რატომაა უწყლობა მომაკვდინებელი — რა ხდება ორგანიზმში, როცა ის წყალს ვერ იღებს
წყალს დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ჩამოყალიბებაში, შენარჩუნებასა და განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. რა თქმა უნდა, ის ადამიანებისთვისაც აუცილებელია, თანაც იმდენად, რომ მის გარეშე ჩვენი ორგანიზმი ფუნქციონირებას უბრალოდ ვერ განაგრძობს. სწორედ ამიტომ, გაუწყლოებამ, იგივე დეჰიდრატაციამ, შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
ეს გასაკვირი არცაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი სხეულის 60-70% სწორედ წყლისგან შედგება. ზუსტი მაჩვენებელი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორიცაა ასაკი, სქესი და სხეულის თავისებურებები (მაგ. კუნთისა და ცხიმის მასის წილი). ცნობილია, რომ ახალშობილების ორგანიზმში მეტი წყალია (75-78%), ვიდრე ზრდასრულებში, ხანდაზმულებში კი ის ყველაზე მცირე ოდენობითაა (შეიძლება 45%-ამდეც ჩამოვიდეს).
წყალს სხვადასხვა ბიოლოგიური პროცესისას ვკარგავთ. მაგალითად, სითხე ორგანიზმიდან შარდის, განავლისა და ოფლის სახით, ასევე სუნთქვის დროსაც, გამოიყოფა. მაღალი ტემპერატურისა და ფიზიკური დატვირთვის დროს ის სხეულიდან უფრო სწრაფად "განიდევნება". ამის გამო აუცილებელია, რომ წყლის მარაგი მუდმივად შევსებული იყოს, რაც მისი დალევითა და სხვადასხვა საკვების მიღებით შეგვიძლია (წყლის დაახლოებით მესამედს სწორედ ხილიდან და ბოსტნეულიდან ვიღებთ). თუ ასე არ ვიზამთ, დეჰიდრატაციის რისკის ქვეშ აღმოვჩნდებით, რაც ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.
სანამ გაუწყლოებაზე მოგიყვებით, იმასაც გეტყვით, რომ წყალი ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი არაა. ადამიანთა ნაწილი მას სახლში არსებული ონკანებიდან ყოველდღიურად იყენებს, მაგრამ, სამწუხაროდ, მსოფლიოს მასშტაბით მილიარდზე მეტი ადამიანისთვის სასმელად ვარგისი წყალი ძნელად მოსაპოვებელია.
რა ხდება ორგანიზმში გაუწყლოებისას
მაშინ, როცა ადამიანი წყლის მარაგის შევსებას ვერ ახერხებს, დეჰიდრატაცია იწყება. ამ მდგომარეობის პირველ ეტაპზე, როცა სხეულის მასის 2%-ს ვკარგავთ (სითხის სახით), ძლიერ წყურვილს ვგრძნობთ. ამ დროს ჩვენი ორგანიზმი მასში დარჩენილ ტენიანობას ბოლომდე იყენებს. შედეგად, თირკმელებიდან შარდის ბუშტში ნაკლები სითხე გადადის, რაც შარდის მუქ შეფერილობას იწვევს.
პარალელურად, ვინაიდან ოფლიც უფრო მცირე დოზით გამოიყოფა, ტემპერატურა მაღლა იწევს, სისხლი კი უფრო სქელდება. ჟანგბადის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად გულისცემაც ხშირდება.
დეჰიდრატაციის ტემპს დიდწილად ის განსაზღვრავს, თუ რა მდგომარეობასა და გარემოში ვართ. მაგალითად, 50 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე უწყლოდ დიდხანს ყოფნა, თანაც სხეულის დატვირთვისას, მომაკვდინებელია. ეს იმიტომ, რომ ასეთ და ამდენ სტრესს ადამიანის გული ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უბრალოდ ვერ უძლებს.
ცხელ ამინდში ვარჯიშისას შეიძლება ყოველ საათში 1-5-იდან 3 ლიტრამდე წყალი დავკარგოთ. ეს იმიტომ, რომ ამ დროს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოფლს გამოვყოფთ. დამატებით მილილიტრობით სითხე გვაკლდება ღრმა სუნთქვისას, რაც მსგავს ფიზიკურ დატვირთვას ახლავს თან (თუმცა ეს იმ ადგილის ჰაერის ტენიანობაზეცაა დამოკიდებული, სადაც ვიმყოფებით).
საბოლოოდ, რაც უფრო მეტად აკლდება წყალი ჩვენს ორგანიზმს, მით უფრო უჭირს ოფლის მეშვეობით ტემპერატურის დარეგულირება, კერძოდ გაგრილება. ამის გამო უკვე გადახურების საფრთხე ჩნდება, სისხლის გასქელების შედეგად კი გულ-სისხლძარღვთა სისტემა გამალებით იწყებს მუშაობას, რათა ნორმალური წნევა შეინარჩუნოს. შესაბამისად, იზრდება ინფარქტის რისკიც.
დეჰიდრატაციისას თირკმელები ცდილობს, რომ ორგანიზმში დარჩენილი წყალი მაქსიმალურად შეინარჩუნოს, ამიტომ შარდვაც მცირდება. ასევე, უჯრედებში არსებული სითხე სისხლში გადადის, გამოფიტული უჯრედები კი მჭიდროვდება, ზომაში მცირდება.
