850 000 წლის ძვლის ანალიზით დადგინდა, რომ პრეისტორიული ბავშვი კანიბალებმა შეჭამეს
ფოტო: Maria D. Guillen/IPHES-CERCA
დაახლოებით 850 000 წლის წინანდელი არქაული ადამიანის ხერხემლის მალაზე დატოვებულმა კვალმა კანიბალიზმის შემთხვევა გამოავლინა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ინდივიდი სულ რაღაც 2-4 წლის უნდა ყოფილიყო. მის ნაშთებს ესპანეთის ტერიტორიაზე არსებულ არქეოლოგიურ ზონაში მიაგნეს.
საუბარია ადამიანის უკვე გადაშენებულ სახეობაზე, რომელსაც ჰომო ანტესესორი ეწოდება. ისინი დასავლეთ ევროპაში 1.2 მილიონი-800 00 წლის წინ ცხოვრობდნენ. არსებობს ვარაუდი, რომ ჰომო საპიენსისა და ნეანდერტალელების საერთო წინაპარიც ამ პოპულაციას მიეკუთვნებოდა.
რაც შეეხება ხერხემლის მალას, მასზე მკაფიო ნაკაწრებია, სხვა ძვლებზე კი ხორცის აცლისთვისა და მიზანმიმართული დანაწევრებისთვის დამახასიათებელი ნიშნებია შემორჩენილი. ეს ტიპური მტკიცებულებაა იმისა, რომ ამ გზით მოპოვებულ ხორცს საკვებად იყენებდნენ, ვინაიდან ასეთი კვალი მონადირებული ცხოველების ჩონჩხებზეც გვხვდება.
სპეციალისტები ამბობენ, რომ პრეისტორიული ბავშვის სხეული სათანადოდ შერჩეულ ადგილებში დაანაწევრეს, მაგალითად, თავის გასაცალკევებლად ამ ნაწილის მთავარი ანატომიური ზონა გაკვეთეს. ეს პირდაპირ ადასტურებს, რომ მისი ნაშთები ცხოველების მსგავსად დაამუშავეს.
აღსანიშნავია, რომ კანიბალიზმის უძველესი შემთხვევა სწორედ ამ რეგიონში თითქმის 30 წლის წინ გამოავლინეს. ახალი მიგნება კი მიუთითებს, რომ ეს დიდხანს გრძელდებოდა, ანუ არქაული ადამიანები თავიანთი სახეობის წარმომადგენლების სხეულს საკვების წყაროდ იყენებდნენ. შესაძლოა, ისინი ამით ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებასაც ცდილობდნენ.
საინტერესოა, რომ მკვლევრებმა მალასთან ახლოს აფთრის განამარხებული ფეკალიებიც აღმოაჩინეს, რომლებიც გამოქვაბულის უფრო ზედა ფენაში იყო შემონახული. ეს მათ იმის გაგებაში ეხმარება, თუ ვინ იყენებდა გამოქვაბულს სხვადასხვა პერიოდში.
ისინი იმედოვნებენ, რომ გათხრები გადაშენებული ადამიანების შესახებ სხვა ინფორმაციასაც მოგვაწვდის.

კომენტარები