YouTube-ზე ატვირთული პირველი ვიდეო მუზეუმში გამოფინეს
ფოტო: Victoria and Albert Museum, London.
ამჟამად YouTube-ზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანების მიერ ატვირთული მილიარდობით ვიდეოა, თუმცა, რით დაიწყო ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, ცნობილია ის ვიდეო, რომელიც ამ პლატფორმაზე პირველად ატვირთეს და იგი ახლა დიდ ბრიტანეთში მდებარე ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში (V&A) გამოფინეს.
YouTube-ზე ეს ვიდეო 2005 წლის 23 აპრილს კომპანიის თანადამფუძნებელმა, ჯოუდ კარიმმა, ატვირთა. "მე ზოოპარკში" — ასე ჰქვია მას და, ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ კადრები მართლაც სან დიეგოს ზოოპარკშია გადაღებული. კარიმი სპილოებთან დგას და სულ რაღაც 19 წამში ამ ცხოველების შესახებ საუბრობს: ამბობს, რომ მათ ძალიან გრძელი ხორთუმი აქვთ.
ცნობისთვის, ამ ვიდეოს 383 მილიონი ნახვა აქვს; პლატფორმაზე ის 18-მა მილიონმა მომხმარებელმა მოიწონა, 10-მა მილიონმა კი კომენტარი დაწერა — მათ შორის სან დიეგოს ზოოპარკის ოფიციალური გვერდიდანაც.
V&A-მ პლატფორმის პირვანდელი ინტერფეისის აღსადგენად YouTube-თან და დიზაინერულ სტუდია oio-სთან ითანამშრომლა. ამისთვის ინტერნეტის ვებგვერდების არქივის (Wayback Machine) ბაზაში შემონახული კოდი გამოიყენეს, რომელიც 2006 წლის 8 დეკემბრით თარიღდება. ეს ნიშნავს, რომ მუზეუმში გამოფენილი ვიდეო იმ სახითაა, როგორიც ამ დროს იყო.
მუზეუმის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს ვიდეო ინტერნეტისა და ვებდიზაინის ისტორიაში მნიშვნელოვან მომენტს გვიჩვენებს. მათი თქმით, ესაა გადასვლა მომხმარებლის მიერ შექმნილ მულტიმედია შიგთავსზე, სოციალურ ინტერაქციასა და კოლაბორაციაზე, რასაც "Web 2.0" ეწოდება. მანამდე Web 1.0 იყო, ანუ ადამიანებს ინტერნეტის მეშვეობით ძირითადად ინფორმაციის გაცნობა და გადმოწერა შეეძლოთ, მაგრამ არა შექმნა ან შეცვლა.
YouTube მართლაც საინტერესო პერიოდიდანაა, როცა 2000-იან წლებში შედარებით სწრაფი ინტერნეტი გახდა ხელმისაწვდომი. ადამიანებმა ციფრული კამერებითაც დაიწყეს სარგებლობა და ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების გადაღება. სწორედ ასეთი იყო პლატფორმის შიგთავსი თავიდან.
V&A-სთვის "მე ზოოპარკში" სწორედ ამ ეპოქის დასაწყისის ერთგვარი სიმბოლოა. ვიდეო Design 1900-Now gallery-შია გამოფენილი, რომელიც 1900 წლიდან დღემდე შექმნილ ტექნოლოგიებზე, ხელოვნების ნიმუშებსა და დიზაინზეა კონცენტრირებული.
"YouTube, როგორც კულტურული და სოციალური პლატფორმა, არამხოლოდ Web 2.0-ისა და მომხმარებლების მიერ შექმნილი შიგთავსის აღზევების სიმბოლური გამოხატულებაა, არამედ კრეატორთა ეკონომიკისა და პლატფორმული კაპიტალიზმის საწყისებზე მიმანიშნებელიც", — წერია V&A-ს განცხადებაში.
მათი თქმით, სწორედ ამ დიზაინერულმა გადაწყვეტამ დაუდო საფუძველი დღევანდელი ცხოვრების განმსაზღვრელ კულტურულ და ეკონომიკურ ასპექტებს. შესაბამისად, ეს ვიდეო მათთვის იმის დასტურია, თუ როგორ ცვლის ასეთი სიახლეები მომავლის ტრაექტორიას.
კომენტარები