შედიოდნენ ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, მიხა ცხაკაია და სხვები. 1904 წელს გაზეთი "კვალი" ვეღარ უძლებდა კონკურენციას, რის გამოც დაიხურა კიდეც. ამას დაემატა ისიც, რომ ნოე ჟორდანიას მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის გამო, პოლიტიკური თავშესაფრის მოძებნა მოუხდა.

დამოუკიდებლობის მოპოვების საშინაო ფაქტორები

დამოუკიდებლობის მოპოვება, როგორც ხედავთ, არ ყოფილა მარტივი. ამისათვის საჭირო იყო ყველა იმ ეტაპის გავლა, რომელიც ზემოთ აღვწერეთ. დამოუკიდებლობის მოპოვება წარმოუდგენელია ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბების, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურისა და საერთო მზაობის გარეშე. ეს ყველაფერი კი, სწორედ იმ წარსულმა განაპირობა, რომელზეც უკვე გესაუბრეთ.

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ცხოვრება დიდ ნიადაგს ამზადებდა იმ მოვლენისთვის, რომელიც 1918 წლის 26 მაისს მოხდა. მიუხედავად ცარისტული რეჟიმის მცდელობისა, წაეშალა ქართული თვითყოფადობა, ქართველმა საზოგადო მოღვაწეებმა შეძლეს ქართველებისთვის ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნება. დამოუკიდებლობამდე, საქართველო ჯერ ქართველების ცნობიერებაში გაერთიანდა, გაიზარდა და იქცა დემოკრატიულ სახელმწიფოდ. სწორედ წარსულის დამსახურებაა, რომ ქართველი ხალხი მზად იყო დამოუკიდებლობისთვის, რომელიც საქართველოს ასე მოულოდნელად დაატყდა თავს.

დამოუკიდებლობის მოპოვების საგარეო ფაქტორები

მიუხედავად საშინაო მზაობისა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ვერ შედგებოდა საგარეო ფაქტორებიც ხელშეწყობის გარეშე. იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მოეპოვებინა, აუცილებელი იყო მეფის რუსეთის დასუსტება და რუსეთში პოლიტიკური კრიზისის გაჩენა. ცხადია, საქართველო ამას მარტო ვერ მოახერხებდა. მართალია, მეფის რუსეთს რევოლუციონერებმა სიქა გამოაცალეს, მაგრამ ცარიზმი ჯერ კიდევ ახერხებდა სადავეების მართვას.

ცარიზმის საბოლოო რყევა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს დაიწყო. მნიშვნელოვანია იმ გარემოებების გააზრება, რასაც რევოლუცია მოყვა. რეალურად, ამ რევოლუციისთვის არც ერთი პარტია და პოლიტიკური ორგანიზაცია მზად არ იყო. რევოლუციური განწყობა პირველ მსოფლიო ომში ცარისტული რეჟიმის გადაბმულმა დამარცხებებმა შექმნა. რუსეთი სერიოზული ეკონომიკური კრიზისის წინაშე დადგა, რადგან გლეხებისა და მუშების უმრავლესობა ომში იყო გაწვეული და სამეურნეო ძალა ფაქტობრივად აღარ დარჩა ქვეყანაში. ამას მოყვა წარმოების შემცირება და პროდუქტებზე ფასების გაძვირება, რამაც რუსეთის იმპერია, ფაქტობრივად, კრახამდე მიიყვანა.

კრიზისულ ვითარებას ყველა გრძნობდა და ხალხს მეტის მოთმენა აღარ შეეძლო. ამ პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა რევოლუციური ძალების მიმართ მხარდაჭერა. საბოლოოდ, 1917 წლის თებერვალში რევოლუციას პეტროგრადის სამხედრო გარნიზონის ჯარისკაცები ჩაუდგნენ სათავეში. რევოლუცია წინა მცდელობებისგან განსხვავებით, წარმატებული აღმოჩნდა. დაიწყო ახალი სახელმწიფოს მშენებლობა. ხელისუფლების ორგანიზაცია არჩევით პრინციპებზე ჯარისკაცებმა და მუშებმა ითავეს. შედგა პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო, რომლის თავჯდომარედ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე აირჩიეს.

თებერვლის 5 დღიანი რევოლუცია

თებერვლის 5 დღიანი რევოლუცია

ფოტო: Wikimedia

IV სახელმწიფო სათათბირომ პოლიტიკური კრიზისიდან თავის დასაღწევად დროებითი მთავრობა აირჩია, რომელსაც გ. ლვოვი თავჯდომარეობდა. დროებითმა მთავრობამ ხელში აიღო სახელმწიფოს მართვა და საქმიანობას შეუდგა. საქართველოში რევოლუციის შესახებ ინფორმაცია გოგიტა ფაღავამ გაავრცელა, რომელმაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის თბილისის კომიტეტს ინფორმაცია დეპეშის მეშვეობით აცნობა. ეს ამბავი თბილისში ქუჩის მანიფესტაციებით აღინიშნა. ხალხში იმედი გაჩნდა. საქართველოს ახალი ხელისუფლების ორგანიზაციას სათავეში სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრთა შეუდგა. 4 მარტს თბილისის სახალხო სახლში მუშათა წარმომადგენლობა შეიკრიბა და აირჩიეს მუშათა დეპუტატების საბჭო ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით.

დროებითი მთავრობისთვის საქმე ძალიან ცუდად წავიდა. მას არ ჰქონდა მასობრივი მხარდაჭერა, რადგან ის ვერ სცემდა ხალხის მოთხოვნებს ადეკვატურ პასუხს. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ახალგაზრდა ლენინი, რომელსაც ჰქონდა იდეა, რომ თებერვლის რევოლუცია გაგრძელებულიყო სოციალისტური რევოლუციის სახელით. პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე შეიარაღებული აჯანყების იდეამ გაიმარჯვა და დაიწყო რევოლუციის მომზადება. 1917 წლის ოქტომბერში სოციალისტურმა რევოლუციამ გაიმარჯვა და დროებითი მთავრობა დაემხო, შეიქმნა საბჭოთა რუსეთის მთავრობა ლენინის მეთაურობით.

დამოუკიდებლობის აქტის მიღების წინა პროცესები

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებას წინ დიდი პოლიტიკური პროცესები უძღოდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ამიერკავკასიის დემოკრატიულმა პარტიებმა რევოლუციას უნდობლობა გამოუცხადეს. 1917 წლის 11 ნოემბერს თბილისში ამიერკავკასიის დემოკრატიულ პარტიათა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა სამხარეო ცენტრების ინიციატივით თათბირი ჩატარდა, სადაც ამიერკავკასიის დროებითი მთავრობის შექმნა გადაწყდა, სანამ რუსეთში ანარქია არ დამარცხდებოდა. 15 ნოემბერს შედგა დროებითი მთავრობა, რომელსაც "ამიერკავკასიის კომისარიატი" ეწოდა. მისი თავჯდომარე სოციალ-დემოკრატი ევგენი ჭავჭავაძე გახდა. "ამიერკავკასიის კომისარიატის" მოქმედებები კონტრრევოლუციურად მიიჩნია ბოლშევიკურმა მთავრობამ და მასებს მათ წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.

სიტუაცია ძალიან დაიძაბა. რუსეთი დიდ გასაჭირში იყო, მის ტერიტორიაზე გრძელდებოდა გერმანელთა ინტერვენცია. ბაქოში ძალაუფლება მუშათა და დეპუტატთა საბჭომ მოიპოვა, რომელმაც მხარდაჭერა საბჭოთა რუსეთს გამოუცხადა. საქართველოსა და სომხეთში ბოლშევიკების დახმარებით ფრონტიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა აგრარული ბრძოლა წამოიწყეს. ბაქოში თურქები შეიჭრნენ, რომლებსაც საბჭოს დამხობა სურდათ. ერთი სიტყვით, დიდი არეულობა იყო რეგიონში.

მოვლენების საპასუხოდ, "ამიერკავკასიის კომისარიატსა" და სამხარეო საბჭოებში შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომ შეექმნათ ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო, "ამიერკავკასიის სეიმი", რომელმაც პირველი მოწვევის დღედ 1918 წლის 10 თებერვალი დათქვა.

ამ დროს ამიერკავკასიაში უკვე ძალიან პოპულარული იყო ეროვნული სუვენერიტეტის თემა. იქმნებოდა სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული საბჭოები, რომლებიც ნელნელა ამზადებდნენ საფუძველს დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად.