მაშინ, როცა სხეულის მასა უკვე 4%-ით მცირდება, ჩვენი სისხლის წნევა დაბლა ეცემა და შეიძლება ადამიანმა გონებაც კი დაკარგოს; მასის 7%-ით კლების ეტაპზე ორგანოები ზიანდება, რადგან გადარჩენის რეჟიმში სასიცოცხლოდ ნაკლებად მნიშვნელოვან ორგანოებს — მაგალითად, თირკმელებსა და კუჭს — ნაკლები სისხლი მიეწოდება, რაც მათ ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს.
თირკმელების გარეშე სისხლის ნორმალურად გაფილტვრა ვერ ხერხდება, ამიტომ უჯრედული ნარჩენები სწრაფად გროვდება. ასეთი ერთგვარი დანალექის დასაშლელად სწორედ წყალია საჭირო, ურომლისოდაც ტოქსინების შემცველობაც შეიძლება გაიზარდოს და თირკმელები კიდევ უფრო მეტად დააზიანოს.
შედეგად, მწვავე ტუბულარული ნეკროზი ვითარდება ხოლმე — ეს კი ისეთი პრობლემაა, რომლის გამოსწორებასაც წყლის მარაგის შევსების შემთხვევაშიც კი კვირები სჭირდება. ასევე, ზოგჯერ ასეთ მდგომარეობაში შეიძლება ადამიანი კრუნჩხვაშიც ჩავარდეს. ვინაიდან ტემპერატურა ვეღარ რეგულირდება, ხოლო მნიშვნელოვანი მეტაბოლური ფერმენტები ნადგურდება, ეს კი უკვე გულის, ტვინისა და ფილტვების ფუნქციონირებასაც აფერხებს. საბოლოოდ, ამ ყველაფერს კომა და, უარეს შემთხვევაში, სიკვდილი მოჰყვება.
გაუწყლოების სიმპტომები
კონკრეტულად რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს წყლის გარეშე ცოცხლად გადარჩენა, სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა საშუალო პერიოდად 3-5 დღე მიიჩნევა. 1944 წელს ამასთან დაკავშირებით ორმა მეცნიერმა საკუთარ თავზე ექსპერიმენტიც ჩაატარა: ერთმა წყლის გარეშე და მხოლოდ მშრალ კვებაზე მხოლოდ 3 დღე გაძლო, მეორემ კი — 4 დღე. ცდის ბოლო დღეს მკვლევრებს ყლაპვა უჭირდათ, სახე თითქოს დაუპატარავდათ და ფერიც დაკარგეს. მათ ექსპერიმენტი მანამდე შეწყვიტეს, სანამ რაიმე სერიოზული სიმპტომი გამოუვლინდებოდათ.
რაც შეეხება რეკორდს, ყველაზე დიდხანს უწყლოდ 18 წლის ავსტრიელმა, ანდრიას მიჰავეჩმა, გაძლო. 1979 წელს ის პოლიციამ წინასწარი დაკავების იზოლატორში 18 დღით გამოკეტა, რადგან დაავიწყდათ. შესაბამისად, მას მთელი ეს დრო წყალი ან საკვები არ მიუღია. როცა მიაკითხეს, ის უკვე სიკვდილის პირას იყო, მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩა.
სანამ ფატალურ შედეგს მივიღებთ, ბევრი საგანგაშო სიმპტომი იჩენს თავს. ზოგჯერ ეს ნიშნები სწრაფად ვლინდება, რადგან ტვინი სხეულს სიგნალებს უგზავნის. პირველ რიგში, შედარებით მსუბუქ შემთხვევაში, ადამიანს პირის სიმშრალე და წყურვილი აწუხებს. ამის მიუხედავად, რაც უფრო მეტ მასას ვკარგავთ, მდგომარეობაც უარესდება.
შედარებით ძლიერ დეჰიდრატაციას თან ახლავს:
- სისუსტე;
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა და დაბნეულობა;
- გადახურება და სპაზმები;
- სახსრების დაჭიმულობა;
- მაღალი ან უკონტროლო ტემპერატურა;
- ტვინის შეშუპება;
- სისხლის წნევის მკვეთრი ცვლილება;
- კრუნჩხვები;
- შოკური მდგომარეობა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვებში ოდნავ განსხვავებულ ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. მათში გაუწყლოებას ძირითადად ღებინება ან ფაღარათი იწვევს. პატარებში დეჰიდრატაციისას:
- სამი საათის განმავლობაში საფენში ჩასველებული არაა ან შარდის მოცულობა ჩვეულებრივზე ნაკლებია;
- პირში სიმშრალე შეინიშნება;
- ტირილისას ცრემლები არ გადმოსდით;
- გული აჩქარებული აქვთ;
- თვალები და ლოყები "ჩაცვენილია";
- უენერგიოდ ან მოუსვენრად არიან;
- ხელით კანის მაღლა აწევისას პირვანდელ მდგომარეობას სწრაფად არ უბრუნდება.
მაშ, რამდენი წყალი უნდა დავლიოთ ყოველდღე იმისთვის, რომ ორგანიზმში სითხის ჯანსაღი ბალანსი შევინარჩუნოთ?
ალბათ, გსმენიათ, რომ 2 ლიტრი წყლის მიღებაა საჭირო, მაგრამ, რეალურად, შეიძლება ამდენი სითხე სულაც არ გვჭირდებოდეს. მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 1.5-იდან და 1.8 ლიტრამდე მოცულობა სრულიად საკმარისია. ეს უფრო მეტად იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ როგორი ტემპერატურაა გარეთ და ფიზიკურად რამდენად დატვირთული ხართ.
შესაბამისად, მთავარია, საკუთარ სხეულს დაუგდოთ ყური და საგანგაშო სიმპტომები არ გამოგრჩეთ.



კომენტარები