სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულია თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და შპს ტექრეისერსის ფაქტობრივი მფლობელი. მათ ბრალად ედებათ სხვისი ქონების მითვისებისა და დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ასევე, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარება. მათ გარდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს კიდევ სამი პირი.

გამოძიების ვერსიით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა 34 550 ლარით გაზრდილ ფასად შპს ტექრეისერსისგან შეისყიდა 23 ლეპტოპი. გაზრდილი ფასის შედეგად დარჩენილ სხვაობას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს ტექრეისერსის დირექტორისა და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მფლობელის დახმარებით.

გამოძიება, ასევე საუბრობს სხვა ეპიზოდზეც, კერძოდ, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში, სააგენტოს ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, თავისი რეკომენდაციით, 2019 წლის აგვისტოში დაასაქმა ორი პირი, რომლებიც მასთან წინასწარი შეთანხმებით არ ასრულებდნენ დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, არ ცხადდებოდნენ სამსახურში. სუს-ის ცნობით, სახელფასო ბარათები გადაცემული ჰქონდათ ადმინისტრაციის ყოფილი უფროსისთვის, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა აღნიშნული პირების სახელზე ჩარიცხულ 29 ათას ლარს.

გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მითვისების, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარეობს. (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით).