2019 წელს კაცობრიობამ მიკროპლასტმასას ომი გამოუცხადა
ჰაერსა თუ ოკეანეებში — დამბინძურებლები აბსოლუტურად ყველგან არიან. მაგრამ ამ მდგომარეობის გაუმჯობესება და ჩვენი დანაშაულის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
კლიმატის ცვლილების შესახებ მზარდად საგანგაშო ანგარიშებისა და პოლიტიკური ჩართულობის დახმარებით, გასულ წელს მედიის ყურადღების ცენტრში ახალი საფრთხე, მიკროპლასტმასით დაბინძურება მოექცა. მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ჰაერსა და ოკეანეებში მოხვედრილი ეს ნაწილაკები საკვებსა და წყალს აბინძურებენ, თუმცა ჯერ კიდევ ბოლომდე უცნობია, თუ რამხელა ეფექტი აქვთ მათ ადამიანის ჯანმრთელობაზე.
მკვლევრები ათწლეულების განმავლობაში აკვირდებოდნენ ამ პრობლემას, შესაბამისად, მიკროპლასტმასით დაბინძურება ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. გარემოსდაცვითი მეცნიერები, ცოლ-ქმარი დეონი და სტივი ალენები, რომლებიც შოტლანდიის სტრატკლაიდის უნივერსიტეტში იკვლევენ ამგვარ დაბინძურებას, ამბობენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტექნიკის დახმარებით გარემოში არსებული პლასტმასის უმცირესი ნაწილაკების აღმოსაჩენად ტესტის ჩატარება საგრძნობლად გამარტივდა. ამ ახალ ხელსაწყოთა მეშვეობით ცხადი გახდა, რომ მიკროპლასტმასა უკვე აბსოლუტურად ყველგანაა.
"ვფიქრობ, ამ წელს მოცემული პრობლემისადმი ყურადღების გაზრდა განპირობებულია იმით, რომ მეცნიერები ანალიზის მეთოდოლოგიას სულ უფრო ხვეწენ", — ამბობს დეონი ალენი, — "შედეგად, ჩვენ მიკროპლასტმასის იდენტიფიცირებასა და მისი რაოდენობის განსაზღვრაში შესამჩნევად დავხელოვნდით". ადრე მკვლევრებს სინჯად აღებულ ნაწილაკებში ცხელი ნემსის გატარება სჭირდებოდათ, რათა დაკვირვებოდნენ, სიმხურვალე როგორ გამოაცალკევებდა ორგანულ და პლასტმასის ბოჭკოებს ერთმანეთისგან. ახლა კი პლასტმასზე კონცენტრირებული მკვლევრები მიკროსკოპიის მეთოდებს სხვა სფეროებიდან სესხულობენ; მაგალითად, ლაზერის გამოყენებით ისინი ისევე ითვლიან ნაწილაკებს, როგორც მიკრობიოლოგები — ბაქტერიებს.
სკრიპსის ოკეანოლოგიის ინსტიტუტის ოკეანოგრაფი, ჯენიფერ ბრენდონი ამბობს, რომ რადგან მიკროპლასტმასით დაბინძურება დედამიწის ყველა კუთხეს მოედო, ბოლო წლებში სხვა სფეროებში მოღვაწე მეცნიერები მასობრივად იცვლიან პროფილს ამ პრობლემაზე სამუშაოდ. მაგალითად, მისი მეგობარი, რომელიც ფრინველების პარაზიტებს შეისწავლიდა, ახლა პლასტმასის საფრთხის გამოააშკარავებას ემსახურება. "რაც უფრო მეტ ფრინველს კვეთდა, უფრო მეტ პლასტმასას პოულობდა, განსაკუთრებით დაავადებულ ორგანიზმებში, რომლებიც პარაზიტების ყოლის განსაკუთრებული რისკის ქვეშ იყვნენ. ამის შემდეგ ის, ფაქტობრივად, ძალაუნებურად იქცა პლასტმასის მკვლევრად", — ურთავს ბრენდონი.
სფეროსადმი ასეთი გაზრდილი ინტერესი, ნაწილობრივ, სამეცნიერო და მედიის სფეროებს შორის დამყარებული წრიული კავშირის შედეგია: ბოლო რამდენიმე წელში იმის შესახებ ჩატარებულმა კვლევებმა, რომ მიკროპლასტმასა ყველგანაა, მედიის ყურადღება მიიპყრო, ამან გაზარდა საზოგადოების ინტერსი საკითხისადმი, რაც აიძულებს მთავრობებს, პრობლემის შესწავლისთვის და ახალ-ახალი კვლევების ჩასატარებლად თანხები გამოთავისუფლონ. "დიდი ხნის განმავლობაში მეკითხებოდნენ, მართლა ვჭამ მიკროპლასტმასას? მართლა არის ის ჩემს საკვებში? და სწორედ გასულმა წელმა ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემის საშუალება მოგვცა: დიახ, სამწუხაროდ, ეს ნამდვილად ასეა", — ამბობს ბრენდონი.
პლასტმასასთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის საოცრად გამძლეა და მაშინაც კი, როცა იშლება, მისი პატარა ნაწილაკები ეკოსისტემაში იფანტება და იქ რჩება. რაც უფრო პატარა ნაწილაკზე დაკვირვების საშუალება ეძლევათ მეცნიერებს, მით უკეთ იგებენ, რა გავლენა აქვს ზომას იმაზე, თუ როგორ ვრეცლდება მიკროპლასტმასა კონკრეტულ გარემოში. ერთ-ერთი განსაკუთრებით საგანგაშო აღმოჩენა ის გახლდათ, რომ ახლადდაბადებულ თევზებს მიკროპლასტმასა საკვებში ეშლებათ. ჯერ კიდევ უცნობია, თუ როგორ მოქმედებს პალსტმასის ნაწილაკთა ზომა თევზების ჯანმრთელობაზე. სავარაუდოდ, მოზრდილ ნაწილაკებს მათი საჭმლის მომნელებელი სისტემის ბლოკირება შეუძლიათ, ხოლო უმცირესი ნაწილაკები, შესაძლოა, მათი ნაწლავური ქსოვილებიდან თავისუფლდებიან და სხვა ორგანოებში აღწევენ.
გასაკვირი არაა, რომ მიკროპლასტმასის ზომის საკითხი ადამიანთა ჯანმრთელობასთან მიმართებითაც ბადებს უმნიშვნელოვანეს კითხვებს. კვლევები აჩვენებს, რომ ნაწილაკების უმეტესობა, რომელსაც სასმელიდან და საკვებიდან ვიღებთ, ორგანიზმიდან თავისით გამოიდევნება. მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, უმცირესი ზომის ნაწილაკები საკვების მომნელებელი სისტემიდან თუ აღწევენ თავს ან თუ ლახავენ ჰემატოენცეფალურ ბარიერს — ერთგვარ დამცავ საზღვარს, რომელიც სისხლში მყოფ ტოქსინებს ტვინამდე მიღწევის საშუალებას არ აძლევს. "ნელ-ნელა უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ ჩვენი კვლევები ნანოსივრცეში უნდა გადავიტანოთ, რადგან ეს პრობლემა ყველაზე სახიფათოდ სწორედ ამ დონეზე ვლინდება", — ამბობს სტივ ალენი.
ნაწილაკების ზომა მიკროპლასტმასის ცირკულაციასაც განსაზღვრავს. ლოგიკური დაშვებაა, რომ პლასტმასის მიკრობოჭკო უფრო მარტივად მოძრაობს ჰაერსა თუ წყალში ვიდრე — უფრო მსხვილი ფრაგმენტები, მაგრამ ამ ვარაუდის დასადასტურებლად ჯერ საკმარისი მონაცემი არ გვაქვს. და იქნებ, სხვადასხვა ტიპის პლასტმასა — მაგალითად, პოლისტიროლი და პოლიეთილენი — გარემოში სხვადასხვაგვარად მოძრაობს? სინჯების შეგროვებასა და ტესტირების სფეროში გაუმჯობესებული ტექნოლოგიების დახმარებით, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ კითხვებზე პასუხს მალე მოიპოვებენ.
ერთ-ერთი ყველაზე დამაიმედებელი ტექნოლოგია, რომელიც, დიდი ალბათობით, 2020-დან იქნება ხელმისაწვდომი, სენსორია, რომელიც ოკეანიდან წყალს შთანთქავს და ავტომატურად ითვლის მასში არსებულ მიკროპლასტმასის ნაწილაკებს. ბრენდონის მიხედვით, დღეისათვის არსებული რესურსებით მკვლევრებს ჯერ წყლის გაფილტვრა, ხოლო შემდეგ ნაწილაკების თვლა თავად უწევთ, რაც ასობით სამუშაო საათს მოითხოვს. "სენსორით კი ოკეანის ნებისმიერ ადგილას დაუყოვნებლივ შეგეძლება ნაწილაკთა რაოდენობის განსაზღვრა, რაც მარტივად მოგვცემს გაცილებით სრულ სურათს იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს თავს", — ამბობს ის.
გასული წლის ინოვაციურ კვლევებზე დაყრდნობით რაც ერთმნიშვნელოვნად ნათელია, ისაა, რომ ოკეანეები მიკროპლასტმასით სრულადაა დაბინძურებული. ივნისში გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერებმა აჩვენეს, რომ მონტერეის უბის აუზი სავსეა პალსტმასის ნაწილაკებით და ზოგ ადგილას მათი კონცენტრაცია წყნარი ოკეანის ნაგვის დიდი ლაქის დაბინძურების დონესაც კი აღემატება. სექტემბერში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგად მიკროპლასტმასის ათწლობით დაგროვებული დანალექი აღმოაჩინეს სამხრეთ კალიფორნიის ტერიტორიიდან აღებულ სინჯებში. ასევე, ლაბორატორიულად დამტკიცდა, რომ მიკროპლასტმასიდან გამოტუტვით გათავისუფლებული ქიმიკატები ზღვებში ჟანგბადის გამომმუშავებელი ბაქტერიების გავრცელებას აფერხებენ.
საფრთხესთან დაპირისპირება
პლასტმასის მკვლევრები თანხმდებიან, რომ მსგავსი დაბინძურების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლისათვის პრობლემის ფესვებამდე უნდა ჩავიდეთ. უპირველესი და უმთავრესია, რომ, უბრალოდ, შევამციროთ მისი მოხმარება. ამისათვის ჩვენ მსხვილ კომპანიებს პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი პროდუქტების აბსურდული რაოდენობით წარმოების შეწყვეტა და ამის ნაცვლად გადამუშავებადი პლასტმასის შემოღებაში ფულის ჩადება უნდა მოვთხოვოთ. ამასთან, მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ეს ახალი მასალა ნამდვილად იმაზე მეტად ეკომეგობრული და დეგრადირებადია, ვიდრე ის, რასაც ჩაანაცვლებენ.
პლასტმასა იმდენად გამოყენებადია, განსაკუთრებით მედიცინაში, რომ მოხმარებიდან მის სრულად ამოღებას ვერასდროს შევძლებთ. ამიტომ გამოსავალი ისაა, რომ ის ნაწილი, რასაც მომავალში მოვიხმართ, გადამუშავებული იყოს. დღეს ეს იმიტომაა მიუღწეველი, რომ მსგავსი ტიპის წარმოება არამომგებიანია. "სახელმწიფომ მხარი უნდა დაუჭიროს გადამუშავებადი პლასტმასის წარმოებას და უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები იქამდე, სანამ მსგავსი ტიპის ბიზნესი ფინანსურად სიცოცხლისუნარიანი არ გახდება", — ამბობს მიჩიგანის უნივერსიტეტის ეკოტოქსიკოლოგი, ალენ ბარტონი.
ასევე აუცილებელია პლასტმასის შებოჭვა, რათა ის გარემოში აღარ გავრცელდეს. ისეთი მარტივი მოწყობილობაც კი, როგორიცაა საკანალიზაციო დრენაჟირებისთვის განკუთვნილი ბადე, მიკროპლასტმასას ზღვებში მოხვედრას გაურთულებს. წყალდიდობაც მისი გავრცელების მნიშვნელოვანი წყაროა. მაგალითად, სან-ფრანცისკოს ყურეში ყოველწლიურად 7 ტრილიონი ნაწილაკი სწორედ ჭარბნალექიანობის შედეგად ჩაედინება. შესაბამისად, მკვლევრები მუშაობენ ეგრეთ წოდებულ წვიმის ბაღებზე — გზების გასწვრივ დამონტაჟებულ მიწის მოგრძო ნაწილებზე, რომლებიც ნალექებში არსებულ მიკროპლასტმასის ნაწილაკებს შეაკავებენ და შეკრებენ.
სულ ბოლოს, ოკეანური მიკროპლასტმასის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროს, სარეცხსაც უნდა სათანადოდ მივხედოთ. სინთეტიკური ქსოვილი, განსაკუთრებით კი იაფიანი ტანსაცმელი, თითოეული რეცხვისას პლასტმასის დაახლოებით 100 ათას მიკრობოჭკოს გამოდევნის, რაც ჩანარეცხი წყლების გავლით აღწევს მდინარეებსა და ოკეანეებში. ამასთან შესაბრძოლებლად მომხმარებლებმა სარეცხი მანქანების მწარმოებლებს თავიანთ პროდუქტზე მიკროპლასტმასის დამჭერი ფილტრების დამაგრება უნდა მოსთხოვონ. ასევე, ჩანარეცხი წყლების გადამამუშავებელ ქარხნებსაც სჭირდებათ ტექნიკური განახლება, რათა მეტი მიკრობოჭკოს დაჭერა შეძლონ.
როგორც მიკროპლასტმასის პრობლემაზე მასშტაბურად მუშაობის პირველმა წელმა აჩვენა, საკითხი საოცრად ვრცელი და კომპლექსურია. თუმცა რაც მეტი გვეცოდინება, მით უკეთესად შევძლებთ იმ ზიანის გამოსწორებას, რომელიც გარემოს თავად მივაყენეთ.
კომენტარები