საჰარის უდაბნოში სპინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. მკვლევრების ყურადღება განსაკუთრებით იმან მიიქცია, რომ სპინოზავრს თავის ქალაზე უცნაური გამონაზარდი აქვს.

პალეონტოლოგებმა მას Spinosaurus mirabilis უწოდეს, რაც "მშვენიერ ხერხემლიან ხვლიკს" ნიშნავს.

ფოტო: Dani Navarro

აღმოჩენა მხოლოდ დინოზავრის სილამაზეზე არ არის. სპინოზავრების ნაშთებს ძირითადად სანაპირო ზოლების დანალექებში პოულობენ ხოლმე, მაგრამ ამ სახეობას ხმელეთზე მიაგნეს.

აღმოჩენა უცნაური იყო თავად არქეოლოგებისთვისაც, რომლებსაც პალეონტოლოგი პოლ სერენო ხელმძღვანელობდა.

"ეს იმდენად მოულოდნელი და გასაოცარი იყო, რომ აღფრთოვანებულები დავრჩით. სამუდამოდ დამამახსოვრდება კარავში ყოფნის ის მომენტი, როდესაც ლეპტოპის გარშემო შევიკრიბეთ, რათა პირველად გვენახა ახალი სახეობა. გუნდის ერთ-ერთმა წევრმა საჰარის შუაგულში თავის ქალის ასაწყობად ნაპოვნი ძვლების 3D ციფრული მოდელები შექმნა. სწორედ მაშინ გახდა აღმოჩენის მნიშვნელობა აშკარა", — თქვა სერენომ.

მიუხედავად იმისა, რომ მისი წვეტიანი კბილები ნიანგისას წააგავს, სერენო ფიქრობს, რომ ეს სპინოზავრი წყლისა და ხმელეთის ცხოვრებას ეწეოდა და ტყის შუაგულში ცხოვრობდა.

"მე ეს დინოზავრი ერთგვარ "ჯოჯოხეთურ ყანჩად" წარმომიდგენია, რომელსაც ორი მეტრის სიღრმის წყალში ფეხზე დგომა შეეძლო. მიუხედავად ამისა, დროის უმეტეს ნაწილს არაღრმა წყალში ატარებდა", — აღნიშნა სერენომ.

თავზე გამონაზარდი დასანახად ლამაზი იქნებოდა, მაგრამ არ ვიცით რა დანიშნულება შეიძლება ჰქონოდა მას. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ის კერატინით იყო დაფარული და კაშკაშა ფერი ჰქონდა, როგორც თუთიყუშის ნისკარტს.

კვლევა ჟურნალში Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.