რატომ დაინტერესდა დასავლეთი კორეული კინოთი — "პარაზიტის" წარმატების მიზეზები
ლოს-ანჯელესში გამართულ ოქროს გლობუსის რიგით 77-ე ცერემონიაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში გამარჯვება ბონგ ჯუნ ჰოს ნამუშევარმა, პარაზიტმა მოიპოვა. თუმცა სურათისთვის ეს პირველი მნიშვნელოვანი ჯილდო არ ყოფილა. ერთგვარი პრეცედენტი მან კანის 72-ე კინოფესტივალის მთავარ ნომინაციაში გამარჯვებით შექმნა: პარაზიტი პირველი კორეული ფილმია, რომელსაც ოქროს პალმის რტო ერგო.
დასავლური სამყაროს მხრიდან მცირეოდენი, თუმცა მაინც საგულისხმო დაინტერესება აზიური კინოს მიმართ ბოლო ათწლეულში, 2019 წლამდეც შეინიშნებოდა. მაგალითად, ტაილანდელ რეჟისორს, აპიჩატპონგ ვერასეტაკულს ფილმისთვის, ბიძია ბუნმი, რომელსაც თავისი წინა ცხოვრებანი ახსოვს, პალმის რტო 2010 წელს ერგო. 2018-ში ეს ჯილდო იაპონელ რეჟისორს, ჰიროკაძუ კორეედას წვრილმანი მძარცველებისთვის გადაეცა. ამ წარმატებათა კვალდაკვალ კი, უკვე წელს დასავლელ კრიტიკოსთა ყურადღების ცენტრში კორეული კინოსურათი, პარაზიტი აღმოჩნდა.
პირველი და მთავარი, რითაც პარაზიტი გამოირჩევა, რეჟისორის დამოკიდებულებაა სოციალურ-ეკონომიკური კლასების მიმართ. ის თავის უკანასკნელ ფილმში საზოგადოების ორ ფენას შორის უთანასწორობას ერთნაირი შემადგენლობის მქონე ორი ოჯახის ურთიერთშეპირისპირებით ააშკარავებს. თუმცა ამას იმგვარად აკეთებს, რომ მაყურებელს ვერაფრით გაურკვევია, ვის უგულშემატკივროს, ვინ შეეცოდოს და ვინაა მართალი ამ უთანასწორო ბრძოლაში.
მართლაც, რთული სათქმელია, ამ ორ ოჯახს შორის ისეთი რა პრინციპული განსხვავებაა, რის გამოც მათ მატერიალურ შესაძლებლობებში მსგავსი რადიკალური სხვაობა არსებობს. უფრო მეტიც, ღარიბი ოჯახის წევრები უფრო მოხერხებულები და საზრიანები ჩანან, ვიდრე მდიდრები, რომლებიც მეტად მიამიტები და მიმნდობები არიან. ამ საკითხზე თავად რეჟისორს ასეთი პოზიცია აქვს: "ფილმში ყველაზე მიმნდობი პერსონაჟი მდიდარი დედაა, მაგრამ არასდროს მიფიქრია მასზე, როგორც ჩერჩეტსა და მოსულელოზე. პირიქით, ის ჭკვიანია. ალბათ სკოლაც წარმატებით აქვს დამთავრებული. უბრალოდ, ის მარტივად ენდობა ადამიანებს, რადგან ჯერ ცუდი არაფერი გამოუცდია. ვფიქრობ, იმისათვის, რომ ეჭვის თვალით უყურებდე ხალხს, აუცილებელია, უარყოფითი გამოცდილება გქონდეს ამ მხრივ. მას კი მსგავსი არაფერი გადახდენია თავს".
მთელი ფილმის განმავლობაში მარტივია, იგრძნო წითელი ხაზი, რომელიც მდიდრებისა და ღარიბების სამყაროებს შორისაა გავლებული. ერთ-ერთ ეპიზოდში მდიდარი ოჯახის მამა, მისტერ პარკი ამბობს: "არ მიყვარს ადამიანები, რომელთაც ზღვრის დაცვა არ შეუძლიათ" და ამით თავიდანვე აწესებს იმ მანძილს, რომელიც კი-დაეკმა, მისმა ახალმა მძღოლმა არ უნდა გადაკვეთოს.
პარაზიტის მთავარ თემას, კლასებს შორის უთანასწორობას, სიუჟეტურ განვითარებასთან ერთად განსაზღვრავს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ფილმში რამდენჯერმე ექცევა ყურადღება: მდიდრები ღარიბებისთვის ნიშნეულ სუნს გრძნობენ და გაუცნობიერებლად ისეთ ზიზღს გამოხატავენ, რომელიც მეორე მხარისთვის ადამიანური ღირსების შემლახველია. მისტერ პარკი ცოლთან საუბრისას ახსენებს, რომ მათ მძღოლს განსაკუთრებული სუნი აქვს — მეტროს სუნი. ბონგ ჯუნ ჰო ამ ასპექტზე აქცენტის გაკეთების მნიშვნელობას შემდეგნაირად განმარტავს: "სამსახურები, რომელსაც პერსონაჟები ფლობენ — კერძო მასწავლებლის, დამლაგებლის და მძღოლის პოზიციები — იმ იშვიათ მომენტს ასახავს, როცა მდიდრები და ღარიბები ერთ სივრცეში ყოველდღიურად იმდენად ახლოს თანაარსებობენ, რომ ერთმანეთის სუნსაც კი გრძნობენ".