1917 წლის ნოემბერში საქართველოში შეიქმნა საქართველოს ეროვნული საბჭო. 19 ნოემბერს სახაზინო თეატრში შეიკრიბა ქართველი საზოგადოებრიობის რჩეული ნაწილი და ეროვნული საბჭოს შექმნაზე დაიწყეს მუშაობა. ყრილობამ მოისმინა წარმოდგენილი რეზოლუცია და მოიწონა ის. შედეგად შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომელიც ყველა პარტიის წარმომადგენლებს აერთიანებდა. ასევე, შეიქმნა 15 კაციანი აღმასრულებელი კომიტეტი, რომელსაც ნოე ჟორდანია ხელმძღვანელობდა.

დამოუკიდებლობის გამოცხადების ბოლო საფეხური ბრეტ-ლიტოვსკის ზავით გამოწვეული შედეგები იყო. ამ ზავზე ჩვენ უკვე მოგიყევით და შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიას. ბრეტ-ლიტოვსკის ზავმა სეიმის დაშლა გამოიწვია, რადგან სეიმის ზოგიერთი წევრი არ უჭერდა მხარს საქართველოს მიზანს, დაეცვა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა სეიმის დაშლა. თურქეთთან მოლაპარაკებების გაგრძელებას სტატუს კვოს შენარჩუნების შემთხვევაში აზრი ეკარგებოდა, ამიტომ მოლაპარაკებებზე მყოფი აკაკი ჩხენკელის რჩევით, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი.

დამოუკიდებლობის აქტის მიღება

1918 წლის 26 მაისს ხუთ საათზე მთავრობის სასახლის დარბაზში შეიკრიბა ეროვნული საბჭოს გაფართოებული სხდომა, რომელიც ნოე ჟორდანიამ გახსნა. მან საბჭოს წევრებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალიერ მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელი განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს".

დამოუკიდებლობის აქტი

დამოუკიდებლობის აქტი

ფოტო: ეროვნული არქივი

დამოუკიდებლობის აქტში შემდეგი დებულებები ჩაიწერა:

  • ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა;
  • დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა;
  • საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა;
  • საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰსურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან;
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა;
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ყველა ერს;
  • დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელის საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით, და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე;

აღსანიშნავია ისიც, რომ დამოუკიდებლობის აქტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ "მტრებისგან შევიწროებული" საქართველო თავისი ნებით შუერთდა რუსეთს და მას მფარველობა სთხოვა. ცხადია, ისტორიული ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ეროვნულმა საბჭომ ამ განცხადებით დიპლომატიური თანამშრომლობის წინაპირობა შეიქმნა, თუმცა არსებობს მეორე და უფრო რეალური მოსაზრებაც. კერძოდ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქართველ სოციალ-დემოკრატებს საქართველოს მომავალი რუსეთის გვერდით ესახებოდათ და მათ არ სურდათ დამოუკიდებლობის გამოცხადება, თუმცა ეს იძულებით ნაბიჯად მიაჩნდათ.

დამოუკიდებლობის აქტში წერია:

"მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა".

საქართველოს პირველი მთავრობა

1918 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, ეროვნულმა საბჭომ საქართველოს პირველი მთავრობა დაამტკიცა. ის წარმოადგენდა სხვადასხვა პარტიების კოალიციას, საიდანაც თანამდებობების უმრავლესობა სოციალ-დემოკრატებს ჰქონდათ. გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს პირველი მთავრობა შემდეგი სახით ჩამოყალიბდა:

  • მთავრობის თავჯდომარე და შსს მინისტრი - ნოე რამიშვილი (სოციალ-დემოკრატი);
  • საგარეო საქმეთა მინისტრი - აკაკი ჩხენკელი (სოციალ-დემოკრატი);
  • სამხედრო საქმეთა მინისტრი - გრიგოლ გიორგაძე (სოციალ-დემოკრატი);
  • ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი - გიორგი ჟურული (ეროვნულ-დემოკრატი);
  • იუსტიციის მინისტრი - შალვა ალექსი-მესხიშვილი (სოციალ-ფედერალისტი);
  • სახალხო განათლების მინისტრი - გიორგი ლასხიშვილი (სოციალ-ფედერალისტი);
  • მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი - ივანე ლორთქიფანიძე (სოციალ-რევოლუციონერი);

მთავრობის შემადგენლობაში პირველი ცვლილებები მალევე განხორციელდა. 1918 წლის ივლისში, მთავრობის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია დაინიშნა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ევგენი გეგეჭკორი.

