ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, მარნეულის ყოფილ მერს, თემურ აბაზოვს პროკურატურამ დაუსაბუთებლად და საეჭვოდ შეუმცირა წარდგენილი ბრალდება. ამასთან, საქმეში არსებული საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. საიას მიაჩნია, რომ ბრალდების შემცირების მიუხედავად, მოსამართლეს შეეძლო 144³-ე მუხლით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გამართლებით მოსამართლემ წაახალისა დამამცირებელი მოპყრობის საშიში პრაქტიკა. დაზარალებულის ინტერესებს გამოძიების დაწყების მეორე დღიდან საია იცავს. ორგანიზაცია განმარტავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები (მოწმეთა ჩვენებები, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (ჭიქაზე ბიოლოგიური მასალის — შარდის შემცველობა დადგინდა), ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, გავრცელებული ვიდეო-მასალა და სხვა), ადასტურებდა თეიმურაზ აბაზოვის ბრალეულობას და იძლეოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ასევე გაამართლა ამ საქმეში ბრალდებული კიდევ 3 პირი, რომელთაც ბრალად დაზარალებულის ფიზიკური შეურაცხყოფა ედებოდათ.

არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი რუსთავის სასამართლომ 12 თებერვალს გაამართლა.

თემურ აბაზოვი On.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სასამართლოს მსვლელობისას 100-მდე მოწმე დაიკითხა, რომლებმაც ვერ წარადგინეს მტკიცებულებები მის წინააღმდეგ. მისი თქმით, აქედან გამომდინარე მოსამართლემ ის უდანაშაულოდ ცნო.

არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს, მას შემდეგ, რაც სტუდია მონიტორის საგამოძიებო მასალა გავრცელდა. მასალაში ასახული იყო, რომ მოქალაქე, რომელმაც საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს აგინა და ძალადობის მსხვერპლი გახდა.

პროკურატურა აცხადებდა, რომ ამ პირს აბაზოვმა სახეში შეაფურთხა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე. თავდაპირველად, გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე დაიწყო. მოგვიანებით ბრალდებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტითა და სოციალური ქსელებით გავრცელება დაემატა.

10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ აბაზოვმა სამსახურში განაცდურის სახით 32 000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა, რაზეც მარნეულის მერიისგან უარი მიიღო.

თემურ აბაზოვი ბრალს არ აღიარებს. ის აცხადებდა, რომ ბინძური პროვოკაციების მსხვერპლია.