გუშინ, 5 მაისს კომპანია აეროფლოტის ავიალაინერი Superjet 100 მოსკოვში, შერემეტევოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა, რა დროსაც ცეცხლი გაუჩნდა. სანამ თვითმფრინავი დასაფრენ ბილიკზე გაჩერებას ცდილობდა, ცეცხლი თითქმის მთელ თვითმფრინავს მოედო. ბორტზე 73 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 40 მგზავრი და 1 ბორტგამცილებელი.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია აეროპორტის მგზავრებმა გაავრცელეს. ალმოდებული თვითმფრინავის ვიდეო მალევე გავირუსდა სოციალურ ქსელებში, თუმცა რამდენიმე საათის განმავლობაში რუსულ მედიას მომხდარზე ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდა. ვრცელდებოდა სხვადასხვა მონაცემები დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ.

მოვლენების განვითარება

Superjet 100 ასრულებდა რეისს მოსკოვი-მურმანსკის მიმართულებით. თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 18:03 საათზე აფრინდა. Flightradar 24-ის მონაცემებით, 7 წუთში თვითმფრინავმა 3 216 მეტრის სიმაღლეს მიაღწია, რის შემედეგაც დაშვება დაიწყო.

Superjet 100-ის ფრენის ტრაექტორია აფრენიდან ავარიულ დაშვებამდე

Superjet 100-ის ფრენის ტრაექტორია აფრენიდან ავარიულ დაშვებამდე

ფოტო: Flightradar24

სუპერჯეტი დასაფრენ ბილიკს 18:30-ზე შეეხო. აეროპორტის კამერებში ჩანს და თვითმხილველებიც ადასტურებენ, რომ თვითმფრინავი მძიმედ დაეცა ზედაპირს და ინერციით ორჯერ ახტა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.

ფოტო: Imago/ТАСС

ცეცხლი თვითმფრინავის ცენტრალურ ნაწილს გაუჩნდა და მალევე სრულად მოედო უკანა მხარეს. თვითმფრინავის ერთ-ერთმა მგზავრმა ეს პროცესი გადაიღო. ვიდეოში ისმის, რომ ბორტზე პანიკაა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დასაფრენი ბილიკის ბოლოს თვითმფრინავი მოტრიალდა და ასე შეძლო გაჩერება.

View this post on Instagram

#шереметьево

A post shared by Margarita Rzhevskaya (@margarita_rzhevskaya_001) on

გაჩერებისთანავე ბორტგამცილებლებმა ევაკუაცია გამოაცხადეს. გაიხსნა ორი რეზინის კიბე და ეკიპაჟმა ხალხის გამოყვანა დაიწყო. გავრცელებულ კადრებში ადგილზე სამაშველო ბრიგადა არ ჩანს.

მგზავრების თქმით, რომ არა ბორტგამცილებლები, ბევრი მათგანი ვერ გადარჩებოდა.

"გოგოები იყვნენ იმ ნაწილში, სადაც გაზი იყო, ბნელოდა, ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო და ამის მიუხედავად ხალხი გამოყავდათ და ტრაპზე ჩასვლაში ეხმარებოდნენ", — გაიხსენა ერთ-ერთმა გადარჩენილმა.

ევაკუაცია და სამაშველო ოპერაცია

მედიასა და სოციალურ ქსელში აქტიური კრიტიკა გამოიწვია სამაშველო ოპერაციამ. საზოგადოების ნაწილი ამტკიცებდა, რომ მაშველებმა დააგვიანეს. შესაბამისი უწყებები ბრალდებებს უარყოფენ.

РБК-ს ინფორმაციით, ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა, ევგენი დიტრიხმა განაცხადა, რომ პირველი სახანძრო მანქანა თვითმფრინავთან დაჯდომიდან ორ წუთში მივიდა.

ფოტო: Новости Москвы и МО / Vk.com

"18:30-ზე დაჯდა თვითმფრინავი. 18:31-ზე გამოცხადდა წითელი კოდი. 1 წუთში პირველი სახანძრო მივიდა თვითმფრინავთან. მომდევნო 4 წუთში კი სხვა სახანძროები მივიდნენ. ცეცხლის ქრობა 18 წუთს გაგრძელდა", — განაცხადა დიტრიხმა.

სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავდნენ ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ ევაკუაცია მგზავრების გამო გაჭიანურდა. რადიო Коммерсантъ-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მგზავრთა ნაწილი ხელბარგის გამოტანას ცდილობდა. ამ თეორიას ადასტურებს ისიც, რომ ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოებში თვითმფრინავიდან გამოსულ მგზავრების ნაწილს ხელში ნივთები უჭირავს.

კომპანია აეროფლოტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევაკუაცია 55 წამი გაგრძელდა, რაც პროტოკოლის მოთხოვნებში ჯდება.

გადარჩენილები

BBC-ის რუსული ბიუროს ინფორმაციით, რუსეთის ჯანდაცვის უწყებამ დილით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავიაკატასტროფის შემდეგ ჰოსპიტალიზაცია 9 ადამიანს დასჭირდა. მათი თქმით, 2 დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა, 2-ის კი საშუალო სიმძიმის.

კომპენსაცია

შრომის სამინისტრომ საპენსიო სააგენტოს დაავალა პენსია დაუნიშნონ იმ ოჯახებს, რომლებმაც მარჩენალი დაკარგეს. მათი ინფორმაციით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვლილ პირთა ოჯახები კომპენსაციის სახით მილიონ რუბლს (41 500 ლარი) მიიღებენ, დაზარალებულები კი 500 000-ს (20 750 ლარი). სახელისუფლებო მედია РИА Новости წერს, რომ კომპენსაციას გადაიხდის სადაზღვეო კომპანიები და რეგიონების მთავრობაც.

თავად აეროფლოტი კი აცხადებს, რომ დაღუპულთა ოჯახებს და დაზარალებულებს ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებენ კანონის შესაბამისად.

კატასტროფის სავარაუდო მიზეზები

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ მომხდარის სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ მათ შორის, მფრინავების, დისპეჩერების და თვითმფრინავის ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციას. ასევე, საჰაერო ხომალდის გაუმართაობასა და ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებს.

რუსულ მედიასთან საუბარში გადარჩენილი მგზავრები ამბობენ, რომ დაინახეს როგორ დაეცა თვითმფრინავს მეხი. არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ ამის შემდეგ გაეთიშა საჰაერო ხომალდს აპარატურა.

ფოტო: რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი

ინტერფაქსი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავის აეროპორტში დაბრუნების მიზეზი რადიოკავშირის გაწყვეტა გახდა.

"ეკიპაჟმა აცნობა რადიოსიხშირის დაკარგვის შესახებ დისპეჩერს და დაჯდომის უფლება მოითხოვა. მცირე დროით ეკიპაჟი ახერხებდა ავარიული ხაზით კავშირის შენარჩუნებას, თუმცა მალევე ისიც გაწყდა", — განუცხადა გამოცემას წყარომ.

РБК-ს წყარო იგივე ინფორმაციას ფლობს დამატებითი დეტალით იმის შესახებ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მფრინავმა პირველ ცდაზე თვითმფრინავის დასმა ვერ შეძლო.

შავი ყუთი

Superjet 100-ის ორი შავი ყუთი იპოვეს. არცერთი მათგანი არ განადგურებულა. ინტერფაქსის წყაროს განცხადებით, ორივე შავი ყუთი სახელმწიფო საავიაციო კომიტეტს გადაეცა გამოსაკვლევად, რასაც ორი კვირიდან ერთ თვემდე შეიძლება დასჭირდეს.

ფოტო: კადრები ვიდეოდან / რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი

РБК-ს ინფორმაციით, ბორტზე არსებული კიდევ ორი შავი ყუთი ვერ იპოვეს. ორივე მათგანი ლაინერის უკანა ნაწილში იყო განთავსებული.

Superjet 100 — იმიჯი თუ საფრთხე

Superjet რუსული წარმოების თვითმფრინავია, რომელიც პირველად 12 წლის წინ გამოუშვეს. საბჭოთა პერიოდის შემდეგ Superjet-ის ხომალდები იყო პირველი "ნათელი წერტილი" რუსულ ავიაციაში.

ფოტო: AEROFLOT

მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი რუსეთის ფედერაციამ იმიჯის ასამაღლებლად გამოიყენა, მათ არაერთი პრობლემა ჰქონდათ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Superjet ავიაკატასტროფაში მოხვდა.

2012 წელს Superjet-ის საჰაერო ხომალდი სარეგისტრაციო ნომრით RA-97004 საცდელი ფრენების დროს ჩამოვარდა და მთას შეეჯახა. შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზად მფრინავისა და დისპეჩერის შეცდომა დასახელდა. რადგან მიზეზად ტექნიკური შეცდომა არ იყო, მომხდარი ლაინერის რეპუტაციაზე უარყოფითად არ აისახა.

BBC-ის ინფორმაციით, ამ მოდელს სხვა პრობლემებიც ჰქონდა. კერძოდ, 2013 წელს ისლანდიაში სასერტიფიკაციო ფრენის დროს შასის გაუმართაობის გამო ხომალდი ნომრით 95005 აწეული ბორბლებით დაჯდა. გამოცემა წერს, რომ თვითმფრინავი არ ჩამოუწერიათ, თუმცა არც კომერციული რეისებისთვის გამოუყენებიათ. მათივე ინფორმაციით, 2018 წელს Supertjet ნომრით RA-89011 იაკუტსკში დაშვებისას საფრენ ბილიკიდან გადავარდა.

მიუხედავად ყვალაფრისა, რუსეთის ავიაციაში აცხადებენ, რომ ჯერ არ გეგმავენ Superjet-ის წარმოება შეზღუდონ. ფედერალურ სააგენტოში კი ამბობენ, რომ ჯერ დასკვნების გამოტანა ადრეა. ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, მომხდარის გამო გადაწყდა ჩატარდეს 3 დაუგეგმავი შემოწმება კომპანიაში.

რაც შეეხება Superjet-ის იმ მოდელს (სარეგისტრაციო ნომერი RA-89098), რომელმაც 5 მაისს კატასტროფა განიცადა, ამ დღეს 4 სხვადასხვა რეისი შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ Russianplanes-ზე იძებნება. ამ მონაცემებით ირკვევა, რომ ხომალდი ექსპლუატაციაში 2017 წლის 21 ივნისს შევიდა.