თავად ეროვნული საბჭო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მთავრობა დაამტკიცა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციის შემსრულებელი გახდა.

ეროვნულ საბჭოში წარმოდგენილი იყო ყველა მოქმედი პოლიტიკური პარტია, გარდა ბოლშევიკებისა. მათ შორის, ეროვნულ საბჭოში წარმომადგენლობა ჰყავდათ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებსაც. მოგვიანებით, 1918 წლის 8 ოქტომბრის დადგენილებით, საქართველოს ეროვნულ საბჭოს საქართველოს პარლამენტი ეწოდა.

არჩევნები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

საქართველოს ახალ მთავრობას კონსტიტუციის შესამუშავებლად აუცილებლად სჭირდებოდა ლეგიტიმაცია და ხალხისგან მინიჭებული უფლება. გარდა ამისა, არჩევნების ჩატარება იყო უდიდესი გამოწვევა ახლადშექმნილი დემოკრატიისთვის. ეროვნული საბჭო მიიჩნევდა, რომ აუცილებელი იყო დამფუძნებელი კრების შექმნა, რაც არჩევნების გზით უნდა მომხდარიყო.

ეროვნულმა საბჭომ შეიმუშავა დებულება, რომლის მიხედვითაც 1919 წლის 14 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო საქართველოს დამფუძნებელი კრების საყოველთაო არჩევნები.

არჩევნებში მონაწილეობას იღებდა 15 პოლიტიკური სუბიექტი:

1. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია
2. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
3. საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია
4. სომეხთა რევოლუციონური პარტია „დაშნაკციუთუნი"
5. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია
6. საქართველოს მუსულმანთა ეროვნული საბჭო
7. საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტია
8. საქართველოს ეროვნული პარტია
9. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია
10. შოთა რუსთაველის ჯგუფი
11. დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) კავშირი
12. ბორჩალოს მაზრის მუსულმანები
13. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (რსდმპ)
14. „ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა"
15. ელინთა დემოკრატიული პარტია

სხვადასხვა მიზეზების გამო, როგორიცაა სამხედრო ვითარება, უამინდობა და სხვ. ზოგიერთ რეგიონში არჩევნების ჩატარება შეუძლებელი გახდა, თუმცა მოგვიანებით, ამ რეგიონებში დამატებითი არჩევნები ჩატარდა.

დავით სიჭინავას მიერ შექმნილი საარჩევნო რუკა

დავით სიჭინავას მიერ შექმნილი საარჩევნო რუკა

ფოტო: დავით სიჭინავა

არჩევნებში მონაწილე 15 პოლიტიკური სუბიექტიდან დამფუძნებელ კრებასი მხოლოდ 4 მოხვდა. დამატებით არჩევნებში კრებას შეუერთდა ეროვნული პარტია და დაშნაკცუთიუნი. საბოლოო ჯამში, დამფუძნებელი კრება წარმოდგენილი იყო ექვსი ფრაქციით.

დამფუძნებელი კრების შემადგენლობა მისი არსებობის განმავლობაში შემდეგნაირად იყო წარმოდგენილი:

სოციალ-დემოკრატიული პარტიას 109 დეპუტატი ჰყავდა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიასა და სოც. ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიას რვა-რვა დეპუტატი, ხოლო სოც. რევოლუციონერების პარტიად კი, 5 დეპუტატი.

აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომელსაც დემოკრატიულად არჩეული სოციალ-დემოკრატიული პარტია ჩაუდგა სათავეში.

საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა. თბილისი, 1919 წლის 12 მარტი

საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა. თბილისი, 1919 წლის 12 მარტი

ფოტო: ეროვნული არქივი

დამფუძნებელი კრება 1919 წლის 12 მარტს შეიკრიბა. პირველი სხდომა უხუცესი სოც-დემოკრატის, სილიბისტრო ჯიბლაძის სიტყვით გაიხსნა. 1919 წლის 21 მარტის კრებამ შექმნა კომისიები: შრომის, თვითმმართველობის, აგრარული, განათლების, ჯანმრთელობის, სამხედრო, იურიდიული, ხელოვნების და საგზაო. დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა მთავრობის ახალი შემადგენლობა, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, მიიღო ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკა: დროშა, გერბი და ჰიმნი, და უფრო მოგვიანებით, ქვეყნის კონსტიტუციაც.

საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები, 1919 წ.

საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები, 1919 წ.

ფოტო: ეროვნული არქივი

1919 წლის 12 მარტს მოხდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოკიდებლობის აქტის ტატიფიცირებაც.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა, გერბი და ჰიმნი

ნებისმიერი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ისეთი სიმბოლიკის შექმნა, რომელიც სახელმწიფოს ასოციაციას იწვევს. ეს კარგად ესმოდა დამფუძნებელ კრებასაც, რის შედეგადაც შეიქმნა საქართველოს სახელმწიფოს დროშა, გერბი და ჰიმნი.

ჰიმნი

საქართველოს რესპუბლიკის პირველი ჰიმნის ტექსტი და მუსიკა კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილს ეკუთვნის. აღნიშნული ჰიმნი საქართველოს გასაბჭოებამდე მოქმედებდა. მოგვიანებით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წელს საქართველოს ჰიმნად კვლავ "დიდება" მიიჩნეოდა, 2004 წელს კი, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ჰიმნი შეიცვალა.

დროშა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა იაკობ ნიკოლაძემ და იოსებ შარლემანმა შექმნეს. საქართველოს დროშა დაცული იყო შესაბამისი კანონით "კანონი საქართველოს რესპუბლიკის დროშის შესახებ".

საქართველოს სახელმწიფო დროშა 1918-21 წლებში

საქართველოს სახელმწიფო დროშა 1918-21 წლებში

ფოტო: ეროვნული არქივი

გერბი

საქართველოს რესპუბლიკის გერბი 1918-21 წლებში

საქართველოს რესპუბლიკის გერბი 1918-21 წლებში

ფოტო: ეროვნული არქივი

გერბის მხატვარი იყო იოსებ შარლემანი, რომელმაც საქართველოს დროშის შექმნაზეც იმუშავა. გერბზე წმიდა გიორგის გამოსახვის წესების ავტორები და მხატვრები კი დიმიტრი შევარდნაძე და დავით კაკაბაძე იყვნენ. დროშის მსგავსად, არსებობდა სახელმწიფო კანონი საქართველოს რესპუბლიკის გერბის შესახებ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება

დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობა დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა თავს, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დე იურედ ეცნო, რადგან რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას ერიდებოდნენ. ამ დროისთვის რუსეთს მკაფიოდ გამოხატული მიზნები ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში, რასაც ბოლშევიკების მიერ მუშების აჯანყების დაუოკებელი მცდელობა მოწმობს.

საბოლოო ჯამში ნავსი თავად რუსეთმა გატეხა და დროთა განმავლობაში სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება.

  • თურქეთი — 1918 წლის 3 ივნისი
  • რუსეთი — 1920 წლის 7 მაისი
  • გერმანია — 1920 წლის 24 სექტემბერი
  • შვეიცარია — 1920 წელი
  • ბელგია — 1921 წლის 27 იანვარი
  • საფრანგეთი — 1921 წლის 27 იანვარი
  • ინგლისი — 1921 წლის 27 იანვარი
  • იტალია — 1921 წლის 27 იანვარი
  • იაპონია — 1921 წლის 27 იანვარი
  • ავსტრია — 1921 წლის 17 თებერვალი
  • რუმინეთი — 1921 წლის 18 თებერვალი
  • ჰაიტი — 1921 წლის 9 მარტი
  • ლიბერია — 1921 წლის 28 მარტი
  • მექსიკა — 1921 წლის 14 აპრილი
  • პანამა — 1921 წლის 26 აგვისტო
  • სიამი — 1921 წლის 20 ნოემბერი
  • ლუქსემბურგი — 1922 წლის 23 თებერვალი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას კონსტიტუციის მიღება რთულ პირობებში მოუწია. სახელმწიფოს მთავარ დოკუმენტზე მუშაობა დამფუძნებელი კრების არჩევის თანავე დაიწყო. დამფუძნებელმა კრებამ მესამე სხდომაზე, რომელიც 1919 წლის 18 მარტს ჩატარდა, აირჩია საკონსტიტუციო კომისია 15 წევრის შემადგენლობით. მათგან, 10 წევრი სოციალ-დემოკრატების პარტიის წევრი იყო, 2-2 წევრი ჰყავდა ეროვნულ-დემოკრატიულ და სოციალისტ-ფედერალისტებს, ხოლო 1 წევრი სოციალისტ-რევოლუციონერებს. მოგვიანებით, კომისიას ეროვნული პარტიისა და დაშნაკების თითო თითო წევრიც შეუერთდა.