თუმცა ეპიზოდი, სადაც ყველაზე ნათლად ჩანს, რამდენად განსაზღვრავს კომფორტი მდიდარ ადამიანთა არსებობას, ის სცენაა, როცა მისტერ პარკი ერთი ხელით იმ გასაღების აღებას ცდილობს, რომელზეც მკვდარი სხეული გდია და მეორეს ცხვირზე იჭერს, უსიამოვნო სუნი რომ არ იგრძნოს: ის სხვისი სხეულის სუნისადმი ზიზღს თავისი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკულ წუთებშიც ვერ ლახავს. სწორედ მსგავსი ნიუანსებით სავსე ეპიზოდებია ის, რაც კორეულ კინოს ასე შთამბეჭდავსა და გამორჩეულს ხდის.
ამასთან, ფილმის ყველაზე დრამატული სცენაც კი, როდესაც დაბადების დღის წვეულებაზე ყველაფერი თავდაყირა დგება და მოვლენები არაადეკვატური ტემპითა და მიმართულებით ვითარდება, იმდენად მოზომილია, რომ დაძაბულობა სარკაზმით ნეიტრალდება. ამასთან, ფილმისეული იუმორი არასდროსაა დამცინავი; პირიქით, ის პერსონაჟთა ადამიანურობის ხაზგასასმელად გამოიყენება. სწორედ ეს მოზომილი ტონი ხიბლავს მაყურებელს: ამ დროს ყველაზე ფანტასმაგორიული მოვლენებიც საოცრად ახლობელი ჩანს და ფილმის პერსონაჟებთან თვითიდენტიფიკაციაც მარტივდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ პარაზიტი მაქსიმალურად დაცლილია რეჟისორის შეფასებებისა და განწყობებისგან. ფილმს მნიშვნელობას მაყურებელი სძენს; ის განვსაზღვრავს, ვინაა მსხვერპლი და ვინ — მოძალადე. შესაბამისად, მასში არც თხრობის გამოკვეთილი მანერაა. რთულია, მთლიანად თუ ნაწილობრივ რომელიმე ეპიზოდზე ვთქვათ, რომ კომედიაა და უნდა გაგვეცინოს ან, პირიქით — ტრაგედიაა და განცდა გვმართებს.
რეჟისორის თქმით, მისი ფილმები მეტწილად უთანხმოებებსა და პერსონაჟებს შორის არსებულ გაუგებრობებზეა აგებული. მაყურებელმა ყოველთვის მეტი იცის, ვიდრე — ისტორიის გმირებმა. სწორედ ის განიცდის ამ გაუგებრობას, რომელიც იწვევს სევდასაც და ღიმილსაც, და უჩნდება სურვილი, რამენაირად მიაწოდოს ინფორმაცია პერსონაჟებს. "პარაზიტში ბოროტმოქმედები არ გვხვდებიან, მაგრამ სწორედ ამგვარი უთანხმოების გამო ფილმის ბოლოს პერსონაჟები ერთმანეთს ტკენენ", — ამბობს ბონგ ჯუნ ჰო.
პარაზიტის კიდევ ერთი ხიბლი მისი პოლიჟანრულობაა. რადგან ფილმის ხასიათს მაყურებლის განწყობა განსაზღვრავს, ის ერთდროულად კომედიაცაა და ტრაგედიაც, დრამაც და თრილერიც, ჰორორიც და ექშენიც. თუმცა, ამის მიუხედავად, ჟანრები იმგვარად ერწყმის ერთმანეთს, რომ ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ მომენტებს, როცა თხრობის ტემპი და სტილი იცვლება.
კორეული კულტურა დასავლეთისთვის მეტწილად ჯერ კიდევ შეუცნობელია, რაც, ერთი მხრივ, აუდიტორიის განსაკუთრებულ დაინტერესაბას იწვევს, მეორე მხრივ კი, რეჟისორული ჩანაფიქრის ბოლომდე აღქმას ართულებს. თავად რეჟისორიც აღნიშნავს, რომ რაღაც დეტალები უცხოა დასავლელი მაყურებლისთვის და მას უჭირს იმ სიმბოლური დატვირთვის აღმოჩენა, რაც აზიურ კულტურაში მცხოვრები ადამიანისთვის ცალსახაა: "მქონდა ფილმის საერთაშორისო მაყურებელთან ერთად ხილვის შესაძლებლობა კანში, ტორონტოსა და ნიუ-იორკის ფესტივალებზე და ისინი ყველგან ერთნაირად რეაგირებენ — ერთდროულად იცინიან და იძაბებიან. მაგრამ არის ტრივიალური დეტალები, რასაც ისინი ვერასდროს გაიგებენ; მაგალითად, ტაივანური ნამცხვრის მაღაზიები, რომელთაც ტაივანელი და კორეელი მაყურებელი გამოჩენისთანავე ამჩნევს".
ამის მიუხედავად, ცხადია, რომ პარაზიტის შინაარსი, სტრუქტურა და ფორმა, რითაც ბონგ ჯუნ ჰო სათქმელს გადმოსცემს, დასავლეთისთვის შეუმჩნეველი არ აღმოჩნდა. მას მერე, რაც ფილმმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია კანის ფესტივალსა და ოქროს გლობუსზე, მას კინოაკადემიის მთავარი ჯილდოს მიღების შანსიც გაუჩნდა. შეგახსენებთ, რომ კინოსურათი საუკეთესო ფილმის ნომინაციაზეა წარდგენილი და მიიღებს თუ არა ის ოსკარს, ამას 10 თებერვალს, დაჯილდოების რიგით 92-ე ცერემონიაზე შევიტყობთ.
კომენტარები