4 პრეზიდენტი და 7 ინაუგურაცია — გზა სალომე ზურაბიშვილამდე
ორ დღეში საქართველოში პრეზიდენტის ინაუგურაციია გაიმართება. ისტორიაში პირველად კონსტიტუციაზე საპრეზიდენტო ფიცს ქალი დადებს. პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევამდე 27-წლიანი დამოუკიდებლობის მქონე რესპუბლიკამ დიდი გზა განვლო. ამ პერიოდში სულ 7 საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და მოსახლეობამ 5 პრეზიდენტი აირჩია.
"ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" — ამ კითხვაზე საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა. 1991 წლის 9 აპრილის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა. საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გახდა.
ზვიად გამსახურდია
გამსახურდიამ საპრეზიდენტო ფიცი პარლამენტის შენობაში დადო. კონსტიტუციაზე ხელაღმართულმა პრეზიდენტმა შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა:
ფიცის დასრულების შემდეგ იმდროინდელი საქართველოს ჰიმნი "დიდება" გაჟღერდა, რა დროსაც პრეზიდენტის გვერდით, ტრიბუნასთან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე დადგა. ინაუგურაციაზე პატრიარქის დასწრება შემდგომში ცერემონიალის განუყოფელ ნაწილად იქცა.
ფიცის დადების შემდეგ გამსახურდია პარლამენტის გარეთ გამოვიდა, სადაც ათიათასობით მხარდამჭერი ელოდა. ასე გაიმართა ინაუგურაციის მეორე, საერთო-სახალხო ნაწილი.
"ძვირფასო დანო და ძმანო, დაე, იყოს ეს დღე დასაწყისი ქართველი ერის კონსოლიდაციისა, ერთ მუშტად შეკვრისა, შინაური და გარეშე მტრის წინააღმდეგ", — ასე მიმართა გამსახურდიამ რუსთაველზე შეკრებილებს.
სამხედრო აღლუმი პირველმა პრეზიდენტმა მოგვიანებით ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონზე ჩაიბარა. ეს იყო ეროვნული გვარდიის პირველი აღლუმი.
ედუარდ შევარდნაძე
სამხედრო დაპირისპირების, პრეზიდენტის ქვეყნიდან გაქცევის, დევნილი მთავრობისა და გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ, 1995 წლის 5 ნოემბერის არჩევნებით პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გახდა. შევარდნაძემ ფიცის დადების პროცესს ახალი ელემენტები დაამატა.
ინაუგურაციის დღეს ის თავისი სურვილით, მთაწმინდის პანთეონში ავიდა, ილია ჭავჭავაძის საფლავზე. შემდეგ პარლამენტის წინ ფიცი დადო.
მისი ინაუგურაციის მნიშვნელოვანი ნაწილი სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართა. თუ გამსახურდიას ინაუგურაციის დროს რიტორიკაში მთავარი პრეზიდენტის მხრიდან ეკლესიის მნიშვნელობის ხაზგასმა იყო, შევარდნაძესთან პირიქით მოხდა. პატრიარქიც და პრეზიდენტიც, შევარდნაძის არჩევაში უფლის ნებას ხედავდნენ.
"აღსრულდა განგება ღვთისა და ნება ჩვენი ერისა, თქვენ არჩეული ბრძანდებით საქართველოს პრეზიდენტად. დიდია თქვენი ღვაწლი როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს წინაშე. მაგრამ დღეიდან თქვენ უფალმა დაგაკისრათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, საქართველოს კეთილდღეობისათვის, საქართველოს მშვიდობისათვის. თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ გამთლიანდეს საქართველო და გაერთიანდეს ქართველი ერი", — უთხრა პატრიარქმა პრეზიდენტს და საჩუქრად სახარება გადასცა.
ღვთის ტაძარში, სვეტიცხოველში, დღევანდელი დღესასწაული ეძღვნება მსოფლიოში ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს, ღვითსმშობლის წილხვდომილი ქვეყნის სუვერენული და დემოკრატული საქართველოს ახალი კონსტიტუციის საფუძველზე პრეზიდენტის არჩევასა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღორძინებას
პატრიარქის შემდეგ საზოგადოებას პრეზიდენტმა მიმართა. შევარდნაძემ ისაუბრა თავის სამომავლო გეგმებზე, მოსახლეობას ქვეყნის აღორძინებას დაჰპირდა.
შევარდნაძის მეორე ვადა
2000 წელს ხმათა 82 პროცენტით საქართველოს მოსახლეობამ შევარდნაძე მეორედ აირჩია პრეზიდენტად. ინაუგურაცია ქრისტიანულ დღესასწაულს, აღდგომას დაემთხვა და ცერემონიის ნაწილი ამჯერადაც ეკლესიაში გაიმართა.
შევარდნაძემ განაცხადა, რომ ინაუგურაციაზე ილია ჭავჭავაძის საფლავზე ასვლა ტრადიციად უნდა იქცეს, ამიტომ ახალი საპრეზიდენტო ვადის დაწყების წინაც მთაწმინდის პანთეონს ეწვია. მისი თქმით, ეს იყო მისტიკური სულიერი შერწყმა ერის წარსულთან.
პანთეონიდან შევარდნაძე პარლამენტთან დაბრუნდა, ფიცის დასადებად. პარლამენტში მას პრეზიდენტის სპიკერი და სახელისუფლებო აპარატის წევრები დახვდნენ. შევარდნაძე პარლამენტის შიდა ეზოდან ცოლთან ერთად გამოვიდა. სპეციალურად მოწყობილ მაგიდასთან ის პატრიარქთან და ცოლთან ერთად იჯდა. შევარდნაძემ საპრეზიდენტო ფიცი მეორედ წარმოსთქვა:
მე საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას ერთიანობასა და განუყოფლობას. კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის
პრეზიდენტის სიტყვის დასრულების შემდეგ ჯარი ვაშას სკანდირებდა, ქაშუეთის ეკლესიაში კი ზარები რეკდა. პრეზიდენტის შემდეგ სიტყვა პატრიარქს ერგო. მან ამჯერადაც აღნიშნა, რომ შევარდნაძის არჩევით აღსრულდა ღვთის განგება და ერის ნება.
პატრიარქის შემდეგ შევარდნაძე საპრეზიდენტო სიტყვა წარმოსთქვა. ფიცის დადების ცერემონიას საკრალური და ისტორიული მნიშვნელობის უწოდა.
"ეს დღე მიმდინარე წელს დაემთხვა დიდ დღესასწაულს, წმინდა აღდგომას. ეს, თითქოს, ზეციური, ღვთის ნიშანია. ეს უფრო კანონზომიერებაა, ვიდრე შემთხვევითობა. რადგანაც ის, სიმბოლურად, მიგვანიშნებს, რომ ჩვენ ყველანი შემოვბრუნდით ღმერთისაკენ. უზენაესის ნებით ჩვენი სახელმწიფო აღდგა და აღმავლობის გზას დაადგა."
"ჩვენ არა ძველი, არამედ ახალი შევარდნაძე, ახალი პრეზიდენტი გვჭირდება. ახლებურად მოაზროვნე, უფრო მტკიცე, უფრო მკაცრი, უფრო სამართლიანი. რომელიც მესამე ათასწლეულის პირველ ხუთ წელშივე ჩაუყრის საფუძველს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, გაძლიერებას, სახალხო კეთილდღეობას. აი, ამ ტიპის პრეზიდენტობას გპირდებით", — განაცხადა შევარდნაძემ. თუმცა, 5-წლიანი ვადა არ დასცალდა, რადგან ვარდების რევოლუციის გამო თანამდებობის დატოვება მოუწია.
მიხეილ სააკაშვილი
რევოლუციის შემდეგ, 2003 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა. ამ დროისთვის უკვე არსებობდა პრეზიდენტის ბრძანებულება საპროტოკოლო ღონისძიებათა გამართვის შესახებ, რომელსაც ედუარდ შევარდნაძემ 2001 წლის 27 სექტემბერს მოაწერა ხელი.
ამ ბრძანებულებით შევარდნაძემ ილია ჭავჭავაძის საფლავის მონახულების თავისი ტრადიცია წესად აქცია. ინაუგურაციის დღეს საქართველოს პრეზიდენტს დაევალა მთაწმინდის პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავის გვირგვინით შემკობა და თანხმლებ პირებთან ერთად პანთეონის შემოვლა.
სააკაშვილმა შევარდნაძის პროტოკოლი დაიცვა, მაგრამ ცერემონიაში ახალი ელემენტები თავადაც შეიტანა. მისი ინაუგურაციის პირველი ნაწილი გელათის მონასტერში გაიმართა, სადაც სააკაშვილი პრეზიდენტად აკურთხეს.
გელათის მონასტერი საზეიმოდ იყო მორთული. მონასტრის კარიბჭიდან დავით აღმაშენებლის საფლავამდე წითელი ხალიჩები იყო დაგებული, ეზოში კი საქართველოს სხვადასხვა კუთხის უძველესი დროშები და გერბები ეკიდა.
პრეზიდენტად კურთხევის ცერემონიას ამჯერადაც ილია მეორე მართავდა. ცერემონიის დასასრულს სააკაშვილი დავით აღმაშენებლის საფლავზე მივიდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აღმაშენებლის სული იქ მათთან ერთად იმყოფებოდა, ამიტომ მას მიმართა და პირობა დადო, რომ მტრები ვერ ეღირსებოდნენ საქართველოს რუკიდან გაქრობას.
პატრიარქმა მესამე პრეზიდენტსაც იგივე სიტყვებით მიმართა, როგორც წინა ორ შემთხვევაში ედუარდ შევარდნაძეს. საჩუქრად კი წმინდა გიორგის ხატი გადასცა და დააყოლა: "გამარჯვება მოგანიჭოთ თქვენ და საქართველოს მამაზეციერმა".
ინაუგურაციის ოფიციალური ნაწილი მორე დღეს გაიმართა თბილისში. პროტოკოლის თანახმად, პარლამენტის შენობის პრეზიდენტის ფლიგელის ფოიეში პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო მინისტრი, პატრიარქი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელოდნენ.
ცერემონიაზე სააკაშვილი პარლამენტის შიდა ეზოდან გამოვიდა. წითელი ხალიჩა პარლამენტის წინ მდებარე ტრიბუნამდე იყო გაშლილი. სააკაშვილმა ფიცი დადო, ამჯერად საქართველოს კონსტიტუციაზე.
მე საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას. კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას. ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის. ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის
ფიცის დადების შემდეგ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ. საქართველოს დროშა ჰიმნ "დიდებას" ფონზე აღიმართა. ახალმა პრეზიდენტმა ევროპული არჩევანის ხაზგასასმელად, ინაუგურაციაზე ევროკავშირის დროშაც აღმართა, რის შემდეგაც საპრეზიდენტო სიტყვა წარმსოთქვა.
ცერემონიის დასასრულს სააკაშვილმა სამხედრო აღლუმი ჩაიბარა. აღლუმში ჩართული იყო ქართული ავიაციაც. აღლუმის დასრულების შემდეგ სააკაშვილი ტრიბუნიდან ჩამოვიდა და ხალხში შევიდა.
სააკაშვილმა პირველი საპრეზიდენტო ვადა ვერ ამოწურა. მისი მმართველობის პერიოდში, 7 ნოემბერს დარბეულ აქციას მოსახლეობის პროტესტი მოყვა. პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა, თუმცა არჩევნებში ხელახლა გაიმარჯვა. მისი ინაუგურაციის ცერემონიის პარალელურად ოპოზიცია იპოდრომთან პრეზიდენტის წინააღმდეგ აქციას მართავდა.
სააკაშვილის მეორე ვადა
მეორე ინაუგურაციაზე პრეზიდენტი არა პარლამენტის ეზოდან, არამედ ხალხში გაშლილი წითელი ხალიჩიდან მივიდა ტრიბუნასთან.
ტრიბუნასთან სააკაშვილს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე და მისი იმდორინდელი თანამებრძოლი, ნინო ბურჯანაძე დახვდა და უფლებამოსილება გადააბარა. ბურჯანაძემ ტრიბუნა პრეზიდენტს დაუთმო. მიუხედავად იმისა, რომ მეორედ ამბობდა, სააკაშვილმა ფიცი მცირე პაუზებით და შეცდომით წარმოსთქვა, თუმცა იქვე გამოასწორა.
მე საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას. კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობა
ფიცის შემდეგ საქართველოს ახალი სახელმწიფო ჰიმნი "თავისუფლება" გაჟღერდა. სააკაშვილმა სამადლობელი სიტყვა თქვა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ნახევარსაათიანი სიტყვის შემდეგ პრეზიდენტმა სამხედრო აღლუმი ჩაიბარა.
ინაუგურაციის მეორე ნაწილი უკვე ბაგრატის ტაძარში გაგრძელდა და სააკაშვილმა პატრიარქისა და სამღვდელოებისაგან კიდევ ერთი კურთხევა მიიღო. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ათასამდე ჩოხოსანმა, ფოლკლორული ანსამბლის წევრებმა და მსახიობებმა.
საზეიმო პარაკლისი ისევ ილია მეორემ გადაიხადა. პარაკლისის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ბიბლიაზე ქართველი ერის წინაშე ფიცი დადო. იქვე მან ხელი მოაწერა ბაგრატის ტაძრის მემორანდუმს, რაც ბაგრატის ტაძრის აღდგენის დაწყებას ნიშნავდა.
გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია 2013 წლის 17 ნოემბერს გაიმართა. ინაუგურაციაზე მიწვეული იყო წინა ორი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ედუარდ შევარდნაძე, თუმცა ცერემონიას არ დაესწრნენ. ინაუგურაციაზე მისვლაზე უარი თქვა უკვე ოპოზიციაში მყოფმა ნაციონალურმა მოძრაობამაც.
ფიცის დადების ცერემონია ისტორიაში პირველად პარლამენტის შენობის შიდა ეზოში გაიმართა.
პრეზიდენტს ამჯერად პატრიარქთან ერთად მაშინდელი მოქმედი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დახვდნენ ტრიბუნასთან. მათ უკან ისხდნენ მარგველაშვილის ოჯახის წევრები.
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
"მე საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის!" — ფიცის დადების შემდეგ მარგველაშვილმა დემოკრატიული გზით შეცვლილი ხელისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ ყველას პრეზიდენტი იქნებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილი პოსტს ქართული ოცნებისგან გამიჯნულ პრეზიდენტად ტოვებს, თავის პირველ საპრეზიდენტო მიმართვაში მან დიდი დრო დაუთმო მაშინდელი თანამებრძოლების ქებას.
დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ აღჭურვილი უდიდესი პასუხისმგებლობით, დარწმუნებული საკუთარ ძალებში, თანამებრძოლებში და რაც მთავარია, ჩვენს ხალხში. კიდევ ერთელ დიდ მადლობას ვუხდი ჩემს თანამოაზრეებს, მათ, ვის თანადგომასაც განუწყვეტლივ ვგრძნობდი წინასაარჩევნო პერიოდში. მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს და კოალიციის თითოეულ წევრს
სამხედრო აღლუმი პრეზიდენტმა პარლამენტის ეზოში ჩაიბარა. ამჯერად აღლუმმა ავიაციის გარეშე ჩაიარა.
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ახალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში არაერთი მიზეზით შევა. ის იქნება პირველი ქალი პრეზიდენტი და ასევე, პირველი არჩეული პრეზიდენტი, რომელიც მოქმედს შეხვდა და ძალაუფლება მშვიდობიანად გადაიბარა.
გარდა ამისა, ზურაბიშვილი იქნება პირველი პრეზიდენტი ვისი ინაუგურაციაც თბილისში არ ჩატარდება. მან გადაწყვიტა საპრეზიდენტო ფიცი იმ ქალაქში დადოს, სადაც ხალხმა არ აირჩია. კერძოდ, თელავში. ზურაბიშვილი ფიცის დადებას ერეკლე მეფის სასახლეში აპირებს, ცერემონიის მეორე ნაწილი კი ჭავჭავაძეების სასახლეში გაიმართება.
ინაუგურაციის ადგილის თბილისიდან თელავში გადატანას საზოგადოების ნაწილში კრიტიკა მოყვა. ზურაბიშვილის ოპონენტები კი აცხადებდნენ, რომ ეს საპრეზიდენტო ბრძანებულების დარღვევაა.
კრიტიკის პასუხად, მთავრობაში განმარტეს, რომ ბრძანებულება საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის შესახებ მოძველებულია და არ არის ჰარმონიაში კანონმდებლობასთან. სწორედ ამიტომ, მთავრობამ გამოსცა ახალი განკარგულება პრეზიდენტის ფიცის დადების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე. სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ფიცის დადების ცერემონიალის საორგანიზაციო კომისია ამ დრომდე მუშაობს.
ინაუგურაციაზე მიწვეულია მოქმედი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. პრეზიდენტმა უფლებამოსილების მშვიდობიანი გადაბარების პირობა დადო და განაცხადა, რომ პრეცედეტს შექმნიდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია დაესწრება თუ არა ის ცერემონიას.
ინაუგურაციაზე მიწვეულია დამარცხებული საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეც, ოღონდ ერთი პირობით, ზურაბიშვილი პრეზიდენტად უნდა აღიაროს. მაგრამ ვაშაძეს და გაერთიანებულ ოპოზიციას დამარცხების აღიარება არ სურთ, ზურაბიშვილს ე.წ. პრეზიდენტად მოიხსენიებენ და საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.
ინაუგურაციის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქცია და დე ფაქტო პრეზიდენტის სტატუსი ზურაბიშვილისთვის უცხო არ არის. 2008 წლის 20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მეორე ინაუგურაციის დროს, თავადაც საპროტესტო აქციის მონაწილე იყო, მიხეილ სააკაშვილს კი ასე მოიხსენიებდა:
"რუსთაველზე ერთი ვიღაცა დე ფაქტო პრეზიდენტი რაღაც დე ფაქტო ინაუგურაციას ატარებდა, სადაც გველაპარაკებოდა რაღაცა დიალოგზე ოპოზიციასთან თურმე. საზოგადოება, რომ მართლა არსებობს ამ ქვეყანაში ეს დიდი ხანია დავიწყებული აქვს. არ იციან, რომ ოპოზიციასთან კი არ უნდა ჩაატარონ დიალოგი, შენს ხალხს უნდა ელაპარაკო".
ორ დღეში სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კონსტიტუციის, ერთობისა და განუყოფლობის დაცვის პირობას დადებს და მეხუთე, ამავდროულად, უკანასკნელი ადამიანი გახდება, ვისაც ხალხმა არჩევნებით ქვეყნის მართვის უფლება მისცა.
კომენტარები