მეტ ქიბი ცნობილი ამერიკელი ლიბერტარიანელია, რომელიც ამჟამად არაკომერციული ორგანიზაციის, Free The People-ის დირექტორია. წარსულში ის 11 წლის განმავლობაში FreedomWorks-ის დირექტორი იყო. ორივე ორგანიზაციაში ქიბი თავისუფლების შესახებ იდეების გავრცელებითა და პოპულარიზაციით იყო დაკავებული, რისთვისაც არაერთ გზას მიმართავდა, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციების ჩატარებას, ვიდეოკონტენტის შექმნასა და სხვ.

გარდა ორგანიზაციული საქმიანობისა, მეტ ქიბი აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში და პერიოდულად აქვეყნებს სამეცნიერო სტატიებს. მისი დაწერილი რამდენიმე წიგნი ბესტსელერი გახდა. 2010 წელს გამოცემულმა წიგნმა "მოგვეცი თავისუფლება: ჩაის პარტიის მანიფესტი" აშშ-ში დიდი მოწონება დაიმსახურა კრიტიკოსებისგან.

მეტ ქიბი

მეტ ქიბი

ფოტო: Wikimedia

მას თავისი გადაცემაც აქვს, რომელსაც მომაკვდინებელი იზმები ჰქვია. 2016 წელს მეტ ქიბი აქტიურად იყო ჩართული აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში და მხარს უჭერდა რესპუბლიკელების კანდიდატს, რენდ პოლს.

მეტ ქიბი "ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის" მოწვევით თბილისის რეგიონალურ კონფერენციაზე საქართველოში იმყოფებოდა და ვიზიტის ფარგლებში On.ge-ს ექსკლუზიური ინტერვიუც მისცა. ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკური იდეოლოგიების თანამედროვე გამოწვევებზე, ნაციონალისტური მოძრაობების გაძლიერებაზე, სოციალიზმზე, პუტინის პოლიტიკასა და დონალდ ტრამპზე.

მოგესალმებით ბატონო ქიბ და მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის. პირველ რიგში, თქვენთან საუბარს დავიწყებთ პოლიტიკური იდეოლოგიების განხილვით, განსაკუთრებით კი –ლიბერტარიანიზმის. აშშ-სთვის ლიბერტარიანული იდეები კარგად ნაცნობია, მას განვითრების უდიდესი ისტორია აქვს თქვენს ქვეყანაში. საქართველოში კი, ამ იდეებისთვის კარი ჯერ კიდევ დახურულია. როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი გავლენა აქვს დღეს ლიბერტარიანიზმს?

ლიბერტარიანიზმს, გნებავთ კლასიკურ ლიბერალიზმსა და ანგლო-ამერიკული სამართლის პრინციპებს ძალიან დიდი ტრადიცია აქვს აშშ-ში, რომელიც დამფუძნებელი მამების მოღვაწეობიდან იღებს სათავეს, რომლებმაც იდეები უმეტესად შოტლანდიელი განმანათლებლისგან, ადამ სმიტისგან ისესხეს. წარსულში რონალდ რეიგანმა Reason Magazine-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, "ლიბერტარიანიზმი თანამედროვე ამერიკული კონსერვატიზმის სული და გულიაო". აშშ-ში 2009 წლიდან, მას შემდეგ რაც ჩაის პარტიამ ძალები მოიკრიბა და გაძლიერდა, ამერიკული დებატების მთავარი ბირთვი ლიბერტარიანული პოპულიზმის ფორმა გახდა, რომელიც კონცენტრირებულია ისეთი თემების წამოწევით, როგორებიცაა პოლიტიკოსების მიმართ უნდობლობა, დიდი ზომის მთავრობა, პიროვნული თავისუფლების გამძაფრებული აღქმა და პოლიტიკური ძალაუფლების კონსტიტუციური საზღვრების დაცვა.

მაგალითისთვის, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს მედიაში თითქმის ყველა "ლიბერტარიანულ მომენტად" აფასებდა, რაც რენდ პოლის, როგორც ძლიერი საპრეზიდენტო კანდიდატის გავლენასთან იყო დაკავშირებული. მაშინ უამრავი სხვა ძლიერი კანდიდატურაც არსებობდა ჩაის პარტიიდან, რომელთაც ლიბერტარიანული მიდრეკილებები ჰქონდათ. შემდეგ კი ამერიკას დონალდ ტრამპი დაემართა - "ლიბერტარიანული მომენტი" კი მოულოდნელად გადაიქცა ნაციონალისტურ-პოპულისტურ მომენტად. მიუხედავად ამისა, ლიბერტარიანელ სენატორებს, როგორებიც არიან რენდ პოლი და მაიკ ლი, წარმომადგენელთა პალატის ლიბერტარიანელ სხვა წევრებთან, ჯასტინ ემეშთან და თომას მესისთან ერთად, ვაშინგტონში კვლავ დიდი გავლენა აქვთ.

კიდევ ერთი მაგალითია 2018 წლის შუალედური არჩევნები. ვირჯინიაში სენატორობის კანდიდატი ლიბერტარიანელი დენვერ რიგლემანი იყო, რომელმაც ლესლი ქოქბერნი [დემოკრატების კანდიდატი] დაამარცხა იმ დროს, როცა დემოკრატების მემარცხენე ფრთა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

შენიშვნა:

ანგლოამერიკული სამართლის პრინციპები: სასამართლო სისტემა, რომელშიც მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს კონკრეტული საქმიდან გამომდინარე და არა წინასწარ გაწერილი პრინციპების მიხედვით.

შეუზღუდავი, ცენტრალიზებული ხელისუფლების ძალაუფლება პოტენციური დიქტატორების ხელში გადადის, რომლებიც ივიწყებენ დაპირებებსა და საკუთარ იდეალებს და მიჯაჭვულები ხდებიან ძალაუფლების შენარჩუნებაზე

მეტ ქიბი

საქართველოში ლიბერტარიანიზმი ახალი ხილია და ადამიანები ამ იდეებს სერიოზულად არ აღიქვამენ. ამის მაგალითია ქართული ლიბერტარიანული პარტია გირჩი, რომლის მიმართაც სწორედ ასეთი სახის კრიტიკა ისმის. როგორ ფიქრობთ, რა პრობლემები აქვს ლიბერტარიანულ იდეებს და როგორ უნდა შეძლონ მემარჯვენე პარტიებმა საზოგადოების ნდობის მოპოვება?

ლიბერტარიანიზმი გაცილებით უფრო ღრმა ფილოსოფიაა, ვიდრე უბრალოდ წინასწარ გაწერილი წესები. ლიბერტარიანიზმი ამბობს, რომ თითოეული ჩვენგანი თავისუფალი უნდა იყოს საკუთარი ოცნებებისა და მიზნების მიღწევაში, ოჯახის ისე განვითარებაში, როგორც ჩვენ მიგვაჩნია სწორად, იქამდე, სანამ სხვებს არ ვვნებთ ჩვენი მოქმედებით ან ვართმევთ მათ საკუთრებას. ეს არის ეთოსი, რომელიც აერთიანებს იმ სიკეთეებს, რომელსაც თავისუფალი ადამიანები ქმნიან. თავდაუზოგავ შრომას, მონდომებას, კრეატიულობასა და ანტერპრენერობას ყველაზე გასაოცარი მოვლენების დატრიალება შეუძლია, რომელიც მხოლოდ თავისუფალ საზოგადოებაშია შესაძლებელი.

თავისუფლება და საზოგადოება ერთი მონეტის ორი მხარეა, ასე რომ, შეუძლებელია, მიიღო ფუნქციონირებადი საზოგადოება, თუკი ადამიანებს არ აქვთ არჩევანის, მუშაობის, თანამშრომლობის, ვაჭრობისა და კოოპერაციის თავისუფლება. ასეთი ადამიანები ეხმარებიან ერთმანეთს ყველაზე მძიმე მომენტებში, არა იმიტომ, რომ კანონი კარნახობს ამას, არამედ იმიტომ, რომ თავად ირჩევენ დახმარებას.

იცით რა არის ჭეშმარიტად "ბოროტება?" - საკუთარი პასუხისმგებლობის მთავრობაზე გადაბარების იდეა, როცა მოელი, რომ პოლიტიკოსები სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ხარჯებით მესამე პირს დააფინანსებენ, რომელსაც შენ პირადად არ იცნობ. ჩვენს პირად ცხოვრებაში ამას ქურდობას დავარქმევდით. როცა საქმე სამთავრობო პროგრამებს ეხება, შემწეობები სინამდვილეში იმ ადამიანებამდე იშვიათად აღწევს, ვისაც მართლა სჭირდება დახმარება. სოციალურ დახმარებებს საჭიროების მქონე ადამიანების სამუდამო სიღარიბეში დატოვება შეუძლიათ. და, რაც მთავარია, ხელისუფლების დაპირება, რომ ის "დაეხმარება" ყველას, ადამიანებს უბიძგებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა მოხერხებულად აირიდონ.

პოლიტიკის მეცნიერების დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ თანამედროვე ეპოქაში ადამიანებს ნაკლებად აინტერესებთ იდეოლოგიები და პოლიტიკა უფრო პერსონალიზირებული გახდა. ამ ტიპის მეცნიერების აზრით, ადამიანები ხმას აძლევენ პიროვნებებს და არა იდეებს. ეს შესაძლოა იმის ახსნაშიც დაგვეხმაროს, თუ რატომ ხარჯავენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პარტიები უზარმაზარ ფულს კანდიდატის პირადი ცხოვრებისა და პერსონის რეკლამაში. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გამოიწვიოს იდეოლოგიების გაუფასურებამ და როგორ აფასებთ ამ პროცესს?

ეს ტრენდი გამოიწვია სოციალური მედიის ტექნოლოგიებმა და პოლიტიკური დებატების დემოკრატიზაციამ. ზოგადად კი, ახალგაზრდების პოლიტიკური იდეები და სიმპატიები, a la carte-ს პრინციპით ყალიბდება, ზუსტად ისე, რა პრინციპითაც მეგობრებს, მუსიკას, ონლაინ კომუნებსა და ცოდნის სფეროს ირჩევენ. თუმცა, ეს ტრენდი არ არის ახალი და სიღრმისეულად რომ შევხედოთ, ყოველთვის ასე იყო. ადამიანების უმეტესობა ინფორმაციას ემოციურად გადაამუშავებს და არა გრანდიოზული პოლიტიკური იდეოლოგიების ჭრილში.

ენერგო რესურსებზე კონტროლის გარეშე, პუტინი სხვა ქვეყნებში შეჭრის შნოს დაკარგავს

მეტ ქიბი

თუ ჩვენ გვჯერა, რომ თავისუფლება, მუშაობა, ანტერპრენერობა და თავისუფალი ბაზარი სიმდიდრისა და წარმატების საწინდარია, რისიც ჩვენ მართლა გვჯერა, მაშინ ჩვენ ლიბერტარიანიზმის მომავალი უნდა შევქმნათ უფრო პერსონალურ, ემოციურ დონეზე. ჩვენ უნდა მოვყვეთ ნამდვილი ისტორიები და თავი დავანებოთ იდეოლოგიური ტერმინების რახარუხს, რომლის შესახებაც ადამიანებს აქამდე არაფერი სმენიათ.

მოდით, ვისაუბროთ სოციალიზმზეც და ზოგადად, მემარცხენე ფრთის პოლიტიკურ იდეოლოგიებზე. სოციალისტების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ მათი იდეები სამყაროში მშვიდობისა და ეკონომიკური თანასწორობის საწინდარია, ამის მაგალითად კი სკანდინავიური ქვეყნები მოჰყავთ. როდესაც საუბარი ვენესუელას შეეხება, ამბობენ, რომ იქ არ არის ნამდვილი სოციალიზმი და მას ავტორიტარულ ქვეყნად ახასიათებენ. ეთანხმებით, რომ სკანდინავიური ქვეყნები სოციალიზმის წარმატების მაგალითებია? რას იტყვით ვენესუელის შემთხვევაზე?

"დემოკრატი სოციალისტები" როგორიცაა ბერნი სანდერსი, ამტკიცებენ, რომ მათი ხედვა უფრო მეტად ნორვეგიულს ესადაგება, ვიდრე საბჭოთა კავშირს. თუმცა, სკანდინავიური ქვეყნების მოდელის წარმატება უმეტესად თავისუფალ ბაზართან, მცირე სამუშაო რეგულაციებთან და დაბალ კორპორაციულ გადასახადებთანაა დაკავშირებული. ეს არის უფრო მეტად "შერეული" ეკონომიკა (ამერიკის მსგავსი), ვიდრე სოციალიზმის ნებისმიერი შესაძლო ვერსია. მჯერა, რომ თანამედროვე სოციალისტები უკეთესად წარმოიდგენენ ამ პოლიტიკურ ფენომენს, ვიდრე ეს სტალინის, მაოს, პოლ პოტის დროს იყო და ახლა ნიკოლას მადუროს ვენესუელაშია.

სოციალიზმის პრობლემა გაცილებით უფრო ფუნდამენტურია: თუ ამოცანა არის, რომ სახელმწიფომ ეგალიტარულ სტანდარტებზე დაყრდნობით მოახდინოს რედისტრიბუცია, ამის გაკეთება ხელისუფლების ძალაუფლების ცენტრალიზების გარეშე წარმოუდგენელია. ამას კი სხვა პრობლემები მოყვება. შეუზღუდავი, ცენტრალიზებული ხელისუფლების ძალაუფლება პოტენციური დიქტატორების ხელში გადადის, რომლებიც ივიწყებენ დაპირებებსა და საკუთარ იდეალებს და მიჯაჭვულები ხდებიან ძალაუფლების შენარჩუნებაზე, ამ მიზნის მისაღწევად კი უკან არაფერზე იხევენ. სწორედ ეს ტრაგედია ტრიალებს ახლა სოციალისტურ ვენესუელაში, სადაც სახელმწიფომ მხოლოდ ერთ რამეში მიაღწია "თანასწორობას" - ტანჯვასა და შიმშილში. თუმცა ეს არ ეხება თავად დიქტატორს - ნიკოლას მადურო ძალიან კარგად ცხოვრობს და მშვენივრადაც იკვებება.

ნაციონალიზმის გაძლიერება, სოციალიზმის ეკონომიკური სტაგნაციითა და სხვა წარუმატებელი რეფორმებითაა გამოწვეული, ისევე როგორც დიდი მთავრობის სოციალური პროგრესივიზმის შეუვალობით.

მეტ ქიბი

თქვენ ფიქრობთ, რომ სოციალიზმის საბოლოო წერტილი აუცილებლად დიქტატურა და ტოტალიტარიზმია?

დიახ, ასე ვფიქრობ, და ამაში კარლ მარქსიც დამეთანხმებოდა. მარქსი ამ პოლიტიკურ სისტემას პროლეტარიატის დიქტატურას ეძახდა და მისთვის ეს იყო ფუნდამენტური ნაბიჯი ნამდვილი კომუნიზმის მისაღწევად. ის წარმოიდგენდა სახელმწიფოების გაქრობას და სისტემას, რომელშიც ფული, საკუთრება და ხელისუფლება არ იარსებებდა. სამაგიეროდ, ყველა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში იმუშავებდა, ხოლო დოვლათს თავისი საჭიროების მიხედვით მიიღებდა. ამის მისაღწევად კი, მარქსი პირველ რიგში კაპიტალიზმის დამხობას მიიჩნევდა საჭიროდ, რაც ნებისმიერ შემთხვევაში დიქტატორებს უნდა განეხორციელებინათ. ეს პროცესი კი, უამრავ ბრუტალურ ნაბიჯებს გულისხმობს.

როგორ ფიქრობთ, რატომ აიგნორებდა მაო ძე დუნი მასობრივ შიმშილს "დიდი ნახტომის" პერიოდში? კოლექტიური უტოპიისკენ მიმავალ გზაზე ინდივიდების უფლებები არაფერს ნიშნავს. პოლ პოტმა თავის კამბოჯურ ექსპერიმენტში სოციალიზმის შესახებ აღნიშნა: "შენი შენარჩუნება არ არის მომგებიანი, შენი განადგურება კი არ ნიშნავს დანაკარგს". ასეთია სოციალიზმის ბოროტი ხედვა, რომელიც ადამიანს რომელიღაცა საზოგადოების გრანდიოზული დიზაინის ჭანჭიკად განიხილავს.

როდესაც ადამიანები საუბრობენ მემარჯვენეობასა და მემარცხენეობას შორის არსებულ განსხვავებზე, ერთ-ერთი მთავარი კითხვა ყოველთვის ასეთია: ვინ აწვდის ადამიანებს სერვისებს უკეთესად - სახელმწიფო თუ თავისუფალი ბაზარი? მემარცხენეები ამბობენ, რომ თავისუფალი ბაზარი ხელს უწყობს მდიდრების კიდევ უფრო მეტად გამდიდრებასა და ღარიბების უფრო მეტად გაღარიბებას. ამასთან, ლიბერტარიანიზმს ისინი რელიგიას ადარებენ, რომელსაც არანაირი სამეცნიერო ღირებულება არ აქვს. რას უპასუხებდით ამგვარ კრიტიკას?

იმ სამყაროს უდიდესი ნაწილი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სინამდვილეში ლიბერტარიანულია, რადგან ჩვენი მოქმედებები და გადაწყვეტილებები არ არის ცენტრალიზებული მთავრობისგან ნაკარნახები. ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები ერთმანეთთან თანამშრომლობენ და ცხოვრების სირთულეებთან გამკლავებას თავად სწავლობენ. ეს შესაძლოა დაუჯერებლად ჟღერდეს, თუმცა არა რელიგიურ დოქტრინად. ცხოვრების გამოწვევებთან გამკლავების პროცესი ქმნის პერსონალურ გამოცდილებასა და ამასთან, დიდ სოციალურ ინტელექტს, ახალ ცოდნას, რომელსაც მოსდევს ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის უნიკალური უნარების განვითარება.

ცენტრალიზებული და კონცენტრირებული ძალაუფლების მიზანი კი, ასეთი გამოცდილების მიღების შეზღუდვაა იმის შიშით, რომ ადამიანები შეცდომებს დაუშვებენ. მე მომწონს ისეთი სისტემები, რომლებიც ძალაუფლებას ხალხს უბრუნებს. კონცენტრირებული ძალაუფლების კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ყოველთვის მისი ბოროტად გამოყენების საფრთხეს ქმნის. პირველ რიგში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება დიდი ბიზნესების მიერ ხდება, რომლებიც იყენებენ შიდა სამთავრობო ქსელებს კონკურენტებისთვის პრობლემების შესაქმნელად, რაც მომხმარებლებსაც მნიშვნელოვნად ვნებს. ასე რომ, იმას, რასაც "კრონი კაპიტალიზმს" ვუწოდებთ, თავისუფალი ბაზრის ნაყოფი არ შეიძლება ეწოდოს, ის უფრო კონცენტრირებული ძალაუფლების ნაშიერია. "კრონი კაპიტალიზმი" წარმოშობს პოლიტიკურ კლასს, რომელსაც თავად შეუძლია გადაწყვიტოს, ვინ იქნება გამარჯვებული და ვინ დამარცხებული.

თანამედროვე სამყაროში ულტრამემარჯვენე მოძრაობები ახალი ტრენდი გახდა და ძალიან გაძლიერდა. საფრანგეთში მარი ლე პენმა მეორე ტურში ხმების 39,9% მიიღო. ვიქტორ ორბანი ძალიან პოპულარული ლიდერია უნგრეთში, რომლის პარტიამაც 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში 199-დან 133 ადგილი მოიპოვა, როცა 2014 წელს მხოლოდ 8 ადგილი ჰქონდა პარლამენტში. მსგავსი ტენდენციაა სლოვაკეთშიც. ნაციონალისტი ლიდერი აირჩია ბრაზილიამ პრეზიდენტად. ტენდენცია აშკარაა, ამას ვერ უარვყოფთ. როგორ ფიქრობთ, რა არის ულტრამემარჯვენე მოძრაობების პოპულარობის ზრდის მიზეზი? ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ლიბერალიზმის კრახის ბრალია?

ნაციონალიზმის გაძლიერება, ჩემი აზრით, სოციალიზმის ეკონომიკური სტაგნაციით და სხვა წარუმატებელი რეფორმებითაა გამოწვეული, ისევე როგორც დიდი მთავრობის სოციალური პროგრესივიზმის შეუვალობით. ადამიანები აღარ ენდობიან ამ ინსტიტუციებსა და მმართველ ელიტას. ეს პროცესი, ძალიან ბევრი დეტალით ჰგავს ფაშისტური და კომუნისტური იდეოლოგიების დაპირისპირებას, რომელიც 1940 წელს დაიწყო. თუმცა, ნაციონალიზმი ავტორიტარიზმის სრულიად სხვა ინგრედიენტია, რომელშიც კოლექტიური ნაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ ნაციის შემადგენებელი ნაწილები. სოციალიზმი, როგორც წესი, კაპიტალისტებს, მდიდრებსა და ბურჟუაზიას აბრალებს ადამიანებისთვის დამახასიათებელ მუდმივ პრობლემებს. ნაციონალიზმი კი ბრალდებებს სხვა მიმართულებით ეძებს, მაგალითად, თავისუფალ ვაჭრობასა და იმიგრაციაში.

პუტინი "ცუდი კაცია", რომელიც, როგორც ჩანს, მზად არის შეიჭრას ყველგან, სადაც მისი აზრით ინტერვენცია შერჩება.

მეტ ქიბი

თუმცა ასევე არსებობს ნაციონალიზმის სხვადასხვა გაგება. მაგალითად, ამერიკაში ნაციონალიზმს იყენებენ პატრიოტიზმის სინონიმად, რაც ქვეყნის სიყვარულს გამოხატავს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლების ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება, რომელი იდეოლოგიის გამტარებლების ხელშიც უნდა იყოს ის, მაინც ძალიან სახიფათოა.

არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ლიბერალიზმმა და მით უმეტეს, ლიბერტარიანიზმმა კრახი განიცადა. პირიქით, ჩემი აზრით, სოციალიზმისა და ნაციონალიზმის ამ პაექრობაში, კარგი სივრცე გაჩნდა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ არაძალადობრივი ან წამქეზებლური, არამედ ხედვებსა და თანამშრომლობაზე დამყარებული იდეების გასავრცელებლად.

დონალდ ტრამპიც ნაციონალისტური პათოსის მქონე ლიდერად არის მიჩნეული, თუმცა ის ამას ყოველთვის უარყოფს. ჩვენ ვხედავთ მის განცხადებებს საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ახლა ვხედავთ ქარავნის კრიზისსა და მის ინიციატივას აშშ-ში დაბადებული ბავშვების ავტომატური მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ, პროტექციონიზმის წახალისებას და ა.შ. ეს მოქმედებები რთულია ლიბერალიზმად ან ამერიკული კონსერვატიზმის ნაირსახეობად ჩაითვალოს. თქვენ რას იტყოდით ტრამპის შესახებ - როგორი ტიპის ლიდერია ის და როგორ შეაფასებდით მის ეკონომიკურ და საგარეო პოლიტიკას?

ტრამპის დამარცხება საუბარში ძალიან რთულია, რაც მას არაჩვეულებრივ პოპულისტად აქცევს. ცოტა ხნის წინ გამოვიდა და ნაციონალისტური მიმდინარეობა წაახალისა, თან საგარეო ვაჭრობისა და იმიგრაციის საკითხებზე, საკუთარ სახელს ქმნის. მიუხედავად ამისა, არ ვფიქრობ, რომ ტრამპი იდეოლოგიზირებული პოლიტიკოსია, მის მიერ გამოყენებულ სიტყვას "ნაციონალიზმს" ისტორიული კონტექსტი არ გააჩნია. მას უყვარს, როდესაც ადამიანებს სიმბოლოების გარშემო აერთიანებს. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ის სხვადასხვა სფეროებში დერეგულაციებს ლობირებს, თუმცა სამთავრობო ხარჯები იმაზე სწრაფად გაიზარდა, ვიდრე ეს ობამას დროს ხდებოდა.

როგორც ჩანს, მისი სასამართლო უფრო მეტად შეზღუდული მთავრობის მომხრეა, კონსერვატორების მსგავსად. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნილ გორსუში, რომელიც ტრამპმა დანიშნა, კლასიკური ლიბერალია. საგარეო პოლიტიკაში ტრამპი ამერიკის "დიადი მისიის" ავღანეთში, ერაყსა და ლიბიაში "ერის მშენებლობის" განზრახვის მიმართ, სკეპტიკურად არის განწყობილი. ამავდროულად კი, ძალიან აგრესიული ნეოკონსერვატორი თანაგუნდელები ჰყავს შემოკრებილი, მაგალითაც ჯონ ბოლტონი, რომელიც ტრამპს სირიის სამოქალაქო ომში ჩართულობისკენ უბიძგებს.

ასე რომ, ტრამპის ერთი კონკრეტული იდეოლოგიის ქვეშ მოქცევა საკმაოდ რთულია.

ჩვენ აუცილებლად უნდა გკითხოთ რუსეთის შესახებაც. 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული. ამის შემდეგ რუსეთმა ყირიმის ოკუპაციაც მოახდინა უკრაინაში 2014 წელს. მათი ინტერესები აშკარად გამოკვეთილია შუა არმოსავლეთშიც. როგორ შეაფასებდით პუტინის პოლიტიკას? როგორ ფიქრობთ, რა უნდა მოიმოქმედოს დასავლეთმა რუსეთის უკანონო ქმედებების შესაჩერებლად?

პუტინი კლასიკური სტრონგმენია, რომელსაც ძალის დემონსტრირება მოსწონს. ის უფრო მეტად ნაციონალისტური იდეოლოგიის მატარებელია, ვიდრე მარქსისტური ან ლენინისტური. ერთი სიტყვით, "ცუდი კაცია", რომელიც, როგორც ჩანს, მზად არის შეიჭრას ყველგან, სადაც, მისი აზრით, ინტერვენცია შერჩება. რეალური ძალაუფლება, რაც რუსეთს რეგიონში გააჩნია, ნავთობ-მომარაგების კონტროლია.

საუკეთესო გზა, რომ პუტინს და მის რუსეთს ფრთები შეეკვეცოს, საერთაშორისო ბაზრის გაძლიერება და მათთვის ნებისმიერი ტიპის ენერგორესურსის წარმოებისთვის ნების დართვაა, მათ შორის ნავთობისა და სხვა ალტერნატივების, რათა ქვეყნებს რუსეთის გარდა სხვა არჩევანიც გაუჩნდეთ. ენერგორესურსებზე კონტროლის გარეშე, პუტინი სხვა ქვეყნებში შეჭრის შნოს დაკარგავს.

ვისაუბროთ თქვენი პირადი აქტივობების შესახებაც. თქვენ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიბერლარიანული არა-კომერციული ორგანიზაციის, Free the people-ის დირექტორი ხართ. გარდა ამისა, საზოგადოება გიცნობთ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თანამედროვე ლიბერტარიანელს, რომელიც მემარჯვენე იდეების გავრცელებით არის დაკავებული. თქვენ გქონდათ გადაცემა "მომაკვდინებელი იზმები" და ამასთანავე, ხართ რამდენიმე წიგნის ავტორიც, რომლებიც ბესტსელერებია. როგორ ფიქრობთ, რამდენად იზრდება ინტერესი და ცნობიერება ლიბერტარიანიზმის შესახებ?

ჩვენი მიზანი სხვადასხვა ვიდეოების მომზადებისას ისაა, რომ უფრო გლობალურ აუდიტორიას მივაწვდინოთ ხმა, განსაკუთებით კი, ახალგაზრდებს. ამისთვის, ჩვენ ვყვებით საინტერესო ისტორიებს თავისუფლებისა და იმ თავისუფალი საზოგადოებების შესახებ, რომლებსაც საოცარი ამბები გადახდათ თავს. ახალ თაობას მე "თავისუფლებით დაინტერესებულ" საზოგადოებას ვუწოდებ. სოციალურმა მედიამ უამრავი ადამიანის გონება გაათავისუფლება ძველი, ხავსმოდებული ორი არჩევანისგან: მარჯვენა თუ მარცხენა, ფაშიზმი თუ კომუნიზმი, ერთი ძალაუფლებას მოწყურებული პოლიტიკური პარტია თუ მეორე...

ლიბერტარიანელებს აქვთ ფუნდამენტალურად განსხვავებული ხედვა, რომელიც ადამიანებს არ აიძულებს მხარის არჩევას რეალურ ან წარმოსახვით კულტურულ ომში. ჩვენ გვინდა, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს საკუთარი ოცნების ახდენისკენ სწრაფვის საშუალება ნებისმიერი მეთოდით, თუკი ისინი არ ვნებენ სხვის სიცოცხლესა და საკუთრებას. ახლა ამის ძალიან დიდი საშუალებაა, ამიტომ უფრო სიღრმისეულად უნდა ვიფიქროთ. თუკი შეხედევთ, როგორ იზრდება ახალგაზრდული მოძრაობები ლიბერტარიანიზმის მიმართულებით, როგორიცაა "სტუდენტები თავისუფლებისთვის", დაინახავთ პროგრესს, რომელიც არ არსებობდა, როცა მე 21 წლის ვიყავი. მაშინ მხოლოდ მცირე ჯგუფი ვიყავით, ვისაც ლიბერტარიანიზმი იტაცებდა.

ახლა უფრო სიღრმისეულად ფიქრის დროა. ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, როგორ მივაწვდინოთ ხმა იმ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა იზიარებდნენ ჩვენს იდეებსა და ღირებულებებს, მაგრამ არ იყენებდნენ ლიბერტარიანული იდეოლოგიის ენას.