კონსტიტუციის პირველი ვარიანტი 1920 წლის ივნისში მომზადდა. საკონსტიტუციო კომისიამ დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს კონსტიტუციის პროექტის ანაბეჭდი 1920 წლის 8 ივნისს გადაუგზავნა. ეს პროექტი შედგებოდა 17 თავისა და 166 მუხლისგან. დამფუძნებელმა კრებამ აღნიშნული საკონსტიტუციო პროექტის განხილვა 59-ე საგანგებო სხდომაზე, 1920 წლის 24 ნოემბერს დაიწყო და დიდხანს გაგრძელდა. 15 დეკემბერს ესერებმა კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტი წარმოადგინეს, თუმცა მათი მცდელობა ყველა პარტიამ დაგმო.

საქართველოს პირველი კონსტიტუცია

საქართველოს პირველი კონსტიტუცია

ფოტო: ეროვნული არქივი

კონსტიტუციის განხილვის პროცესის შესაბამისად, თითოეული ფრაქცია საკუთარ შესწორებებს აკეთებდა და წარუდგენდა დამფუძნებელ კრებას. შესწორებები საკონსტიტუციო კომისიას ეგზავნებოდა, რათა დასკვნა გაეკეთებინათ. დიდი კამათი გამოიწვია იმ საკითხმა, თუ ვის უნდა მიეღო კონსტიტუცია: დამფუძნებელ კრებას თუ რეფერენდუმის გზით მოსახლეობას. განხილვები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ამასობაში კი პოლიტიკური ვითარება კვლავ ირეოდა. გეგმის მიხედვით, დამფუძნებელი კრება კონსტიტუციის მიღებას 12 მარტს, კრების გახსნის დღეს აპირებდა, თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ კონსტიტუციის მიღება საერთოდ ეჭვის ქვეშ დადგა.

საქართველოს რუსეთის წითელი არმია ესხმოდა თავს, რის გამოც დაჩქარდა კონსტიტუციის მიღების პროცესი. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, 1921 წლის 21 თებერვალს კონსტიტუცია ერთხმად მიიღო. გარეთ, სახალხო ზეიმის ნაცვლად, ზარბაზნების ხმა ისმოდა.

საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ აისახა პირველი მთავრობის მიზნები, შეექმნათ დემოკრატიული, განვითარებული, თანასწორ უფლებებზე ორიენტირებული ევროპული კონსტიტუცია, რომელიც მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული იქნებოდა.

საქართველოს ანექსია საბჭოთა რუსეთის მიერ

ქართველებისთვის ისტორია ერთსა და იმავე ადგილზე ბრუნავდა და ყველაფერი ახლიდან იწყებოდა. 1920 წელს აზერბაიჯანში საბჭოთა ძალამ ძალაუფლება მოიპოვა, ხოლო ამავე წლის ნოემბერში - სომხეთში. კავკასიის რეგიონში დამოუკიდებელ ქვეყნად მხოლოდ საქართველო რჩებოდა. 1921 წლის დასაწყისში ანტანტამ რეგიონის მიმართ ინტერესი დაკარგა, რუსეთში კი სამოქალაქო ომიც მეტ-ნაკლებად ჩაცხრა. ამ მოვლენებმა ახალი იმპერიის ბოლშევიკ მმართველებს მოქმედებისთვის ხელი გაუხსნა, მეტიც, თურქეთის ქემალისტურმა ხელისუფლებამ, რომელიც რუსეთის დახმარებას საჭიროებდა, ხელი შეუწყო კავკასიაში საბჭოთა იმპერიის გამტკიცებას და „ერთმოსისხლე აზერბაიჯანი“ დააღალატა.

