ცდილობს თუ არა რუსეთი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას?
მათ ვინც დემოკრატიული პარტიის კომპიუტერებიდან ი-მეილები მოიპარეს და გამოაქვეყნეს, ზუსტად იცოდნენ რასაც აკეთებდნენ. ცხადია, მიმოწერის შინაარსი მნიშვნელოვანია, მაგრამ საკითხს უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ და ყურადღება ჰაკის კონტექსტს მივაქციოთ, ეს კონტექსტი კი გარე ძალის ჩარევაზე მიუთითებს.
იმ ჰაკერების ვინაობა, რომლებმაც WikiLeaks-ს დემოკრატიული პარტიის კომიტეტის მეილები გადასცეს, ჯერ კიდევ გაურკვეველია. თუმცა, უკვე არსებობს ვარაუდი, რომ ჰაკერული შეტევის უკან რუსეთი დგას. რაც, გამომდინარე რუსეთის მცდელობებიდან, იქონიოს გავლენა მთელს დასავლეთზე, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებზე, საერთოდ არაა გასაკვირი.
თუმცა, ვიდრე რუსეთის როლზე ვისაუბრებთ, საჭიროა კარგად გავიგოთ რა მოხდა DNC-ის (დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტი) მეილების გაჟონვასთან დაკავშირებით.
საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მეილების გაჟონვის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც მასალა WikiLeaks-ზე დაიდო. თუმცა, DNC-ზე კიბერ-შეტევის შესახებ ცნობები უკვე რამდენიმე კვირის წინ ვრცელდებოდა. გასულ თვეში ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია CrowdStrike-მა დემოკრატიული პარტიის კომპიუტერებში შეღწევის ფაქტი დაადასტურა. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ მათ მიიღეს შეტყობინება DNC-სგან, რის შემდეგაც ადგილზე გაუშვეს გუნდი, რომელმაც ქსელში რამდენიმე პრობლემა აღმოაჩინა. CrowdStrike-ის თქმით, ჰაკერების ჯგუფი, რომლებმაც დემოკრატების ქსელში შეაღწიეს საყვარელ სახელებს იყენებენ Cozy Bear და Fancy Bear.
ამ ჰაკერებს CrowdStrike-ში კარგად იცნობენ:
"ორივე მათგანი აქტიურად თანამშრომლობს რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკური და ეკონომიკური შპიონაჟის კუთხით".
ეს დასკვნა სხვა მონაცემებითაც მყარდება, რომელთა მიხედვითაც DNC-ზე ჰაკერული თავდასხმის ერთი ან ორივე მონაწილე მანამდე თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტზე განხორციელებულ კიბერ-შეტევაში მონაწილეობდნენ.
შეიძლება იფიქროთ, რომ ჰაკერები უბრალოდ ერთობიან და კომპიუტერებში შეღწევით თავს იქცევენ, მაგრამ დრო, რომელიც მათ თავდასხმისთვის შეარჩიეს, სულ სხვა რამეზე მეტყველებს. მეილები - რესპუბლიკური პარტიის კონვენციის შემდეგ, დემოკრატიული პარტიის კონვენციის დაწყებამდე გაიჟონა. ეს მიანიშნებს, რომ ჰაკერებს ზუსტად ჰქონდათ გათვლილი როდის უნდა გამოექვეყნებინათ მასალა. სწორედ ამიტომ დაასკვნეს დემოკრატებმა, რომ შეტევა დონალდ ტრამპის კამპანიის გასაძლიერებლად და მისი რეიტინგის ასაწევად განხორციელდა.
რამდენად რეალურია ეს ვარაუდი?
ეჭვის იმის შესახებ, რომ რუსეთს აშშ-ს არჩევნებზე გავლენის მოხდენა უნდა, ისიც ამყარებს, რომ ვლადიმერ პუტინი სხვადასხვა ხერხებით, დასავლეთისა და NATO-ს შესუსტებას აქტიურად ცდილობს.
ბრიტანული Sunday Telegraph წერდა, რომ მისმა რეპორტიორმა აშშ-ს უშიშროების საგამოძიებო მასალები ნახა, რომელიც რუსეთის მიერ ავსტრიაში, ჩეხეთში, უნგრეთში, საფრანგეთსა და ჰოლანდიაში გატარებულ სხვადასხვა ღონისძიებებს აღწერდა. ფაილი, რომელიც რეპორტიორმა ნახა, სავარაუდოდ, აშშ-ს ნაციონალური უშიშროების დირექტორის გამოძიების ნაწილია, რომელიც ევროპულ პოლიტიკურ პარტიებში კრემლის შეღწევის მცდელობას იკვლევს.
ასევე ვრცელდება ცნობები, რომ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, ქვეყნის უშიშროებას ფართო მასშტაბიანი გამოძიების დაწყება დაავალა. მერკელს ეჭვი აქვს, რომ მოსკოვი მისი მთავრობის დასუსტებასა და დესტაბილიზაციას ცდილობს და ამისთვის მედიაში დეზინფორმაციულ მასალებს ავრცელებს.
უნგრული საკონსულტაციო ორგანიზაცია Polical Capital რუსეთსა და ევროპული ულტრა მემარჯვენე პარტიებს შორის შესაძლო კავშირებს იკვლევს. მათ კრემლისა და ევროკავშირისა და იმიგრაციის მოწინააღმდეგე ფრანგული ნაციონალისტურ პარტიის კავშირები გამოააშკარავეს. ამ პარტიას, რომელის ლიდერიც მარი ლე პენია, რუსული ბანკები აფინანსებენ, ხოლო თავად ლიდერი პუტინის პოლიტიკას საჯაროდაც უჭერს მხარს. (საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გამოკითხვებში ლე პენი პირველ ადგილზეა).
Political Capital-ის ცნობით, რუსეთი პოლიტიკური ბალანსის შეცვლას უნგრეთში, სლოვაკეთისა და საბერძნეთშიც ცდილობს. ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ უნგრული ულტრა მემარჯვენე პარტია Jobbik "რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმის მსახური" გახდა.
თუმცა, გარდა კიბერ შეტევებისა, რომელთა საშუალებითაც რუსეთი დასავლურ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას ცდილობს, კრემლი არც ძველმოდურ მეთოდებს უშინდება.
როცა უკრაინამ დასავლური კურსი აირჩია, რუსეთმა ის ჯერ გააფრთხილა, შემდეგ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას ეცადა, ხოლო ბოლოს ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა და მისი ნაწილის ანექსია მოახდინა. ყირიმის ნახევარკუნძულის დაპყრობითა და იქ სეპარატისტული ძალების მხარდაჭერით, რუსეთმა დანარჩენ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს მკაფიო მესიჯი გაუგზავნა.
ცხადია, რუსეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც კიბერ-ოპერაციებს ატარებს და გლობალურ პოლიტიკაში საკუთარი კურსის გატარებას ცდილობს. იგივე მიზნები აქვს აშშ-საც.
თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამერიკელი ამომრჩეველი არ უნდა ინტერესდებოდეს, თუ რისი მიღწევა უნდა პუტინს აშშ-ს არჩევნებში.
გასული წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპი პოზიტიურად დაახასიათა - "ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი" და საპრეზიდენტო არჩევნების "უპირობო ლიდერი" უწოდა. თავის მხრივ, "ძლიერი ლიდერების" და მათ შორის ავტორიტარების მიმართ, ტრამპსაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. პუტინის ქებას რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ასე გამოეხმაურა:
"დიდი პატივია, როცა ისეთი ადამიანი გაქებს, რომელსაც დიდ პატივს სცემენ როგორც თავის ქვეყანაში, ასევე მის გარეთ".
ეს ორმხრივი აღტაცება ფართო განხილვის თემაა. ამ მამაკაცური მხარზე თათუნის უკან შემაშფოთებელი პოლიტიკური სარჩული ჩანს. ტრამპმა უკვე ოფიციალურად დააფიქსირა, რომ ევროპაში აშშ-ს თავდაცვის პოლიტიკას მოარღვევს - ნიუ იორკ ტაიმსთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი რომელიმე ბალტიისპირა ქვეყანაში შეიჭრება, მან შეიძლება არ შეასრულოს NATO-ს მიერ ამერიკაზე დაკისრებული ვალდებულება, ვიდრე თავად ალიანსის ქვეყნები არ შეასრულებენ აშშ-ს მიმართ არსებულ ვალდებულებებს. ასეთი რიტორიკა პუტინის სალბუნად ედება, ისევე როგორც ტრამპის ადრინდელი განცხადება NATO დრომოჭმულობის შესახებ.
ყველა ეს გარემოება ცხადყოფს, რომ DNC-ის მეილების გაჟონვა მხოლოდ პარტიის შერცხვენასა და უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდებას არ ემსახურება. რა თქმა უნდა, ამომრჩეველმა უნდა ნახოს და წაიკითხოს DNC-ის მეილები და შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რატომ გამოაქვეყნეს ეს მასალა და რა მოლოდინები აქვთ ამ შეტევის ორგანიზატორებს.
კომენტარები