გირჩის ქართველი მკრეფავები საშობაო ხეებისთვის სიცოცხლეს რისკავენ — The Guardian
The Guardian-ში გამოქვეყნებული სტატია რაჭის მთებში მომუშავე გირჩის მკრეფავებზე გვიყვება, რომლებიც თავბრუდამხვევ სიმაღლეებზე ევროპელების ყველაზე საყვარელი საშობაო ნაძვის ხისთვის გირჩებში თესლის საძებნად ძვრებიან. მაშინ, როდესაც ევროპელი იმპორტიორების ჯიბეები სისქეში იზრდება, — ვკითხულობთ სტატიაში, — მუშები თავს საფრთხეში მიზერული თანხისთვის იგდებენ.
რამაზ ჭელიშვილს რამდენიმე წამი სჭირდება ხის კენწერომდე მისაღწევად. სულ მალე ძირს ნაძვის გირჩი ვარდება. შემდეგ მეორე. გირჩები ერთმენთის მიყოლებით ცვივა, მანამ, სანამ ხეზე აღარცერთია დარჩენილი. ჭელიშვილი — ისევე სწრაფად, როგორც ავიდა — მიწაზე ეშვება.
"ვცდილობ, იქ, ზემოთ ყოფნისას არაფერზე ვიფიქრო და, უბრალოდ, ყურადღება მოვიკრიბო. პრობლემა ისაა, რომ თუ კონცენტრაციას დაკარგავ, შეიძლება, ჩამოვარდე", — ამბობს ის, სიგარეტს ანთებს, ჯდება და დასასვენებლად ზურგით ხეს ეყრდნობა. ხეზე აქამდეც უამრავჯერ ამძვრალა — ყოველ წელს, ერთსა და იმავე დროს, შემოდგომისა და ზამთრის მიჯნაზე.
ეს ის დროა, როდესაც ამბროლაურში ტყეები ადამიანებით ივსება. და ყველა ერთ რამეს ეძებს: ნაძვის გირჩებს, უფრო კონკრეტულად კი, მათში დამალულ თესლს. ევროპაში გადაზიდვისა და დარგვის შემდეგ, ეს თესლი ევროპელებისათვის ყველაზე საყვარელ, მაღალ და ელეგანტურ ნორდმანის სოჭის ხეს წარმოშობს.
"ის მსხვილია, მწვანე და ულამაზესი ფორმა აქვს; და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას წიწვები არ სცვივა", — ამბობს მერიენ ბოლსი, დანიელი ხეების გამზრდელი. ის იმ იმპორტიორთა შორისაა, რომლებიც ყოველ წელს მოდიან საქართველოს ტყეებში, რომ ნაძვის თესლები ევროპაში წაიღონ. ეს დიდი ინდუსტრიაა. კონტინენტზე წლიურად დაახლოებით 150 მილიონი ნაძვის ხე იყიდება. მათი მესამედი — შესაძლოა, მეტიც — ამბროლაურიდანაა.
თუმცა გირჩის ქართველ მკრეფავებს, რომლებიც ტყეების გარშემო მდებარე პატარა დასახლებებიდან არიან და კრეფისას სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ, საბოლოო მოგებიდან მიზერული წილი ხვდებათ.
"მე, ფაქტობრივად, ტყეში დავიბადე და ხეებზე ძრომა ბავშვობაში დავიწყე", — ამბობს ლაშა სოფრომაძე, ტყის პირას მდებარე სოფელ თლუღიდან. ყოველ სეზონზე, ურთავს გირჩის მკრეფავი, რომელსაც ცივი ქარის მიუხედავად მოკლემკლავიანი მაისური აცვია, ის 1000-დან 2000 ლარამდე თანხას გამოიმუშავებს. ერთი კილოს ფასი წლიდან წლამდე ერთიდან ორ ლარამდე მერყეობს, რაც ევროპაში სრულად გაზრდილი ხის ფასის მცირედი ნაწილია.
"ამ საქმიდან ყველაზე მეტს უცხოური კომპანიები შოულობენ. ჩვენ მხოლოდ გირჩები გვაქვს — არც პლანტაციები, არც ქარხნები", — ამბობს ვიოლეტა კაციტაძე, რომელიც ასევე თლუღიდანაა. ის თავისი სახლის სამზარულოს მაგიდასთან ზის თავის 77 წლის დედასთან, ლამარა კაციტაძე-ჯიხვაშვილთან ერთად. ფანჯარასთან გასახმობად მარცვლეული და წიწაკა ალაგია. მოსავლის აღება დასრულდა და სოფელი ზამთრისათვის ემზადება.
კაციტაძე გირჩის მოსაკრეფად ხეზე არასოდეს ამძვრალა, თუმცა დედამისი ერთ დროს სწორედ ამ საქმით იყო დაკავებული. "ამას ყველა აკეთებდა. შემოდგომით მთელი სოფელი ტყეში მიდიოდა. საღამოობით კი ერთად ვამზადებდით საჭმელს, რომელსაც ჩვენს თითებზე შემორჩენილი ფისის გემო ჰქონდა", — ამბობს კაციტაძე-ჯიხვაშვილი, — "ხეზე ძრომა არაა რთული. ტოტებს მონაცვლეობით ეჭიდები და სულ ეგ არის. როდესაც ავძვრებოდით, კენწეროს აქეთ-იქით გადავზნიქავდით და ერთი ხიდან მეორეზე ვხტებოდით".
ხეზე ამგვარად, უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე აძრომა დღეს უკვე შედარებით იშვიათი მოვლენაა. კომპანიებს ტყეში თოკები და კაუჭები მოაქვთ და ამბობენ, რომ მუშებს მათ გარეშე აძრომის უფლებას არ აძლევენ. "არავის ევალება ერთი ხიდან მეორეზე გადახტომა. და თუ ისინი ამას მაინც იზამენ, თოკები მათ ძირს ჩამოვარდნისაგან დაიცავენ", — ამბობს ბორხე კლემენსენი, დანიური კომპანიის, Levinsen & Abies, ყოფილი დირექტორი.
თუმცა მრავალი გირჩი დღემდე სათანადო ეკიპირების გარეშე იკრიფება. სოფრომაძე, რომელმაც საკუთარი ნადავლი Levinsen & Abies-ის ქართველ პარტნიორს, Jadvari-ს მიჰყიდა, მსგავს აღჭურვილობას არ იყენებს. "მის გარეშე უფრო სწრაფად ძვრები; შეგიძლია, ხე სრულად 20 წუთში გაკრიფო. ეკიპირებით კი ერთი საათი გჭირდება", — ამბობს ის, როცა ტყეში, ხეებით გარშემორტყმული დგას. მას ერთ ხელში დანა უჭირავს, მეორეში კი — მოგრძო გირჩი, — "უკვე ვიცი, რომ ეს გირჩი არ ვარგა. გამოსადეგარს შიგნით სულ მცირე 70 თესლი მაინც უნდა ჰქონდეს".
სოფრომაძე გირჩს შუაზე ჭრის და თესლს ერთ მუჭაში ატევს. ამბროლაურში ცუდი სეზონი იყო — წელს გირჩი და თესლი ძალიან ცოტაა. "ხდება ხანდახან, თუმცა ზუსტი მიზეზი არასდროს ვიცით", — ამბობს ის, — "ღამის ყინვებმა ან მოულოდნელმა წვიმამ, შეიძლება, მთლიანი მოსავალი გაანადგუროს". მის გარშემო ტყე მშვიდია, რაც წელიწადის ამ დროისთვის უჩვეულოა. ჩვეულებრივ, ყველა ოჯახიდან თითო კაცი ახლა ხეებზე უნდა იყოს ამძვრალი.
"ჩვენთვის ეს შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა, რადგან აქ სხვა სამსახურები არაა", — ამბობს მელანია დარახველიძე, თლუღის სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი. სკოლას ამჟამად მხოლოდ ექვსი მოსწავლე ჰყავს (და რვა მასწავლებელი). ოჯახების უმეტესობა თბილისში ან სხვა ქალაქებში გადავიდა და უკან ცარიელი სახლები მოიტოვა.
აძრომას თან ახლავს რისკები. ამ საქმიანობას რამდენიმე ადამიანი შეეწირა. ყველაზე ბოლო უბედური შემთხვევები 2001 და 2011 წლებში მოხდა. 1990-იან წლებში ორი ინციდენტი დასრულდა ტრაგიკული გარდაცვალებით. დაიღუპნენ 16 წლის ბიჭი და 26 წლის გაგა ნამგალაძე, რომლის ძმაც მოგვიანებით ამბროლაურის მერი გახდა. "ის 45 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა, როდესაც ტოტი ჩაუტყდა. გადარჩენის შანსი არ ჰქონია", — ამბობს რატი ნამგალაძე.
კომპანიები აცხადებენ, რომ მათ ახლა უსაფთხოების მკაცრი ზომები აქვთ. კომპანია Fair Trees თავის მცოცავებს ტრენინგებს ყოველწლიურად უტარებს; Levinsen & Abies-მა კი წელს მკრეფავებს ახალი თოკები და აღჭურვილობა დაურიგა. Fair Trees-ს სოციალური პროგრამებიც აქვს, რომლის ფარგლებშიც მუშები უფასო სტომატოლოგიური მომსახურებითა და მკერდის კიბოს გამოკვლევებით სარგებლობენ. ეს კომპანია თავის მცოცავებს სხვებთან შედარებით საგრძნობლად მეტსაც უხდის: ხუთ ლარს ერთი კილო გირჩისათვის.
თუმცა ინდუსტრიის შემოსავალი ჯერაც არ გარდაქმნილა ამბროლაურელებისათვის რეალურ სარგებლად. მუნიციპალიტეტი გირჩის თითოეულ კილოს 15 პროცენტით ბეგრავს. თუმცა იმას, თუ რამდენი გირჩი იკრიფება ყოველწლიურად, არავინ აკონტროლებს. "ჩვენ მოსავლის აღნუსხვის უკეთესი მეთოდები გვჭირდება და, ამასთან, დაბეგვრის პროცენტიც უნდა გაიზარდოს", — ამბობს მაია ჩხობაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.
სოფორმაძე ბინოკლს იღებს, რათა ხეების კენწეროებზე გირჩები მოძებნოს. ის ამბობს, რომ, წლევანდელი ცუდი მოსავლის მიუხედავად, მაინც კარგად იქნება: "ჩვენ გირჩებისაგან მიღებული შემოსავალი კი ნამდვილად გვჭირდება, მაგრამ ჩვენი სიცოცხლე მაინცდამაინც ამაზე არაა დამოკიდებული. პირუტყვიც გვყავს, სიმინდი გვაქვს, მარცვლეული და ბოსტნეულიც".
მის გარშემო, კავკასიური სოჭის მაღალი ხეების ტოტებზე უკვე შეიმჩნევა პატარა კვირტები. როგორც ჩანს, მომავალ წელს უკეთესი მოსავალი იქნება.
კომენტარები