მოკლედ, ყველაფერი საქართველოს გასაბჭოებისკენ მიდიოდა. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ქართველებს ამის სურვილი არ ჰქონდათ. ქართველები მზად იყვნენ ნებისმიერი ნაბიჯის გადასადგმელად, ოღონდ დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ. ბოლშევიკებმა ვერაფრით მოახერხეს ქართველი მუშების აჯანყება, ამიტომ სცადეს ლორის რაიონში მცხოვრები სომხების პროვოცირება. სწორედ საბჭოთა სომხეთის ჯარის დახმრებით შეძლო საბჭოთა რუსეთმა საქართველოში შემოჭრა და საომარი მოქმედებების წამოწყება. მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს მთავრობა ახდენდა ადგილობრივი ბოლშევიკების რეპრესიებს და წითელი არმია სწორედ მათ დასახმარებლად შემოდიოდა საქართველოს ტერიტორიაზე.

საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმია თბილისში.

საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმია თბილისში.

მე-11 წითელი არმია საქართველოში სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან შემოიჭრა. იმავდროულად, საბჭოთა რუსეთის მსროლელთა 98–ე ბრიგადა თერგის ცხენოსან დივიზიასთან ერთად ამზადებდა საქართველოზე შეტევას როკისა და მამისონის უღელტეხილებიდან, ხოლო მე–9-ე არმიას სოჭიდან ან აფხაზეთიდან უნდა შეეტია და შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ წაწეულიყო. მოულოდნელი თავდასხმებისთვის საქართველო მზად არ აღმოჩნდა, მეტოქეს ძლიერი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და შედეგად, 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმია საქართველოში შემოვიდა.

რუსეთსა და საქართველოს შორის ბრძოლა საბოლოოდ 18 მარტს დასრულდა. საქართველო გაწითლდა. უკვე ყოფილი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დიდი ნაწილი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო, ხოლო ვინც დარჩა, საგანგებო კომისიის გადაწყვეტილებით, მკაცრად დაისაჯა.

უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა რუსეთის ამ მოქმედებებით დაირღვა 1920 წლის 7 მაისის შეთანხმება საქართველოს ტერიტორიების ხელშეუხებლობის შესახებ. ამრიგად, საქართველომ კვლავ დაკარგა ნაციონალური სუვერენიტეტი და მეორედ იქნა დაპყრობილი რუსეთის მიერ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ბედი ანექსიის შემდეგ

1921 წლის აპრილში დამარცხებული საქართველოს პირველი მთავრობა კონსტანტინეპოლის გავლით პარიზში ჩავიდა. პარიზში ჩასვლის თანავე, იგრძნეს რა საერთაშორისო სოლიდარობა, დაუყონებლივ შეუდგა საქმიანობას. მათ დაიწყეს საერთაშორისო პარტნიორების ძიება ინგლისში, საფრანგეთში, იტალიასა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებში. აპრილშივე გაუგზავნეს ევროპის სახელმწიფოებს მემორანდუმი, რომელიც ქვეყნებს საბჭოთა ანექსიის ფაქტებს აცნობდა. იმავე შინაარსის მემორანდუმი დაეგზავნათ ერთა ლიგის წევრებს. საქართველოს პირველი მთავრობა ბოლომდე ცდილობდა საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას, თუმცა საერთაშორისო საზოგადოება, დღევანდელის მსგავსად, შეშფოთებას გამოთქვამდა, მაგრამ პრობლემის გადაჭრაში საქართველოს ვერ ეხმარებოდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 10 ორგანიზაცია ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას ითხოვს
  2. საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
  3. ირაკლი რუხაძე: პრემიერს ვუთხარი, გულისყურით რომ გისმენდით, არ ნიშნავს, რომ ყველანი ვეთანხმებით
  4. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  5. მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას აღვიქვამთ, როგორც თავისუფალ ბიზნესზე მორიგ ზეწოლას და დაზარალების მცდელობას“

გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma…